პირველკლასელთა ადაპტაცია სასკოლო გარემოსთან

გააზიარე:

საზაფხულო არდადეგების დასრულება და სწავლის დაწყება ყველაზე მეტად, უდავოდ, იმათ უხარიათ, ვინც წელს უნდა მივიდეს სკოლაში. სკოლაში მისვლა ნებისმიერი ბავშვისთვის საოცნებო და სასიხარულო მოვლენაა, თუმცა სწავლის დაწყების დღეს მეორე დღე მოსდევს, მეორეს – მესამე, მეოთხე და… სკოლის ყოველდღიური ცხოვრება პირველკლასელისთვის მოსაწყენ რუტინად იქცევა.
რა იღონონ მშობლებმა, რომ ბავშვს სწავლისადმი ინტერესი არ დაეკარგოს და სკოლაში სიარული უსიამოვნო მოვალეობად არ მოეჩვენოს? რა პრობლემებთან უწევთ შეჯახება მშობლებსა და ბავშვებს სწავლის პირველ წლებში? “მშობელთა სკოლა” ამ საკითხზე მარი მახათაძეს გაესაუბრა. ის მეათე წელია სკოლაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად მუშაობს და თავის გამოცდილებასა და დაკვირვებებს სწავლის დაწყებით საფეხურზე არსებული პრობლემების შესახებ სიამოვნებით გვიზიარებს.

  • – რითია გამორჩეული სწავლების დაწყებითი საფეხური?

– უნდა ითქვას, რომ პირველ კლასში ბავშვების სოციალური უნარები და ფსიქოემოციური მზაობა დიდად არ განსხვავდება სკოლამდელი ასაკის ბავშვების მზაობისა და უნარებისგან. უმეტესობა სკოლებში სწორედ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან ხვდება და პირველი კლასის პირველი სემესტრიც ბევრი რამით ჰგავს ბაღს. კლასი ამ ეტაპზე ერთიანია, ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული “დაჯგუფებები”, ბავშვები ერთმანეთს აკვირდებიან და შეისწავლიან, უმეგობრდებიან და ურთიერთობას ეჩვევიან. ისინი დიდად არიან დამოკიდებულნი უფროსზე, სახელდობრ, მასწავლებელზე, დამრიგებელზე. ბევრ მშობელს უთქვამს, რომ ამ ხანებში მასწავლებელი ბავშვისთვის უპირობო ავტორიტეტია. ამგვარი დამოკიდებულება პედაგოგმა სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს, შეეცადოს, სწორედ ამ ეტაპზე ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწორი სოციალური უნარები, წესრიგის მოთხოვნილება და სწავლისთვის საჭირო ჩვევები. მშობლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ბავშვი ხშირად იყენებს მასწავლებლის ავტორიტეტს ოჯახში: “მარი მასწავლებელმა თქვა”, “მარი მასწავლებელმა გვირჩია”, “მარი მასწავლებელმა სხვანაირად ახსნა”… ასეთ დროს მნიშნელოვანია მშობლის სწორი დამოკიდებულებაც – პედაგოგის ავტორიტეტის შელახვა დაუშვებელია, თუმცა ბავშვი იმასაც უნდა მივაჩვიოთ, რომ ერთი, თუნდაც ძალიან საყვარელი და პატივსაცემი პიროვნების უპირობო აღიარება არასასურველია. კრიტიკულ აზროვნებას და მსჯელობას ადამიანი მცირე ასაკიდანვე უნდა შეეჩვიოს, რათა საკუთარი აზრისა და სურვილის გამოხატვა არც მომავალში გაუჭირდეს.

  • – სოციალური უნარები და ბავშვებს შორის ურთიერთობა ახსენეთ. მეგობრული, ერთიანი კლასი იშვიათობაა, უმეტესად ბავშვები მცირე ჯგუფებად ერთიანდებიან და ხშირად კონფლიქტებიც ამ მიზეზით ხდება. რა შეიძლება გაკეთდეს კლასში არამეგობრული განწყობის თავიდან ასაცილებლად?

– პირველი წლის ბოლოსთვის ბავშვები მართლაც ჯგუფდებიან ინტერესების, საერთო შეხედულებებისა და გემოვნების მიხედვით, თუმცა ამაში ცუდი არაფერია. პედაგოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაერიოს, თუ ბავშვები ერთმანეთს დასცინიან, აბუჩად იგდებენ ან აგრესიას ამჟღავნებენ ერთმანეთის მიმართ, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად დაწყებით კლასებში ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს. გაკვეთილზე გუნდური საკლასო სამუშაოს შესრულება, თავისუფალი დროის დაგეგმვა, ერთობლივი კითხვა, შემოქმედებითი ღონისძიებები, მშობელთა ჩართვა და კლასგარეშე შეხვედრების ორგანიზება საუკეთესო საშუალებაა საამისოდ.

  • – სოციალური სფერო და ბავშვების ურთიერთდამოკიდებულება – რა პრობლემებს აწყდებიან მშობელი და მასწავლებელი ამ მხრივ?

– საკმაოდ აქტუალური საკითხია. აგრესიული და სოციალურად მიუღებელი ქცევა, რომელიც ხშირად ადრეულ ასაკშივე მჟღავნდება, დროულად და სწორად უნდა შეფასდეს. ბავშვებს ამ ასაკში ურთიერთობის გასარკვევად მცირე რესურსი აქვთ და კონფლიქტისა და გაუგებრობის მოსაგვარებლად ხშირად მიმართავენ აგრესიას. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემაში რომ არ გადაიზარდოს, საჭიროა ბავშვებთან აღმზრდელობითი ხასიათის სამუშაოს ჩატარება. ასეთ დროს მშობლის სწორი ჩართულობა გადამწყვეტია. წაქეზება და “თუ გაწყენინეს, მაშინვე შეტევაზე გადადი” ტიპის დარიგებები მიუღებელია. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ძალადობითა და აგრესიით საქმეს ვერ გამოასწორებს.
აქვე ვახსენებ ერთ საკმაოდ გავრცელებულ სიტუაციასაც, როდესაც ბავშვს თავისი ან სხვისი საკუთრებისადმი არასწორი დამოკიდებულება აქვს. მცირე ასაკში პატარას სხვისი საკუთრების განცდა არ გააჩნია, მას მიაჩნია, რომ ყველაფერი, რაც მის ირგვლივაა, მასვე ეკუთვნის და ნებისმიერ დროს შეუძლია დაეპატრონოს. ირველ კლასში ეს განწყობა ბევრს ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს და მშობლები ხშირად შეწუხებულები და შეცბუნებულები აბრუნებენ სხვის ან სკოლის ნივთებს. სხვისი ნივთების მისაკუთრების სურვილი ამ პერიოდში ჯერ კიდევ მისატევებელია, თუმცა ეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ბავშვმა უნდა ისწავლოს სხვისი საკუთრების პატივისცემა. ასეთ დროსაც აუცილებელია თავი ავარიდოთ ისეთ შეფასებას, რომელიც ტრავმას მიაყენებს ბავშვს (მაგალითად, სიტყვა “ქურდის” ან “ქურდობის” ხსენებას) და პატარას მშვიდად ავუხსნათ საქმის არსი.

  • – ხდება ხოლმე, რომ ბავშვს გარკვეული ხნის შემდეგ ეკარგება სკოლაში სიარულის სურვილი და ხალისი. რა შეიძლება ვურჩიოთ მშობლებს ასეთ დროს?

– ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ყველაზე გავრცელებულია ის შემთხვევაა, როდესაც ბავშვმა სკოლაში მისვლისას უკვე იცის კითხვა, წერა და ანგარიში. უკვე ნაცნობი მასალის ხელმეორედ მოსმენა მისთვის მართლაც მოსაბეზრებელია. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და სკოლის დაწყებით საფეხურს სწორად კოორდინირებული სასწავლო გეგმა ჰქონდეს. ჩემი აზრით, დაუშვებელია, როდესაც ბაღის გამოსაშვებ ჯგუფებში ბავშვებს იმას ასწავლიან, რაც სკოლის კომპეტენციაა. ამ დროს ის ელემენტარული ჩვევები და უნარები, რაც წერა-კითხვასა და ანგარიშზე მეტად მნიშვნელოვანია, უმეტესობას ბაღიდან არ მოჰყვება. მაგალითად, მოსმენის კულტურა, განვითარებული წვრილი და მსხვილი მოტორიკა…
ბავშვი, რომელიც მანამდე მიჩვეული იყო უზრუნველობას და თავისუფლებას, შესაძლოა დაითრგუნოს და სირთულეების დაძლევაზე უარი განაცხადოს. მეცადინეობა და ინტელექტუალური დატვირთვა ყოველთვის სასიამოვნო ვერ იქნება, ყოველთვის ვერ დაემსგავსება თამაშს. ასეთ დროს მშობლის სწორი დამოკიდებულებაა გადამწყვეტი. არ არის საჭირო, ბავშვი დამატებითი დავალებებით დავტვირთოთ. დღესდღეობით პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სავსებით აკმაყოფილებს ამ ასაკის მოსწავლეთა საჭიროებებს, ითვალისწინებს მათ შესაძლებლობებს და სათანადოდ ტვირთავს მათ, თუმცა მშობლების მეტისმეტი გულმოდგინების გამო სწავლისა და შემეცნების პროცესი ბავშვისთვის შესაძლოა უსიამოვნო რუტინად იქცეს. ასე რომ არ მოხდეს, შეათანხმეთ მასწავლებელთან სახლში შესასრულებელი დავალებების რაოდენობა და მართებულად შეაფასეთ ბავშვის შესაძლებლობებიც.
სახლში მეცადინეობის ჩვევის ჩამოყალიბება საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარია, თუმცა იმ სკოლებში, სადაც ბავშვები ძირითადი გაკვეთილების შემდეგაც რჩებიან, იქვე, გახანგრძლივებულ ჯგუფში ამზადებენ საშინაო დავალებებსაც. მათ მშობლებს ვურჩევ, შინ ათიოდე წუთი მაინც დაუთმონ ნასწავლის გადამეორებას, შეამოწმონ შესწავლილი მასალისა და შესრულებული დავალებების ხარისხი.
თუ ბავშვი სკოლაში წასვლაზე უარს ამბობს, აუცილებლად გაარკვიეთ მიზეზი და გაესაუბრეთ მასწავლებელსაც. ერთობლივი ძალებით პრობლემას ადვილად მოაგვარებთ. საერთოდ, მშობლის ჩართულობა და ინტერესი, სკოლასთან ხშირი ურთიერთობა მისასალმებელია და, მე ვიტყოდი, აუცილებელიც, თუმცა ეს მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადაიზრდოს – ზედმეტი მზრუნველობა ბავშვს დამოუკიდებლობას ართმევს.
დასასრულ, მინდა, რამდენიმე რეკომენდაცია შევთავაზო მშობლებსიმ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რომელთა შესახებაც ზევით ვისაუბრეთ:
. მნიშვნელოვანია, ბავშვს მიეცეს სხვადასხვა ასაკის უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება. ახალი კონტაქტები და ურთიერთობა – ცხადია, თქვენი მეთვალყურეობით – სასარგებლო და განმავითარებელია ბავშვისთვის. ამასთანავე, ჯგუფთან, სოციუმთან თანაარსებობა მას მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს. კარგი იქნება, თუ ამისთვის იგი წინასწარ მოემზადება. 
. სკოლაში ბავშვს ოჯახურისგან განსხვავებული გარემო დახვდება. ყველაზე კეთილგანწყობილ და მეგობრულ სკოლაშიც კი ვერ იქნება ისეთი გარემო, როგორიც შინაა, ამიტომ შეაგუეთ პატარა იმ აზრს, რომ მის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად დადებითი ვერ იქნება.
. აუცილებელია, ბავშვს შეეძლოს საკუთარი საჭიროებების ადეკვატურად აღქმა და გამოთქმა. თუ სახლში მის საჭიროებებს გამუდმებით და მოთხოვნის გარეშეც პასუხობენ, სკოლაში ასეთი რამ შეუძლებელია, ამიტომ აუხსენით, როგორ მიმართოს დახმარებისთვის უფროსს ან უცნობ თანატოლს.
. სკოლაში მას არაერთხელ მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების შედარება სხვა ბავშვების შესაძლებლობებთან, რომლებიც შესაძლოა აღემატებოდეს ან ჩამოუვარდებოდეს მისას. ორივე შემთხვევაში საჭიროა სწორი რეაგირება. დააკვირდით მას თანატოლებთნ თამაშისას და აუცილებლობის შემთხვევაში ესაუბრეთ პრობლემაზე.
. მიაჩვიეთ ბავშვი მეტ დამოუკიდებლობას ნებისმიერი აქტივობისას.
. თუ მცირე ასაკში ქება და წახალისება საჭიროა აქტივობის ყველა საფეხურზე, სკოლის პერიოდში ბავშვი მხოლოდ დასრულებული, ბოლომდე მიყვანილი საქმის გამო უნდა შევაქოთ და წავახალისოთ. გამორიცხულია, სკოლაში მასწავლებელმა თითოეული მოსწავლისთვის სამუშაოს ყველა ეტაპის შემოწმება შეძლოს, ამიტომ ბავშვი შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებული უნდა იყოს, ვიდრე აქამდე.
მშვიდ, ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებ თქვენს მკითხველებს.
ნინო ლომიძე

გააზიარე: