გრეივსის დაავადება

გააზიარე:

ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული ჯირკვალია, რომელიც კისრის წინა ქვედა ნაწილში მდებარეობს. მისი ჰორმონები სისხლში გადასვლის შემდეგ სხეულის ყველა ქსოვილს აღწევს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ტემპერატურას, ორგანოთა გამართულ მუშაობას.

გრეივსის დაავადება ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტიურობით – ჰიპერთირეოზით ხასიათდება და გულს, ძვლებს და სხვა ორგანოებს საფრთხეს უქადის. მას სახელი დაერქვა ირლანდიელი ექიმის რობერტ გრეივსის პატივსაცემად, რომელმაც ჰიპერთირეოზის ეს ფორმა ჯერ კიდევ 150 წლის წინ აღწერა.

რა იწვევს

გრეივსის დაავადება ავტოიმუნური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა ჯანსაღ უჯრედებს ორგანიზმში შეჭრილი უცხო სხეულებისგან ვეღარ ასხვავებს და თავს ესხმის. მიზეზი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ვარაუდობენ, რომ გენებისა და მაპროვოცირებელი გარეგანი ფაქტორების, მაგალითად, ვირუსული ინფექციების ერთობლიობის შედეგი უნდა იყოს. ავტოიმუნური დაავადებების შემთხვევათა უმრავლესობაში უჯრედებს მათ წინააღმდეგ დარაზმული ანტისხეულები აზიანებენ, გრეივსის დაავადების დროს კი უჯრედები, პირიქით, მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადიან. ანტისხეულები ეწებებიან მათ და მეტი ჰორმონის გამომუშავებისკენ უბიძგებენ. შედეგად ვიღებთ ჭარბად მოფუნქციე ფარისებრ ჯირკვალს და ჰიპერთირეოზს.

დაავადების განვითარების ალბათობა მეტია, როდესაც ოჯახური ისტორია ამ პრობლემით არის დატვირთული. სხვა ავტოიმუნური დაავადებებიც ზრდის გრეივსის დაავადების რისკს. ასეთებია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, რევმატოიდული ართრიტი, პერნიციოზული (B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული) ანემია, ვიტილიგო. გრეივსის დაავადება კაცებთან 7-8-ჯერ ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებთან და უმეტესად 30-დან 50 წლამდე ასაკში იჩენს თავს.

როგორ ვლინდება

ჭარბად წარმოქმნილი ჰორმონები მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. ამის შედეგია გულისცემის აჩქარება, ხელების კანკალი, ძილის დარღვევა, წონის აუხსნელი კლება, კუნთების სისუსტე, გაღიზიანება და შფოთვა, სითბოს აუტანლობა, ოფლიანობა, ადვილად დაღლა და სისუსტე, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, დაბოლოს, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება –  ჩიყვი.

გრეივსის დაავადება ჰიპერთირეოზის ერთადერთი ტიპია, რომელთანაც დაკავშირებულია თვალების ანთება, თვალის ირგვლივი ქსოვილების შეშუპება და თვალების წინ წამოწევა. ამ მდგომარეობას გრეივსის ოფთალმოპათიის სახელით იცნობენ. ის პაციენტების მესამედთან გვხვდება, თუმცა მათ მხოლოდ  5%-ს აღენიშნება თვალის ქსოვილების ზომიერი ან მძიმე ანთება, რომელმაც შესაძლოა მხედველობასაც კი შეუქმნას საფრთხე.

თვალისმიერი სიმპტომები გრეივსის დაავადების დიაგნოზის დასმამდე ან დასმიდან 6 თვის განმავლობაში ვლინდება და იშვიათია, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ აღმოცენდეს. ზოგიერთ პაციენტს თვალებთან დაკავშირებული სიმპტომები ჰიპერთირეოზის გარეშე აქვს გამოხატული, ზოგიერთს კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ფონზე უვითარდება. თვალისმიერი სიმპტომების სიმძიმე ჰიპერთირეოზის სიმძიმესთან არ არის დაკავშირებული.

პრობლემის დასაწყისზე მიანიშნებს თვალების სიწითლე ან ანთება, წინ წამოწევა თვალის კაკლის უკან არსებული ქსოვილების ანთების გამო, ქუთუთოების შეშუპება, სინათლისადმი მგრძნობიარობა, თვალების გაღიზიანების ან ქვიშის ჩაცვენის შეგრძნება, სიმშრალე, ცრემლდენა ან მხედველობის გაორება. მძიმე შეშუპება ზრდის მხედველობის ნერვზე ზეწოლას და მხედველობის გაორების, იშვიათაც კი მხედველობის დაკარგვის მიზეზადაც შეიძლება იქცეს.

გასათვალისწინებელია, რომ თვალებთან დაკავშირებული პრობლემები ბევრად უფრო ხშირად და მძიმედ აქვთ გამოხატული გრეივსის დაავადების მქონე იმ ადამიანებს, რომლებიც თამბაქოს მოიხმარენ.

გრეივსის დაავადების იშვიათი გამოხატულებაა კანის დაავადებაც, რომელსაც გრეივსის დერმოპათიას უწოდებენ. ის მუხლებსა და წვივების წინა ზედაპირზე კანის გასქელებითა და სიწითლით ვლინდება, ზოგჯერ მტკივნეულიც არის. მდგომარეობის გამოხატულების სიმძიმეს ჰორმონების დონესთან კავშირი არ აქვს. 

გართულებები

ნებაზე მიშვებული გრეივსის დაავადების დროს იმატებს გართულებათა რისკი. მაღალია აბორტის, ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფისთვის – ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის, ზრდის შეფერხების, დედისთვის – გულის უკმარისობისა და პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობა.

მოსალოდნელია გულის რიტმის დარღვევა, გულის კუნთის სტრუქტურისა და ფუნქციის ცვლილება. შესაძლოა, განვითარდეს ძვლების სიმყიფეც.

გრეივსის დაავადების იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა ფარისებრი ჯირკვლის შტორმი – ის ვითარდება, როდესაც მძიმე ჰიპერთირეოზი არანამკურნალები ან არასაკმარისად ნამკურნალებია. ჰორმონთა უეცარი და ძლიერი მატება ვლინდება ცხელებით, ოფლიანობით, ღებინებით, დიარეით, ძლიერი სისუსტით, კრუნჩხვებით, არარეგულარული გულისცემით, არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითებით და კომით. ფარისებრი ჯირკვლის შტორმი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.

დიაგნოსტიკა

თავდაპირველად ყურადღება ექცევა სიმპტომებს და გასინჯვის მონაცემებს,  ლაბორატორიული მაჩვენებლების შემოწმებით კი დიაგნოზი დასტურდება. სისხლის ანალიზით ადგენენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დონეს. ეს ჰიპოფიზის, ტვინის ფუძეზე მდებარე პატარა ჯირკვლის, ჰორმონია, რომელიც, ჩვეულებრივ, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ასტიმულირებს. გრეივსის დაავადების დროს თშH-ის დონე დაქვეითებულია, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის ჰრმონებისა – მომატებული. იკვლევენ იმ ანტისხეულების დონესაც, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის გააქტიურებას და გრეივსის დაავადებას იწვევს. მომატება ადასტურებს დიაგნოზს, ხოლო ნორმალური მაჩვენებლების შემთხვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად და ჰიპერთირეოზის სხვა მიზეზების გამოსარიცხად ტარდება რადიაქტიური იოდის შთანთქმის ტესტი – პაციენტი ყლაპავს რადიაქტიური იოდის მცირე დოზას, მერე კი სპეციალური სკანერით საზღვრავენ, რადიაქტიური ნივთიერების რა რაოდენობას აითვისებს ფარისებრი ჯირკვალი. ამგვარად ადგენენ, ჰიპერთირეოზის მიზეზი გრეივსის დაავადებაა თუ სხვა რამ. 

ულტრაბგერითი კვლევით მოწმდება, გადიდებულია თუ არა ფარისებრი ჯირკვალი და როგორია მასში სისხლის მიმოქცევის სიჩქარე. ეს კვლევა განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვისთვისაც რადიაქტიური იოდით შთანთქმის ტესტი უკუნაჩვენებია, მაგალითად ორსულებისთვის.

მკურნალობა

გრეივსის დაავადების მკურნალობის მიზანია, შეჩერდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი წარმოქმნა და ავადმყოფს მდგომარეობა შეუმსუბუქდეს.

მკურნალობის პირველ ეტაპზე იყენებენ ბეტა ბლოკერებს, მაგალითად, პროპრანოლოლს ან მეტოპროლოლს, რის შედეგადაც სწრაფად მცირდება ჰიპერთირეოზის ეფექტები: მწყობრში დგება გულისცემა, იკლებს შფოთვა და კანკალი. მას შემდეგ, რაც სპეციალური მედიკამენტებით ჰორმონების დონე მოწესრიგდება, ბეტა ბლოკერები იხსნება.

ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო მედიკამენტები ბლოკავენ ჰორმონების გამომუშავებას. პირველი რიგის არჩევანის მედიკამენტია მეთიმაზოლი, ხოლო ორსულობის პირველ ტრიმესტრში უპირატესობა პროპილთიოურაცილს ენიჭება. იშვიათად მკურნალობა იწვევს გამონაყარს ან ლეიკოციტების რიცხვის შემცირებას, რაც, თავის მხრივ, ინფექციის რისკს ზრდის. სამწუხაროდ, არც ღვიძლის დაზიანებაა გამორიცხული.

მკურნალობის კურსი საშუალოდ 12-დან 18 თვემდე გრძელდება, იშვიათად – უფრო მეტ ხანს. შედეგის მიხედვით შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ჩარევა – რადიაქტიური იოდით თერაპია ან ქირურგიული ოპერაცია.

ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის თანახმად, გრეივსის დაავადების სამკურნალოდ ყველაზე ხშირად რადიაქტიური იოდით თერაპიას მიმართავენ: პაციენტი კაფსულის ან სითხის ფორმით იღებს რადიაქტიურ იოდს. რადიაქტიური ნივთიერების სამიზნე ორგანიზმში მხოლოდ ფარისებრი ჯირკვალია. ორი-სამი თვის განმავლობაში რადიაქტიური იოდი ნელ-ნელა ანადგურებს ჯირკვლის უჯრედებს. შედეგად ორგანოს ზომა მცირდება, ხოლო ჰორმონების დონე ნორმას უბრუნდება. სამწუხაროდ, პაციენტთა უმრავლესობას რადიაქტიური იოდით თერაპიის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, იგივე ჰიპოთირეოზი უვითარდება და ამის აღმოსაფხვრელად მკურნალობის გაგრძელება სჭირდება.

რადიაქტიური იოდით თერაპია უკუნაჩვენებია საშუალო ან მძიმე ფორმის გრეივსის ოთალმოპათიის თანაარსებობისას, აგრეთვე – ორსულებისა და მეძუძურებისთვის.

ოპერაცია გრეივსის დაავადების მკურნალობის უპირატესი მეთოდია, როდესაც სხვა მეთოდები უეფექტა ან უკუნაჩვენებია მაგალითად ორსულობის ან დიდი ზომის ჩიყვის არსებობის გამო.

ოპერაციის დროს ამოკვეთენ მთელ ჯირკვალს ან მის ნაწილს. დარჩენილი ნაწილი ხშირად მთელი ჯირკვლის ფუნქციას იტვირთავს ხოლმე, მთელი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ კი ორგანიზმში ფარისებრის ჰორმონები აღარ წარმოიქმნება და პაციენტს სინთეზური გზით შექმნილი ჰორმონის მუდმივი მიღება უწევს.

ოპერაციის შემდგომ მოსალოდნელია კისრის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა ან შეცვლა, თუმცა ყველაფერი ეს, წესისამებრ, დროებითია.

როდესაც გრეივსის ოფთალმოპათია მსუბუქად არის გამოხატული, დღისით ხელოვნურ ცრემლს იყენებენ, საღამოს კი მაპოხიერებელ გელს. მძიმე ფორმის დროს თვალის კაკლის უკან არსებულ ქსოვილთა ანთების ჩასაცხრობად კორტიკოსტეროიდები ინიშნება. თუ მხედველობის ნერვზე ზეწოლა მხედველობას ემუქრება, ტარდება თვალბუდის დეკომპრესიული ოპერაცია. ამ დროს იღებენ თვალბუდესა და წიაღებს შორის მდებარე ძვალს, დარჩენილი სივრცე კი თვალს საწყის პოზიციაში დაბრუნების საშუალებას აძლევს.

უნდა ითქვას, რომ გრეივსის ოფთალმოპათია ყოველთვის არ მცირდება გრეივსის დაავადების მკურნალობის პარალელურად. შესაძლოა, 3-6 თვის განმავლობაში დამძიმდეს კიდეც, მერე კი ერთგვარად სტაბილურდება და ზოგჯერ თავისთავადაც იკლებს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: