სტრესული მოვლენები და მათზე რეაგირება

გააზიარე:

ბოლო წლებია, უწყვეტი სტრესის პირობებში ვცხოვრობთ. ასეთი ქრონიკული, განვრცობადი სტრესი ძნელი გადასატანია, რადგან არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად არ ვართ მზად ხანგრძლივ სირთულეებთან გასამკლავებლად.

დასწავლილი უსუსურობა   

დასწავლილი უსუსურობა ის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი ქრონიკული სტრესის დროს განიცდის. ის “დაისწავლის”, რომ სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია და აღარც კი ცდილობს. მაშინაც კი, როდესაც ცვლილება შესაძლებელია.

დასწავლილი უსუსურობის მთავარი ნიშანიც ეს არის – ისე ხშირად ვერ ვაღწევთ მიზანს, რომ ძალაუფლებას ვთმობთ, მაშინაც კი, როდესაც მისი მოპოვების შესაძლებლობა გვეძლევა.

როდესაც ადამიანი უსუსურობას “დაისწავლის”, ის მოტივაციას კარგავს, გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ ახერხებს, პასიური ხდება.

მარტინ სელიგმანი, ფსიქოლოგი, რომელმაც ეს მდგომარეობა პირველად აღწერა, დასწავლილი უსუსურობის სამ ასპექტს გამოყოფს:

1.საფრთხის დროს პასიურობა;

2.იმის გაცნობიერების სირთულე, რომ საფრთხეზე ჩვენი რეაგირება ჩვენს ხელთაა;

3.სტრესის გაზვიადებული აღქმა.

დასწავლილი უსუსურობის კვლევები

სელიგმანმა და მისმა კოლეგებმა 1967 წელს პირველად აღწერეს დასწავლილი უსუსურობის ფენომენი. მათ კვლევები ძაღლებზე ჩაატარეს. საექსპერიმენტო პირობებში ძაღლებს ელექტროშოკით სტკენდნენ. თავდაპირველად ცხოველები ცდილობდნენ ელექტროშოკის თავიდან აცილებას, მაგრამ დროთა განმავლობაში დეპრესიისა და შფოთვის ნიშნები დაეტყოთ და მცდელობას თავი დაანებეს, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ღილაკზე თათის მიდებით ელექტროშოკის კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ. შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ძაღლები, რომლებმაც ელექტროშოკის უკონტროლო დარტყმა მიიღეს, ახალ საექსპერიმენტო გარემოში შოკისგან თავის დასაღწევად გადახტომასაც კი არ ცდილობდნენ, თუმცაღა მათ წინ ადვილად დაძლევადი ფიზიკური ბარიერი იყო. ძაღლებმა დაისწავლეს უსუსურობა, მიუხედავად იმისა, რომ გარემო მათ გაქცევის საშუალებას აძლევდა.

რით გამოიხატება დასწავლილი უსუსურობა?

დასწავლილ უსუსურობას რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი აქვს:

* დაბალი თვითშეფასება;

* დაბალი მოტივაცია;

* წარუმატებლობის მოლოდინი

* დახმარების თხოვნის შეუძლებლობა;

* წარუმატებლობის უუნარობისთვის მიწერა;

* წარუმატებლობის ახსნა უკონტროლო მოვლენებით, მაგალითად, ცუდი ბედით.

ვის ახასიათებს დასწავლილი უსუსურობა?

ადამიანის წინარე გამოცდილებები განსაზღვრავს, როგორ მოიქცევა ის სტრესის პირობებში. მაგალითად, ის, ვისაც ბავშვობაში განმეორებითი ტრავმული მოვლენები აქვს გადატანილი, შესწრებია ძალადობას, არ ჰქონია დაცული სახლი, უფრო ადვილად დაისწავლის უსუსურობას.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, როგორ ვართ მიჩვეული ინფორმაციის გადამუშავებას. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარყოფით მოვლენებს მეტ ყურადღებას აქცევენ, სჩვევიათ, ყველა უსიამოვნება საკუთარ თავს დააბრალონ, ცხოვრებას პესიმისტურად უყურებენ და ყოველგვარ სიტუაციაში “აზრი არ აქვს“ განწყობით ხელმძღვანელობენ.

დასწავლილი უსუსურობა დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან, როგორიცაა დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ დასწავლილი უსუსურობა ზრდის დეპრესიის რისკს.

როგორ დავძლიოთ

დასწავლილი უსუსურობა, განსაკუთრებით – ტრავმის შედეგად დასწავლილი, მოითხოვს სპეციალისტთან მუშაობას, აზრებისა და ემოციების სისტემურ გადამუშავებას. თერაპია ადამიანებს საშუალებას აძლევს:

* მიიღონ მხარდაჭერა;

* მიაგნონ დასწავლილი უსუსურობის მიზეზს;

* გამოავლინონ უარყოფითი აზრები, რომლებიც უსუსურობას განამტკიცებს;

* გამოავლინონ ქცევები, რომლებიც უსუსურობას განამტკიცებს;

* დაისწავლონ აზროვნების ნაკლებად ნეგატიური სტილი;

* იმუშაონ თვითშეფასებასა და თვითმიღებაზე;

* გამოიმუშაონ მიზნების დასახვისა და მიღწევის ჩვევა.

გაშეშება, გაქცევა და შებრძოლება

დასწავლილი უსუსურობა ძლიერ ან გახანგრძლივებულ სტრესორზე რეაქციის ერთადერთი გზა არ არის. სტრესის ცნობილმა მკვლევარმა, ფსიქოლოგმა სელიემ, სტრესზე რეაგირების ორი ძირითადი მოდუსი გამოყო: შებრძოლება და გაქცევა. მოგვიანებით მათ მესამე, გაშეშებაც დაემატა.

მრავალი წელია, შებრძოლება-გაქცევა ჩვენი ევოლუციური საყრდენი და თავდაცვის მექანიზმია. ფიზიკური ცვლილებები, რომლებიც ამ რეაქციას ახლავს თან, მოიცავს ეპინეფრინის გამოყოფას და ამის შედეგად გულისცემის აჩქარებას, გუგების გაფართოებას, კუნთების დაძაბვას, ტკივილის გასადავებას. ემოციური რეაქციებია შიში ან ბრაზი, რომლებიც გადარჩენისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებისა და ქცევისკენ გვიბიძგებს.

ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ ეს რეაქცია გამართლებული იყო, როდესაც ბუნებრივთან უფრო მიახლოებულ პირობებში ვცხოვრობდით, მაგრამ გაუმართლებელია თანამედროვე ცემენტის ჯუნგლებში.

ურბანული ცხოვრების წესი გვაზღვევს ისეთი საფრთხეებისგან, როგორიც არის, მაგალითად, ველური ცხოველი ან უკონტროლო ცეცხლი, ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობას ნაკლებად ემუქრება საშიშროება, თუმცა პანდემიამ და ომმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ბოლომდე არც ბუნებრივი კატაკლიზმებისგან ვართ დაზღვეულნი და არც გაუმართლებელი აგრესიისგან. ურბანულ გარემოში უმეტესად სხვა საფრთხეებს ვეჯახებით – ყოველდღე ესხმიან თავს ჩვენს იდენტობას, თვითშეფასებას. შესაძლოა, აღარ გვეშინოდეს, რომ სეტყვა სახურავს ჩამოგვინგრევს, მაგრამ გვეშინია, რომ იპოთეკურ სესხს ვერ დავფარავთ და ჭერის გარეშე დავრჩებით.

ასეთ პირობებში არც გაქცევა, არც შებრძოლება და არც გაშეშება არ გამოგვადგება. როგორ უნდა შეებრძოლო შიშველი ხელებით ბომბს? როგორ უნდა დაემალო ბანკის ზარებს?

და თუ არსებული ევოლუციური მექანიზმები ვეღარ გვიცავს, რას შეიძლება დავეყრდნოთ?

სტრესზე რეაგირების ახალი გზები

გაქცევა-შებრძოლების ნეირომექანიზმები უფრო ძველ, ადრეულ ტვინის სტრუქტურებს მოიცავს. მეცნიერთა ნაწილი მოგვიწოდებს, მეტად დავეყრდნოთ ისეთ პროცესებს, რომლებსაც ახლად განვითარებული, ადამიანისთვის დამახასიათებელი თავის ტვინის სტრუქტურები აკონტროლებს, მაგალითად, თავის ტვინის ქერქი, კერძოდ, მისი შუბლის წილი. შუბლის წილი პასუხისმგებელია ისეთ პროცესებზე, როგორიც არის:

* გადაწყვეტილების მიღება;

* ყურადღების მიქცევა.

* დაგეგმვა, ორგანიზება, წამოწყება და თვითმონიტორინგი;

* ნებაყოფლობითი ქცევა;

* პრობლემის გადაჭრა;

* ნებაყოფლობითი კონტროლი;

* მეტყველების დამუშავება;

* მეტყველების გაგება;

* თვითკონტროლი;

* ემოციური კონტროლი.

როდესაც სტრესული სიტუაციის დროს შუბლის წილის პროცესები აქტიურდება, ჩვენ საშუალება გვეძლევა, სხვადასხვა გამოსავალი ავწონ-დავწონოთ, შევადაროთ ერთმანეთს მეყსეული და გრძელვადიანი შედეგები, გავითვალიწინოთ რისკები და საუკეთესო ვარიანტი ავირჩიოთ. არსებულ ვითარებაში პრატიკულად ეს ასე გამოიყურება:

* გადავამოწმოთ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა;

* ვერიდოთ ემოციურად დამუხტულ ვიდეოებს, რომლებიც უფრო სეირს ემსახურება, ვიდრე ემპათიის გაღვივებას;

* ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი განცდები, ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი პირადი ისტორია გარემოში არსებული ემოციური ფონიდან;

* არ მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები, გადავდოთ ემოციური რეაგირება;

* ვერიდოთ კამათს სოციალურ ქსელში;

* კამათის დროს გვახსოვდეს, რომ აფექტურ მდგომარეობაში ადამიანი ლოგიკის ნაცვლად ემოციურ რეაქციას მიჰყვება. ეს თავდაცვითი რეაქციაა და არა კონკრეტულად ჩვენზე თავდასხმა.

მეორე მხრივ, გავრცელებულია ის მოსაზრებაც, რომ ჩვენ ისედაც მუდამ შუბლის წილის პროცესებს ვეყრდნობით, რომ დავკარგეთ კავშირი ემოციებთან და რაციონალური აზროვნების ამარა დავრჩით. ამ მიდგომის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ჩვენ ბუნებრივი, პირველადი რეაქციების არშემჩნევას, მათგან გაქცევას ვსწავლობთ, მაგრამ ეს რეაქციები არსად მიდიან და საბოლოოდ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვაკონტროლოთ, ისინი გვაკონტროლებენ ჩვენ.

გამოსავალი საკუთარ თავთან გულახდილი საუბარია. ნაცვლად იმისა, რომ შიშის გამო სოციალურ ქსელში უცხო ადამიანს ვეჩხუბოთ, – ვაღიაროთ, რომ გვეშინია. ან ვბრაზობთ. ან ვსევდიანობთ. ეს ბუნებრივი რეაქციებია. ემოციის აღიარება მასთან დამეგობრებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

დასკვნა

ჯერ კიდევ მიჭირს ანალიზი, კოლექტიურად თუ პიროვნულად, როგორ ვრეაგირებთ ომით გამოწვეულ სტრესზე. ალბათ იმიტომ, რომ ეს ცინცხალი, აწმყოში მიმდინარე პროცესია, რომლის ანალიზისთვის დრო და დისტანციაა საჭირო. მეგობრებსა და კლიენტებთან საუბრისას თითქმის ყოველგვარ რეაქციას ვაწყდები – დიდია დასწავლილი უსუსურობა, რომელიც კოვიდის ეპიდემიამ გამოიწვია. სამწუხაროდ, გავრცელების მაჩვენებელი დღესაც მაღალია, რაც ნიშნავს, რომ ორწლიანი ჭიდილის შედეგი უფრო პესიმისტური პროგნოზის საფუძველს იძლევა, ვიდრე ოპტიმისტურის. ეს თავისთავად ახდენს გავლენას ყოველი მომდევნო სტრესორის აღქმაზე და მასთან გამკლავების დაგეგემვაზე. შეიმჩნევა უმოტივაციობა და ნიჰილიზმი – მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს და ამას ვერ შევცვლით.

მეორე მხრივ, ახალი დიდი საფრთხის პირისპირ აშკარაა შებრძოლება-გაქცევის რეაქციაც. შებრძოლების ბუნებრივი რეაქცია კვებავს გადაჭარბებულ აგრესიას, მტრის ხატის შექმნას, დაუფიქრებელი, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას და განტევების ვაცის პოვნის სურვილს. გაქცევის რეაქცია თვალნათელია – ხან რომელი მეგობარი გაქრება ერთი კვირით სოციალური ქსელიდან, ხან რომელი, ჩაიკეტება თავის დაცულ სამყაროში და თითქოს ცოტა ხნით ისვენებს მიმდინარე მოვლენებისგან.

სად არის გამოსავალი?

ყველა სპეციალისტი იმაზე მიგვითითებს, რომ აგრესია და ბრაზი შექმნისკენ, კეთებისკენ უნდა მივმართოთ, მაგრამ სწორედ ამ დროს ირთვება დასწავლილი უსუსურობის მექანიზმი – ჩვენ დავიჯერეთ, რომ არაფრის კეთებას აზრი არ აქვს. გვეშინია, ვბრაზობთ, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ რამის შესაცვლელად.

შემეკამათებით: როგორ უნდა შევცვალოთ გლობალური გეოპოლიტიკა? როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენ გარშემო არსებულ უსამართლობას? ეს პროცესები ხომ ჩვენზე ძლიერი ხალხის ხელშია. ჩვენ ხომ ასეთ არამდგრად რეგიონში დავიბადეთ, სადაც ჩვენზე არაფერია დამოკიდებული.

ეს კითხვები სავსებით ლეგიტიმურია, მაგრამ კარგად დააკვირდით, რა ზუსტად ჯდება დასწავლილი უსუსურობის სქემაში! თუმცა დასწავლილი უსუსურობის მთავარი ნიშან-თვისება ის კი არ გახლავთ, რომ ტრავმული მოვლენის დროს ძალაუფლების დაკარგვას, დაბნეულობას, უძლურებას განვიცდით – ეს ბუნებრივი და ლოგიკური პასუხი მგონია არსებულ რეალობაზე. როდესაც გარემო გვერევა, საფრთხეს გვიქმნის, თავისთავად ცხადია, თავს უსუსურად ვგრძნობთ. სხვაგვარად გამოვა, რომ თავს ვიტყუებთ. დასწავლილი უსუსურობის მთავარი მახასიათებელი ამ უსუსურობის განზოგადება და მუდმივ, ქრონიკულ მდგომარეობაში გადაყვანაა. დასწავლილი უსუსურობა ხელს გვიშლის, დავინახოთ ცვლილების ის ფანჯრები, რომლებიც ხანდახან იხსნება ჩვენ თვალწინ, ხელს გვიშლის, თავს ვუშველოთ, როდესაც ამის საშუალება გვეძლევა, ხელს გვიშლის, წვიმაში მზის იშვიათი გამონათებები დავინახოთ და ჩავეჭიდოთ.

რაც მთავარია, ხელს გვიშლის აგრესიის უფრო კონსტრუქციულ მოდუსში გადაყვანაში.

რა შეგვიძლია ჩვენ?

უპირველეს ყოვლისა, იმ პროცესების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩვენში მიმდინარეობს და მათი აღიარება. მეორე – ძალის პოვნა, რათა არ დავკარგოთ ჩვენი საბაზისო, ჰუმანური ნაწილი და ენერგია დახმარებას, შენებას, ცვლილებებს მოვახმაროთ.

პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ აგრესია მივმართოთ არა დესტრუქციისკენ, არამედ მხარდაჭერისა და დახმარებისკენ. თუნდაც მცირე ცვლილების გამოწვევა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: