მუსიკა და ბავშვი
გააზიარე:
თუ საყვარელი ნაწარმოების მოსმენისას ამქვეყნად ყველაფერი გავიწყდებათ, ნამდვილად არ დაგჭირდებათ იმის შეხსენება, რამხელა ძალა აქვს მუსიკას.
“იქ, სადაც სიტყვები უძლურია, მუსიკა ლაპარაკობს”, – ეს სიტყვები დანიელ მწერალს, ყველასთვის საყვარელი ზღაპრების ავტორს ჰანს ქრისტიან ანდერსენს ეკუთვნის.
ბავშვებს ხშირად უჭირთ ემოციების სიტყვებით გადმოცემა, ტირიან, ყვირიან, ფეხებს აბაკუნებენ, რადგან უბრალოდ არ იციან, რა სახელი დაარქვან იმას, რასაც განიცდიან.
ემოციების გამოხატვის სწავლა შესაძლებელია. ბავშვს ერთი წლიდან შეუძლია ამ უნარის გამომუშავება, თუ სწორად მიუდგებით.
მუსიკა გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. მუსიკის მოსმენისა და წერისას ადამიანი ეთიშება ცნობიერ სამყაროს და საკუთარ ემოციებში ეშვება, ნელ-ნელა გაიაზრებს, რას გრძნობს და როგორ გადმოსცეს ეს გრძნობები.
შეგიძლიათ, ძალიან მცირე ასაკიდანვე დაიწყოთ ბავშვთან ერთად მუსიკის მოსმენა. ქვემოთ მოგიყვებით, რითია ეს სასარგებლო.
მუსიკა კონცენტრაციისთვის
კვლევები მოწმობს, რომ მუსიკა დიდ როლს ასრულებს ბავშვის გონებრივ განვითარებაში. 70% იმ ბავშვებისა, რომლებსაც მცირე ასაკიდანვე აქვთ მუსიკასთან შეხება, გაცილებით მალე იწყებს ლაპარაკს და რთული სიტყვებისა და შედგენილი წინადადებების წარმოთქმაც გაცილებით ეადვილება, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებსაც მუსიკასთან ხშირი შეხება არ ჰქონიათ.
კონცენტრაციაზე საუბრისას ცალკე უნდა გამოვყოთ კლასიკური მუსიკა, რომლის პირდაპირი კავშირი დასწავლის უნართან არაერთი კვლევით არის დამტკიცებული. კლასიკური მუსიკის მოსმენის შემდეგ ბავშვი გაცილებით ადვილად ასრულებს შემოქმედებით სამუშაოს, ხატავს, აწყობს პაზლს, ხსნის თავსატეხს. კლასიკური მუსიკის ფონზე მათემატიკური დავალებების შესრულებაც მარტივდება.
ბავშვი, რომელიც ადრეული ასაკიდან უსმენს მუსიკას, უკეთესად აღიქვამს ახალ ინფორმაციას, ადვილად იმახსოვრებს ახალდასწავლილ სიტყვებს, უვითარდება ანალიზის უნარი, ლოგიკური აზროვნება.
მუსიკა როგორც აღმზრდელი
მუსიკალური ინსტრუმენტის მცირე ასაკიდანვე დაუფლება დიდად უწყობს ხელს ბავშვის წვრილი მოტორიკის განვითარებაა. ინსტრუმენტზე ვარჯიში მას გამძლეობას მატებს, ასწავლის მიღწეულით ტკბობას. ცოტა რამ თუ შეედრება, განსაკუთრებით – პატარა მუსიკოსისთვის, იმ განცდას, რომ შენი დაკვრით სხვებს სიამოვნებას ანიჭებ.
მუსიკა პირდაპირ კავშირშია აღზრდის პროცესთან. იავნანა, მშვიდი მელოდიური სიმღერა, რომელსაც დედა უმღერის ჩვილს, ამის საუკეთესო მაგალითია. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ვოკალური მონაცემები აქვს დედას – მის ნამღერ იავნანას პატარას ვერავინ შეუცვლის.
მუსიკა როგორც ინდივიდუალობის სიმბოლო
მუსიკა ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის ინდივიდუალობის ფორმირებაზე – ეხმარება, გაერკვიოს საკუთარ გრძნობებში, ისწავლოს მათი გამოხატვა, მოზღვავებულ ემოციებთან გამკლავება. ბავშვი თანდათან ირჩევს იმ მუსიკალურ მიმდინარეობას, რომელიც მასთან ყველაზე ახლოსაა, უყალიბდება გემოვნება, ცალკეული ნაწარმოებები მისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს.
უდიდესი წვლილი შეაქვს მუსიკას ბავშვის ესთეტიკურ აღზრდაში. ზოგი თვითონვე წერს და ეს მართლაც საუკეთესო გზაა საკუთარი ინდივიდუალობის გამოსახატავად. ბავშვის მიერ შეთხზული მუსიკა ბევრ რამეს გეტყვით მის პიროვნებაზე, მის განცდებზე, სულ სხვა კუთხით დაგანახებთ მას.
ამიტომ, თუ ხედავთ, რომ ბავშვი განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებს რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტის მიმართ, აუცილებლად წაახალისეთ, მიეცით საშუალება, ბოლომდე შეისწავლოს ის, რაც აინტერესებს.
რჩევები ბავშვისა და მუსიკის მეგობრობისთვის
* ბავშვს მუსიკა ჩვილი ასაკიდანვე შეიძლება მოვასმენინოთ, მთავარია, არ გადავაჭარბოთ. ასეთ მცირე ასაკში ბავშვის ტვინი ისედაც ბევრ ახალ ხმას აღიქვამს, ამიტომ ზედმეტად ნუ გადავტვირთავთ.
* ნურასოდეს დააძალებთ ბავშვს მუსიკის მოსმენას. შესთავაზეთ, ჩართეთ თქვენთვის და არა მისთვის, ოღონდ ისე, რომ მასაც ესმოდეს. თუ თქვენი საყვარელი კომპოზიციის მოსმენაზე უარი განაცხადა, ნუ გაუბრაზდებით, თავს ნუ მოახვევთ საკუთარ გემოვნებას. რამდენიმე ხანს თავი დაანებეთ და მერე ისევ სცადეთ.
* ხატეთ მუსიკის ფონზე. ფსიქოლოგები ამ ხერხს ხშირად მიმართავენ ბავშვების ემოციების გასაგებად. შესთავაზეთ პატარას თამაში: ჩართეთ მუსიკა და ამ მუსიკის ფონზე ბავშვთან ერთდ დახატეთ, რა განცდას იწვევს ეს მუსიკა თქვენში, მერე კი ნახატები ერთმანეთს აჩვენეთ.
* გამოიყენეთ მუსიკა ბავშვის დასამშვიდებლად. შფოთვაზე მუსიკის დადებითი გავლენა არაერთი კვლევით არის დამტკიცებული. მუსიკას იყენებენ იმ პაციენტების დასამშვიდებლად, რომლებსაც პანიკური შიში იპყრობთ ოპერაციის წინ, ფსიქოთერაპიის სეანსების დროს, მოხუცებთან, ჰოსპისებში. როდესაც ხედავთ, რომ ბავშვი აღელვებულია, თუნდაც უბრალოდ ექსკურსიაზე წასვლის წინ აღტაცებას ვერ უმკლავდებოდეს, ჩაურთეთ მშვიდი მუსიკა ან ურჩიეთ, თავად აარჩიოს და მოუსმინოს თავის საყვარელ ნაწარმოებს, რომელიც მოზღვავებულ გრძნობებთან გამკლავებაში დაეხმარება.
* მუსიკას დიდი როლის შესრულება შეუძლია დეპრესიისკენ მიდრეკილი თინეიჯერების თერაპიაში. არსებობს კონკრეტული ნაწარმოებები, რომლებიც ამ დროს ინიშნება როგორც მედიკამენტი. მათ შესწევთ ძალა, სპეციალისტს დაეხმარონ და მოზარდს სიცოცხლის სიყვარული გაუღვივონ, თავისებურად დაანახონ, რომ სიბნელეს ყოველთვის მოსდევს სინათლე.
* ძილის წინ მშვიდი მუსიკის მოსმენა, მის ფონზე დაძინება საგრძნობლად აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ნუ მოასმენინებთ ბავშვს ძილის წინ ამაღელვებელ, ხმაურიან მუსიკას, თორემ შესაძლოა დიდხანს ვეღარ დაიძინოს, ან დაიძინოს აღელვებულმა და ცუდი სიზმრისგან მოგვრილი განწყობა შესაძლოა დიხანს გაჰყვეს.
ლიკა ქათამაძე