ბუმბულის საბანი – მოვლის წესები
გააზიარე:
ბუმბული ყველაზე ძვირად ღირებული მასალაა ქვეშაგებისთვის. ის მსუბუქია, კარგად ათბობს, კარგად აორთქლებს ტენს.
როგორ მოვუაროთ ბუმბულის საბანს? როგორ გავრეცხოთ და გავაშროთ, რომ ახალივით ფაფუკი დარჩეს?
ბუმბული, ღინღლი თუ ორივე ერთად
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბუმბულის საბნები უმეტესად ბატის ან იხვის ბუმბულისგან ან ღინღლისგან იკერება. ზამთრის საბნები უფრო სქელია, ზაფხულისა – შედარებით თხელი.
შიგთავსი შეიძლება იყოს მთლიანად ბუმბულის, მთლიანად ღინღლის ან შერეული. თუ მისი 60 პროცენტზე ნაკლები ღინღლია, საბანი ბუმბულისად ითვლება, თუ 60%-ზე მეტი, შეიძლება, ღინღლისა ეწოდოს. ღინღლი ბუმბულზე გაცილებით სათუთია და, შესაბამისად, უფრო ძნელი მოსავლელიც.
შიგთავსის შემადგენლობა ეტიკეტზეა მითითებული.
რამდენად ხშირად ვრეცხოთ
ბუმბულის ან ღინღლის საბანმა დიდხანს რომ გაძლოს, მეტისმეტად ხშირად ნუ გარეცხავთ. საკმარისია, რეგულარულად ანიავოთ და მზიან დღეებში გარეთ გაიტანოთ, რადგან ჟანგბადი და ულტრაიისფერი სხივები ერთგვარ დეზინფექციას ახდენს. სამაგიეროდ, აუცილებელია მისი ყოველდღიური დაფერთხვა, შიგთავსი კარგად რომ გადანაწილდეს და ერთ ადგილას არ მოგროვდეს.
საბანი, წესით, ორ-სამ წელიწადში ერთხელ უნდა გაირეცხოს, მაგრამ თუ ალერგიული ხართ ან ქვეშაგებში ტკიპა გამრავლდა, უფრო ხშირადაც შეიძლება.
შეგიძლიათ, ერთ-ორ წელიწადში ერთხელ საბანი ქიმწმენდაში მიიტანოთ გასასუფთავებლად.
გარეცხვამდე
გარეცხვამდე აუცილებლად შეამოწმეთ, ხომ არ არის საბანი სადმე გარღვეული ან გახეული, თორემ თუ შიგთავსი სარეცხ მანქანაში გაიბნა, საბანთან ერთად მანქანაც გაგიფუჭდებათ.
ტემპერატურა და სარეცხი საშუალება
რეცხვის ტემპერატურა უმეტესად საბნის ეტიკეტზეა მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ბუმბული 60 გრადუსსაც მშვენივრად იტანს, რეკომენდებულია მისი 30-40 გრადუსზე რეცხვა დელიკატური ან შალის პროგრამით. თუმცა ტკიპები მხოლოდ 60 გრადუსზე იხოცებიან. მათ ყინვაც ანადგურებს. შეგიძლიათ, საბანი ყინვაში აივანზე გაიტანოთ ან 24 საათით მაცივრის საყინულეში შედოთ. ტკიპა მთლიანად განადგურდება, თუ საბანს 10-15 დღე დატოვებთ -12 გრადუსზე.
გამოიყენეთ სპეციალური სარეცხი საშუალებები, თუნდაც შალისთვის განკუთვნილი. მათში შემავალი ნივთიერებები კარგად ასუფთავებს და იმავდროულად იცავს ბუმბულს და ღინღლს.
უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მსუბუქი, ნეიტრალური PH-ის მქონე შამპუნით რეცხვაც, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ დოზირებას. ბევრი არ მოგივიდეთ. გამოიყენეთ იმის მესამედი, რასაც ჩვეულებრივ იყენებთ.
ერიდეთ სარეცხ საშუალებებს, რომლებიც ფერმენტებს და მათეთრებელ ნივთიერებებს შეიცავს. ეს კომპონენტები ბუმბულს და ღინღლს აშორებს ცხიმის ბუნებრივ ფენას, რომელიც საბნის სითბურ თვისებებს უზრუნველყოფს. უამისოდ შეუძლებელი იქნება თბორეგულაციის შენარჩუნება და საბანიც ნაკლებად ფუმფულა იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია, მანქანა ზედმეტად არ აავსოთ – ასეთ პირობებში რეცხვისას შესაძლოა ბუმბული დაზიანდეს ან დაკურკუშალდეს. საბნის გასარეცხად 6-8-კილოგრამიანი მანქანა გამოგადგებათ. თუ ამხელა ტევადობისა არ გაქვთ, უმჯობესია, საბანი ხელით გარეცხოთ.
ნუ გარცხავთ საბანს ტანსაცმელთან ერთად.
თუ საბანში 400 გრამზე მეტი ღინღლია, ამ შემთხვევაშიც ხელით რეცხვას გირჩევთ.
დამარბილებელი
ერიდეთ ქსოვილის დამარბილებლის გამოყენებას – ბუმბულისა და ღინღლის დაკურკუშალებას ისიც უწყობს ხელს.
გაწურვა
სარეცხ მანქანაში გაწურვა საბანს არ დააზიანებს. მთავარია, მეტისმეტად მაღალ ბრუნზე არ გაწუროთ. 400 საკმარისია. გაფენამდე აუცილებლად კარგად დაბერტყეთ. სარეცხი საშუალება კარგად რომ მოსცილდეს, შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ გაავლოთ სუფთა წყალში შესაბამისი პროგრამით.
გაშრობა
მეტი სიფაფუკისთვის საბანი უმჯობესია საშრობში გააშროთ. უპირველეს ყოვლისა, აირჩიეთ 30 გრადუსი ტემპერატურა და 20-30– წუთიანი პროგრამა. შემდეგ საბანი ამოიღეთ, კარგად დაბერტყეთ, გაშალეთ და ერთი საათი გააჩერეთ, რომ გაგრილდეს. მერე ისევ საშრობში შედეთ. მანამდე იმეორეთ, ვიდრე საბანი კარგად არ გაშრება.
საბანი კარგად რომ აფუმფულდეს, შეგიძლიათ, საშრობში ტენისის ბურთები ჩააყოლოთ.
საშრობის გარეშე საბნისთვის თავდაპირველი ფორმის დაბრუნება ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ არც ეს არის გადაულახავი დაბრკოლება. ამ შემთხვევაში საბანი უმჯობესია ზაფხულში გარეცხოთ და გარეთ გააშროთ, ოღონდ არამც და არამც მცხუნვარე მზეზე და ჩამოკიდებული. გასაშრობად ჩრდილი მოძებნეთ, საბანი კარგად დაბერტყეთ, ერთმანეთს მიკრული ბუმბულები რომ დაცალკევდეს და ჰორიზონტალურად დააფინეთ საშრობზე. გაშრობას შესაძლოა რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს. შიგთავსი რომ არ დაკურკუშალდეს, ხშირად გადაატრიალეთ და დაფერთხეთ. არასწორი გაშრობისას იზრდება მიკრობების გამრავლებისა და დაობების რისკი.
თუ საბანი დაკურკუშალდა
ძველი და დაკურკუშალებული საბნის გასაფუმფულებლად ასე მოიქეცით: გაარღვიეთ ნაკერი დაახლოებით 10 სმ-ზე და შიგ თმის საშრობი შეყავით, საშრობი ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე დააყენეთ და დაუბერეთ. მეტისმეტი არ მოგივიდეთ, რომ ბუმბული არ გაცხელდეს. ეს ხერხი გამოგადგებათ, როცა საბანი დალიანდაგებული არ არის.
სტატიაში მოყვანილი რეკომენდაციები ეხება ბუმბულის ბალიშსაც, ოღონდ ის, საბნისგან განსხვავებით, სასურველია, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გაირეცხოს.
ჯილდა გაჩეჩილაძე