ჭარბი ოფლიანობა
გააზიარე:
ოფლის გამოყოფა სხეულის გაგრილების ბუნებრივი გზაა. ამ პროცესს არეგულირებს ავტონომიური ნერვული სისტემა, რომელიც ჩვენს ნება-სურვილს არ ემორჩილება. ის დაუკითხავად ააქტიურებს საოფლე ჯირკვლებს, როდესაც მაღალი სიცხე გვაქვს, ვვარჯიშობთ, ვნერვიულობთ, ვბრაზობთ, გვრცხვენია, გვეშინია ან უბრალოდ გვცხელა. ოფლის წარმოქმნის ყველა ეს მიზეზი ფიზიოლოგიურია. ზოგჯერ კი ოფლიანობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენს სხეულში რაღაც მოიშალა, ორგანიზმი მწყობრიდან გამოვიდა.
ოფლიანობის ფიზიოლოგია
ერთსა და იმავე პირობებში ზოგი მეტად ოფლიანდება, ზოგი – ნაკლებად. გამოყოფილი ოფლის მოცულობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, უმთავრესად – საოფლე ჯირკვლების რაოდენობაზე, ასაკზე, სქესზე. მაგალითად, სქესობრივი მომწიფების პერიოდში საოფლე ჯირკვლები სრული დატვირთვით მუშაობს, ამასთან, მამაკაცისა – ქალისაზე ინტენსიურად. ოფლიანობას აძლიერებს ალკოჰოლიანი და კოფეინიანი სასმელები, ცხარე საკვები, ნარკოტიკული ნივთიერებები.
განასხვავებენ საოფლე ჯირკვლების სამ ძირითად ტიპს: ეკრინულს, აპოკრინულს და აპოეკრინულს.
ეკრინული საოფლე ჯირკვალი ყველაზე მეტია – დაახლოებით 2-დან 4 მილიონამდე. ეს ჯირკვლები თითქმის მთელ სხეულზეა მიმოფანტული და ოფლის წარმოქმნაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრია. მათი რაოდენობა დაბადებიდან სიკვდილამდე ერთნაირია, ამიტომ ბავშვობაში ადამიანს სხეულის განსაზღვრულ ფართობზე უფრო მეტი ჯირკვალი აქვს, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. გასუქებისას ჯირკვლების კონცენტრაცია კიდევ უფრო იკლებს.
ეკრინული ოფლი უმთავრესად წყლისა და სუფრის მარილისგან (NaCl) შედგება, მაგრამ უჯრედთაშორის სითხეში ან საოფლე ჯირკვლებში წარმოქმნილ სხვა ნივთიერებებსაც შეიცავს.
აპოკრინული საოფლე ჯირკვლები ძირითადად იღლიაში, სარძევე ჯირკვლებზე, სახეზე, თავის კანსა და ბოქვენზეა განლაგებული, ეკრინულ ჯირკვლებთან შედარებით დიდია და იხსნება თმის ფოლიკულებში და არა კანის ზედაპირზე. ფუნქციობას პუბერტატის პერიოდში იწყებს. გამოიმუშავებს ბლანტ, ლიპიდებით მდიდარ ოფლს, რომელიც ცილებს, შაქრებსა და ამიაკსაც შეიცავს. აპოკრინული ჯირკვლები მონაწილეობს ფერომონების – სხეულის სუნის მიმცემი ნივთიერებების – წარმოქმნაში.
აპოეკრინული ჯირკვლები ეკრინულისგან წარმოიქმნება 8-დან 14 წლამდე ასაკში და 16-18 წლისთვის უკვე იღლიის ჯირკვლების 45%-ს შეადგენს. საშუალო ზომისაა და უფრო ეკრინულ ჯირკვლებს ჰგავს, რადგან მათი სადინარები პირდაპირ კანის ზედაპირზე იხსნება. უხვად წარმოქმნის მარილიან წყალს. ითვლება, რომ აპოეკრინული ჯირკვლები თერმორეგულაციაში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს.
როგორ რეგულირდება
ეკრინული საოფლე ჯირკვლები რეაგირებს თერმულ სტიმულებზე, განსაკუთრებით – სხეულის ტემპერატურის მომატებაზე, კანის გაცხელებაზე. ტემპერატურის მომატებას ორგანიზმი თერმორეცეპტორების საშუალებით შეიგრძნობს. მათგან მიღებული ინფორმაცია ჰიპოთალამუსში, ტვინის ერთ-ერთ უბანში, გადამუშავდება.
ოფლიანობის ინტენსივობა დამოკიდებულია აქტიური საოფლე ჯირკვლების სიმკვრივეზე (ანუ სხეულის ფართობზე განაწილებაზე) და თითოეული ჯირკვლის სეკრეციის სიჩქარეზე.
რა არის ჭარბი
ჭარბია ოფლიანობა, როდესაც ადამიანი იმაზე მეტად ოფლიანდება, ვიდრე მოსალოდნელია გარემოს განსაზღვრული ტემპერატურის, დატვირთვის დონისა თუ სტრესის პირობებში. შესაძლოა, ოფლიანობა იმდენად ინტენსიური იყოს, რომ ხელი შეუშალოს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას და გამოიწვიოს სოციალური უხერხულობა ან შფოთვა.
ჭარბ ოფლიანობას ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ის მთელ სხეულზეც შეიძლება გამოვლინდეს და მის ცალკეულ უბნებზეც (ხელისგულები, ფეხსიგულები, იღლიები, სახე).
თუ ჭარბი ოფლიანობა არც რომელიმე სამედიცინო მდგოამრეობით არის გამოწვეული და არც სხვა მიზეზით (გარემოს ტემპერატურის მატებით, ფიზიკური აქტივობით), მას პირველადი ანუ ესენციური ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ამ შემთხვევაში საოფლე ჯირკვლების მუშაობაზე პასუხსმგებელი ნერვები ზედმეტად აქტიურობენ. სტრესის, მღელვარების დროს ოფლიანობა კიდევ უფრო იმატებს. ჰიპერჰიდროზის ეს ტიპი, როგორ წესი, ადგილობრივია – ხელების, ფეხების და ზოგჯერ სახის ოფლიანობით გამოიხატება. სხეულის ამა თუ იმ უბნის ოფლიანობა ჰიპერჰიდროზად რომ ჩაითვალის, ეპიზოდი უნდა გამეორდეს კვირაში, სულ მცირე, ერთხელ და გაოფლინადეს სხეულის ორივე მხარე.
პირველადი ჰიპერჰიდროზი ნაწილობრივ მემკვიდრეობითიც არის. ზოგჯერ ის ოჯახის რამდენიმე წევრს აღენიშნება.
როდესაც ჭარბ ოფლიანობას განსზღვრული სამედიცინო მდგომარეობა განაპირობებს, მას მეორეული ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ეს მდგომარეობებია:
* ორსულობა;
* დიაბეტი;
* მენოპაუზა;
* ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული აქტიურობა);
* ჰიპოგლიკემია – სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობა;
* კიბოს ზოგიერთი სახეობა, ლეიკემია, ლიმფომა, ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნე);
* გულის შეტევა ან გულის უკმარისობა;
* სუნთქვის უკმარისობა;
* ნერვული სისტემის დარღვევები;
* ინფექციები, მათ შორის - ტუბერკულოზი, ზოსტერი;
* მალარია;
* აკრომეგალია;
* გაურკვეველი წარმოშობის ცხელება;
* მედიკამენტების გვერდითი მოვლენები – აღკვეთის სინდრომი ბეტა ბლოკატორების, ანტიდეპრესანტების, ინსულინის, სულფონილშარდოვანას, პილოკარპინის მიღებისას, ოპოიდების მოხსნისას;
* კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი;
* ნევროლოგიური დაავადებები, მათ შორის - პარკინსონის დაავადება;
* შფოთვა;
* სიმსუქნე;
* რევმატოიდული ართრიტი;
* პოდაგრა.
რას აშავებს
ოფლიანი ხელები ან ოფლით დასველებული ტანსაცმელი სოციუმში უხერხულობას იწვევს. შესაძლოა, ამან ხელი შეგიშალოთ მუშაობაში ან განათლების მიღებაში. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებიც ჭარბად ოფლიანობენ, კანის ინფექციებისადმი მიდრეკილება ახასიათებთ.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ძლიერ ოფლიანობას თან ახლავს თავბრუხვევა, გულმკერდის ტკივილი ან გულისრევა, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
თუ უეცრად დაგეწყოთ ჩვეულებრივზე ძლიერი ოფლიანობა, – იმდენად ძლიერი, რომ თქვენს ყოველდღიურ რუტინას არღვევს, – ღამღამობით უმიზეზოდ ოფლიანდებით ან ოფლიანობა იწვევს ემოციურ დისტრესსა თუ სოციალურ იზოლაციას, დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ.
როგორ ადგენენ
ჰიპერჰიდროზის დასადგენად ექიმი პაციენტს გამოჰკითხავს სიმპტომებს, გაეცნობა მის სამედიცინო ისტორიას. შესაძლოა, გასინჯვა და ლაბორატორიული გამოკვლევაც დასჭირდეს. მაგალითად, სისხლისა და შარდის ანალიზები ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობის (შესაძლო ჰიპერთირეოზი) ან სისხლში შაქრის დაბალი დონის (შესაძლო ჰიპოგლიკემია) აღმოსაჩენად.
არსებობს ტესტები ოფლიანობის არეების დასადგენად და მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებლად, მათ შორის – იოდ-სახამებლის, კანის გამტარობისა და თერმორეგულაციის ოფლის ტესტი.
მკურნალობა
თუ ჰიპერჰიდროზი სხვა სამედიცინო მდგომარეობით არის განპირობებული, უწინარესად ამ მდგომარეობას უნდა მიეხედოს. თუ მიზეზი ვერ მოიძებნა, მკურნალობა ოფლიანობის შემცირებაზე ფოკუსირდება. ზოგჯერ საჭიროა მეთოდების კომბინაცია. მკურნალობის შემდეგ ოფლიანობამ შესაძლოა ისევ მოიმატოს.
მედიკამენტები
* ანტიპერსპირანტი ალუმინის ქლორიდით. შეუძლია კანისა და თვალების გაღიზიანება. ძილის წინ უნდა გადაისვათ კანის იმ უბანზე, რომელიც ჭარბად გიოფლიანდებათ, დილით კი ჩამოიბანოთ. თვალში არ მოგიხვდეთ! თუ კანი გაგიღიზიანდათ, შესაძლოა ჰიდროკორტიზონის მალამო გამოგიწერონ.
* გლიკოპიროლატის შემცველი კრემები – გამოიყენება უმთავრესად სახესა და თავზე გამოვლენილი ჰიპერჰიდროზის დროს.
* ნერვის დამბლოკავი მედიკამენტები. ზოგიერთი დასალევი პრეპარატი ბლოკავს ქიმიკატებს, რომლებიც განსაზღვრულ ნერვებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. მათ შეუძლიათ, ოფლიანობა შეამცირონ, თუმცა ახასიათებთ გვერდითი ეფექტებიც: პირის სიმშრალე, ბუნდოვანი მხედველობა, შარდვის დარღვევა.
* ანტიდეპრესანტები. დეპრესიის სამკურნალოდ მოწოდებულ ზოგიერთ წამალს ასევე შეუძლია ოფლიანობის შემცირება. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ დააცხრონ შფოთვა, რომელიც ჰიპერჰიდროზს ამძიმებს.
* ბოტულინის ტოქსინის ინექციები – დროებით ბლოკავს ნერვებს, რომლებიც ოფლიანობას იწვევს. კანის ოფლიანობისკენ მიდრეკილ ყოველ უბანს რამდენიმე ინექცია სჭირდება. ეფექტი 6-12 თვე გრძელდება, მერე კი ინექციები უნდა განმეორდეს. ისინი ზოგჯერ მტკივნეულია. ზოგიერთს ინექციის ზონაში კუნთების დროებითი სისუსტე აღენიშნება.
ქირურგიული და სხვა პროცედურები
თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები და საშუალებები უეფექტო აღმოჩნდა, პაციენტს შესაძლოა შესთავაზონ:
* მიკროტალღური თერაპია. მიკროტალღები ანადგურებს საოფლე ჯირკვლებს. ტარდება ორი 20-30-წუთიანი პროცედურა სამთვიანი ინტერვალით, მაგრამ სიძვირის გამო ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.
* ასპირაციული კიურეტაჟი – ოპერაცია, რომლის დროსაც იღლიების ჭარბოფლიანობის სამკურნალოდ მინიმალური ინვაზიური ტექნიკით ამოკვეთენ საოფლე ჯირკვლებს.
* სიმპათექტომია – ეს არის ოფლის გამოყოფის მარეგულირებელი ნერვის გადაჭრა ან მოწვა ხალების ოფლიანობის შესამცირებლად. ზოგიერთ შემთხვევაში ეს პროცედურა იწვევს კომპენსატორულ ოფლიანობას სხეულის სხვა უბნებზე.
ცხოვრების წესი
ოფლიანობასა და უსიამოვნო სუნთან გასამკლავებლად შეიძლება ანტიპერსპირანტების გამოყენება. მათ შემადგენლობაში შემავალი ალუმინის ნაერთები დროებით ბლოკავს ფორებს და ოფლის რაოდენობას ამცირებს. ეფექტურია სუსტად გამოხატული ჰიპერჰიდროზის დროს.
ოფლიანობას ამცირებს ტანინის მჟავას შემცველი შემკვრელი ნივთიერებებიც, მაგალითად, ზილაქტინი. ისმება ოფლიანობისკენ მიდრეკილ ადგილზე.
ყოველდღიური ბანა ხელს უშლის კანზე ბაქტერიების გამრავლებას და, შესაბამისად, უსიამოვნო სუნის გაჩენას. დაბანის შემდეგ გულდასმით უნდა შეიმშრალოთ თითებს შორის არეები და იღლიები.
თუ ფეხები გიოფლიანდებათ, ატარეთ ბუნებრივი მასალის ფეხსაცმელები და წინდები, რომლებიც ფეხებს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ძლიერი დატვირთვისას ტენის შემწოვი სპორტული წინდები ჩაიცვით. გამოიცვალეთ წინდები დღეში ერთხელ ან ორჯერ, თან ფეხები კარგად შეიმშრალეთ. კარგია ბამბისძირებიანი კოლგოტები, ოფლის საწინააღმდეგო ფეხის ფხვნილები. ფეხები დროდადრო ფეხსაცმლიდან ამოყავით და ხშირად გაინიავეთ. კარგია ფეხშიშველა სიარულიც.
ყოველდღიურად ატარეთ ბუნებრივი ბოჭკოს (ბამბის, შალის, აბრეშუმის) ტანსაცმელი, ხოლო ვარჯიშის დროს ტენის შემწოვი ქსოვილისა.
სცადეთ სტრესის კონტროლი იოგათი, მედიტაციით, ბიოფიდბექით.
ოფლის მოდენის შემდეგ
სხეულმა სითხის მარაგი რომ შეივსოს:
* სვით ბევრი წყალი ან ელექტროლიტების შემცველი სასმელი;
* დასწიეთ ოთახის ტემპერატურა, რათა კიდევ არ გაოფლიანდეთ.
თუ ოფლი კანზე შეგაშრათ, ჩამოიბანეთ.
***
ავტონომიური ნეიროპათია, იგივე ვეგეტატიური დისფუნქცია, დისავტონომია, არის მდგომარეობა, როდესაც დაზიანებულია ვეგეტატიური ანუ ავტონომიური ნერვული სისტემა – ნერვული სისტემის ის ნაწილი, რომელიც სხეულის უნებლიე ფუნქციებს აკონტოლებს. მაგალითად, არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურის, გულისცემის სიხშირის ცვალებადობას, ოფლიანობას, საჭმლის მონელებას, შარდის გამოყოფას.
ავტონომიური ნერვული სისტემის დაზიანება აფერხებს ინფორმაციის მიმოცვლას ტვინსა და სხეულის დანარჩენ ნაწილებს, მაგალითად, გულს, სისხლძარღვებს, საოფლე ჯირკვლებს შორის.
ავტონომიური ნეიროპათია მსოფლიოში 70 მილიონამდე ადამიანს აქვს. ზოგიერთს ის დაბადებიდანვე დაჰყვება, ზოგიერთს კი მოგვიანებით უვლინდება. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში, თანდათანობით ან ერთბაშად. ნეიროპათია შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე, იშვიათად – ფატალურიც კი. ის თანაბრად ემართებათ ქალებსა და კაცებს.
მიზეზები
ავტონომიური ნეიროპათია შეიძლება იყოს როგორც თავისთავადი, პირველადი, ისე მეორეულიც – სხვა დაავადების შედეგი.
ნეროპათიას იწვევს:
* შაქრიანი დიაბეტი (განსაკუთრებით – უკონტროლო ფორმა), რომელიც თანდათანობით აზიანებს ნერვებს მთელ სხეულში. ის ავტონომიური ნეიროპათიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია;
* ამილოიდოზი – ორგანოებში ცილების დაგროვება;
* ავტოიმუნური დაავადებები – ამ დროს იმუნური სისტემა უტევს და აზიანებს საკუთარი სხეულის ნაწილებს, მათ შორის – ნერვებს. ასეთია, მაგალითად, შოგრენის სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ცელიაკია, გიიენ-ბარეს სინდრომი, პარკინსონის დაავადება, სარკოიდოზი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი;
* პარანეოპლაზიური სინდრომი – ზოგიერთი კიბოთი გამოწვეული იმუნური სისტემის ძლიერ შეტევა;
* ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის – კიბოს სამკურნალო;
* ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები: შიდსი, ბოტულიზმი, ლაიმის დაავადება;
* ზოგიერთი მემკვიდრეობითი დარღვევა;
* B და E ვიტამინების დეფიციტი.
სიმპტომები
ავტონომიური ნეიროპათიის სიმპტომები სხვადასხვანაირია, იმისდა მიხედვით, რომელი ნერვებია დაზიანებული. ეს ნერვები სათანადოდ ვეღარ გზავნიან და ვეღარ იღებენ შეტყობინებებს, რის გამოც შესაძლოა შეიცვალოს სისხლის წნევა, სუნთქვა, პულსი, დაირღვეს საჭმლის მონელება, თირკმლის ფუნქცია, სქესობრივი ფუნქცია, გუგის გაფართოებისა და შეკუმშვის უნარი, სხეულის ტემპერატურის კონტროლის მექანიზმი. ცვლილებები გამოიხატება:
* ფეხზე დგომისას თავბრუხვევით და გულის წასვლით არტერიული წნევის უეცარი დაცემის გამო.
* შარდვის პრობლემებით – დაწყების გაძნელებით, შეუკავებლობით, ბუშტის სისავსის შეგრძნების სირთულით, ბუშტის მთლიანად დაცლის შეუძლებლობით, რამაც შესაძლოა საშარდე გზების ინფექციამდე მიგვიყვანოს;
* სქესობრივი დარღვევებით, მათ შორის – ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უუნარობით (ერექციული დისფუნქცია), ეაკულაციის პრობლემებით, საშოს სიმშრალით, ლიბიდოს დაქვეითებით, ორგაზმის მიღწევის გაძნელებით;
* საჭმლის მონელების დარღვევით, რამდენიმე ლუკმის შემდეგ კუჭის ავსების შეგრძნებით, უმადობით, დიარეით, ყაბზობით, მუცლის შებერილობით, გულისრევით, ღებინებით, ყლაპვის გაძნელებით და გულძმარვით;
* ოფლის გამოყოფის დარღვევით – მისი გაძლიერებით ან დაქვეითებით, რაც გავლენას ახდენს სხეულის ტემპერატურის რეგულირების უნარზე;
* ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაცემის) ამოცნობის შეუძლებლობით, რადგან არ ვითარდება მისი მაუწყებელი ნიშანი – კანკალი;
* გუგების დუნე რეაქციით, რაც ართულებს ადაპტაციას სინათლიდან სიბნელეში მოხვედრისას და ღამით მანქანის მართვას;
* ვარჯიშის აუტანლობით, როდესაც გულისცემა არ იმატებს, მიუხედავად დატვირთვის ზრდისა.
მოსალოდნელია ხასიათის შეცვლა, შფოთვა, შაკიკი, ტრემორი (კანკალი), ძილის რეჟიმის დარღვევა, კონცენტრაციის უნარის, მეხსიერების გაუარესება.
ყველაზე ტიპობრივი მაინც ფეხზე დიდხანს დგომის შეუძლებლობაა სისუსტისა და თავბრუხვევის გარეშე.
დისავტონომიის სიმპტომები შესაძლოა რამდენიმე ხანს გაგრძელდეს, მერე გაქრეს და ნებისმიერ დროს ისევ იჩინოს თავი. ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ფიზიკური ან ემოციური სტრესის, ისე სიმშვიდის დროსაც; ცალკეული სიმპტომები ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ძლივს ეტყობოდეს, ზოგიერთს კი გამუდმებით აწუხებდეს და ყოველდღიურ საქმიანობაშიც კი უშლიდეს ხელს.
დიაგნოსტიკა
ავტონომიური ნეიროპათია არაერთი დაავადებების გართულებაა, ამიტომ დიაგნოსტიკის საშუალებები სიმპტომებისა და რისკფაქტორების მიხედვით ირჩევა. მაგალითად, დიაბეტის დროს შესაძლოა ჩატარდეს გამოკვლევა ავტონომიური ნეიროპათიის გამოსარიცხად.
თუ პაციენტი არ განიცდის ავტონომიური ნეიროპათიის რისკფაქტორების ზემოქმედებას, მაგრამ აქვს ამ დარღვევის სიმპტომები, დიაგნოზის დასასმელად ექიმი განიხილავს მის სამედიცინო ისტორიას, ჩივილებს, ჩაუტარებს ფიზიკურ, ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. არსებობს ტესტები სხეულის ავტონომიური ფუნქციების შესაფასებლად, მაგალითად, იმისა, თუ როგორ რეაგირებს გულისცემა და არტერიული წნევა ღრმა ჩასუნთქვასა და ძლიერ ამოსუნთქვაზე, სხეულის პოზიციის ცვლილებაზე, რა სისწრაფით იცლება კუჭი, როგორ რეაგირებს ელექტრულ სტიმულაციაზე ნერვები, რომლებიც საოფლე ჯირკვლებს არეგულირებს, რამდენად ოფლიანდება ადამიანი ოთახში ნელ-ნელა მზარდი ტემპერატურის ფონზე და სხვა.
მკურნალობა
ავტონომიური ნეიროპათიის მკურნალობის პირველი მიზანი იმ მდგომარეობის მართვაა, რომელიც ნერვებს აზიანებს (საინტერესოა, რომ ნეიროპათიის მიზეზს შემთხვევათა მხოლოდ ნახევარში პოულობენ), მეორე კი – სპეციფიკური სიმპტომების მართვა.
პრევენცია
რსაკვირველია, ზოგიერთი მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია ავტონომიური ნეიროპათიის სიმპტომების განვითარებისთვის ხელის შეშლა და უკვე არსებულთა პროგრესირების შენელება. ამისთვის საჭიროა:
* დიაბეტის შემთხვევაში – სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი;
* სმისა და მოწევისგან თავის შეკავება;
* ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობა;
* ზომების მიღება მაღალი წნევის თავიდან ასაცილებლად ან დასარეგულირებლად;
* ჯანსაღი წონის მიღწევა და შენარჩუნება;
* რეგულარული ვარჯიში.
***
ჭარბი ოფლიანობის ერთ-ერთი მიზეზია შაქრიანი დიაბეტი, რომელიც თერმორეგულაციას არღვევს. თემორეგულაცია სხეულის სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნების ბუნებრივი უნარია, რომელიც სხვა მექანიზმებთან ერთად ოფლის გამოყოფითაც გამოიხატება.
სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის ცვლილებამ – აწევამ ან დაწევამ – ჰიპერჰიდროზიც (ჭარბი ოფლიანობა) შეიძლება გამოიწვიოს და ანჰიდროზიც (ოფლის არარსებობა), თუმცა დიაბეტით დაავადებულებთან უფრო ხშირია ჭარბი ოფლიანობა, უმთავრესად – ჰიპოგლიკემიის, სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითების, ფონზე. დიაბეტის დროს ჰიპერჰიდროზი იმაზე მიუთითებს, რომ სისხლში გლუკოზის შემცველობის უფრო მკაცრი კონტროლია საჭირო. ანჰიდროზი დიაბეტის დროს შედარებით იშვიათია. ის უმეტესად დიაბეტური ნეიროპათიის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ ტერფებზე.
დიაბეტით დაავადებული ხუთიდან ოთხი ადამიანი უჩივის ოფლიანობას ჰიპოგლიკემიის დროს, ყველაზე ხშირად – კისერზე. ოფლის დენა გლუკოზის შემცველი საკვების მიღებიდან მცირე ხნის შემდეგ წყდება.
დიაბეტიან პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ჰიპერჰიდროზიც, საკვების მიღებასთან დაკავშირებული ოფლიანობაც და ღამის ოფლიანობაც.
ჰიპერჰიდროზი
ჰიპერჰიდროზს, ჭარბ ოფლიანობას, იწვევს სისხლში ადრენალინის მატება, რომელიც, თავის მხრივ, კონტრმარეგულირებელი ჰორმონული პასუხია გლუკოზის დონის დაქვეითებაზე. ადრენალინის მატება სისხლძარღვების შევიწროებას და საოფლე ჯირკვლების გააქტიურებას იწვევს.
დიაბეტის ფონზე ოფლიანობასთან ერთად შარდვაზე კონტროლის დაკარგვა (შარდვის გაძნელება) და გულისცემის უჩვეულო ცვლილება შესაძლოა ავტონომიურ ნეიროპათიაზე, ვეგეტატიური ნერვების დაზიანებაზე მიუთითებდეს. ჭარბი ოფლიანობის მიზეზად შესაძლოა იქცეს სიმსუქნეც, რომელიც ხშირად თან ახლავს დიაბეტს, ზოგჯერ კი ის რომელიმე წამლის (მაგალითად, თავად დიაბეტის სამკურნალო საშუალების) გვერდითი ეფექტია.
გუსტატორული ოფლიანობა
გუსტატორული ოფლიანობა შაქრიანი დიაბეტის თანმხლები ფენომენია, რომელიც საკმაოდაა გავრცელებული, მაგრამ სათანადო ყურადღება არ ექცევა. გამოიხატება სახის, თავის თმიანი ნაწილის კანისა და კისრის ჭარბი ოფლიანობით საჭმლის ან სასმლის მიღების შემდეგ. ზოგჯერ, ოფლის დენა რომ დაიწყოს, საკვებზე ფიქრი და მისი დაყნოსვაც კი საკმარისია.
გუსტატორული ოფლიანობა შეინიშნება ადამიანებთან, რომლებსაც დიდი ხანია დიაბეტი აქვთ. ის ხშირად უკავშირდება თირკმელების დაზიანებას, პერიფერიულ ნეიროპათიას და სხვა ისეთ მდგომარეობებს, რომლებიც ავტონომიური ნერვული სისტემის დაზიანებას მოიცავს.
ღამის ოფლიანობა
ღამის ოფლიანობაც ხშირად სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობით არის გამოწვეული. ასეთი რამ უფრო მეტად მოსალოდნელია ინსულინის ან სულფონილშარდოვანას მომხმარებლებთან. ღამით სხეული თვითაღდგენისთვის იყენებს დღის განმავლობაში მიღებული ნახშირწყლებისგან წარმოქმნილ ენერგიას. თუ ადამიანს საკმარისი ნახშირწყალი არ მიუღია, შესაძლოა თერმორეგულაცია დაერღვეს და რაც უფრო დაბალი იქნება სისხლში შაქრის დონე, მით უფრო მეტად გაიოფლება ადამიანი.
როგორც კი სისხლში გლუკოზის ნორმალური შემცველობა აღდგება, ოფლის დენაც შეწყდება. ამიტომ ღამის ოფლიანობის თავიდან ასაცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს ჰიპოგლიკემიის სიმპტომებს ძილის წინ. გლუკოზის დონის მომატება სწრაფად შეიძლება მარტივი ნახშირწყლებით, მაგალითად, კრეკერით ან ხილის ნაჭრით. ოფლიანობის თავიდან ასაცილებლად ზოგჯერ საკმარისია ფიზიკური დატვირთვის რეჟიმის შეცვლა – ვარჯიში ადრე და არა მაინცდამაინც ძილის წინ.
ღამის ოფლიანობა ისეთმა რამემაც შეიძლება გამოიწვიოს, რაც უშუალოდ დიაბეტს არ უკავშირდება, მაგალითად, მენოპაუზამ.
ჰიპოგლიკემიის მიზეზები
დიაბეტის დროს ჭარბ ოფლიანობას უმეტესად ჰიპოგლიკემია განაპირობებს. ჰიპოგლიკემიას, თავი სმხრივ, იწვევს:
* ზედმეტი ინსულინის მიღება;
* ნახშირწყლების არასაკმარისი მიღება;
* კვების გამოტოვება;
* გადაჭარბებული ვარჯიში (წამლით კორექტირების გარეშე);
* ინსულინის წარმომქმნელი მედიკამენტების გადაჭარბებული მიღება;
* ალკოჰოლური სასმელების მიღება.
სიმპტომები
ოფლიანობა იშვიათად ვითარდება იზოლირებულად – უმეტესად მას ჰიპოგლიკემიის სხვა სიმპტომებიც ახლავს თან: კანკალი, შფოთვა, შემცივნება, გაღიზიანებადობა, დაბნეულობა, გულისცემის აჩქარება, თავის შემსუბუქება, გულის წასვლის შეგრძნება, შიმშილი, გულისრევა, კანის სიფერმკთალე, დაღლილობა, მხედველობის დაბინდვა, გაორება ან დაქვეითება, ტუჩების, ენის, ლოყების დაბუჟება ან ჩხვლეტა, თავის ტკივილი, კოორდინაციის სირთულეები, ღამის კოშმარები, კრუნჩხვები.
დიაგნოსტიკა
ჭარბი ოფლიანობის დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს და ზოგჯერ – რამდენიმე დიაგნოსტიკურ ტესტს. ვინაიდან მიზეზი ხშირად ჰიპოგლიკემიაა, მოწმდება სისხლში გლუკოზის შემცველობა.
ჰიპოგლიკემია ვითარდება, როდესაც სისხლში შაქრის დონე 70 მლ`დლ-ზე დაბალია. ნიშანდობლივია ღამის ოფლიანობა, პაციენტები ხშირად უჩივიან კოშმარებს და სველ თეთრეულში იღვიძებენ.
ვინაიდან უხვი ოფლიანობა შესაძლოა სხვა, დიაბეტზე სერიოზული მდგომარეობის ნიშანი იყოს, მისი არსებობისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს მიზეზის დასადგენად.
მკურნალობა
ჭარბი ოფლიანობის მკურნალობა მის სიმძიმეზე, მიზეზსა და გავრცელებაზეა დამოკიდებული.
ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ გამოიყენება 15-25%-იანი ალუმინის ქლორიდი ან ანტიპერსპირანტები, იონტოფორეზი (ელექტრული დენით ზემოქმედება წყლის გავლით) ხელისგულების ოფლიანობისთვის, გლიკოპიროლატი – გუსტატორული ოფლიანობისთვის, ბოტულინის ტოქსინის ინექციები.
გენერალიზებული ანუ მთელი სხეულის ოფლიანობის დროს მიმართავენ ანტიქოლინერგიულ პრეპარატებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ბეტა-ბლოკატორებს, კალციუმის არხის ბლოკატორებს.
ინტენსიური ოფლიანობისას შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც – გულმკერდის ენდოსკოპიური სიმპათექტომია, აქსილარული კიურეტაჟი.
რას ვერიდოთ
ჭარბი ოფლიანობის ტრიგერებს – ფაქტორებს, რომლებზეც ორგანიზმი ოფლის გამოყოფით რეაგირებს: სიცხეს, შფოთვას, მონონატრიუმის გლუტამატის (MSG), კოფეინის (შოკოლადი, ყავა, ჩაი), ალკოჰოლის, ცხარე სანელებლების, ძირას შემცველ საჭმელს და სასმელს.
გახსოვდეთ
გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ მაღალი სიცხე, გამცივნებთ, გრძნობთ ტკივილს გულმკერდის არეში, თავის სიმსუბუქეს, ხართ დაბნეული, გული გერევათ.
თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ და უხვად ოფლიანობთ დღის განმავლობაში, ჭამის შემდეგ ან ღამით, დააკვირდეთ სისხლში გლუკოზის შემცველობას და ექიმთან შეთანხმებით შეცვალეთ მკურნალობის რეჟიმი. ჰიპოგლიკემიის აღმოფხვრა ოფლიანობისგანაც გიხსნით.
***
ჭარბი ოფლიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზების ჩამონათვალში შედის დიაბეტის დროს განვითარებული ჰიპოგლიკემია, მენოპაუზისთვს დამახასიათებელი ალები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გადაჭარბებული აქტიურობა, ინფარქტი, შფოთვა, ინფექციური დაავადებები (მაგალითად, ტუბერკულოზი), სიმსივნეები (უმთავრესად ლიმფომა).
ალები
მენოპაუზის პერიოდში ქალებისთვის ძლიერი დისკომფორტის წყაროა ალები – სხეულის ზედა ნაწილში უეცარი წამოხურება. სიმხურვალე ყველაზე ინტენსიურად იგრძნობა სახეზე, კისერზე, გულმკერდზე, თან ახლავს წამოწითლება, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, შფოთვა. ალების ეპიზოდები უმეტესად ერთ-ორ წუთს გრძელდება, იშვიათად – ხუთ წუთამდეც. ზოგი ქალისთვის თუ თითქმის შეუმჩნეველია, ზოგს ყოველდღიურ საქმიანობაშიც კი უშლის ხელს. შესაძლოა, აღმოცენდეს დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროს. ღამის ალები და ამით გამოწვეული ოფლიანობა შესაძლოა ძილის დარღვევის მიზეზად იქცეს. ალები უმეტესად ყოველდღიურია და საშუალოდ შვიდი წელი გრძელდება, იშვიათად – ათი და მეტიც.
ალების განვითარების ზუსტი მექანიზმი უცნობია. მათ უმეტესად მაინც ესტროგენის დონის დაქვეითებას უკავშირებენ – ჰიპოთალამუსი, “სხეულის თერმოსტატი”, ჰორმონული დისბალანსის ფონზე ერთიორად მგრძნობიარე ხდება სხეულის ტემპერატურის ცვლილების მიმართ და მცირე გამღიზიანებელზეც კი გამაგრილებელი მოვლენების ჯაჭვურ რეაქციას რთავს.
ალებს და ამით გამოწვეულ ოფლიანობას უმეტესად ესტროგენით ჩანაცვლებითი თერაპიით ებრძვიან, მაგრამ ამ ჰორმონის მიღებას რისკიც ახლავს თან, ამიტომ საფრთხისა და სარგებლის შეუფასებლად არ უნდა დაინიშნოს.
ალების დროს ქალს ფენებად ჩაცმას ურჩევენ, რათა წამოხურებისთანავე შეძლოს სამოსის ზედა ფენის გახდა და გაგრილება. სხვა რეკომენდაციებია ფანჯრის გამოღება, ვენტილატორის, კონდიციონერის ჩართვა, ალების მოახლოების შეგრძნებისას ცივი სითხის დალევა, ტრიგერების (ცხელი და ცხარე საკვები, კოფეინიანი და ალკოჰოლიანი სასმელები) ამოცნობა და მათთვის თავის არიდება, ვარჯიში, მედიტაცია, სტრესის მართვა, მოწევაზე უარის თქმა, ჭარბი წონის ან სიმსუქნის შემთხვევაში – წონის დაკლება.
ჰიპერთირეოზი
ჰიპერთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობის შედეგია. ამ დროს ჯირკვალი ჭარბად წარმოქმნის ჰორმონ თიროქსინს, T4-ს, მისი სიჭარბე კი, თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. სწორედ ამის შედეგია წონის ერთი შეხედვით უმიზეზო კლება, გულისცემის აჩქარება, არითმია, ოფლიანობა, ნერვიულობა, შფოთვა, გაღიზიანება, ხელებისა და თითების კანკალი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ნაწლავების ხშირი მოქმედება, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება), თმის სიმყიფე.
თავად ჰიპერთირეოზი შეიძლება გამოიწვიოს: გრეივსის დაავადებამ (ავტოიმუნური აშლილობა, რომლის დროსაც იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები ფარისებრ ჯირკვალს T4-ის ჭარბად გამომუშავებას აიძულებენ); ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციურმა კვანძებმა; თირეოიდიტმა (ფარისებრი ჯირკვლის ანთებამ), რომელიც შეიძლება განვითარდეს ორსულობის შემდეგ, ავტოიმუნური პროცესის ფონზე ან გაურკვეველი მიზეზით.
მიზეზის, სიმძიმის, პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის მიხედვით ჰიპერთირეოზს მკურნალობენ რადიაქტიური იოდით, ანტითიროიდული მედიკამენტებით, ბეტა ბლოკერებით (სიმპტომების შესამცირებლად). საჭიროებისამებრ, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.
ინფარქტი
გულის შეტევის, იმავე მიოკარდიუმის ინფარქტის ნიშნებია: შებოჭილობა და ტკივილი, რომელიც გულმკერდის არეში ან მკლავებში აღმოცენდება და კისერზე, ყბასა და ზურგზე ვრცელდება; ჰაერის უკმარისობა; ცივი ოფლი; დაღლილობის შეგრძნება; თავის შემსუბუქება; თავბრუხვევა; გულისრევა; გულძმარვა; მუცლის ტკივილი. შეტევის სურათი და სიმძიმე სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირია. შეტევა ზოგჯერ მოულოდნელია, მაგრამ უმეტესად წინ უძღვის გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც თავს იჩენს რამდენიმე საათით, დღით ან კვირით ადრე. ყველაზე ადრეული გაფრთხილება შეიძლება იყოს გულმკერდის განმეორებადი ტკივილი ან ზეწოლა გულმკერდის არეში (სტენოკარდიული შეტევა), რომელიც აღიძვრება დატვირთვისას და იხსნება დასვენებისას.
სტენოკარდიაზე ვსაუბრობთ, როდესაც დროებით მცირდება გულის კუნთში გამავალი სისხლის ნაკადი. რაც შეეხება ინფარქტს, ამ შემთხვევაში გულის მკვებავი არტერია მთლიანად ან ნაწილობრივ იხშობა, რაც იწვევს გულის იშემიას – ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით შიმშილს.
ინფარქტის მიზეზად შეიძლება იქცეს კორონარული არტერიის სპაზმიც – მაგალითად, თამბაქოსა და ნარკოტიკების (კოკაინის) მოხმარებით გამოწვეული – და COVID-19 ინფექციაც.
ინფარქტის განვითარებიდან მოყოლებული, ყოველი წუთი ძვირფასია, რადგან ყოველ წუთს გულის ახალი უბანი კვდება. აუცილებელია სისხლის ნაკადის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა, რისთვისაც იყენებენ მედიკამენტებს (სისხლის გამათხელებელებს, თრომბის დამშლელებს, ტკივილგამაყუჩებლებს, კორონარების გამაფართოებლებს, გულისცემის დამაქვეითებლებს და სხვა), საჭიროებისამებრ მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას. კორონარული ანგიოპლასტიკა და სტენტირება ტარდება საზარდულის არტერიის გავლით. იხსნება ჩაკეტილი არტერია და მასში ლითონის ბადისებრი სტენტი იდგმება. უფრო ძლიერი დაზიანებისას ტარდება შუნტირებაც – ოპერაცია, რომლის დროსაც დახშული არტერიისთვის შემოვლითი გზას გაჰყავთ.
ინფარქტისგან თავის არიდების ძირითადი საშუალებაა ცხოვრების ჯანსაღი წესი: მოწევაზე უარის თქმა, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტიურობა.
შფოთვა
შფოთვა შიშის, ძრწოლის განცდაა, რომელსაც თან ახლავს ოფლიანობა, მოუსვენრობა, დაძაბულობა, გულისცემის აჩქარება. შფოთვა ნორმალური რეაქციაა სტრესზე, ის ენერგიის მოკრებასა და პრობლემაზე ფოკუსირებაში გვეხმარება, მაგრამ შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებს შფოთვისთვის მიზეზი არ სჭირდებათ. მუდმივი შფოთვა ხელს უშლის მათ ყოველდღიურ საქმიანობას.
შფოთვისას უმეტესად ოფლიანდება ხელისგულები, ფეხისგულები, სახე, იღლიები. თავად მოსალოდნელ ოფლიანობაზე ფიქრიც კი შეიძლება შფოთვის მიზეზად იქცეს.
არსებობს შფოთვითი აშლილობის რამდენიმე სახეობა, მათ შორის – გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, ფობიები.
შფოთვით აშლილობას მკურნალობენ ფსიქოთერაპიით, მედიკამენტებით ან ორივეთი ერთად.
***
ბავშვებს ოფლიანობა განსაკუთრებით ჩვილ და გარდატეხის ასაკში ახასიათებთ. ჯანმრთელი ჩვილის ოფლიანობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას სცხელა, თუმცა ზოგჯერ პატარები ერთი შეხედვით უმიზეზოდაც ოფლიანდებიან.
უწყინარი მიზეზები
ჭარბი ოფლიანობის, ჰიპერჰიდროზის, მიზეზი ჩვილებთან უმეტესად გადახურებაა, რაც სხეულის ბუნებრივი რეაქციაა სიცხეზე – ოფლის გამოყოფისას ის გრილდება. ოფლი შეიძლება დიოდეს მთელ ტანზეც და ცალკეულ ადგილებზეც, მაგალითად, თავზე.
ვინაიდან ჩვილი ზრდასრულივით ვერ არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ოფლიანობისას შესაძლოა გადაცივდეს კიდეც. ასე რომ, უმჯობესია გრილად ჩავაცვათ, რათა გადახურებაც და გადაცივებაც თავიდან ავიცილოთ.
ბავშვი ოფლიანდება ტირილის დროსაც, განსაკუთრებით – თუ დიდხანს და ძლიერად ტირის. ნერვიულობისგან შესაძლოა ხელისგულები და ფეხისგულებიც კი გაუოფლიანდეს (ზოგჯერ ისინი ტირილის დასრულების შემდეგაც ნოტიო რჩება).
ოფლიანობა თან სდევს ცხელებას. თავად სიცხე არ არის საშიში, მაგრამ შესაძლოა, საშიში იყოს ინფექცია, რომელმაც ცხელება გამოიწვია. სიცხის დამწევმა შესაძლოა დააგდოს სიცხე, მაგრამ ინფექციას ის ვერ მოერევა – ნუ გეგონებათ, რომ ბავშვი უკეთესადაა მხოლოდ იმიტომ, რომ სიცხემ დაუწია და ოფლი აღარ სდის.
ზოგჯერ ოფლიანობის მიზეზი დაუდგენელი რჩება. ასეთ ოფლიანობას იდიოპათიური ჰიპერჰიდროზი ეწოდება. სავარაუდოდ, ეს იმის ბრალია, რომ ზოგიერთი ჩვილის საოფლე ჯირკვლები სხვებზე მეტად აქტიურია – შესაძლოა, ნერვული სისტემის მომატებული აქტივობის გამო.
პალმარული ჰიპერჰიდროზი, იგივე ხელისგულების ჰიპერჰიდროზი, ხშირად აქვთ ჩვილებს. ის საშიში არ არის, მაგრამ თუ მოზრდილ ასაკში ჭარბმა ოფლიანობამ ადამიანს ხელი შეუშალა ცხოვრებასა და საქმიანობაში (მაგალითად, შეუძლებელი გახადა პროფესიული ინსტრუმენტების ხელში ჭერა), შეიძლება ოპერაციის ჩატარება საოფლე ჯირკვლებისკენ მიმავალი ნერვული გზების შესასუსტებლად.
ძილის აპნოე, რომლის დროსაც მძინარე ადამიანი პერიოდულად წყვეტს სუნთქვას, უმეტესად დღენაკლულ ჩვილებს აღენიშნებათ. მდგომარეობა აპნოედ რომ ჩაითვალოს, ჩვილმა სუნთქვა უნდა შეწყვიტოს 20 წამზე მეტი ხნით. ძილის აპნოე სხეულის გადახურებას არ იწვევს, პირიქით, გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოე. ამის კვალობაზე, თუ მშობელმა შეამჩნია, რომ გაღვიძებისას ბავშვი მეტისმეტად ცხელი ან ოფლიანია, პატარას უფრო თხლად უნდა ჩააცვან და ძილის დროს ოთახი მეტად გააგრილონ.
სამედიცინო მდგომარეობები
ჭარბი ოფლიანობა სამედიცინო მდგომარეობამაც შეიძლება გამოიწვიოს. ოფლიანობასთან ერთად უმეტესად ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებიც აღირიცხება, თუმცა ზოგჯერ ოფლიანობა ავადმყოფობის პირველი ნიშანია.
ჭარბი ოფლიანობის მიზეზებად განიხილება:
* გულის დაავადებები, მათ შორის – მანკები;
* ფილტვის დაავადებები;
* ენდოკრინული დარღვევები, მათ შორის – დიაბეტი;
* ავთვისებიანი სიმსივნეები;
* ინფექციები.
ჭარბი ოფლიანობის მიზეზებს შორის არის თანდაყოლილი და გენეტიკური ანომალიებიც. ასეთია, მაგალითად, სიცივით გამოწვეული ოფლიანობის სინდრომი, რომლის დროსაც ბავშვის სხეულს უჭირს ტემპერატურის რეგულირება. ასეთი ჩვილები სიცივეშიც კი ოფლიანდებიან. მათთვის ტიპობრივია სუსტი სახის კუნთები, ბრტყელი ცხვირი, მაღალი სიცხეები, კრუნჩხვები. აპერტის სინდრომისთვის ჭარბ ოფლიანობასთან ერთად დამახასიათებელია ხელ–ფეხზე თითების შეზრდა, სახისა და თავის ქალას განვითარების ანომალიები, ზოგიერთ შემთხვევაში – გულის პრობლემები.
როგორ მოვიქცეთ
თუ ჩვილს ჰქონდა გახანგრძლივებული ჭარბი ოფლიანობის რამდენიმე ეპიზოდი, საჭიროა მიზეზის დადგენა, რათა საშიში სამედიცინო მდგომარეობა გამოირიცხოს.
ექიმთან მისვლამდე
როდესაც ჩვილი მეტისმეტად ცხელი გვეჩვენება:
* დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად მივცეთ ძუძუ ან ბოთლით სითხე;
* გავხადოთ ტანსაცმლის გარეთა ფენა;
* გადავიყვანოთ უფრო გრილ ადგილას, მაგალითად, კონდიცირებულ ოთახში;
* ყურადღება მივაქციოთ, რა გარემოებაში ოფლიანდება ბავშვი, რათა მიზეზის დადგენა შევძლოთ. მაგალითად, შესაძლოა, დღის განსაზღვრულ მონაკვეთში მის საწოლს მზე ადგებოდეს.
ყოველივე ამასთან ერთად, უნდა მოვარიდოთ დაბალი ტემპერატურის წყაროს, მაგალითად, არ გავაჩეროთ უშუალოდ კონდიციონერის წინ – შესაძლოა, გაცივდეს.
როდის მივმართოთ ექიმს
ექიმის საქმის კურსში ჩაყენება საჭიროა, როდესაც ჩვილს აქვს სიცხე, აწუხებს ტკივილი, რომელმაც მეორე დღეა არ გაიარა, კომფორტულ ტემპერატურაზეც კი ჭარბად ოფლიანობს, კომფორტულ ტემპერატურაზეც კი უჩვეულოდ უოფლიანდება სხეულის ცალკეული ნაწილები, აქვს ძილის აპნოეს ხშირი ეპიზოდები, ცოტას შარდავს (ეს შესაძლოა დეჰიდრატაციის ნიშანი იყოს), ოფლიანდება ჭამის დროს.
ღამის ოფლიანობა
ღამით, ღრმა ძილის დროს, ჩვილებიც და მოზრდილი ბავშვებიც ხშირად ოფლიანდებიან, მაგრამ ოფლიანობა განსაკუთრებით დამახასიათებელია გარდატეხის ასაკისთვის. ზოგს თუ ადგილობრივი ოფლიანობა აღენიშნება (უფლიანდება მხოლოდ ერთი უბანი, მაგალითად, თავის თმიანი ნაწილი, მთელი თავი, სახე, კისერი), ზოგს მთელი სხეული უსველდება.
ღამის ოფლიანობას შესაძლოა თან ახლდეს სახის ან ტანის გაწითლება, ხელების ან ტანის გახურება, კანკალი, კვნესა, დღის განმავლობაში ძილად მივარდნა, რაც ჭარბი ოფლიანობით გამოწვეული ძილის დარღვევის შედეგია.
ოფლიანობის მიზეზად შესაძლოა იქცეს ოთახში ზედმეტი სითბო, საწოლში ზედმეტად ჩათბუნება. აქვე შეგახსენებთ, რომ წლამდე ასაკის ბავშვებს საწოლში არ უნდა ეწყოთ ბალიშები, ღუნღულა სათამაშოები და სხვა ნივთები, ძილის დროს კი ოთახში უნდა გრილოდეს.
ოფლიანობის გავრცელებული მიზეზებია გაციება, ალერგია, ასთმა, ჰორმონული ცვლილებები (სქესობრივი მომწიფება, რომელიც საშუალოდ 8 წლიდან იწყება გოგონებთან და 9 წლიდან ბიჭებთან, ხშირად ოფლსაც უცვლის სუნს) და სხვა მდგომარეობები.
ღამის ოფლიანობას უმეტესად არ სჭირდება მკურნალობა, მაგრამ თუ რამე საეჭვოდ მოგეჩვენათ, ბავშვის პედიატრი აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში.
მარი აშუღაშვილი