გაიღვიძე!

გააზიარე:

აჰა, გათენდა! ახალი დღე ახალი პრობლემებით დაიწყო. “და-ი-წყოოოო!” _ გაჰყვირის და თავში გიკაკუნებს მაღვიძარაც. მაგრამ შენ თვალის (თვალებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი!) გახელაც არ გინდა. იქნებ გინდა კიდევაც, მაგრამ არ ძალგიძს. შეგიძლია, დილიდან საღამომდე გმირულად  იმუშაო. თუ საჭიროგახდა, თავდაყირაც დადგები, მაგრამ ისეთი მარტივი და ბუნებრივი პროცესი, როგორიც გაღვიძებაა, წარმოუდგენლად რთული გეჩვენება. არადა, თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა. მზეზე ადრე ეგებ ვერ წამოხტე, მაგრამ მზესთან ერთად გაღვიძება ნამდვილად აღარ დაგეზარება.

შენზე ამბობენ, ბუაო

იმის მიხედვით, თუ დღე-ღამის რომელ მონაკვეთში არიან განსაკუთრებით სიცოცხლისუნარიანნი, ადამიანებს “ბუებად” და “ტოროლებად” ყოფენ. თუკი დილით ადგომა გეზარება, ბოდიში, მაგრამ “ბუ” ყოფილხარ. დღეს სიხარულით რომ შეხვდე და მაინცდამაინც არც საწოლიდან წამოდგომა გაგიძნელდეს, ასე მოიქეცი:
. დააჭყეტ თუ არა თვალს, მაშინვე ნუ წამოხტები. ჯერ გემრიელად გაიზმორე და რამდენიმე წუთი იკოტრიალე. თურმე ორწუთიანი გაზმორება-გაჭიმვა საკმარისია, რომ შრომისუნარიანობა მთელი 50%-ით აღდგეს.
. გაავარჯიშე კუნთები და სახსრები: ისე დაატრიალე ფეხები, თითქოს  ველოსიპედზე იჯდე. ეს მარტივი მოძრაობა მთელ სხეულს ტონუსში მოიყვანს.
. არ მოგერიდოს, ამთქნარე რამდენიც გინდა. ასე უფრო მალე გამოფხიზლდები.
. ძილის წინ ტუმბოზე (თუნდაც იატაკზე, ოღონდ საწოლთან ახლოს) მაგნიტოფონი დადგი და გაახელ თუ არა თვალს, საყვარელი მუსიკა ჩართე. ჯაზი, კლასიკა, ქანთრი, ფოლკი, როკი (თუნდაც მძიმე) – ჟანრს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, შენს სმენას მიესალბუნოს.
. არ დაზოგო ელექტროენერგია! გაიღვიძებ თუ არა, ოთახი სინათლით აავსე: გადაწიე ფარდები, აანთე უკლებლივ ყველა ნათურა. ზედმეტი შუქი თვალის დახამხამებაში გამოგაცოცხლებს.  
თუკი არაფერი გშველის და ერთადერთ იმედად მაღვიძარა დაგრჩენია, ასე მოიქეცი: დაძინებამდე ეს მჩხავანა საწოლიდან რაც შეიძლება შორს დადე (უმჯობესია, სააბაზანოს სიახლოვეს), დააყენე ყველაზე ხმამაღალ ზარზე და გულდამშვიდებით გადაეშვი ასტრალში. მეორე დილით მაღვიძარას გულისგამაწვრილებელი ხმის გაგონებაზე უთუოდ გაგეღვიძება,  იძულებული იქნები, სააბაზანოსკენ წალასლასდე, საათი გამორთო და ბარემ ხელ-პირიც დაიბანო.

Wake up, baby!
გამოფხიზლებაში კონტრასტული შხაპი დაგეხმარება. შეუშვირე სხეული ცხელ ჭავლს, შემდეგ გრილი შეაპარე და ბოლოს გააცივე, სადამდეც გაუძლებ. შხაპის მიღების დროს ნუ დაივიწყებ არომატულზეთოვან (უმჯობესია, ციტრუსებისა და წიწვოვანთა ექსტრაქტის შემცველ) საპონს ან ტანის დასაბან გელს.
მოდუნებულ სხეულს ტონუსში მოიყვანს მსუბუქი მასაჟი, რომელიც წყლის ჭავლის ქვეშ თავადაც შეგიძლია გაიკეთო. განსაკუთრებით შეუტიე იმ ადგილებს, სადაც ეს ყბადაღებული ცელულიტია დაბუდებული: თეძოებს, ბარძაყებს, დუნდულებს. მასაჟი კანისა და კუნთების ტონუსსაც აამაღლებს. ოღონდ არ დაგავიწყდეს, ამ პროცედურის შემდეგ კანზე (ძირითადად _ “ნაცემ” ადგილებზე) მკვებავი კრემი ან ტანის ზეთი  გადაისვა. 
თვალის დახამხამებაში გამოგაცოცხლებს და სიცოცხლის ხალისსაც შეგმატებს თბილი (და არამც და არამც ცხელი) ჩაი ან ყავა. კარგი იქნება, თუ მათ ლიმონის ნაჭერს და ერთ კოვზ თაფლსაც დაუმატებ. მატონიზებელი სასმელი ასეც შეგიძლია მოიმზადო: ლიმონი შუაზე გაჭერი, საგულდაგულოდ გამოწურე, გააზავე 100 მლ თბილ წყალში და გადაჰკარი. ან ასე: ლიმონის ნაჭრებსა და ერთ სუფრის კოვზ მურაბას მდუღარე დაასხი, გაგრილება დააცადე და მიირთვი.
ისე კი, ვერც კონტრასტული შხაპი გიშველის და ვერც ლიმონის არომატული კოქტეილი, თუკი საკუთარი თავი არ დაარწმუნე, რომ ყოველი დილა შენთვის ბედნიერების საწინდარია, რომ ყოველი ახალი დღე ახალ სიხარულს გპირდება, რომ მზის ამოსვლას ღიმილით უნდა შეხვდე. ასე რომ, ზარმაცო და მოწყენილო გოგონავ, გაიღიმე და დატკბი სიცოცხლით, ის ხომ ასეთი მშვენიერია!

-----------------
ნუთუ გადავიღალე?!
ცხოვრების თანამედროვე სტილი ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს: სახლი, სამსახური, გადატვირთული ტრანსპორტი... ბიჭი ხარ და ნუ დაიღლები! მაგრამ  პრობლემა მხოლოდ ეს როდია. კიდევ ერთი, ცოტა არ იყოს უცნაური ფაქტორი, რომელიც შენს ისედაც აფორიაქებულ სულს მოსვენებას არ აძლევს,
გაზაფხულია. დიახ, წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო აფეთქებული კვირტებითა და ლურჯთვალა ია-იებით.  
გაზაფხულობით განსაკუთრებით სწრაფად რომ იღლები, მთელ დღეს მთქნარებაში ატარებ და ყავის ფინჯანს ფინჯანზე ცლი, ეგებ გამოვცოცხლდეო, არახალია. არადა, როგორ გჭირდება ძალების მოკრება და ენერგიით დამუხტვა?! მოდი და გააგებინე ჭირვეულ ოჯახის წევრებს, რატომ შეეჩვიე დივანს, უხსენი თანამშრომლებს, რატომ არ გეხალისება მათთან საათობით ლაქლაქი... ვერა, ნამდვილად ვერავის დააჯერებ, რომ შენი სევდის მიზეზი მშვენიერი გაზაფხულია. ისღა დაგრჩენია, ძალ-ღონე მოიკრიბო და უდროოდ შემოჩენილი მოთენთილობა განდევნო.

მოთენთილობა შემომეჩვია
ჯერ ხელი ხეირიანად არც კი გაგინძრევია, რომ უკვე დაღლილი ხარ, დათრგუნული და  ლიმონივით გამოწურული დააბიჯებ, მუშაობა გეზარება, დივანზე კოტრიალსა და თვლემას არაფერი გირჩევნია, დიდად არც თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გახარებს, მეგობრებისკენ სავალი გზები ხომ დიდი ხანია გადაგავიწყდა... ასე იცის საგაზაფხულო დაღლილობამ. თუ გინდა, საგაზაფხულო მოთენთილობა დავარქვათ — დამეთანხმები, სახელს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს...
ფსიქოლოგებმა ამ მოვლენას სეზონური დეპრესია უწოდეს. მათი აზრით, ადამიანი მხოლოდ გაზაფხულზე როდი შეიგრძნობს დამთრგუნველ სევდას; სეზონური დეპრესია თურმე შემოდგომობითაც იჩენს თავს. ყველაფერი კი კლიმატის, მზის გამოსხივების მკვეთრი ცვლილების ბრალი ყოფილა. ამას ერთვის ვიტამინების დეფიციტიც, რომელიც გაზაფხულობით ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც თოვლის საფარიდან ენძელების ამოწვერვა.

დათუჩას გაუმართლა
შევთანხმდით — სეზონური დეპრესიის მიზეზი მზის სხივების უკმარისობაა. ამიტომაც არის, შემოდგომაზე დღის კლებასთან ერთად მოწყენილობა რომ გვეუფლება. დადგება თუ არა გაზაფხული, სითბოსა და სინათლეს მონატრებულები ფორიაქს ვიწყებთ, ვცდილობთ გამოვფხიზლდეთ, მაგრამ რა გინდა მოუხერხო ენერგიისგან დაცლილ ორგანიზმს? დათუჩას გაუმართლა: მიწვება ბუნაგში, გემრიელად გამოიძინებს და როგორც კი დათბება, ენერგიით აღსავსე გაინავარდებს ამწვანებულ ტყეში. ჩვენ კი ნეტავ ხანდახან მაინც შეგვეძლოს, ჩვენ-ჩვენს “ბუნაგებში” შევიყუჟოთ და  დროებით მოვწყდეთ მომაბეზრებელ ყოველდღიურობას...  სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია, ასე რომ, სხვა ხერხი უნდა ვიპოვოთ, რათა სევდასა და დაღლილობას კუდით ქვა ვასროლინოთ.

უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დაღლილობა
“ქრონიკული დაღლილობის სინდრომი” – არც ისე დიდი ხანია, რაც ავადმყოფობის ისტორიებში ასეთი დიაგნოზი გაჩნდა. ეს დაავადება ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სეზონურ დაღლილობას, მაგრამ მასზე გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. კერძოდ, ჩვეულებრივი დაღლილობა (თუნდაც სეზონური) დაავადება არ არის. ის ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა გადაქანცვაზე და გვაუწყებს, რომ სასწრაფოდ გვჭირდება დასვენება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი კი (შემოკლებით — ქდს) თითქოსდა უმიზეზოდ, მკვეთრი საერთო სისუსტით იწყება, რომელსაც დასვენება ვერ აქრობს. ის ორგანიზმს ფიტავს და ადამიანს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან აგდებს. ქდს, რომელიც სულ იოლად შეიძლება სეზონურ დაღლილობაში აგვერიოს, სწორედ გაზაფხულობით აქტიურდება.

როგორ ვიცნოთ “ნამდვილი” დაღლილობა
აი ნიშნები, რომლებიც იჩენს თავს ქდს-ს დროს:
. გაწუხებს ძლიერი სისუსტე, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გაივლის. დაღლილობას გაღვიძებისთანავე  გრძნობ;
. ღამეებს თეთრად ათენებ ან, პირიქით, სულ ძილად ხარ მივარდნილი;
. მეხსიერება თვალსა და ხელს შუა გიუარესდება;
. ყავა, რომელიც აქამდე სასიცოცხლო ტონუსს გმატებდა, აღარ გშველის;
. მუდამ გაღიზიანებული ხარ, ხასიათი ხშირად და უმიზეზოდ გეცვლება, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის სურვილი არ გაქვს;
. ხშირად გიტევენ ინფექციები.
გარდა ამისა:
. ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების მტკივნეულობა;
. კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
. თავბრუხვევა და თავის ტკივილი;
. მომატებული ოფლიანობა;
. სულხუთვა, ტკივილი გულის არეში, მაჯისცემის ამოვარდნა.

მენეჯერებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით
მეცნიერებმა დღემდე არ იციან, რა იწვევს ქდს-ს. ჯერ ეგონათ, რომელიღაც ამოუცნობი ვირუსი იყო დამნაშავე. პათოლოგიური დაღლილობის დროს ორგანიზმში მართლაც აღმოაჩინეს სპეციფიკური ვირუსი, მაგრამ ძნელი დასადგენი აღმოჩნდა, მან გამოიწვა ქდს თუ, პირიქით, ორგანიზმში უკვე არსებული ორგანიზმის გამოფიტვამ და გადაქანცვამ გაააქტიურა. ამიტომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარების ამ ვარიანტის განხილვას თავი ანებეს და პრობლემას სხვა კუთხით მიუდგნენ.
დაინტერესებულმა პირებმა, ბევრი იკვლიეს თუ ცოტა, აღმოაჩინეს, რომ ქდს ცივილიზაციის განვითარების შედეგია. ის მუდმივ სტრესს, ცხოვრების აუტანლად სწრაფ ტემპს უკავშირდება. ყველაზე მეტად კი ეს სინდრომი შრომით შეპყრობილებს ანუ იმ პირებს ემურებათ, ვინც დღე-ღამეში ლამის 25 საათს მუშაობს. ქდს განსაკუთრებით კარიერის ზენიტში მყოფ მენეჯერებს ემტერება, თანაც თუკი ორიოდე ათწლეულის წინ უპირატესად მამაკაცები იყვნენ მისი მსხვერპლნი, დღეს ქალბატონები ლიდერობენ. ვინ იცის, ეგებ ყველაფერი ამ ყბადაღებული ემანსიპაციის ბრალია...

რა მოვუხერხოთ დაღლილობას?
დაღლილობა უკანმოუხედავად რომ გააძევო, რამდენიმე მარტივი წესის დაცვა მოგიწევს, კერძოდ:
. არაადამიანურ შრომას (როგორც გონებრივს, ისე ფიზიკურს) ერიდე. სამუშაო დღის განრიგი ისე შეადგინე, რომ დათქმულ დროში ჩაეტიო, ნუ წაიღებ “დავალებას” შინ.
. ოთახში რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოუშვი. ოფისის განათება, თუნდაც თვალისმომჭრელად კაშკაშა, სულის სიმშვიდისთვის არ კმარა. გამოაღე სარკმელი და მიეცი ნება მზის სხივებს, ოთახში შემოაღწიონ.
. დილით ადრე ადექი და სამსახურისკენ, თუ მაინცდამაინც ქალაქის მეორე ბოლოში არ მუშაობ, ფეხით გაუყევი გზას.
. მაქსიმალურად გამოიყენე შესვენების დრო. თხუთმეტ-ოცწუთიანი გასეირნება ნამდვილად მოგგვრის შვებას.
. მიირთვი ვიტამინებით მდიდარი საკვები ან მიიღე ვიტამინების კომპლექსი.
. მიიღე (ოღონდ აუცილებლად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ) მსუბუქი ანტიდეპრესანტები, მცენარეული (მაგალითად, კატაბალახას, ჟენშენის) ნაყენები.
. ივარჯიშე, მისდიე სპორტს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცურვა
. შაბათ-კვირა ბუნების წიაღში გაატარე.

ჭამე, რომ არ დაიღალო!
გამოსაფხიზლებლად ზოგჯერ გონივრული კვებაც კმარა. მოიმარაგე ის საკვები, რომელიც სიამოვნებასა და სიხარულს განიჭებს. არ გაგეღიმოს — მართლაც არსებობს პროდუქტი, რომელიც ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონების – ენდორფინების — გამომუშავებას უწყობს ხელს. ასეთია წიწაკა, შოკოლადი, ნაყინი.
გადაღლილი გონებისთვის სასარგებლო ყოფილა B1 და B2 ვიტამინები (შეიცავს კარტოფილი, მწვანე ბოსტნეული, რძე, ყველი, თევზი), C ვიტამინი (ხილი და ბოსტნეული), რკინა (ინდაურის თეთრი ხორცი, ღვიძლი, ხბოს ხორცი).

გემუქრება თუ არა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
ამის გასარკვევად ყურადღებით წაიკითხე კითხვები და გაეცი დადებითი ან უარყოფითი პასუხი.
1. მკაცრი სამუშაო გრაფიკი მაქვს, ვერასოდეს ვამთავრებ სამუშაოს დათქმულ დროს, ოფისიდან შინ გვიან ვბრუნდები.
2. ხშირად არ მესმის მაღვიძარას ხმა, გვიან მეღვიძება და სამსახურში ვიგვიანებ.
3. ასე მგონია, მნიშვნელოვან დავალებას ჩემს გარდა თავს ვერავინ გაართმევს.
4. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ძალიან დიდხანს ვფიქრობ. 
5. ჩემი მისამართით ნათქვამი ყველა საყვედური გულთან მეტისმეტად ახლოს მიმაქვს, მაგრამ არასოდეს ვიმჩნევ.
6. დიდი ძალისხმევა მჭირდება ემოციების მოსათოკავად, თუმცა გამომდის კიდეც.
7. ოჯახთან ერთად იშვიათად ვვახშმობ, რადგან საქმე თავზე საყრელად მაქვს
8. ცხოვრების ჩემეული რიტმი საშუალებას არ მაძლევს, რაციონალურად ვიკვებო.
9. ხშირად ვცივდები და გრიპი მემართება.
10. ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ მიწაზე მყარად არ ვდგავარ.
ახლა კი დადებითი პასუხები დაითვალე. თუ მათი რიცხვი 7-დან 10-მდეა, გირჩევ ცხოვრების წესი შეიცვალო — მეტისმეტად ხარ გადაღლილი. აჯობებს, დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართო, რომელიც, სავარაუდოდ, მულტივიტამინების კომპლექსს დაგინიშნავს
5-დან 7-მდე დადებითი პასუხის შემთხვევაში, დროა, ჯანმრთელობაზე დაიწყო ზრუნვა. ჯერჯერობით ქდს არ გემუქრება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ნამდვილად გადაიღლები.
5-ზე ნაკლები პოზიტიური პასუხი იმაზე მეტყველებს, რომ გაზაფხული შენში მხოლოდ და მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს, სიცოცხლე გიხარია. ჰოდა, ასე განაგრძე!

---------------------
ენერგიული და მხიარული ტრაპეზი
ადამიანი, რომელსაც ჭამას აუკრძალავ, ან თავად შენ შეგსანსლავს, ან სულ მალე განუტევებს სულს. ეს წყალგაუვალი ჭეშმარიტებაა. ჭამა-სმის პოზიტიური მხარე მხოლოდ კალორიების მარაგის შევსება როდი გახლავთ; საკვები ნივთიერებები  მზითვად მოყოლილი ვიტამინებითა და მინერალებით პირდაპირ ჩვენს გუნება-განწყობილებაზე მოქმედებს: რაციონალურად იკვებები – გულს უხარია, უმადოდ ილოღნები და –  გონებას გასაჭირში აგდებ. აბა, წარმოიდგინე ნაზამთრალი, მზის სხივებს დანატრებული ფსიქიკა, რომელსაც ამ გაჭირვებას არ აკმარებ და საკვებს უზღუდავ! ასე არამც და არამც არ შეიძლება. გაზაფხულზე ჩვენს გადაღლილ გონებას ჯეროვანი კვება ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

ორგანიზმს საწვავი სჭირდება
ალბათ გაგიგონია მონოდიეტების ამბავი. ამ დროს თავი უნდა გადადო და მხოლოდ რომელიმე ერთი პროდუქტით დაიკმაყოფილო გასტრონომიული მოთხოვნილება. “დაიკმაყოფილო” ალბათ ხმამაღალი ნათქვამია... თუმცა მშიერი ნამდვილად არ დარჩები. სამაგიეროდ, ასეთი მოკრძალებული კვება ზედმეტი კილოგრამებისგან იოლად გაგათავისუფლებს. მაგრამ მოიცა –  გაზაფხულზე ამ გმირობისგან თავის შეკავება მოგიწევს! არავინ გაძალებს, მაინცდამაინც მოსუქდიო, მაგრამ თუკი ენერგიის დეფიციტს გრძნობ (იოლად იღლები, ღამით კარგად გძინავს, მაგრამ მთელი დღე მაინც გამთქნარებს და ა.შ.), მკაცრ დიეტაზე გადასვლას ნამდვილად არ გირჩევ. პირიქით, ასეთ დროს შენს ორგანიზმს ენერგეტიკული საკვები სჭირდება. ძირითადი საწვავი კი ცხიმია. სწორედ აქედან იღებს უმთავრეს ენერგიას ორგანიზმი. ცხიმი საკმარისად არ გაქვს მომარაგებული? –  ნახშირწყლებსა და ცილებზე გადადის და ნივთიერებანი, რომელთა წყალობითაც ორგანიზმი ფუნქციონირებს, თანდათანობით ქრება. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში ვეღარც ტვინი იაზროვნებს, კარგ გუნება-განწყობილებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ასეთი რამ რომ არ შეგემთხვას, ორგანიზმისთვის ცოტ-ცოტა საწვავის მიწოდება სისტემატურად მოგიწევს. 
დღის განმავლობაში საკვები ნივთიერებების შეფარდება ამგვარი უნდა იყოს: 60% ნახშირწყლები, 24% ცხიმები და 16% ცილები. ეს –  თეორიულად, პრაქტიკულად კი ამის გამოანგარიშება ცოტა არ იყოს რთულია, მით უფრო –  თუკი არითმეტიკასთან მწყრალად ხარ. საქმეს გაგიიოლებ: საუზმეზე ენერგიით დაიტენე – მიირთვი კარაქიანი პური, 2-3 ნაჭერი ყველი, 5-6 ცალი ნიგოზი, ნაღებიანი იოგურტი ან ცხიმიანი ხაჭო, დღის განმავლობაში კი ძირითადად ხილითა და ბოსტნეულით გაისველე პირი. ასე არც წონაში მოიმატებ და არც ძალ-ღონე გამოგელევა.

და კვლავ მხსნელი ვიტამინების შესახებ
მათ ტყუილად როდი უწოდებენ მაცოცხლებელ ამინებს (ვიტა – სიცოცხლე, ამინის – ამინი, იგივე ცილა). ისინი ენერგიით გვავსებენ, სიცოცხლის ხალისს გვმატებენ. თანაც რამდენია –  C, A, E, B, PP... ჰოდა, ის დროა, ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტებით აავსო სუფრა.
C ვიტამინი, რომლის მარგებლობის ამბავი ლამის დაბადებიდანვე გესმის, ბევრია ციტრუსში, ბანანში, კივიში, ვაშლში, მანგოში, კამაში, ოხრახუშში, პრასში, კომბოსტოს მწნილში. ამ პროდუქტებით მოამზადე სალათა, მოაყარე წვრილად დაჭრილი ნიგოზი, მოასხი იოგურტი და გემრიელად შეექეცი. 
ნუ მოიძულებ ხორცს, თევზს, ხაჭოს, ყველს, კარაქს, პურს (უმჯობესია უხეშად ნაფქვი ხორბლისა მიირთვა). ისინი ჭარბად შეიცავენ B ჯგუფის, A, D, PP, E და სხვა ვიტამინებს. 
დაიხსომე: ვიტამინებს თერმული დამუშავება (მოხარშვა, შეწვა), მაცივარში და სათავსოებში დიდხანს გამომწყვდევა არ უყვართ. თურმე რამდენიმე დღით მაცივარში შენახული მწვანილი C ვიტამინის თითქმის 60%-ს კარგავს. ასეთივე ბედი ეწევა პროდუქტებს ხარშვის, შუშვისა და წვის დროს. ასე რომ, უმჯობესია, ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს მიეძალო.
არც მცენარეული ნაყენები გაწყენდა. მატონიზებელი ეფექტი აქვს ჟოლოს, შავი მოცხარის, ჭინჭრის ფოთლების, ასკილის, მარწყვის ნაყოფისგან დაყენებულ ჩაის.

ვიტამინებს+კარგი განწყობა
აიღე 100-100 მლ ასკილის ნახარში და ქაცვის წვენი და დაამატე 50 მლ ალოეს წვენი. დილაობით და სადილამდე ერთი საათით ადრე 1 ს/კ ეს ნარევი სვი. იგი შესანიშნავი მატონიზებელი საშუალებაა, გარდა იმისა, რომ ორგანიზმს ვიტამინებით ამარაგებს, გუნება-განწყობილებასაც ამაღლებს. საღამო ხანს მისი დალევა არ შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, ღამის თეთრად გათენება არ გაქვს გადაწყვეტილი.
ენერგიით აგავსებს: ერთი გრეიპფრუტის, ნახევარი ბროწეულის წვენი და 1 ს/კ თაფლი.

გააზიარე: