გული და მასთან დაკავშირებული პრობლემები

გააზიარე:

მშობლებს შიში იპყრობთ, თუ გეგმური ვიზიტის დროს პედიატრმა პატარას გულის შუილი აღმოუჩინა. როცა საქმე გულს ეხება, ძნელია, არ შეგეშინდეს, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ – გულის შუილი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია. ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ის ბავშვების უმრავლესობას ჰქონია. საბედნიეროდ, შუილი უმეტესად უწყინარია და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

 

მაგრამ რისი ბრალია ეს უჩვეულო ხმაური?

 

მოდი, გავიხსენოთ, როგორ მუშაობს გული.

 

ნორმალური გული ოთხი საკნისა და ოთხი სარქვლისგან შედგება, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება. ორ ქვედა საკანს პარკუჭებს უწოდებენ, ორ ზედას კი – წინაგულებს.

 

სისხლი, რომელიც მთელი ორგანიზმიდან მარჯვენა წინაგულში, იქიდან კი მარჯვენა პარკუჭში გადადის, ჟანგბადით ღარიბია. მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიის გავლით სისხლი ფილტვში აღწევს, სადაც ხდება ნივთიერებათა ცვლა და სისხლი ჟანგბადით მდიდრდება. ჟანგბადით მდიდარი სისხლი მარცხენა წინაგულში გროვდება, საიდანაც მარცხენა პარკუჭისა და აორტის გავლით მთელ ორგანიზმს ამარაგებს.

 

ექიმი სტეთოსკოპით იკვლევს გულს, უსმენს მის ხმიანობას. და აი, ნაცნობ ბაგაბუგს უცხო ხმაური ერთვის... ამ ხმაურს ზოგჯერ სისხლის ნორმალური ნაკადი იწვევს, ზოგჯერ კი – გულის რომელიმე პრობლემა.

 

 

ვეძებთ მიზეზს

გულის შუილები ინტენსივობის მიხედვით წარმოსახვით სკალაზე შეგვიძლია ექვს დონედ დავყოთ. პირველი დონის შუილი თითქმის არ ისმის, მაშინ როცა მეექვსე დონისა ძალიან ხმამაღალია. გარდა ამისა, სხვადასხვანაირად ისმის შუილი გულის მოსასმენ სხვადასხვა წერტილში. ექიმი ისტორიაში აუცილებლად მიუთითებს, რომელ უბანში ისმოდა შუილი ყველაზე მკაფიოდ და დაახასიათებს მას – უხეშია, მაღალი სიხშირის, ნაზი თუ შებერვისებრი, გულისცემის რომელ ფაზაში ჩნდება და იცვლება თუ არა მისი ინტენსივობა პოზის შეცვლისას. შუილის აღმოჩენის შემდეგ პედიატრმა შესაძლოა კარდიოლოგთან გადაგამისამართოთ შემდგომი კვლევისთვის.

 

ნუ გაგიკვირდებათ, თუ წინა გასინჯვის დროს გულის შუილი არ ისმოდა, დღეს კი გაისმა. ნუ დააბრალებთ ამას ექიმის არაკომპეტენტურობას. საქმე ის გახლავთ, რომ გულის მარტივი შუილი ჩნდება და ქრება.

გულის ყოველგვარი შუილი საშიში არ არის, მაგრამ მაინც ჯობს, დროულად დავადგინოთ, რა ტიპის შუილთან გვაქვს საქმე და რა სახის გამოკვლევები სჭირდება პატარას.

 

 

ახალშობილებსა და ჩვილებთან გულის მანკის სიმპტომებია:

 

სწრაფი სუნთქვა;

კვებასთან დაკავშირებული პრობლემები;

ტუჩების სილურჯე (ციანოზი);

ზრდის შეფერხება.

შედარებით მოზრდილებსა და ზრდასრულებთან მოსალოდნელია:

 

დაღლილობა;

პრობლემები ვარჯიშის ან სხვა ფიზიკური აქტივობისას;

გულმკერდის ტკივილი.

თუ თქვენს პატარას ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოაჩნდა, აუცილებლად დაუკავშირდით პედიატრს.

 

გულის თანდაყოლილი პათოლოგიები გვხვდება 21-ე ქრომოსომის ტრისომიის (დაუნის სინდრომის) დროს. ის ზოგიერთ სხვა გენეტიკურ დაავადებასაც ახლავს თან. სხვა თანდაყოლილი პრობლემებით დაბადებულ ბავშვებს, მეტი შანსია, გულის თანდაყოლილი დეფექტიც აღმოაჩნდეთ.

დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნაყოფის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. დადგენილია რამდენიმე ფაქტორი, რომელთა ზემოქმედების დროსაც გულის თანდაყოლილი მანკის განვითარებაა მოსალოდნელი:

 

კონტაქტი წითურათი დაავადებულთან;

გაუკონტროლებელი ან არასათანადოდ მართული დიაბეტი;

ფენილკეტონურია ან სხვა მეტაბოლური გენეტიკური დარღვევა.

 

გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია გულის შუილის აღმოჩენა და მიზეზის დადგენა, ხოლო გულის პათოლოგიის დადგენის შემთხვევაში დაავადების მართვა ბავშვთა კარდიოლოგის კომპეტენციაა.

 

 

თამარ არქანია

გააზიარე: