ტონიკი – კანის იდეალური მომზადება შემდგომი მოვლისთვის

გააზიარე:

ტონირება სახის წმენდის ბოლო საფეხურია. ტონიკი არა მარტო ასუფთავებს კანს, არამედ აცოცხლებს კიდეც და აქტიური ინგრედიენტებისთვის ამზადებს.

გინახავთ მყარი ნადები ონკანის გარშემო? დროთა განმავლობაში ასევე გროვდება კანზე წყალში გახსნილი კალციუმი, ამიტომ ტონიკით სახის გაწმენდა, განსაკუთრებით – დაბანის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია.

რა არის და როგორ მოქმედებს

თანამედროვე ტონიკი არა მხოლოდ წმენდს, არამედ საჭირო ნივთიერებებითაც ამარაგებს კანს. ის დაბანის ან გაწმენდის შემდეგ ისმება სახეზე და უფრო ღრმად ასუფთავებს, თხევადი სტრუქტურის წყალობით კი მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ღრმად აღწევს კანში.

საპნით, გელით და სხვა აგრესიული საშუალებით სახის დაბანის ან გაწმენდის შემდეგ კანის მჟავატუტოვანი ბალანსი ირღვევა. თუ ჯანსაღი კანის PH 4,8-5,3-ია, დაბანის შემდეგ ის ტუტიანობისკენ იცვლება, ტუტე კი კარგი ნიადაგია ბაქტერიების გასამრავლებლად. რასაკვირველია, კანი თავადაც გაუმკლავდება პრობლემას, მაგრამ ამას გაცილებით მეტ დროს მოანდომებს, ტონიკი კი მეყსეულად არეგულირებს კანის მჟავატუტოვან ბალანსს, რითაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.

გარდა ამისა, ტონიკი ანეიტრალებს გამწმენდ საშუალებებს, წყალში გახსნილ კალციუმის ნაწილაკებს, აშორებს კანს ზედმეტ ცხიმს და მზისგან დამცავი კრემისა თუ მაკიაჟის ნარჩენებს. ზოგიერთ ფორმულას აქვს დამატენიანებელი ფუნქციაც: აფართოებს ფორებს, რათა კანმა კარგად შეიწოვოს მოვლის შემდგომი საშუალებები, ან, პირიქით, ავიწროებს და ამშვიდებს.

გარდა ამისა:

* ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აცოცხლებს კანს;

* აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, მატებს სიგლუვეს;

* ამცირებს კანის დაჭიმულობას;

* აუმჯობესებს სახის ფერს;

* ხელს უწყობს რეგენერაციას;

* კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს.

საუკეთესო ტონიკი

ბაზარზე შეხვდებით მრავალნაირ ტონიკს, რომელთა შემადგენლობაც სხვადასხვა ტიპის კანის სპეციფიკურ საჭიროებებს მიესადაგება. მათი ბაზისი გამოხდილი წყალია, რომელსაც, მოთხოვნის შესაბამისად, ამა თუ იმ ნივთიერებას ამატებენ.

უნივერსალური პროდუქტის გამოყენებას არ გირჩევთ. ჯობია, ყური მიუგდოთ კანს და ტონიკი მისი მოთხოვნების მიხედვით შეარჩიოთ.

ნორმალური კანი

თუ ნორმალური კანი გაქვთ, ჯანსაღი შუალედი უნდა დაიცვათ. ეს ნიშნავს ისეთი ტონიკის შერჩევას, რომელიც ნაზად ასუფთავებს კანს და არასასურველი ეფექტების გარეშე აღადგენს მის მჟავატუტოვან ბალანსს. საუკეთესოა ტონიკი პიტნის ზეთით, ჟენ-შენით, ლიმონის ბალზამით. ყველა ეს ფორმულა სახეს აცოცხლებს და ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს. მათი რეგულარული გამოყენებისას კანი დიდხანს ინარჩუნებს ელასტიკურობას.

მშრალი კანი

დაჭიმვის შეგრძნება, აქერცლილი ადგილები და ქავილი მშრალი კანის ნიშნებია. დამცავი ბარიერი რომ გააძლიეროთ და შერჩენილი ტენიც არ წაართვათ, შეარჩიეთ ტონიკი, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს. მშრალ კანს ძალიან უხდება ტონიკი ეთერზეთების, ალოე-ვერას, ვარდის წყლის, პანთენოლის (ვიტამინი B5) შემცველობით.

კარგია დამატენიანებელი ფორმულის მქონე ტონიკი-რძეც. ის ნაზად ასუფთავებს კანს, ამცირებს გაღიზიანებას, აცხრობს სიწითლეს, ატენიანებს.

მგრძნობიარე კანი

თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ტონიკი არ უნდა შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც კანს გამოაშრობს. მაგალითად, ალკოჰოლს, ფერისა თუ სუნის მიმცემ სინთეზურ ნივთიერებებს, სილიკონებს. დასტრესილი კანის დასამშვიდებლად საუკეთესოა გვირილის ექსტრაქტის შემცველი რბილი ტონიკი.

ვიტამინი B3, კიტრის ექსტრაქტი, ვაშლის ხის ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და აღდგენაში ეხმარება.

არსებობს სპეციალური ტონიკი, რომელიც კუპეროზისა და როზაცეის დროს არის რეკომენდებული. მისი ფორმულა აცხრობს სიწითლეს და არ აღიზიანებს კანს.

კომბინირებული კანი

ეს კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. მისთვის დამახასიათებელია ცხიმიანი, გამონაყარისკენ მიდრეკილია თ ზონა და მშრალი ლოყები და საფეთქლები. ასეთი კანისთვის საუკეთესოა რბილი, ცხიმის სინთეზის დამბალანსებელი ტონიკი. შეიძლება ცხიმიანი და მშრალი ზონებისთვის სხვადასხვა პროდუქტის გამოყენებაც.

ცხიმიანი კანი

ფართო ფორები, ფერიმჭამელები და მუწუკები ცხიმიანი კანის ტიპური ნიშნებია. მისთვის რეკომენდებულია ანტიბაქტერიული – მაგალითად, ჩაის ხის ზეთის, სალიცილის მჟავასა და ვარდის წყლის შემცველი – ტონიკი, რომელიც ცხიმის გამოყოფას არეგულირებს და ღრმად ასუფთავებს ფორებს.

მისი შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მითითებას შეფუთვაზე: “ცხიმიანი კანისთვის” ან “აკნეს საწინააღმდეგო”.

ალკოჰოლის შემცველი ტონიკის გამოყენებას არ გირჩევთ – ალკოჰოლმა შესაძლოა კანს უფრო მეტი ავნოს, ვიდრე არგოს. მართალია, ის ბაქტერიებს ებრძვის, მაგრამ ზედმეტი სპირტი (ნებადართულია 20-60%, არა უმეტეს 60-ისა) აშრობს კანს, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების უფრო მეტად გააქტიურებას იწვევს და დაჭიმულობის შეგრძნებას აჩენს. ამასთან, უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის საკუთარი კოლაგენის გამომუშავებაზე. ამიტომ მისი მუდმივად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

მოწიფული კანი

40 წლიდან კანს განსაკუთრებით ინტენსიური მოვლა სჭირდება. მისი დამცავი ბარიერი ასაკთან ერთად სუსტდება, სიმკვრივის მიმნიჭებელი ნივთიერებების გამომუშავება იკლებს და კანი ეშვება. ტონიკი ხელს უწყობს ტენიანობის დაბალანსებას და იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ამცირებს ულტრაიისფერი სხივების გავლენას და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. საუკეთესო ეფექტისთვის არჩევანი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ტონიკზე შეაჩერეთ. არც ჰიალურონის მჟავა დაგავიწყდეთ.

გამოიყენეთ სწორად

კარგი იქნება, თუ ტონიკს სახის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში ჩართავთ.

* უპირველეს ყოვლისა მოიშორეთ მაკიაჟი, როგორც ჩვეულებრივ აკეთებთ, დასაბანი გელის, საპნის ან მაკიაჟის მოსაშორებელი რძის გამოყენებით.

* ნაზად გაიწმინდეთ ტონიკით სახე, მოერიდეთ თვალის უპეებს. მნიშვნელოვანია რომ არ ჩამოიბანოთ.

* 2-5 წუთის შემდეგ წაისვით შემდგომი მოვლის საშუალებები.

* ტონიკის გამოყენება შეიძლება როგორც პილინგის ან ნიღბის პროცედურამდე, ისე მის შემდეგაც.

იდეალურ შემთხვევაში, ტონიკი დილა-საღამოს და წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ უნდა გადაისვათ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ, კანი დილა-საღამოს სხვადასხვა პროდუქტით გაინებივროთ. მაგალითად, დილით რბილი, დამატენიანებელი ტონიკი წაისვათ, ძილის წინ კი ისეთი, რომელიც უფრო ღრმად ასუფთავებს და რეგენერაციის ეფექტიც აქვს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: