თმის საღებავი: გზამკვლევი ფერთა სამყაროში

გააზიარე:

ქალების 70%-ზე მეტი რეგულარულად იღებავს თმას. ზოგი ჭაღარას ნიღბავს, ზოგს თმის ბუნებრივი ფერი არ მოსწონს, ზოგსაც, უბრალოდ, იმიჯის შეცვლა სურს... ყველამ იცის, რომ მუდმივი ღებვა ვნებს თმას, მაგრამ თავს იმით იმშვიდებენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
თმის მუდმივი ღებვისას მსხვერპლი მართლაც გარდაუვალია. მაგრამ რამდენად დიდია ის?

როგორ მოქმედებს
მდგრადობის მიხედვით თმის საღებავებს 3 კატეგორიად ყოფენ:
1. დროებითი – უძლებს 1-2 დაბანას;
2. არამუდმივი ან პოლიპერმანენტული – უძლებს 8-10 დაბანას;
3. მუდმივი ან პერმანენტული – ძლებს დიდხანს.
პირველი და მეორე ჯგუფის საღებავები ეგრეთ წოდებული არადამჟანგავი საღებავებია. მღებავი ნივთიერებები მაგრდება თმის ღერის კერატინზე (შემადგენელ ცილაზე) ან თმის კუტიკულში იჭრება. ამ შემთხვევაში ფერის პიგმენტი დაბანისას ადვილად სცილდება თმას ამ ჯგუფის საღებავი ჭაღარას ვერ ერევა და ვერც ბუნებრივ ფერზე ბაცად ღებავს.
მესამე ჯგუფის, ეგრეთ წოდებული დამჟანგავი საღებავები ორი კომპონენტისგან შედგება. ერთი მათგანი, უმეტესად – წყალბადის ზეჟანგი, შლის თმის ბუნებრივ პიგმენტს, მეორე კი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც პასუხისმგებელია ფერის ფორმირებაზე. შეღებვამდე ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს ერევა. რთული ქიმიური რეაქციების შედეგად მღებავი ნივთიერებები თმის მატრიცაში აღწევს და ფერს უცვლის ღერს. ამ შემთხვევაში საღებავი ადვილად არ ჩამოირეცხება.

საშიში ნივთიერებები
საღებავს მოქმედებისთვის დაახლოებით 20-40 წუთი სჭირდება, ზოგჯერ – მეტიც. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მასში შემავალი მავნე ქიმიური ნივთიერებები თავის კანიდან სისხლში მოხვდეს. ორგანიზმში მათი მოხვედრა ჩასუნთქვითაც შესაძლებელია. ზოგი მათგანი ალერგიას იწვევს, ზოგს კი, როგორც ვარაუდობენ, მუტაგენური ან კანცეროგენული მოქმედება ახასიათებს.
ნამდვილად არის თუ არა თმის საღებავი ჯანმრთელობის მტერი? ზრდის თუ არა კიბოს განვითარების რისკს მისი მოხმარება?
ამის გასარკვევად, 80-იანი წლებიდან მოყოლებული, არაერთი კვლევა ჩატარდა. ძველი კვლევები ნამდვილად იძლევა ასეთი ვარაუდის საფუძველს, მაგრამ უახლესი კვლევები მოწმობს, რომ საღებავები, რომლებიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტს და შეიცავს მხოლოდ უსაფრთხოების ნუსხაში შეტანილ ნივთიერებებს, არ ზრდის კიბოს განვითარების რისკს.
თუმცა არც ისინია სრულიად უვნებელი. ზოგიერთ მათგანს, როგორც გითხარით, ძლიერი ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია, ანაფილაქსიური შოკისაც კი. ალერგიის გამომწვევი კომპონენტები უმეტესად არომატული ამინებია (მაგალითად, PTD, PPD, p-Toluylendiamin, p-Toluylendisulfat, o-Nitro-p-Phenylendiamin, p-Aminophenol, 3-Aminophenol, Hydrochinon, Resorcin). ზოგიერთი ცუდად მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელზე.
რისკი ემუქრება არა მარტო მომხმარებელს, არამედ სტილისტსაც, რომელსაც თითქმის ყოველდღე აქვს კოტაქტი თმის საღებავებსა და სხვა ქიმიურ საშუალებებთან.

ამიაკით თუ უამიაკოდ?
ვისაც ერთხელ მაინც შეუღებავს თმა ან სხვა პროცედურისთვის შეუვლია სალონში, აუცილებლად იგრძნობდა მძაფრ, შემაწუხებელ სუნს. ეს ამიაკია, თმის საღებავის ერთ-ერთი ინგრედიენტი. ბოლო ხანს უფრო და უფრო ხშირად არეკლამებენ უამიაკო საღებავს. მართლა უვნებელია თუ არა ის?
ფერის პიგმენტმა თმის ღერში რომ შეაღწიოს, დამცავი ფენა უნდა დაირღვეს, ეს კი მისი დატუტიანებით მიიღწევა. ამისთვის რამდენიმე წუთიც საკმარისია. სწორედ ამას აკეთებს ამიაკი.
შემდეგ კი პროცესში კი სხვა ქიმიური საშუალებები: მღებავი ნივთიერებები და წყალბადის ზეჟანგი – ერთვება.
როგორც კი თმის დამცავი ფენა დაირღვევა, ამიაკის მისიაც სრულდება. ამიაკი აქროლადი ნივთიერებაა, მალევე ქროლდება და მოქმედებას წყვეტს. გამონაკლისია თმის გაბაცება, როდესაც ამიაკთან ერთად სხვა საშუალებასაც იყენებენ, რადგან ამ დროს თმის ღერი უფრო მეტხანს უნდა დარჩეს ტუტე მდგომარეობაში.
ამიაკის მძაფრი სუნის გამო ზოგიერთი მწარმოებელი იყენებს ალტერნატიულ დამატუტიანებელ საშუალებებს, რომლებიც არ ქროლდება და საღებავის მოქმედების მთელი პროცესის განმავლობაში რჩება თავზე. მართალია, ეს ნივთიერებები მძაფრი სუნით არ გამოირჩევა, მაგრამ მეტად აზიანებს თმას.

ციფრები საღებავზე
ფერის შერჩევაში კოლოფზე დატანილი ორ- და სამნიშნა რიცხვები გვეხმარება. პირველი ციფრი ძირითად ფერზე მიუთითებს (რაც უფრო დიდია მისი მნიშვნელობა, მით უფრო ბაცია ძირითადი ფერი), მეორე – ფერის მიმართულებაზე (წამყვან ტონზე), მესამე (თუ ის საერთოდ არის) – დამატებით ელფერზე.
სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვა კლასიფიკაციას იყენებს, თუმცა ყველაზე მეტად მიღებულია შემდეგი აღნიშვნა:

ძირითადი ფერი
1 – შავი
2 – ძალიან მუქი ყავისფერი
3 – მუქი ყავისფერი
4 – დახშული ყავისფერი
5 – ბაცი ყავისფერი
6 – მუქი ხორბლისფერი
7 – დახშული ხორბლისფერი
8 – ბაცი ხორბლისფერი
9 – ქერა
10 – ბაცი ქერა
11 – ძალიან ბაცი ქერა
12 – პლატინისფერი

წამყვანი ელფერი
0 – ბუნებრივი
1 – ლურჯ-იისფერი
2 – მქრქალი (მწვანე პიგმენტი)
3 – ოქროსფერი (ფორთოხლისფერ-ყვითელი პიგმენტი)
4 – სპილენძისფერი
5 – მაჰაგონი (მოწითალო-მოიისფრო პიგმენტი)
6 – იასამნისფერი (ლურჯ-იისფერი პიგმენტი)
7 – ბუნებრივი (მოწითალო-მოყავისფრო პიგმენტი)

დამატებითი ელფერი

1 – ფერფლისფერი
2 – იისფერი
3 – ოქროსფერი
4 – სპილენძისფერი
5 – მაჰაგონი
6 – წითელი
7 – ყავა მოკა

ზიანი
რეგულარული ღებვის შედეგად თმა ხუნდება, შრება, ხდება მყიფე. რაც უფრო ხშირად იღებავთ თმას, მით უფრო აშკარაა ზიანი.

სამართლებრივი რეგულაციები
ევროპულმა კომისისამ, მომხმარებელთა უსაფრთხოების სამეცნიერო კომიტეტის (Scientific Committee on Consumer Safety) რეკომენდაციით, აკრძალა 180-მდე და შეზღუდა 76-მდე ქიმიური ნივთიერება, რომლებსაც საღებავის წარმოებისთვის იყენებდნენ. კვლევები გრძელდება და დღის წესრიგში კიდევ 45 ნივთიერების შემოწმებაა. აკრძალული ნივთიერებები შესულია ევროპის კოსმეტიკის დირექტივების დანართებში, რომელთა ნახვა ინტერნეტშიც შეიძლება.
ევროკომისიის ახალი ინსტრუქცია თმის საღებავების მწარმოებლებს ავალდებულებს, შეფუთვაზე მიუთითონ ნაწარმის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები და მათი წილი, ასევე – შესაძლო გვერდითი მოვლენები (მაგალითად კანის გაღიაზიანება, ალერგიული რეაქციები, კოსმეტიკური აკნე, ქავილი). შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს ასაკობრივი ჩარჩოც.

მოარიდეთ კანს
მეტი უსაფრთხოებისთვის ეცადეთ, საღებავი ხელსა და სხეულის სხვა ადგილებზე არ წაგეცხოთ. ასე ალერგიის რისკიც ნაკლები იქნება. ღებვისას აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანი. ზედმიწევნით აკონტროლეთ დრო. არ გაიჩეროთ საღებავი თმაზე საჭიროზე მეტხანს.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულებსა და მეძუძურ დედებს ხშირად ურჩევენ, თმის ღებვას ერიდონ. მართალია ,კვლევებით დადასტურებული არ არის, მაგრამ არც გამორიცხულია, მავნე ნივთიერებები თავის კანიდან სისხლში მოხვდეს, ამიტომ მეტი უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, ამ პერიოდში თმის შეღებვისგან თავი შეიკავოთ.

ბუნებრივი საღებავი
ჯანმრთელობისთვის უვნებელია ბუნებრივი საღებავი. ყველაზე ხშირად თმას ინით იღებავენ. მას Lawsonia inermis-ის ფოთლებისგან იღებენ. ფოთლებს შემოდგომაზე კრეფენ და ფქვავენ. ფხვნილის ხარისხისა და გამოყენების წესების მიხედვით, ინის ფერი ღია ფორთოხლისფერსა და მოწითალო-ყავისფერს შორის ვარირებს, თუმცა ინას სხვა მცენარეულ საღებავებსაც ურევენ, რის შედეგადაც შეიძლება შეგვხვდეს ყავისფერი და შავიც კი. მცენარე ინდიგოფერას სხვადასხვა სახეობისგან კი იღებენ ინდიგოსა და ბასმას – მუქ ყავისფერ და შავ საღებავს.
მცენარეული საღებავით ღებვა მეტ დროს მოითხოვს. საღებავი თმაზე დაახლოებით 2 საათი უნდა გაიჩეროთ და შესაძლოა, ჭაღარა მთლიანად მაინც ვერ დაგიფაროთ. სამაგიეროდ, ბუნებრივი საღებავი არ არღვევს თმის სტრუქტურას. პირიქით, იცავს თმას. მცირეა ალერგიული რეაქციების საშიშროებაც. თუმცა ალერგიულ ადამიანებს ვურჩევთ. მცენარეულ საღებავებსაც მეტი სიფრთხილით მოეკიდონ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: