ქალის ჰიგიენა
გააზიარე:
სამედიცინო ჩვენებით სხეულის მხოლოდ ორ ნაწილს სჭირდება მუდმივი ბანა და მოწესრიგება – ხელებს და პირის ღრუს (კბილებს), ხოლო ვულვა, ისევე როგორც მთელი დანარჩენი სხეული, მინიმალურ მოვლასა და ჰიგიენას მოითხოვს. რაც უნდა შოკის მომგვრელად ჟღერდეს, რა ინტენსივობით დაიბანთ და მოიწესრიგებთ ვულვას, თქვენი გადასაწყვეტია. ამის სამედიცინო საჭიროება ძალიან მცირეა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ოფლიანობთ, როგორ იტვირთებით დღის გამავლობაში, გაქვთ თუ არა მენსტრუაცია და ა.შ.
ევოლუციურად ვულვა შეჩვეულია ბიოლოგიურ სითხეებთან – შარდთან, განავალთან, სისხლთან, სპერმასთან კონტაქტს. ასე იყო მანამდე, სანამ ძველმა რომაელებმა პირველი საპონი არ გამოიგონეს.
როდის დავიბანოთ
მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები ხშირად იბანენ ვულვას, მისი სპეციფიკური სუნი და “სისუფთავის” შეგრძნების სურვილია. ეს ცნობიერად თუ არაცნობიერად იმ საზოგადოების გავლენის შედეგია, რომელშიც მამაკაცები დომინირებდნენ და სადაც ქალის გარეთა სასქესო ორგანოები და ქალური სეკრეტები (ვაგინალური გამონადენი, მენსტრუალური სისხლი) საუკუნეების განმავლობაში “ჭუჭყიანად” აღიქმებოდა.
სხეულის ყველა ნაწილს თავისი სუნი აქვს. რაც უნდა ხშირად და ძვირად ღირებული ჰიგიენური საშუალებებით იბანოთ ტანი, ამ სუნს ვერ მოიშორებთ. საშოს და ვულვასაც თავისი სუნი აქვს. ყოველგვარი სუნი სამედიცინო პრობლემაზე არ მიუთითებს.
შორისსა და საზარდულის მიდამოში, ისევე როგორც იღლიებში, მრავლადაა საოფლე და აპიკრინული ჯირკვლები. ამ უკანასკნელთა მიერ გამომუშავებულ სეკრეტს სპეციფიკური სუნი აქვს, ცხიმოვანია, მჟავა ბუნებისა და ბუნებრივი ლუბრიკანტისა და კანის დამცავის როლს ასრულებს. როცა ეს ჯირკვლები გამართულად არ მუშაობს, ორგანიზმი პრობლემებს ეჯახება.
სამედიცინო ჩვენებით ვულვის ხშირი ბანა რეკომენდებულია იმ ქალებისთვის, რომლებსაც შარდისა და განავლის შეუკავებლობის პრობლემა აქვთ, რადგან შარდსა და განავლოვან მასებს ბუნებრივი ცხიმოვანი ბარიერის დარღვევა შეუძლია, – ეს უკანასკნელი დიდ სასირცხო ბაგეებსა და საზარდულის მიდამოს მიკროტრავმებისგან, ანთებისა და ინფექციისგან იცავს, – ამიტომ საჭიროა, დამაზიანებელი ფაქტორები დროულად მოვაშოროთ კანს.
რა ადგილები დავიბანოთ
დავიწყოთ იმით, რა არ უნდა დავიბანოთ. საშოს შესავალი და მცირე სასირცხო ბაგეები იმავე ლორწოვანი გარსით არის დაფარული, რომლითაც საშო. დაბანაზე საუბრისას ყოველთვის კანი იგულისხმება. ლორწოვან გარსს დაბანა არ სჭირდება. მას აქვს თვითგაწმენდის ფუნქცია, რომელსაც ლორწოს გამოყოფის ინტენსივობის მიხედვით არეგულირებს. დასაბანი საშუალებები აშრობს ლორწოვანს და შესაძლოა, ანთებითი პროცესიც გამოიწვიოს, ამიტომ უმჯობესია, მხოლოდ თბილი წყლით ჩამოიბანოთ. ის კარგად აშორებს ჭუჭყს, ოფლს, შარდისა და განავლის ნარჩენებს.
საზარდული, დიდი სასირცხო ბაგეები, ბოქვენი და ანუსის მიდამო შეგიძლიათ თამამად დაიბანოთ საპნით და სხვა დასაბანი საშუალებებით, თუმცა ზოგს იმდენად ალერგიული ან მგრძნობიარე კანი აქვს, რომ ასეთ საშუალებებს უბრალოდ ვერ იყენებს.
დასაბანი საშუალებები
რაც უნდა კარგი რეკლამა და სასიამოვნო შემადგენლობა ჰქონდეს საპონს, ის მაინც აშრობს კანს და მის დამცავ ცხიმოვან საფარს. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ საპონი წყალთან ქიმიურ რეაქციაში შედის და დაბანისას კანის პH-ს 10-11-მდე ზრდის, მაშინ როდესაც ვულვის პH უფრო მჟავიანობისკენ არის მიდრეკილი და ნორმაში 5,3-5,6-ია.
საპონს გელები და კრემ-გელები სჯობია. ისინი კანის მჟავიანობას არ ცვლიან და მას დამცავ საფარველს არ აშორებენ.
საუკეთესო არჩევანი
ვინაიდან დასაბანი საშუალებების მწარმოებელი კომპანიები ნაირ-ნაირ პროდუქტს გვთავაზობენ, თანაც მუდმივად ცვლიან მათ ფორმულას, მოგვიწევს, ზოგადი რჩევებით შემოვიფარგლოთ:
* თუ რომელიმე დასაბან საშUალებას გარკვეული ხნის განმავლობაში იყენებდით და მოგწონთ, ატყობთ, რომ ის უხდება თქვენს კანს და აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს, ნუ შეცვლით.
* შეარჩიეთ საშუალებები, რომელთა პH 5,3-დან 7,0-მდე მერყეობს. ოპტიმალურია ვულვის პH-თან მიახლოებული მაჩვენებელი – 5,3-5,6.
* ნუ მოგატყუებთ ტერმინები “საბავშვო”, “მსუბუქი”, “პH ბალანსი”, “დერმატოლოგიურად`გინეკოლოგიურად ტესტირებული”. ეს მარკეტინგული ტერმინებია და მათ სამეცნიერო ღირებულება არ გააჩნია.
* თუ დასაბანმა საშუალებამ კანი გაგიღიზიანათ (თუნდაც რამდენიმეწლიანი ხმარების შემდეგ), აუცილებლად გამოცვალეთ.
* თუ გელს საპონი გირჩევნიათ, უმჯობესია თხევადი იხმაროთ.
ვულვის ესთეტიკა
ქალების 40% ბოქვენის თმას იშორებს – ზოგი – ესთეტიკური მოსაზრებით, ზოგი – სისუფთავის შეგრძნებისთვის, ზოგი კი სქესობრივი კონტაქტის დროს თავს ასე უფრო კომფორტულად გრძნობს.
ბოქვენის თმა კანის სხვა უბნების თმოვანი საფარველისგან განსხვავდება. ვულვის არეში თმის ფოლიკულები კანში უფრო ღრმადაა განლაგებული, თანაც ერთმანეთისგან უფრო შორიშორს (ამიტომ თმა ამ ადგილას უფრო მეჩხერია). განსაზღვრული სიგრძის მიღწევის შემდეგ ზრდის ტემპი მცირდება ან თმა იხვევა. გარდა ამისა, ბოქვენის თმის ღერი უფრო უხეში და მსხვილია. სხვა უბნებზე არსებულ თმოვან საფარველთან ბოქვენის თმას ის აქვს საერთო, რომ ასაკთან ერთად ისიც თხელდება და ჭაღარავდება.
თავის ვულვასა და ბოქვენს ქალი ბავშვობაშივე ეცნობა, როცა თმოვანი საფარველი ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამიტომ აღიქვამენ ქალები უთმო ვულვას ნორმად. მეორე მხრივ, ბოქვენზე თმის ზრდა სქესობრივი მომწიფების ასაკში იწყება, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბოქვენზე თმა ნამდვილი ქალურობის სიმბოლოა.
ის, რომ თმის მოშორება ამძაფრებს სიამოვნებას სქესობრივი კონტაქტის დროს, კვლევებით არ დასტურდება.
ბოქვენიდან თმის მოშორების მეთოდები
ბოქვენიდან თმის მოშორების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: დეპილაცია და ეპილაცია. დეპილაცია გულისხმობს თმოვანი საფარველის მოშორებას კანის ზედაპირიდან, ხოლო ეპილაცია – თმის ღერის ამოღებას ფესვითა და ფოლიკულითურთ.
დეპილაციის ეფექტი ორი კვირა გრძელდება, ხოლო ეპილაციისა – 6-8 კვირა (დამოკიდებულია თმის ზრდის ტემპზე).
სამედიცინო თვალსაზრისით ყველაზე უსაფრთხო მეთოდი თმის შეკრეჭაა, რაც თმის სიგრძის შემოკლებას გულისხმობს. ამ დროს მიკროტრავმის ალბათობა მინიმალურია. კანის დაზიანება ზრდის ინფექციის განვითარების რისკს, რასაც განსაკუთრებით უნდა უფრთხილდნენ სუსტი იმუნიტეტის მქონე ქალები (მაგალითად, დიაბეტიანები, ონკოლოგიური პაციენტები, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ). მათთვის უმჯობესია, გაპარსვაზე უარი თქვან და უფრო უსაფრთხო მეთოდს მიმართონ.
დეპილაციის მეთოდები
დეპილაციის ყველაზე გავრცელებული მეთოდი გაპარსვაა, რომელიც ხშირად იწვევს მიკროტრავმებს და ჭრილობებს. თუ მაინც ეს მეთოდი გირჩევნიათ, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
* გაპარსვისთვის საუკეთესოა დრო აბაზანის მიღების შემდეგ – თბილი წყალი არბილებს ფოლიკულებს და გაპარსვას აადვილებს. ასე კანის დაზიანებასაც აიცილებთ თავიდან.
* აუცილებლად გამოიყენეთ საპარსი ქაფი, გელი, საპონი ან რომელიმე დასაბანი საშუალება.
* გაიპარსეთ თმა მისი ზრდის მიმართულებით – ამ დროს მცირდება თმის ღერის ჩატეხვისა და ჩაბრუნების რისკი.
* გამოიყენეთ ერთპირიანი საპარსი. ორპირიანის ხმარებისას პირველი პირი თმის ღერს წამოსწევს, მეორე კი ჭრის. კანის ზედაპირთან რაც უფრო ახლოს იჭრება ღერი, მით უფრო დიდია მისი ჩაბრუნების რისკი.
* გაპარსვისას კანი ხელით არ გადაიჭიმოთ – ასე კანის დაზიანების რისკი იმატებს.
* ხშირად ცვალეთ საპარსი (3-4 ხმარების შემდეგ გადააგდეთ). შეინახეთ სუფთად და მშრალად.
არსებობს ქიმიური დეპილატორები, რომლებიც უმეტესად კალციუმისა და ნატრიუმის ჰიდროქსიდებისგან შედგება. ისინი უმეტესად კრემის სახით გამოდის, რომელიც კანზე უნდა წაისვათ და გარკვეული ხნით დაიტოვოთ. ამ დროს მოსალოდნელია კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქცია.
არ გამოიყენოთ დეპილატორი მცირე სასირცხვო ბაგეებზე და ანუსის გარშემო.
ეპილაცია
შუგარინგი და ცვილით ეპილაცია გავრცელებული მეთოდებია. კანზე ისმება წებოვანი ნივთიერება, რომელიც მჭიდროდ ეკვრის თმის ღერს და მოქაჩვისას მას ფოლიკულიდან ამოგლეჯს. არსებობს თმის ცვილით მოშორების ცივი და ცხელი ტექნიკა, ხოლო შუგარინგი ცხელი მეთოდით ტარდება.
არცერთი ეს მეთოდი არ არის ნაკლებად ტრავმული. ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს კანის ზედაპირული დამწვრობისა და მიკროტრავმის მიღების რისკი. ზოგიერთ სალონში შესაძლოა კანის ადგილობრივი ანესთეზია შემოგთავაზონ (ლიდოკაინით ან ნოვოკაინით), მაგრამ გირჩევთ, მისგან თავი შეიკავოთ – როდესაც მგრძნობელობა დაქვეითებულია, დამწვრობისა და ტრავმის მიღება უფრო ადვილია.
თმის ლაზერული მოშორება
ლაზერით თმის მოშორებისას ენერგიის სხვადასხვა წყარო გამოიყენება – სინათლის სხივი, ალექსანდრიტი, დიოდი და სხვა. მელანინი, რომელიც ჩვენს კანშია და კანისთვის ფერის მიმცემი და დამცველობითი ფუნქცია აკისრია, სხვადასხვა სიგრძის (690 დან 1200 ნმ-მდე) ტალღებს შთანთქავს. სწორედ მელანინის არსებობა და რაოდენობა განსაზღვრავს ლაზერული ეპილაციის პროცედურის ეფექტიანობას. მელანინი შთანთქავს ლაზერის სხივებს და თმის ფოლიკულისკენ მიმართავს. სხივის მოხვედრისას თმის ფოლიკული ზიანდება და თმის ღერის ზრდის ტემპი იკლებს (ან ზრდა სრულიად წყდება).
ბაცი თმის მოშორება უფრო ძნელია, ვიდრე მუქის, ვინაიდან ბაცი კანი ნაკლებ მელანინს შეიცავს, შესაბამისად, ლაზერი ნაკლებ გავლენას ახდენს თმის ფოლიკულზე.
თმის ლაზერული მოშორება პერმანენტული მეთოდი არ არის, ვინაიდან თმის ფოლიკული მაინც აღდგება. ისიც გახსოვდეთ, რომ ლაზერის ტიპი კანის ფერის მიხედვით ირჩევა, ამიტომ მეთოდის შესარჩევად სპეციალისტს მიმართეთ.
სამწუხაროდ, არ არსებობს სამედიცინო კვლევები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა თმის მოშორების ეფექტიანობის დადგენა და ექიმები უფრო კონკრეტულ რჩევებს მისცემდნენ პაციენტებს, თუმცა ბოქვენსა და ვულვაზე თმის მოშორების ნებისმიერ პროცედურას შეიძლება ისე მივუდგეთ, როგორც მცირე ქირურგიულ ჩარევას და ასეთი ჩარევისთვის შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების თანახმად ვიმოქმედოთ:
* მთავარი გართულება, რომლის თავიდან აცილებაც გვსურს, ინფექცია და კანის ადგილობრივი გაღიზიანებაა, ამიტომ პროცედურის წინ (რაც უნდა მოწესრიგებული იყოთ) გაიწმინდეთ საპროცედურო არე ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცით.
* პროცედურის მომდევნო 24 საათის განმავლობაში უზრუნველყავით ვულვის მიდამოს სისუფთავე და სიმშრალე. სასურველია, დღის ბოლომდე არ დაიბანოთ (ეს თავიდან აგაცილებთ კანის ბაქტერიების სხვა უბანზე გადატანას);
* პროცედურის შემდეგ ჩაიცვით ახალი საცვალი, მეორე დღიდან კი დაიწყეთ დამატენიანებელი კრემის წასმა, პროცედურიდან ერთი კვირის შემდეგ პერიოდულად გაიწმინდეთ კანი სალიცილის სპირტით, რათა თავიდან აიცილოთ თმის ფოლიკულების დახშობა და ამის შედეგად თმის ჩაბრუნება.
სესილი ცირეკიძე