როგორ მოვუაროთ თმას ზამთარში

გააზიარე:
ზამთარში თმა განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ვიტამინების ნაკლებობა, თმის საშრობი, მშრალი ჰაერი ბინებსა და ოფისებში (გამათბობლის დამსახურებით), ყინვა და ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზამთრის თანმხლები დეპრესიული განწყობაც კი თმაზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს – ყველაზე ძვირფასი სამკაული შრება და მყიფდება, ცვენას იწყებს, იყოფა და უსიცოცხლო ელფერი ედება.

თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ქალები უხსოვარი დროიდან ზრუნავდნენ. თუნდაც ბებიების დანატოვარი რეცეპტები გავიხსენოთ: თავის დაბანა წვიმის წყლით, თმაზე გვირილის ნაყენის ან წყალში გახსნილი ძმრის გადავლება, დაფნის ფოთლის ნახარში, კვერცხის გულისა და თაფლის ნიღბები... თუმცა დღეს უფრო ეფექტური საშუალებებიც არსებობს, რომელთა გამოყენება ზამთრობით აუცილებელიც კია.
თავდაპირველად გაგაცნობთ თმის მოვლის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს:
. თუ თმის ცვენა შემაწუხებელი გახდა, თმა ცოტა დაიმოკლეთ. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ თმის შეჭრა ზაფხულობით ჯობს. სინამდვილეში პირიქითაა – ზაფხულში ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას არ განიცდის და თმაც, სიგრძის მიუხედავად, კარგად იკვებება, ზამთარში კი მას დახმარება სჭირდება.
როგორ ვიხსნათ თმა შიმშილისგან
თმის კვება ორგანიზმის სათანადო კვებით უნდა დაიწყოთ: მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი. A ვიტამინი თმის ზრდას უწყობს ხელს, C ვიტამინი ამაგრებს მას, E ვიტამინი კი ბუნებრივ ბზინვარებას მატებს.
თმის კვებისთვის აუცილებელია კალციუმიც. მიირთვით რძის ნაწარმი, უმთავრესად – ყველი, ხოლო თუ თმა საგანგაშო მდგომარეობაშია, კალციუმის პრეპარატი მიიღეთ.
თმის სიჯანსაღისთვის აუცილებელია თუთიაც. მისი მარაგის შესავსებად მიირთვით ხორცი, თევზი, სტაფილო, თხილი, ნიგოზი, წაბლი, მანგანუმის დეფიციტის აღმოსაფხვრელად კი მარცვლეული, ჩაი, ვაშლი, ქლიავის ჩირი, მოცვი...
სტრუქტურა და გარეგანი ზემოქმედება 
თმის ქიმიური შემადგენლობა ასეთია: 15% წყალი, 6% ლიპიდები, 1% პიგმენტი, 78% ცილა, – თუმცა ქიმიური და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ეს თანაფარდობა იცვლება.
თმის ღერი სამი შრისგან შედგება. ესენია გარეგანი შრე – კუტიკულა ანუ ქერცლოვანი საფარველი, ქერქოვანი შრე ანუ კორტექსი და მედულარული შრე – ცენტრალური ტვინოვანი ნივთიერება.
კუტიკულა დამცავ, ბარიერულ ფუნქციას ასრულებს. მას ქმნის კერატინის გამჭვირვალე ფირფიტების 6-12 შრე, რომლებიც ერთმანეთს განივი ბმებითა და ლიპიდური ფენებით უკავშირდება. კუტიკულა იცავს თმას ფიზიკური და მექანიკური ზემოქმედებისგან. დაუზიანებელი კუტიკულა კარგად აირეკლავს შუქს, ამიტომ თმა ბზინავს. ამ შრეს უმეტესად გარეგანი კვება სჭირდება. მისი სტრუქტურის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად ზამთარში დამატენიანებელი შამპუნი და მკვებავი ნიღბები აუცილებელია.
მზა ნიღბების შემადგენლობაში უმეტესად შედის დიჰიდროქლორიდი, ალკოჰოლი, გლიცერინი, ვიტამინების კომპლექსი – ეს ყველაფერი სწორედ კუტიკულის აღდგენას ემსახურება.
ქერქოვანი შრე ათასობით კერატინული ბოჭკოსგან შედგება. ეს ფიბრილები ერთმანეთზეა გადაგრეხილი და დაკავშირებულია მყარი განივი ბმებით. მის საკვებად აუცილებელია კერატინი, ასე რომ, გამოიყენეთ კერატინის შემცველი შამპუნები და ნიღბები, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში თავის ყოველდღიური ბანა არ არის რეკომენდებული; საკმარისია, კვირაში სამჯერ დაიბანოთ და კვირაში ერთხელ მაინც დაიდოთ მკვებავი ნიღაბი.
ტვინოვანი შრე კი თმის ღერის ცენტრალური ნაწილია (ღინღლოვან თმას მედულა არ გააჩნია). ტვინოვანი ნივთიერება შევსებულია ჰაერის ბუშტუკებით, რის გამოც თმას ერთგვარი თბოგამტარი უნარი აქვს. ზამთარში თმის მთავარი 
მტერი არა ყინვა, არამედ მშრალი ჰაერი, თმის გამაშრობელი და სტრესული გარემოა, ეს ყველაფერი კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ზემოქმედებას მედულაზეც ახდენს. 
უპირველეს ყოვლისა, დაიმახსოვრეთ: ტემპერატურის მოულოდნელი ცვალებადობა თავიდან რომ აიცილოთ, თბილი ოთახიდან ქუჩაში გასვლისას ქუდის დახურვას თავს ნუ აარიდებთ. მიუხედავად იმისა, რომ ქუდი ხშირად ვარცხნილობას აფუჭებს, თმას ტკეპნის და ამ ძვირფასი სამკაულით თავის მოწონების საშუალებას არ გაძლევთ, ის მაინც აუცილებელია. ყინვაში თმის ძირებს სისხლი სათანადოდ არ მიეწოდება და მკვებავი ნივთიერებებით საკმარისად ვერ ამარაგებს, ამიტომ თმა უფრო მეტად შიმშილობს და ცვენას იწყებს. სწორად ამისგან გვიცავს ქუდი. ოღონდ თბილ ოთახში შესვლისას მისი მოხდა არ დაგავიწყდეთ, რომ თავის კანი არ გაოფლიანდეს.
თმის გარეგანი კვებისთვის, როგორც ვთქვით, ნიღბებია აუცილებელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მზა, ისე შინაური საშუალებები, რომელთა რამდენიმე რეცეპტს აქვე გთავაზობთ:
ჯანსაღი ელფერისთვის
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ერთი მოზრდილი თავი ხახვი, შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და მიღებული მასა ჯერ თმის ძირებში შეიზილეთ, მერე კი ღერების მთელ სიგრძეზე გადაანაწილეთ. გაიჩერეთ ორი საათის განმავლობაში, მერე კი კერატინის შემცველი შამპუნით ჩამოიბანეთ.
ამ ნიღბის გამოყენება ერთი თვის განმავლობაში, ყოველ მეორე დღეს არის რეკომენდებული, თუმცა მას ერთი ნაკლიც აქვს: თუ წვიმაში მოხვდით, მიუხედავად იმისა, რომ თმა სურნელოვანი შამპუნით გექნებათ დაბანილი, მაინც იგრძნობთ ხახვის უსიამოვნო სუნს, ამიტომ მოერიდეთ თმის დასველებას, ხოლო დაბანილ თმაზე ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში ჩაწურული ერთი ლიმონის წვენი გადაივლეთ. ეს პროცედურა თმის ძირებსაც ამაგრებს და კვებავს.
ძლიერი თმისთვის
ერთი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი აურიეთ ორ სუფრის კოვზ არაჟანში, დაამატეთ ერთი ლიმონის წვენი და მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 1-2 საათის განმავლობაში და შამპუნით ჩამოიბანეთ.
კონიაკის ნიღაბი
ერთი კვერცხის გულს შეათქვიფეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი კონიაკი ან არაყი. კარგად აურიეთ და თმაში შეიზილეთ. გაიჩერეთ 1 საათი და ჩამოიბანეთ.
საფუარის ნიღაბი
ერთ სუფრის კოვზ არაჟანს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი საფუარი და თმის ძირებში შეიზილეთ. გაიჩერეთ 1-2 საათი და ჩამოიბანეთ.
გაითვალისწინეთ:
. ზამთარში არ არის რეკომენდებული ცხელი წყლით თავის დაბანა – წყალი თბილი უნდა იყოს.
. ეცადეთ, იშვიათად გამოიყენოთ თმის გასაშრობი საშუალება.
. რაც მთავარია, არ დაგეზაროთ თმის საკვებად ნიღბების მომზადება.

გააზიარე: