სოსო გველესიანი – "იმერეთის პრინცი" უროლოგიის კათედრიდან

გააზიარე:

როდესაც ცნობილ ექიმზე სოსო გველესიანზე მასალის მომზადება გადავწყვიტეთ, მასზე საუბრის მსურველი ბევრი აღმოჩნდა. მათგან განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გასტროენტეროლოგ ხუტა პაჭკორიას, რომელმაც სოსო გველესიანის შესახებ წიგნად გამოცემული მოგონებები მოგვაწოდა და პროფესორ დავით ქოჩიაშვილს – სწორედ მისი დახმარებით დავუკავშირდით ბატონი სოსოს ქალიშვილს და ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე მორიგი პორტრეტი გავაცოცხლეთ.

ბავშვობა. მამა. გურნა

იოსებ (სოსო) გველესიანი 1935 წლის 5 აგვისტოს თბილისში, არტემ წითლიძისა და რაისა გველესიანის ოჯახში დაიბადა. მამამისი, სიღნაღის რაიკომის მდივანი, რომელიც ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა, 1937 წელს ბერიას პირადი ბრძანებით დახვრიტეს. მისი 23 წლის ქვრივი, როგორც ხალხის მტრის ცოლი, გადაასახლეს. ობლად დარჩენილი ორი წლის სოსო დეიდამ, ქეთევან გველესიანმა იშვილა, თავისი გვარი მისცა და იმერეთის სოფელ გურნაში გადამალა. ასე გადაურჩა პატარა ბიჭი იმ მატარებელში მოხვედრას, რომლითაც რეპრესირებული ოჯახების ბავშვებს შორეულ ჩრდილოეთში გზავნიდნენ გაურკვეველი ვადით და კიდევ უფრო გაურკვეველი პერსპექტივით.

სკოლაში მისასვლელ სამკილომეტრიან გზას ფეხით გადიოდა. თანატოლები მერხზე მის გვერდით ჯდომასაც კი ერიდებოდნენ – ის ხომ “ხალხის მტრის” შვილი იყო... მიუხედავად ყველაფრისა, სკოლა წარჩინებით დაამთავრა, საწავლებლის ისტორიაში პირველი მედალიც აიღო და პროფესიად ექიმობა აირჩია.

მოუსვენარი სტუდენტობა

“პრინც იმერეტინსკი” – ამ მეტსახელით იცნობდნენ თანაკურსელები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ათლეტური აღნაგობის წარჩინებულ სტუდენტს. ის არ ჰგავდა სტალინური ეპოქის დაკომპლექსებულ თაობას, ყურადღებას იპყრობდა თავისუფალი (და არა წრეგადასული) ქცევით, ლაღი იუმორით და გულღია ხასიათით. განსაკუთრებული მონდომებით სწავლობდა ტოპოგრაფიულ ანატომიასა და ოპერაციულ ქირურგიას – ნათელი იყო, ქირურგობა უნდოდა. გამოირჩეოდა არა მხოლოდ სწავლით, არამედ წესიერებით, სამართლიანობით, აკურატულობით, საუკეთესო ორგანიზატორული ნიჭითაც. ალბათ ამიტომ აირჩიეს ნაკადხელად. მის ჯგუფელებს მუდამ ახსოვდათ, როგორ მიჰქონდა გულთან თითოეული სტუდენტის გასაჭირი და მათი პრობლემების მოსაგვარებლად თავს არ ზოგავდა.

სწავლის პარალელურად მისდევდა ალპინიზმს, გატაცებული იყო ქართული ნაციონალური ცეკვით, რომელიც ლექციებს შორის გართობისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა. მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ გამართულ მთამსვლელთა არაერთ ექსპედიციაში. იყო 1957 წლის ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეც.

ფეხბურთის ქომაგიც გახლდათ. ესწრებოდა ეროვნულ სტადიონზე თბილისის “დინამოს” თითქმის ყველა მატჩს. ამ გუნდში თამაშობდნენ მისი მეგობრები: მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი... თუმცა თავის უდიდეს ჰობიდ მაინც “დაუძალებელი და დაუზარებელი” სპორტი – ნადირობა მიაჩნდა. იყო მრავალი შეჯიბრების გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის ორგზის ოქროს პრიზიორი. წლების შემდეგ სიამოვნებით იგონებდა, როგორ უყიდა თავის ინგლისურ სეტერს ტუსას მოსკოვში, გამოფენაზე გასამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთი, როგორ უმტკიცებდა ბორტგამცილებელს, რომელიც წინ გადაეღობა თვითმფრინავის ტრაპზე ამავალ ძაღლს, რომ ეს ცხოველი კი არა, მისი საუკეთესო მეგობარი იყო და ორჯერ როგორ ჩამოუტანა საქართველოს სანუკვარი ოქროს მედალი (ეს ჯილდო მან რუსეთის იმ დროისთვის უძლიერეს გუნდს ჩამოართვა).

ექიმი და პედაგოგი

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1962-1968 წლებში მიხეილის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობდა. 1968 წელს ზოგადი ქირურგიის კათედრის უფროს ლაბორანტად დაინიშნა. 1973 წელს, როდესაც უროლოგიის კათედრა დაარსდა, ამ კათედრის უფროსი ლაბორანტი გახდა, ხოლო 1974 წელს – კათედრის ასისტენტი. კათედრას ბუმბერაზი მეცნიერი – პროფესორი ვასილ ბაბუხადია ხელმძღანელობდა. სოსოს მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა სუბორდინაციას ყოველთვის იცავდა. 1974-დან 2008 წლამდე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების ექიმი გახლდათ. 2010-2015 წლებში მუშაობდა დ. კოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმ უროლოგად. ავტორია ოცამდე სამეცნიერო ნაშრომისა ზოგად ქირურგიასა და უროლოგიაში.

55 წელი ემსახურა ადამიანების ჯანმრთელობას, აღზარდა ექიმების მრავალი თაობა, არაერთხელ დასახელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგად. მოსწავლეები დღემდე იხსენებენ როგორც თავგადადებულ პედაგოგს. კათედრაზე ინახებოდა ბატონი სოსოს მიერ შეგროვებული მულიაჟები, სლაიდები, პლაკატები, ფორმალინში შენახული საინტერესო ოპერაციული მასალა, რომელსაც რუდუნებით უვლიდა და უფრთხილდებოდა. მამასავით ზრუნავდა სტუდენტებზე, უხსნიდა ყოველ წვრილმანს, რომლის ცოდნაც აუცილებელი იყო მათი პროფესიული განვითარებისთვის. ხშირად უთქვამს: "რაც ვიცი ქირურგიისა და კაცობის შესახებ, ყველაფერს გასწავლით, რაც არ ვიცი, სხვაგან ისწავლეთ, ოღონდ გახსოვდეთ, ჩემი პრინციპებით ბევრ ფულს ვერასდროს იშოვითო”. სოსო გველესიანის გამოზრდილი უამრავი ექიმი წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში, ხოლო მის ოჯახში დღემდე არ წყდება მადლიერი პაციენტების სატელეფონო ზარები.

“ხამს მოყვარე მოყვრისათვის”

სტატუსსა და რეგალიებზე არასდროს უფიქრია, მთავარი ჯილდო მისთვის იმ ხალხის უსაზღვრო სიყვარული იყო, რომელსაც ათეულობით წელი უანგაროდ ემსახურა. მისი კუთხიდან ჩამოსული პაციენტისგან ჰონორარი არასდროს აუღია. ბევრჯერ მძიმე ავადმყოფი საკუთარი მანქანით ჩამოუყვანია თბილისში, გაუკეთებია ურთულესი ოპერაცია და ჯანმრთელი დაუბრუნებია შინ.

დავით ქოჩიაშვილი:

– ვერ ეგუებოდა ბოლო წლებში გამკაცრებულ ფინანსურ მოთხოვნებს და ხშირად არც კი ემორჩილებოდა მათ, რის გამოც ერთხელ კლინიკაში შემოსულმა ფინანსურმა კომისიამ სერიოზული შენიშვნა მოგვცა და რომ არა სოსოს გულწრფელი, გულუბრყვილო თავის მართლება: გურნიდან იყო, ფული როგორ უნდა გამომერთმიაო, – შემოსავლების დამალვისთვის ჯარიმას ვერ ავცდებოდით. ბოლოს სოსომ თავისი ჯიბიდან გადაიხადა აუღებელი ხელფასის სახელმწიფოსთვის განკუთვნილი ოცი პროცენტი და ასე გადაგვარჩინა.

გურნელების ზეიმი იყო სოსოს ოკრიბაში ასვლა. სურსათ-სანოვაგით, ჩასაცმელ-დასახურავით, წამლებით, მოსაკითხით დატვირთული ადიოდა ყოველთვის. უყვარდა დიდსა თუ პატარას, ახლობელსა თუ შორებელს, ყველას თავის პატრონად და გულშემატკივრად მიაჩნდა. ასეც იყო: ახალგაზრდებს გზის გაკვლევაში ეხმარებოდა, ასაკოვნებს კი ჯანმრთელობას უბრუნებდა და სიცოცხლეს უხანგრძლივებდა.

შთამომავლობა

მზრუნველი შვილი და შვილიშვილი იყო. ბავშვივით უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ გამზრდელ ბებიას. შინ პატარა საავადმყოფოც კი მოუწყო.

ბედმა თანამეცხედრეც ღირსეული არგუნა – სათნო და მომხიბლავი ლალი ჯიბლაძე. ერთმანეთი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიცნეს, სადაც სოსო კათედრის ასისტენტი იყო, ლალი კი, მომავალი ექიმი კარდიოლოგი, პროფესორ ვირსალაძის კათედრაზე კლინიკურ ორდინატურას გადიოდა. მათი უფროსი ქალიშვილი, ქეთევანი, მშობლების კვალს გაჰყვა – პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი და რადიოლოგი გახდა, უმცროსი, ნინო კი დასავლეთევროპული ენების სპეციალისტია. ექვსი შვილიშვილიდან ერთ-ერთმა, ლუკამ, ბაბუის პროფესია აირჩია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია.

შტრიხები პორტრეტისთვის

ენაკვიმატი და სხარტი იუმორის პატრონი ყოფილა. ერთხელ, დილის კონფერენციაზე, ომახიანად მოუხსენებია: ჩემი მორიგეობის პერიოდში დავაწვინე შვიდი პაციენტი და დავაჯინე ხუთი, რადგან მეტი საწოლი არ გვქონდაო. ბატონ ვასოსაც კი ჩაღიმებია ამ სიტყვებზე.

ძალიან განიცდიდა, მამის ნეშტის ადგილსამყოფელი რომ არ იცოდა. საბურთალოს სასაფლაოზე სიმბოლური საფლავი მოუწყო ახალგაზრდობის პორტრეტით და წარწერით. ამგვარად მიაგო პატივი ადამიანს, რომლის კეთილშობილება გენეტიკურად დაჰყვა.

არავის ეგონა, რომ სოსოს ავადმყოფობა მოერეოდა – ოპტიმისტი და სიცოცხლის მოყვარული იყო. სხვისი არასდროს არაფერი შეშურებია. იმისიც კი ერიდებოდა, ავად რომ იყო და ცდილობდა, თავისი მდგომარეობით არავინ შეეწუხებინა.

უფროს ქალიშვილს, ქეთის, ამ სიტყვებით დაემშვიდობა: “იქნებ დიდი ქონება ვერ დაგიტოვე, მაგრამ გპირდები, არასდროს შეგრცხვება იმის თქმა, რომ სოსო გველესიანის შვილი ხარ”.

მარი მარღანია

გააზიარე: