მავნე ჩვევები ბავშვებში

გააზიარე:

რა სჯობია პაწაწინას ყურებას: თვალებდაჭყეტილი აკვირდება გარემოს, ცდილობს, ხელ-ფეხი დაიმორჩილოს, სათამაშოებს წაეტანოს, ჯერ თუთიყუშივით, შემდეგ კი გააზრებულად წარმოთქვამს ბგერებს, მარცვლებს და მთელ სიტყვებს, მრავალი დაცემისა და წამოდგომის მიუხედავად სწავლობს ცოცვას, სიარულს… თუმცა ოდნავ წამოზრდილი ჩვენი თვალისჩინის ყოველი საქციელი აღტაცებას როდი იწვევს. სწორედ მაშინ, როცა ზრდილი და სამაგალითო ბავშვით თავის მოწონება გვინდა, არ არის გამორიცხული, თითი ცხვირში შეიყოს, ფრჩხილების კვნეტას შეუდგეს ან უარესი – ხელი სასირცხვო არისაკენ გააპაროს. რამდენად საშიშია მსგავსი ჩვევები, რა უდევს საფუძვლად და როგორ დავეხმაროთ ბავშვს მათ დაძლევაში? ამ საკითხებზე “ავერსის კლინიკის” ბავშვთა ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი თეა მამფორია გვესაუბრება:

– თქვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა ქცევითი აქტივობა ფასდება როგორც უნებლიე განმეორებითი მოტორიკა, რომელიც საჭიროებს დიფირენცირებას – ნორმაა, პათოლოგია, ჩვევა თუ სხვა რამ. დასავლურ და რუსულ ფსიქიატრიულ სკოლებს ამ საკითხისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. რუსული სკოლა თითის წოვას, ფრჩხილების კვნეტას (ონიქოფაგია),  თმის წვალებასა და ამოგლეჯას (ტრიქოტილომანია), ცხვირის ჩიჩქნას, სასქესო ორგანოების თვითსტიმულაციას და ადგილზე რიტმულ რწევას (იაქტაცია) ერთ დარღვევად – პათოლოგიურ ქცევით მოძრაობად მიიჩნევს, დასავლეთში კი ამ აშლილობად ზემოთხსენებული ჩამონათვალიდან მხოლოდ იაქტაციას თვლიან, დანარჩენებს კი ცალ-ცალკე განიხილავენ.
– თითოეულ ჩვევაზე უფრო დაწვრილებით რომ ვისაუბროთ, რატომ იწყებენ ბავშვები თითის წოვას?
– ბუნებრივი კვების დროს, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს თავისუფალი გრაფიკით ხდება და არა საათობრივად, ძუძუ ბავშვს საკვების მოთხოვნილებასთან ერთად წოვის მოთხოვნილებასაც უკმაყოფილებს და დედის სიახლოვეს სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას უქმნის. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები, განსაკუთრებით – კბილების ამოჭრის პერიოდში, ხშირად იწყებენ თითის წოვას. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ადაპტაციური მექანიზმია და პათოლოგიად არ ითვლება. მაგრამ როდესაც კბილიც ამოჭრილია, წელიწადიც გასულია, ზოგჯერ არაერთიც, მაგრამ ბავშვი თითს ისევ წოვს,  ზოგჯერ – მხოლოდ ძილის წინ, ზოგჯერ კი მთელი დღის განმავლობაშიც, – ეს მხოლოდ მავნე ჩვევა აღარ არის. ასეთი ბავშვები ემოციურად უმწიფარნი, ლაბილურნი, იმპულსურნი და ადვილად აღგზნებადნი არიან.
თითის წოვის ჩვევა ძალიან არის გავრცელებული მიუსაფარ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს შორის. ეს არის ერთგვარი მცდელობა, სიამოვნების წყაროდ გაიხადონ საკუთარი თავი მაშინ, როდესაც დედა ახლოს არ არის და ვერ მოეფერება – რელაქსაცია და ემოციური განტვირთვა ამ დროს საკუთარი თითის წოვით მიიღწევა. ამ ბავშვებისთვის, მუდმივად რომ აკლიათ დედის სითბო, შეხება, ჩახუტება, დამახასიათებელია იაქტაციაც. ეს რწევითი მოძრაობები რიტმული აქტივობის ინდივიდუალური მოთხოვნილებაა და თვითდამშვიდებისკენ არის მიმართული. იაქტაცია 15-20%-ში გვხვდება და 5-6 წლისთვის იშვიათდება.
– მოზრდილ ასაკში რომელ მავნე ჩვევებს ვხვდებით?
– თითის წოვასა და იაქტაციასთან შედარებით უფრო ზრდასრული ფენომენია ონიქოფაგია – ფრჩხილების კვნეტა. ეს გასაგებიც არის – 8 თვემდე, ვიდრე პატარას კბილები არ ამოეჭრება, ეს ჩვევა უბრალოდ ვერ ჩამოყალიბდება. ფრჩხილების კვნეტას ბავშვები, ჩვეულებრივ, 4 წლიდან იწყებენ, ყველაზე მეტად კი 10-დან 18 წლამდე ასაკშია გავრცელებული. რაც შეეხება მიზეზს... ქართულში არსებობს გამოთქმა, “სიმწრისგან სულ ფრჩხილებს (თითებს) იკვნეტადაო”. ძლიერი სტრესის პირობებში ფრჩხილების კვნეტა შეიძლება განვითარდეს და ამ დროს ის რაიმე სარწმუნო ფსიქოპათოლოგიურ გამოვლინებად არ მიიჩნევა. სამაგიეროდ, გახანგრძლივებული ჩვევა ნევროზულ ფონზე მიუთითებს და ყურადღებამისაქცევია.
ონიქოფაგიის ვარიანტია ონიქოტილომანია (ფრჩხილების ამოძრობა), რომელიც უფრო ღრმა ფსიქიკური დარღვევად მიიჩნევა.
ადრეული პუბერტატული ასაკის (დაახლოებით 11-15 წლის) გოგონებს ტრიქოტილომანიაც ახასიათებთ. ის უმეტესად 13 წლიდან იწყება. მანამდე შესაძლოა ბავშვი თმას აწვალებდეს, თითზე იხვევდეს... ყველაზე გავრცელებულია თმის თავიდან ამოძრობა, მაგრამ გვხვდება წარბების, წამწამების ამოძრობაც, თმის ნესტოებიდან ან ბოქვენიდან ამოგლეჯაც. თუ თითის წოვა განვითარებისთვის გასავლელი აუცილებელი ეტაპია და სიცოცხლის განსაზღვრულ პერიოდში ნორმად ითვლება, ტრიქოტილომანიას ასეთი, პირობითად თუ ვიტყვით, გამართლება არ გააჩნია, მისი დაწყება პრაქტიკულად ყოველთვის ღრმა პათოლოგიას უკავშირდება.
– რამდენად ხშირია მასტურბაცია და მასაც ღრმა პათოლოგიასთან ხომ არ აქვს კავშირი?
– ჩვილები სასქესო ორგანოებს უმეტესად ისევე ეხებიან, როგორც სხეულის სხვა ნაწილებს. ეს ჯანსაღი ცნობისმოყვარეობაა, ამიტომ მშობლებს სანერვიულო არაფერი აქვთ. სასქესო ორგანოების შედარებით ხშირი გარეგანი გაღიზიანებაც ჩვილებში იაქტაციის კომპენსატორული მექანიზმისგან არ განსხვავდება. მიზანმიმართულ მასტურბაციას ორი წლიდან (ხანდახან – უფრო ადრეც) ვხვდებით. ყველაზე ხშირად ეს იმიტაციით იწყება, როდესაც პატარა მშობლებთან თუ ტელევიზორში შეესწრება ამ სცენას ან რომელიმე ჟურნალში წააწყდება. ზოგიერთ ბავშვს მიღებული სიამოვნება მეხსიერებაში ელექება და რაიმე სირთულის (მაგალითად, დედასთან განშორების, და-ძმაზე ეჭვიანობის, სკოლაში ემოციური ან ფიზიკური გადაძაბვის) დროს განტვირთვას მასტურბაციით აღწევს. მიუხედავად ამისა, მოვლენის მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის – ცხადია, მსგავს სირთულეებს ყველა ბავშვი მასტურბაციით არ პასუხობს. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამ ბავშვებს უფრო მგრძნობიარე ეროგენული ზონები აქვთ და სასქესო ორგანოების თუნდაც შემთხვევითი მექანიკური გაღიზიანებისას მასტურბაცია უფრო ადვილად ირთვება. ასეა თუ ისე, მასტურბაცია ნორმალური სქესობრივი განვითარებისთვის გასავლელი ეტაპია, განსაკუთრებით – ბიჭებისთვის. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ის ნორმად ითვლება – მას ათიდან 8 მოზარდი მიმართავს, 9 წლამდე კი, სტატისტიკით, ყოველი მეათე.
ნორმიდან გადახრად ჩაითვლება თუ არა მასტურბაცია, ეს ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურულ ღირებულებებზე. საზოგადოდ, მასტურბაციისადმი დამოკიდებულება სახეცვლილებას განიცდიდა – იყო პერიოდები, როდესაც ის მიაჩნდათ ცოდვად, სიგიჟის ნიშნად, ნორმად... XX საუკუნის მეორე ნახევრიდან საზოგადოება სექსუალური ქცევისადმი უფრო ლიბერალური გახდა, თუმცა საბჭოთა “სტერილური სექსუალური” კულტურა მას ჯერ კიდევ სამარცხვინოდ მიიჩნევდა.
მასტურბაცია ფსიქოპათოლოგიურ სიმპტომად მაშინ ითვლება, როდესაც ნებელობას და კონტროლს არ ექვემდებარება და ბავშვსა თუ მოზარდს მისი განმეორების სურვილი მხოლოდ მარტოობის დროს კი არა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც უჩნდება.
– რამდენად საშიშია ეს ჩვევები ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის?
– გააჩნია ჩვევას. თითის გახანგრძლივებულმა წოვამ შესაძლოა თანკბილვის დარღვევა გამოიწვიოს, ონიქოფაგიამ – ფრჩხილების ჩაზრდა ან დაჩირქება. ტრიქოტილომანია ხშირად თმიანი საფარის ხილულ დანაკარგს იწვევს. თავზე ალოპეციური (მელოტი) უბნებიც კი ჩნდება, რომლებსაც თავსაბურავით ნიღბავენ. თუ ბავშვი ამოგლეჯილ თმას ყლაპავს, შესაძლოა, კუჭ-ნაწლავში დაუგროვდეს და ტრიქობეზოარად ექცეს.
მასტურბაციის, ასე ვთქვათ, ნეგატიური ეფექტი უფრო მის ფსიქოლოგიურ მხარესთან არის დაკავშირებული: ბავშვებს, როგორც წესი, რცხვენიათ და ცდილობენ, ეს ფაქტი დამალონ. თავს იდანაშაულებენ, თვითგვემის იდეები უჩნდებათ, თანატოლებთან ურთიერთობას გაურბიან, გამუდმებით რაღაც ცუდს ელიან, შესაძლოა დეპრესია განუვითარდეთ. ამასთან დაკავშირებული განცდები უმეტესად ნორმალური სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან ერთად ქრება, თუმცა დაცინვით ან დაშინებით მიყენებულმა ტრავმამ შესაძლოა ბავშვს ზრდასრულ ასაკში სერიოზული სქესობრივი პრობლემები შეუქმნას.
ტრიქოტილომანია და ონიქოტილომანია ხშირად ობსესიურ-კომპულსიური (აკვიატებულ ქცევებთან დაკავშირებული) აშლილობის გამოვლინებაა და ფსიქიატრის ჩარევას მოითხოვს. 
– გარდა თმის გლეჯისა და ფრჩხილების ამოძრობისა, როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა?
– თუ რაიმე ჩვევა ბავშვს თამაშში, გარემოს შეცნობაში, თანატოლებსა და უფროსებთან ურთიერთობაში უშლის ხელს ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას უქმნის, სპეციალისტს უნდა მივმართოთ. კონსულტაცია მით უმეტეს აუცილებელია, თუ მავნე ჩვევები გახშირდა, გახანგრძლივდა და ასაკის მომატებასთან ერთად არ გაქრა, რამდენიმე მავნე ჩვევა ერთდროულად ვლინდება ან სხვა ნევროლოგიური (მაგალითად, ძილის) დარღვევებიც ახლავს თან.
საზოგადოდ კი, რაც უფრო ადრე მოხდება ადეკვატური ჩარევა, მით უკეთესი, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ფიქსირებული სიმპტომები მეორეულად იწვევს ხასიათობრივი თავისებურებების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ასეთი ბავშვები ხშირად ნევროტიულები, ზედმეტად მგრძნობიარენი, დეპრესიულები ხდებიან. 
– როგორ მკურნალობენ ასეთ ჩვევებს? როგორ შეუძლია მშობელს, ბავშვს ჩვევის დაძლევაში დაეხმაროს?
– ქცევის კორექციისთვის სხვადასხვა ფსიქოთერაპიული და მედიკამენტური მეთოდი არსებობს, თუმცა მათი შერჩევა, რა თქმა უნდა, სპეციალისტის კომპეტენციაა. კონკრეტული რეკომენდაციებიც მშობლებმა სჯობს მისგანვე მიიღონ. რაც შეეხება ზოგად რჩევებს, მინდა, პირველ რიგში ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს უნებლიე ქცევებია და მშობლების ჯიბრზე, მათ გასაბრაზებლად, ვერც ერთი ბავშვი ვერ ჩაიდენს, ამიტომ აკრძალვა და დასჯა ვერავითარ ეფექტს ვერ მოგვცემს, პირიქით, შესაძლოა, ქცევა უფრო გაამყაროს კიდეც და ბავშვის ფსიქიკას უფრო მეტი ტრავმა მიაყენოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რა ანერვიულებს პატარას, შევუქმნათ მშვიდი, მოსიყვარულე გარემო, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. 3-4 წლის ასაკიდან მშვიდად, ყოველგვარი დაცინვის ან გაკიცხვის გარეშე უნდა ავუხსნათ, რატომ არ მოგვწონს ეს საქციელი და რატომ უნდა გადაეჩვიოს, დავეხმაროთ, თვითონვე მოიფიქროს, როგორ შეიძლება მასთან გამკლავება ან სხვა, უფრო უვნებელი ჩვევით ჩანაცვლება. ყურადღება მიაქციეთ და აუცილებლად წაახალისეთ ბავშვის მცდელობა და თვითკონტროლი. მიეცით გოგონას უფლება, ფრჩხილებზე ლაქი წაისვას, თუ მათ გაზრდას შეძლებს, თუ პირში თითს მთელი დღე არ ჩაიდებს, რაიმე პატარა საჩუქარი აჩუქეთ. რაც მთავარია, მოთმინება მოიკრიბეთ – ჩვევები დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდება, ასე რომ, მათ გადაჩვევასაც საკმაო ხანი სჭირდება.

გააზიარე: