რჩევები ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციისთვის

გააზიარე:

შვილის აღზრდა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. მიდგომა, რომელსაც მშობელი ირჩევს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის მენტალურ სიჯანსაღეზე. მშობელმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითავისოს, რომ არ არსებობენ ცუდი და კარგი ბავშვები – არსებობს ცუდი და კარგი ქცევა, ხოლო ამ ქცევის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი თავად მას აკისრია.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კარგი საქციელისთვის შექება და ნებისმიერ სიტუაციაში ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად აღქმა მისი სწორი განვითარების საწინდარია. აუცილებელია კომუნიკაცია და მეგობრული მითითება, ისე, რომ მის პიროვნებას შეურაცხყოფა არ მიაყენოთ. მშობელმა შვილთან ერთად უნდა გადაჭრას ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე წარმოშობილი პრობლემები. ასეთ სიტუაციებში თვითკონტროლის შენარჩუნება აუცილებელია, რათა მომავალში ბავშვი ფეთქებად პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს. თუ გსურთ, თქვენი მზრუნველობის შედეგი დაინახოთ, აღზრდის სწორი, მაგრამ თქვენს შვილს მორგებული მეთოდები ცხოვრების წესად უნდა აქციოთ.

  • დაეხმარეთ სწორი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში

საკუთარი თავის აღქმას ბავშვი ძალიან მცირე ასაკიდან იწყებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მშობლის თვალით აღიქვამს თავს. გახსოვდეთ, თქვენს ყოველ ინტონაციას, ჟესტს, გამომეტყველებას ის ღრუბელივით იწოვს. თქვენი სიტყვები და ქმედებები ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მისი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. სულ მცირე მიღწევისთვის თქვენგან მიღებული ქება მას სიამაყის გრძნობას გაუღვივებს, ხოლო მისი შესაძლებლობის ფარგლებში დავალების დამოუკიდებლად შესრულების საშუალებას თუ მისცემთ, თავს ძლიერად და შრომისუნარიანად იგრძნობს. მისი შეცდომების მიმართ მუდამ ნეგატიური დამოკიდებულება და სხვა ბავშვებთან შედარება მას საკუთარ სისუსტეში დაარწმუნებს და ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს მომავალში, როდესაც პრობლემებთან გამკლავება დასჭირდება.


ცუდი ქცევისას ნურასოდეს გალანძღავთ, ნუ გამოიყენებთ იარაღად დამამცირებელ სიტყვებს: “რა სულელი ხარ!"; “შენი ერთი წლის და უფრო ჭკვიანად იქცევა, ვიდრე შენ!". ასეთი შენიშვნები ბავშვს თავს უმაქნისად აგრძნობინებს, თავისი თავის რწმენას უკარგავს და შემდგარ პიროვნებად მის ჩამოყალიბებას სათავეშივე უქმნის საფრთხეს.
იყავით მომთმენი და სიტყვები ისე შეარჩიეთ, რომ ბავშვი გრძნობდეს: მართალია, შეცდომა დაუშვა, მაგრამ თქვენ ის მაინც გიყვართ, უბრალოდ, მისი საქციელი არ მოგეწონათ. მანაც სწორედ ამ საქციელის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს და არა თავისი “ცუდი” პიროვნების შეცვლაზე.

  • არ გამოგეპაროთ კარგი საქციელი

მშობლები ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, დღეში რამდენჯერ ვრეაგირებთ ნეგატიურად ბავშვის საქციელზე: “ფრთხილად, არ წაიქცე!”; “სახლში ფეხსაცმლით ნუ დადიხარ!”; “სათამაშოების ალაგება არ დაგავიწყდეს!”. მთელი დღის განმავლობაში უამრავ ასეთ შენიშვნას ვაძლევთ ბავშვს და აზრადაც არ მოგვდის, ამასობაში მათი ქება და წახალისება რომ გვავიწყდება. უფრო ნათლად რომ დაინახოთ, რამდენად არასასიამოვნოა ბავშვისთვის ყოველდღე მსგავსი შენიშვნების მოსმენა, მით უმეტეს მაშინ, როცა კარგი საქციელისთვის დადებით შეფასებას ვერ იღებს, წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში გყავთ უფროსი, რომელიც მთელი დღე მხოლოდ შენიშვნებს გაძლევთ, თუნდაც ამას თქვენსავე სასიკეთოდ აკეთებდეს, თქვენ მიერ გაწეულ სასარგებლო შრომას კი უყურადღებოდ ტოვებს. ადვილი წარმოსადგენია, ნელ-ნელა როგორ დაიწევს თქვენი თვითშეფასება და დაკარგავთ საქმის კეთების ხალისს.


თუ მართლა გსურთ, დადებითი გავლენა მოახდინოთ ბავშვზე, ყოველდღე გამონახეთ ქების თუნდაც სულ მცირე საბაბი. “საწოლი ჩემი თხოვნის გარეშე აალაგე? გმადლობ, ასე რომ მეხმარები!”; “დავინახე, უმცროს დაიკოსთან თამაშის დროს როგორი მოთმინება გამოიჩინე, ეს ნამდვილად დიდი და ჭკვიანი ბიჭის საქციელია!” – ასეთი სიტყვები ბავშვს ბევრად უფრო დიდ და კარგ საქმეს გაუკეთებს, ვიდრე მუდმივი მითითებები.
სხვათა შორის, მითითებებსაც შეიძლება პოზიტიური ელფერი მისცეთ. ამისთვის ყოველ მითითებას მოაყოლეთ ახსნა, რატომ ჯობს ასე: “სათამაშოებს თუ ასე მიყრილ-მოყრილს დატოვებ, ხვალ შეიძლება შენმა პატარა დაიკომ ფეხი წამოჰკრას და დაეცეს, ამიტომ გთხოვ, აულაგებლად არ დაწვე".

  • ნუ გადაუხვევთ ოჯახში ჩამოყალიბებულ წესებს

დისციპლინა ყველა ოჯახში აუცილებელია. მისი მთავარი მიზანია, დაეხმაროს ბავშვს სწორი საქციელის დასწავლაში და განუვითაროს თვითკონტროლი. დისციპლინა უზრუნველყოფს, რომ ბავშვი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
დისციპლინამ რომ ეფექტურად იმუშაოს, შეგიძლიათ შეიმუშაოთ რუტინა. მაგალითად, თუ ოჯახში მიღებულია, საშინაო დავალების დასრულებამდე ტელევიზორს არ უყუროთ, წესის დარღვევის შემთხვევაში ბავშვი შენიშვნას მიიღებს, ხოლო მეორე ასეთივე ქმედებას პრივილეგიის დაკარგვა მოჰყვება. მაგალითად, იმ დღეს მეგობართან აღარ წავა სტუმრად, ან გვიან აღარ დაიძინებს.
ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მშობლებს მოსდით, საკუთარი წესებიდან გადახვევაა. თუ ბავშვი ერთხელ დასაჯეთ ბილწსიტყვაობისთვის, მეორედ კი მის ასეთივე საქციელს ყურადღება არ მიაქციეთ, ჩათვალეთ, რომ პირველი მცდელობა წყალში ჩაიყარა. წესი წესად უნდა დარჩეს, ხოლო თუ მისი შეცვლა გადაწყვიტეთ, ეს ბავშვსაც უნდა აცნობოთ. მაგალითად, თუ ათის ნაცვლად თერთმეტ საათამდე სიფხიზლის ნებას რთავთ, წინასწარ უთხარით, რომ შეუძლია, კიდევ ერთი საათი არ დაწვეს, ოღონდ თუ სხვა წესებს დაარღვევს, ამ პრივილეგიას დაკარგავს.

  • გამონახეთ დრო ბავშვისთვის

დღეს მშობლებს ძალიან უჭირთ შვილებთან ერთად გასატარებელი დროის გამონახვა. ოღონდ ვგულისხმობთ არა უბრალოდ ერთ ოთახში ყოფნას, არამედ ხარისხიან კომუნიკაციას: დიალოგს, საქმის ერთად კეთებას, თამაშს, – ისე, რომ ბავშვი გრძნობდეს: მშობელი ამ დროს მხოლოდ მისია, ფიზიკურადაც და გონებრივადაც მასთანაა, გამუდმებით ტელეფონში ან ლეპტოპში არ იყურება.
ბავშვი, რომელსაც მშობლის ყურადღება აკლია, ხშირად განზრახ იქცევა ცუდად, რადგან მიაჩნია, რომ ასე მაინც მიიქცევს მშობლის ყურადღებას.


ადექით ათი წუთით ადრე და ბავშვთან ერთად მიირთვით საუზმე. გადადეთ ჭურჭლის დარეცხვა და ააწყვეთ პაზლი. ეთამაშეთ სახლობანა ან გაისეირნეთ. გახსოვდეთ: დღის ბოლოს ბავშვს არ ემახსოვრება, დედამ დაალაგა თუ არა სახლი, დარეცხა თუ არა ჭურჭელი; მის ცნობიერებაში მხოლოდ ის დარჩება, რა მხიარულად გაატარა დრო დედ-მამასთან ერთად სამაგიდო თამაშისას, როგორ წაიყვანა ბაღიდან დედამ სასეირნოდ, რა სახალისო ზღაპარი მოიგონა მამამ ძილის წინ. მშობლის ყურადღება ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის აძლევს ძალას პატარას, თავდაჯერებულად შეეჭიდოს ახალ გამოწვევებს, რადგან იცის, რომ თუ ფეხი დაუცდა, დედა/მამა ყოველთვის შეაშველებს ხელს და ფეხზე დადგომაში დაეხმარება.

  • მიეცით კარგი მაგალითი

ბავშვები მშობლების მიბაძვით იწყებენ ცხოვრების გათავისებას. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტს იღებს მშობლის საქციელიდან. სანამ შვილის თვალწინ ტელეფონს ბრაზით მიახეთქებთ კედელს ან გემრიელად შეიკურთხებით, დაფიქრდით: გინდათ, ასე მოიქცეს თქვენი შვილიც, როდესაც გაბრაზდება? ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბავშვი გამუდმებით გაკვირდებათ და გონებაში ღრმად იბეჭდავს თქვენს ყოველ მოქმედებას. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვები, რომლებიც თანატოლებს ურტყამენ, ამ ქცევას ძირითადად ოჯახის წევრებისგან იღებენ.
მიეცით იმის მაგალითი, რაც გინდათ მისსავე ქცვვაში დაინახოთ: ტოლერანტობის, სიკეთის, პატივისცემის... მსგავს თვისებებზე ორიენტირება არა მარტო ბავშვს მისცემს კარგ მაგალითს, არამედ თქვენც უკეთესობისკენ შეგცვლით. მოკლედ, მოექეცით შვილებს ისე, როგორც გსურთ ისინი ექცეოდნენ სხვა ადამიანებს.

  • აქციეთ კომუნიკაცია პრიორიტეტად

ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ბავშვი ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც თქვენ გინდათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მშობელი ხართ და “ასეა საჭირო!” ბავშვი ისევე იმსახურებს ახსნა-განმარტებას, როგორც ზრდასრული ადამიანი კამათის დროს. ახსნის გარეშე ბავშვი ჩათვლის, რომ სრულიად უმიზეზოდ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ახირების გამო მოითხოვთ მისგან ამა თუ იმ წესის დაცვას. ახსნა-განმარტებით კი მას მიაჩვევთ პრობლემის დიალოგით გადაჭრას, საუბრის, საკუთარი მოსაზრების დასაბუთების აუცილებლობას.
პრობლემის წამოჭრისას ერთად მოიფიქრეთ მისი გადაჭრის გზები. მოისმინეთ ბავშვის მოსაზრებაც. თუ ცდება, დასაბუთებულად აუხსენით, რატომ არ იქნება მისი წინადადება შედეგიანი. განიხილეთ ალტერნატიული გზები. თუ შესაძლებელია, დათმეთ. კარგი იქნება, თუ ბავშვი გააცნობიერებს, რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია. ბავშვები, რომლებიც უფროსებთან ერთად გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობენ, მომავალში, უფრო რთული პრობლემის წინაშე აღმოჩენისას, თავდაჯერებულად დგამენ საჭირო ნაბიჯებს.

  • სწორად მოარგეთ ბავშვს აღზრდის სტილი

თუ ხვდებით, რომ ბავშვის საქციელი ხშირად გიცრუებთ იმედს, დაფიქრდით, იქნებ არარეალურად ბევრს ელით მისგან? მშობლები, რომლებიც “ასე უნდა იყოს" პრინციპით ხელმძღვანელობენ ("ჩემი შვილი უკვე უნდა ლაპარაკობდეს, რადგან მეზობლის ბავშვმა, რომელიც მისი ტოლია, უკვე ამოიდგა ენა”; “ქოთანს უნდა მისჩვეოდა – მისი ძმა ამ დროს უკვე ქოთანს იყენებდა”) ხშირად რჩებიან იმედგაცრუებულნი. ეს მიდგომა სასწრაფოდ შესაცვლელია.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია და გონებრივი და მენტალური განვითარების საკუთარ გზას გაივლის (რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში). მის ზრდა-განვითარებასთან ერთად აღზრდის მეთოდების გადახედვა და ბავშვის პიროვნებისთვის მათი მორგება მოგიწევთ.
თქვენი როგორც მშობლის მოვალეობაა ბავშვს შეცდომებზე მიუთითოთ და მათი გამოსწორების გზების ძიებაში დაეხმაროთ. იმავდროულად, გახსოვდეთ: იმაზე, თუ როგორ მიუთითებთ ბავშვს შეცდომაზე, დიდწილადაა დამოკიდებული, გაითვალისწინებს თუ არა ის თქვენს შენიშვნას და მიიღებს თუ არა თქვენს დახმარებას.

  • არ დაივიწყოთ საკუთარი თავი, არ გადაიწვათ

მოდი, შევთანხმდეთ, რომ იდეალური მშობელი არ არსებობს. ყველა მათგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. აუცილებელია, იცნობდეთ და აღიარებდეთ საკუთარ ღირსებებს: “მოსიყვარულე და თავდადებული ვარ", “მომთმენი ვარ და ბავშვთან არასოდეს გამოვდივარ წყობიდან”, – მაგრამ აუცილებელია საკუთარი სუსტი მხარეების აღიარება და შემდეგ მათ გამოსწორებაზე მუშაობაც: “დისციპლინაში მოვიკოჭლებ, უფრო თანმიმდევრული უნდა ვიყო და მეტი ხასიათის სიმტკიცე გამოვიჩინო”. ეცადეთ, საკუთარი თავისგან, მეუღლისა თუ შვილისგან რეალური რამ მოითხოვოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ოჯახის წევრებიც, ისევე როგორც თქვენ, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც შეცდომებიც მოსდით. იყავით მიმტევებლები როგორც საკუთარი თავის, ისე ოჯახის წევრების მიმართ.


ხელი შეუწყვეთ საკუთარ თავს, რომ ბავშვის აღზრდა სახალისო პროცესი იყოს და არა მეორე დამღლელი სამსახური. ნუ ეცდებით პრობლემის გადაჭრას გაცხარებული და დაღლილი – დაისვენეთ და საღი გონებით ხელმეორედ განსაჯეთ. დაინახავთ, რომ ის არც ისეთი დიდი და მოუგვარებელი ყოფილა, როგორიც გეგონათ. იმავდროულად, არ დაივიწყოთ საკუთარი ინტერესები და სურვილები. ეს თქვენ სულაც არ გაქცევთ ეგოისტად, პირიქით, დასვენებული და გახალისებული მშობელი ბავშვისთვის მაგალითია იმისა, რაოდენ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ადამიანისთვის საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეზე ზრუნვა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: