უსაფრთხო ჭურჭელი

გააზიარე:

სტეიკი კარგად რომ დაიბრაწოს, თევზი არ დაგეშალოთ, კვერცხი არ მიგეწვათ, კარტოფილი ხრაშუნა გამოგივიდეთ, დიდ პროფესიონალიზმსა და საუკეთესო რეცეპტზე მეტად შესაბამისი ჭურჭელი დაგჭირდებათ. ჰოდა, თუ სამზარეულოში ტრიალი გიყვართ და არც ჯანმრთელობაა თქვენთვის სულერთი, ქვაბებისა და ტაფების შეძენისას ხარისხს და მასალას მეტი ყურადღება მიაქციეთ – უხარისხო ჭურჭელი, გარდა იმისა, რომ კერძს გააფუჭებს, შესაძლოა ტოქსიკური ნივთიერებების წყაროდაც იქცეს და საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.

მოდი, გავიგოთ, რომელი მასალისგან დამზადებული ჭურჭელია შედარებით უსაფრთხო და რომლის გამოყენება ჯობია ამა თუ იმ კერძის მოსამზადებლად.

ქვაბებსა და ტაფებს უმეტესად ალუმინის, უჟანგავი ფოლადისა და თუჯისგან ამზადებენ, მიწვის საწინააღმდეგო ეფექტისთვის კი ტეფლონით, კერამიკით, მინანქრით ან ქვით ფარავენ.

ალუმინი

ალუმინი ადვილად ატარებს სითბოს, მსუბუქია, გამძლე, შესაძლებელია მისი მეორეული გადამუშავება, ამიტომ ის ფართოდ გამოიყენება ჭურჭლის წარმოებაში. ალუმინი, ამავე დროს, ნეიროტოქსიკური ლითონია – თუ ორგანიზმში დასაშვებზე მეტი დაგროვდა, შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს ისეთ დეგენერაციულ დაავადებებს, როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი.

ჭურჭლის მშრალად გაცხელების, მომჟავო საკვებთან ან მარილთან კონტაქტის შედეგად ალუმინის ნაწილაკები შესაძლოა კერძში, იქიდან კი ორგანიზმში მოხვდეს. ამიტომაც არ არის რეკომენდებული ალუმინის ქვაბსა და ტაფაში მომჟავო ინგრედიენტების შემცველი, მაგალითად, პომიდვრიანი ან ტომატიანი კერძის გაკეთება.

თუმცა ალუმინის ჭურჭელი შესაძლოა დამცავი საფარით იყოს დაფარული. ამ შემთხვევაში მას ნებისმიერი კერძისთვის გამოიყენებთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, საფარი მთელი უნდა იყოს. თუ დაიკაწრა, საიმედო აღარ იქნება, რადგან კერძს ისევ ალუმინთან ექნება კონტაქტი.

ალუმინის ქვაბში შეგიძლიათ მოხარშოთ მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი.

უჟანგავი ფოლადი

ბოლო ხანს ძალიან პოპულარულია უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი. არჩევანიც მრავალფეროვანია და ფასიც ხელმისაწვდომი.

მაინც რა არის უჟანგავი ფოლადი?

ფოლადს, რომ არ დაიჟანგოს, ნიკელსა და ქრომს ურევენ. ზოგიერთი კვლევის თანახმად, მშრალად ხანგრძლივი გახურების, მჟავე ინგრედიენტთან ან ძმართან კონტაქტის დროს ეს შენადნობებიც შეიძლება საკვებში მოხვდეს, თუმცა არა შემაშფოთებელი რაოდენობით, ჭურჭლის ხშირად გამოყენების შედეგად კი მათი გამოყოფა იკლებს. მაგრამ ვისაც ნიკელზე ალერგია აქვს, უმჯობესია, არჩევანი მინის ან კერამიკის ჭურჭელზე შეაჩეროს.

უჟანგავი ფოლადის ჭურჭელს არც მარილი უყვარს – მასთან პირდაპირი კონტაქტისას ადვილად იჟანგება.

უჟანგავი ფოლადის ტაფა საუკეთესოა ისეთი კერძების მოსამზადებლად, რომლებსაც ძლიერი და ხანგრძლივი წვა სჭირდება, რადგან დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, მაგრამ ქურაზე უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, რადგან ადვილად შეიძლება მიიწვას. თუმცა მწარმოებლები მიწვის საწინააღმდეგო საფარით დაფარულსაც სთავაზობენ მომხმარებელს.

უჟანგავი ფოლადის ჭუჭლის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ხარისხს. წარწერა “18`10” მის ხარისხზე მეტყველებს. რიცხვი 18 ჭურჭელში ქრომის წილს აღნიშნავს, 10 – ნიკელისას, დანარჩენი 72 პროცენტი კი ფოლადია. ხარისხიან ჭურჭელში ქრომის წილი 10,5%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ ამგვარი წარწერა ვერ აღმოაჩინეთ, შეიძინეთ ქვაბი ან ტაფა, რომელსაც აწერია “უჟანგავი”.

ენერგიის ოპტიმალური გამოყენებისთვის ქვაბს რაც შეიძლება ბრტყელი ფსკერი უნდა ჰქონდეს. შეძენისას მის სისქესაც მიაქციეთ ყურადღება – რაც უფრო სქელია, მით უკეთესია.

თუჯი და რკინა

ჯანმრთელობისთვის ყველაზე უვნებელი თუჯისა და რკინის ჭურჭელია. მეტიც – მასში მომზადებული საჭმელი უფრო გემრიელიცაა. თუმცა ასეთი ჭურჭელი ძალიან მძიმეა, ასე რომ, თუ ბლინის ჰაერში გადატრიალება მოგინდათ, თუჯის ტაფა არ გამოგადგებათ, თანაც თუ მინანქრით ან სხვა საფარით არ არის დაფარული, ძნელი მოსავლელია.

პროფესიონალი მზარეულები კი სწორედ ამ მასალის ჭურჭელს ამჯობინებენ. ის უძლებს მაღალ ტემპერატურას და სითბოსაც დიდხანს ინარჩუნებს. საუკეთესო სტეიკი სწორედ თუჯის ტაფაზე იწვება: ხორცი მალევე იკეთებს ხრაშუნა ქერქს და შიგნიდან წვნიანი და რბილი რჩება. თუმცა ამ დროს მეტი ცხიმი დაგჭირდებათ, ვიდრე კერძის სხვა თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ ჭურჭელში მომზადებისას.

თუჯისა და რკინის ჭურჭელი, მართალია, დიდხანს ძლებს, მაგრამ ადვილად იჟანგება, ამიტომ ნუ გარეცხავთ, ზედმეტი ცხიმი სამზარეულოს ხელსახოცით მოაცილეთ. თუ მაინცდამაინც, ცხელი წყალი გამოავლეთ და მაშინვე კარგად გაამშრალეთ, შენახვამდე კი ზეთი გამოუსვით. თუ მიგეწვათ, შიგ მსხვილი ზღვის მარილი ჩაყარეთ და ორი წუთით ქურაზე შემოდგით – მიმწვარი ადვილად მოსცილდება. ნუ გამოიყენებთ მისთვის ჭურჭლის სარეცხ საშუალებას, ნურც უხეშ ღრუბელს. გახურებულ ჭურჭელს ცივ წყალს ნუ შეუშვერთ.

სუფთა თუჯის ან რკინის ახალი ჭურჭელი უმჯობესია ჯერ გამოწვათ – ზეთი გამოუსვით და ერთი საათით ღუმელში შედგით მაღალ ტემპერატურაზე. შეგიძლიათ, ასე რამდენჯერმე გაიმეოროთ.

ტეფლონი

დაახლოებით ოცი წლის წინ დიასახლისების გული გამოჩენისთანავე მოიგო ახალი ტექნოლოგიით დამზადებულმა ჭურჭელმა, რომელმაც საჭმლის მომზადება გააადვილა. ჭურჭელი მიწვის საწინააღმდეგო თვისების მქონე ნივთიერებით, ტეფლონით (Polytetrafluorethylen -  PTFE) იყო დაფარული. თუმცა გავიდა ხანი და გაჩნდა ეჭვი, რომ ის ტოქსიკურია, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაზიანდა. ტეფლონი და ზოგიერთი სხვა საფარი, რომელიც მიწვის საწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა, პოლიმერული ნაერთებისგან მზადდება, რომლებიც გათბობისას ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას – პერფლუოროქტანოინის მჟავას (Perfluorooctanoic acid- PFOA) გამოყოფს. ის ორგანიზმში გროვდება და არ იშლება, მისმა მაღალმა დონემ კი შესაძლოა ნაყოფის პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბოც კი გამოიწვიოს. ამასთან, PFOA აირის სახით გროვდება ჰაერში და შესაძლოა, პატარა ჩიტი მოკლას კიდეც, თუ მისი გალია ქურასთან ახლოსაა.

წინათ მიაჩნდათ, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ტეფლონის მხოლოდ 350-360 გრადუსამდე გაცხელებისას გამოიყოფოდა, 2003 წელს კი ამერიკული ორგანიზაცია Environmental Working Group-ის (EWG) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ისინი გაცილებით დაბალ ტემპერატურაზეც – 160 გრადუსზეც გამოთავისუფლდება. 2015 წელს ჰარვარდის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე EWG-მ გვამცნო, რომ PFOA ჩვილის სისხლში იქნა აღმოჩენილი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მეძუძურმა დედებმა და ორსულებმა უსაფრთხო მასალისგან დამზადებული ჭურჭელი გამოიყენონ.

ტეფლონით დაფარულ ჭურჭელში შეიძლება ისეთი კერძის მომზადება, რომელსაც არც მაღალი ტემპერატურა სჭირდება და არც ხანგრძლივი წვა, მაგალითად, თევზის, კვერცხის, ბლინების. არამც და არამც არ გამოიყენოთ დაკაწრული ტაფა ან ქვაბი.

ყიდვისას კი აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება წარწერას "PFOA-ს გარეშე" ან შეიძინეთ ჭურჭელი, რომელიც ტეფლონის რაც შეიძლება მეტი ფენით არის დაფარული. ფენების რაოდენობა შეფუთვაზე უნდა იყოს მითითებული.

კერამიკა

მთლიანად ბუნებრივი თიხისგან დამზადებული ცეცხლგამძლე ჭურჭელი სრულიად უვნებელია. ის კარგი თბოგამტარია, კერძს გემოს არ უცვლის და ადვილად ირეცხება. თუმცა დიდხანს რომ გაძლოს, იპრიალოს და ფერიც შეინარჩუნოს, მას სპეციალური მინისმაგვარი შრით აჭიქურებენ. მასალა, რომელიც ამისთვის გამოიყენება, შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას, რომელიც გაცხელების ან საფარის დაზიანების შემთხვევაში კერძში მოხვდება.

კერამიკით ქვაბებსა და ტაფებსაც ფარავენ, რომ არ მიიწვას. ასეთი ჭურჭლის საბაზისო მასალა, ჩვეულებრივ, ალუმინი ან უჟანგავი ფოლადია, ამიტომ თუ საფარი დაიკაწრა, უმჯობესია, მაშინვე გამოცვალოთ.

კერამიკით დაფარული ჭურჭელი საუკეთესოა ხანგრძლივი და ძლიერი წვისთვის, მაგრამ მასში კერძის მომზადებისას ცივად დაწნეხილი ზეითუნის ზეთის გამოყენება არ არის რეკომენდებული – შესაძლოა, საფარი გააფუჭოს. გამოიყენეთ ზეთი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე იწურება, მაგალითად, მზესუმზირასი ან ქოქოსის.

თუნდაც კერამიკული ტაფის 400 გრადუსამდე გაცხელება იყოს შესაძლებელი, უმჯობესია, ნელა გააცხელოთ. ტემპერატურის სწრაფმა მომატებამ შესაძლოა მიწვის საწინააღმდეგო ეფექტი დაარღვიოს. ტაფას გასაგრილებლად ცივ წყალს ნუ შეუშვერთ, ქურაზევე გააგრილეთ და მერე გარეცხეთ.

მინანქარი

მინანქრის საფარი პრიალაა, უფორებო, ადვილად არ იკაწრება, იტანს მაღალ ტემპერატურას, კარგია შესაწვავად და ადვილად ირეცხება, მაგრამ ადვილად ზიანდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჭურჭელი დაბლა დაგივარდათ.

მინანქარი შედგება ისეთი არაორგანული მასალისგან, როგორიცაა ბორაქსი, მინდვრის შპატი, ფლუორიტი, კვარცი, სოდა. საჭირო თვისებების მისანიჭებლად მას სხვადასხვა ოქსიდს ამატებენ. ეს ნივთიერებები არატოქსიკურია. საქმე ის არის, რომელი მეტალი იმალება მათ ქვეშ. უმეტესად ეს მაინც ალუმინია, ამიტომ თუ საფარი დაზიანდა, უმჯობესია, ჭურჭელი გამოცვალოთ.

მინანქარი ვერ უძლებს ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ამიტომ ცხელ ჭურჭელს ცივ წყალს ნუ მოავლებთ.

ქვა

ქვის საფარი ბუნებრივად ფოროვანია. ამის წყალობით სითბო თანაბრად ნაწილდება ზედაპირზე და არც იწვავს, თუმცა ცოტა მწარმოებელი თუ იყენებს ნამდვილ გრანიტს. საფარს უმეტესად სხვადასხვა მინერალის ნარევისგან ამზადებენ, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს გრანიტს. ასეთი ჭურჭელი იდეალურია პროდუქტის მოსაშუშავად, თანაც ცოტა ცხიმს ითხოვს.

გასარეცხად ნუ გამოიყენებთ აგრესიულ საშუალებას – სუნი ფორებში შეიწოვება. რაც უფრო მეტი ფენითაა დაფარული, მით უკეთესია – ასეთი ჭურჭელი მძიმე უნდა იყოს.

მინა

ცეცხლგამძლე მინა სრულიად არატოქსიკურია, მაგრამ ადვილად ტყდება და მისი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ. თუ მას ძლიერ გახურებულ ღუმელში შედგამთ, შესაძლოა გატყდეს, ამიტომ თავიდანვე შედგით ღუმელში, გაზქურაზე კი ნელ-ნელა გაახურეთ. მინის ქვაბი ადვილად იკრავს, ასე რომ, ყურადღებით იყავით კერძის მომზადებისას.

ეს რჩევები კი ნებისმიერი ჭურჭლისთვის გამოგადგებათ:

* ნუ გაახურებთ ქვაბს თუ ტაფას მშრალად 2-3 წუთზე მეტხანს (გარდა თუჯისა და რკინის ჭურჭლისა).

* ნუ გაახურებთ თავიდანვე მაღალ ტემპერატურაზე, გაახურეთ ნელ-ნელა (გარდა თუჯისა და რკინის ჭურჭლისა).

* ნუ მოურევთ ლითონის კოვზით.

* რომ არ დაიკაწროს, ერთმანეთზე ნუ შეაწყობთ.

გააზიარე: