მზარეული პატარები

გააზიარე:

თუ სახლში პატარა ბავშვი გყავთ, დამეთანხმებით, რომ სადილების მზადებისთვის დროის გამონახვა საკმაოდ ძნელია. ხშირად მასაც სურს, დაგეხმაროთ ან არ გაცდით და სათამაშოდ გექაჩებათ.

სკოლამდელი ასაკის ბავშვს მართლაც შეუძლია დახმარება. თანაც ამ დროს უამრავ რამეს სწავლობს.

კერძის მომზადებისას ბავშვი მარტივ მათემატიკურ უნარებს ივითარებს. მაგალითად, მაშინ, როდესაც ეუბნებით, რომ ორი კიტრი და სამი სტაფილო მოგაწოდოთ. შეგიძლიათ, ამ დროს კითხვებიც დაუსვათ, პროცესს სახალისო თამაშის სახე მისცეთ. ჰკითხეთ, სულ რამდენი ბოსტნეულია საჭირო სალათის მოსამზადებლად, სთხოვეთ, დათვალოს სადილისთვის გადაწყობილი ინგრედიენტები. ამ დროს ბავშვი ბევრ ახალ სიტყვასაც აითვისებს, ხოლო როდესაც კერძი საბოლოო სახეს მიიღებს, თვითშეფასებაც აუმაღლდება, რადგან ეცოდინება, რომ ეს, რაღაც მნიშვნელოვანი, მისი შექმნილია.

ყველაფერთან ერთად, კერძის ერთად მომზადება კარგი საშუალებაა, ბავშვს ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბოთ ჯანსაღი კვების ჩვევა.

მთლიანობაში, შესაძლოა იმაზე ოდნავ მეტი დრო დაგეხარჯოთ, ვიდრე კერძის მარტო მომზადებისას დახარჯავდით, მაგრამ სწორი მიდგომით კერძის მომზადების პროცესი თქვენთვისაც და თქვენი შვილისთვისაც სასიამოვნო თავგადასავლად იქცევა.

მაინც რითია სასარგებლო ბავშვისთვის სამზარეულოში ფუსფუსი?

* როგორც უკვე ვთქვი, სადილის მომზადება მშვენიერი საბაბია მათემატიკური უნარების გასავარჯიშებლად. თუნდაც ნამცხვრისთვის საჭირო კვერცხების დათვლით ან წყლის ნიშნულიანი ჭიქით აზომვით. შეგიძლიათ, ჰკითხოთ, რომელი ინგრედიენტია, რეცეპტის მიხედვით, პირველი, მეორე, მესამე... ასე თანმიმდევრობის ცნების შინაარსსაც გაიგებს და მეხსიერებასაც გაივარჯიშებს.

* კერძის რეცეპტის გაცნობისას ბავშვი ახალ სიტყვებს აითვისებს და გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, თქვენი მითითებების შესრულება კი მას მოსმენის კულტურას და მოქმედებების თანმიმდევრულად შესრულების უნარს განუვითარებს.

* კერძის მომზადებისას ბავშვი მეტი ხალისით გასინჯავს ახალ პროდუქტებს. სკოლამდელი ასაკის პატარები ხშირად არჩევენ საკვებს, აქვთ ამოჩემებული კერძები და უარს ამბობენ ბევრ ისეთ რამეზე, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, სადილის მომზადებისას კი შეგიძლიათ დააინტერესოთ ახალი პროდუქტებით და გაასინჯოთ კიდეც რომელიმე მათგანი. მაგალითად, იმის "გასაგებად", მლაშე ხომ არ არის მუხუდოს წვნიანი ან აჯაფსანდალს მარილი ხომ არ აკლია. ბავშვებს ყოველთვის აინტერესებთ, როგორი გამოვიდა მათი ნახელავი, ამიტომ ხალისით დააგემოვნებენ მას.

* კერძის მომზადების პროცესში შეგიძლიათ ესაუბროთ იმაზეც, რამდენად სასარგებლოა ესა თუ ის პროდუქტი, როგორი დიდი და ღონიერი გაიზრდება, თუ შეჭამს. შეგიძლიათ, მაგალითად მოიყვანოთ, როგორ მიირთმევენ მისი საყვარელი ფილმის ან წიგნის გმირები ხილს და ბოსტნეულს და ასე გაუღვივოთ ინტერესი მათ მიმართ.

* ბავშვები საკუთარი შეგრძნებების დახმარებით შეიცნობენ სამყაროს, სამზარეულო კი ამისთვის საუკეთესო ადგილია. აჩვენეთ, როგორ ფუვდება ცომი, მოასმენინეთ მიქსერის ხმა, აყნოსვინეთ ახალგამომცხვარი კექსის სურნელი, გაასინჯეთ ღუმლიდან ახალგამოღებული ფუმფულა პური, მიეცით საშუალება, იგრძნოს საკვებით მოგვრილი სიამოვნება და ის კმაყოფილება, რომელსაც გრძნობს ადამიანი, როდესაც მისი ნახელავი მართლაც ძალიან გემრიელი გამოდის.

* სკოლამდელი ასაკის ბავშვები მიისწრაფვიან, დაამტკიცონ, რომ უკვე შეუძლიათ ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება, სამზარეულოში კი მათ ამის საშუალება ეძლევათ. ყოველთვის, როდესაც ბავშვი სადილის მომზადებაში დაგეხმარებათ, აღნიშნეთ, რომ მისმა დახმარებამ მართლაც ძალიან შეგიმსუბუქათ საქმე. შეგიძლიათ, ერთად მომზადებულ კერძს მისი სახელი უწოდოთ. მაგალითად, "ნიკუშას პიცა". ეს ბავშვს გაახარებს და მოტივაციას აღუძრავს, შემდეგშიც დაგეხმაროთ.

თუნდაც ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, მაინც შეაქეთ მონდომებისთვის, რათა კიდევ სცადოს და მომავალში უფრო მეტად მოინდომოს.

შესაფერისი საქმე

სამზარეულოში 3-5 წლის ბავშვებისთვის შესაფერისი რამდენიმე საქმე მოიძებნება. შეურჩიეთ რამე ისეთი, რაც მის შესაძლებლობებსაც შეესაბამება და სიამოვნებითაც გააკეთებს. მაგალითად, თუ პლასტილინით ძერწვა უყვარს, ცომის მოზელაც მოეწონება.

თუ ხედავთ, რომ კონკრეტული საქმე მობეზრდა ან უხალისოდ აკეთებს, სხვა რამე დაავალეთ.

აი, რისი კეთება სიამოვნებთ სამზარეულოში ბავშვებს:

* ცომის ზელა;

* მიქსერით თქვეფა;

* სალათის ფურცლების დაქუცმაცება;

* თასში ინგრედიენტების ჩამატება;

* პიცის მორთვა;

* რეცეპტების წიგნის თქვენთან ერთად კითხვა და ფურცვლა;

* ნამცხვარზე კრემით ხატვა;

* ხილის გაწურვა;

* სხვადასხვა პროდუქტის ფქვილში ამოგანგვლა.

სასარგებლო ჩვევები

სკოლამდელი ასაკის ბავშვები ეტაპობრივად სწავლობენ, რისი კეთება ხელეწიფებათ უფროსების დაუხმარებლად, მიღწეული შედეგი კი მათ თავდაჯერებას მატებს და თვითშეფასებას უმაღლებს. ასე რომ, მოუძებნეთ საქმე, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად ან თქვენი მინიმალური დახმარებით გაართმევს თავს.

შვილის შესაძლებლობები მშობელზე უკეთ არავინ იცის. გამოიყენეთ ეს ცოდნა და შესაფერისი დავალება მიეცით: ჭურჭელში წყლის ჩასხმა, პიცაზე გახეხილი ყველის მოყრა, ცომის ფორმებში მოთავსება.

ნუ დაიწყებთ ერთობლივ საქმიანობას რთული კერძით, რომლის მომზადებასაც განსაკუთრებული ოსტატობა და ბევრი დრო სჭირდება. მიეცით ბავშვს საშუალება, შეეჩვიოს სამზარეულოს. თავდაპირველად შესაძლოა 15-20 წუთიც საკმარისი იყოს. მერე დრო თანდათან გაზარდეთ.

ბავშვებს ძალიან ართობთ უცნობი რეცეპტის მიხედვით კერძის მომზადება, ისეთისა, რომელიც თქვენთვისაც უცხოა. უცხო ინგრედიენტები, უცხო გემოები და ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი თქვენთვისაც ახალია, პატარას გაახალისებს და ინტერესს გაუჩენს კერძისა და მისი მზადების პროცესის მიმართ.

საზოგადოდ, თუ გსურთ, ბავშვი ჯანსაღად იკვებებოდეს, უპირველეს ყოვლისა, იმაზე იზრუნეთ, რომ თქვენს მაცივარში უმეტესად ჯანსაღი საკვები ეწყოს, თორემ თუ ბავშვმა მაცივარი გამოაღო და იქ არაჯანსაღი, მაგრამ გემრიელი პროდუქტები დახვდა, რა თქმა უნდა, არჩევანს მათზე შეაჩერებს.

ნუ მიაჩვევთ ბავშვს ტელევიზორის წინ ჭამას.

დაიხმარეთ არა მხოლოდ კერძის მომზადებაში, არამედ სუფრის გაწყობაშიც. ბავშვებს უყვართ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვან საქმიანობაში მონაწილეობენ და მასში თავიანთი წვლილი შეაქვთ.

როცა ბავშვებს მოწყენილობა იპყრობთ, ამ დროს ხშირად ჰგონიათ, რომ შიათ, ამიტომ კარგად დააკვირდით მათ ხასიათს. თუ პატარამ ცოტა ხნის წინ გემრიელად მიირთვა, მაგრამ ისევ შიმშილს იმიზეზებს, მაშინვე ნუ მიაწვდით საჭმელს. გაართეთ, ყურადღება გადაატანინეთ, ეთამაშეთ და დააკვირდით — დიდი ალბათობით, შუა თამაშში გეტყვით, რომ აღარ შია.

დაუქუცმაცეთ ხილი — ხშირად ბავშვები მხოლოდ იმიტომ ამბობენ უარს, მაგალითად, ვაშლზე, რომ მთლიანის  ჩაკბეჩა ეზარებათ, ფორთოხალს კი იმიტომ არ ეკარებიან, რომ ეშინიათ, ტკბილი წვენით არ მოისვარონ. დაუჭერით ვაშლი პატარა ნაჭრებად, ფორთოხალი კი შეგიძლიათ გაუწუროთ.

ერთი სიტყვით, მოარგეთ სიტუაცია თქვენი შვილის უნარებს და საბოლოოდ აუცილებლად მიაღწევთ იმას, რომ პატარამ ჯანსაღი კვების მნიშვნელობა გაითავისოს და ის თავისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციოს.

 ლიკა ქათამაძე

გააზიარე: