ფაბრის დაავადება
გააზიარე:
არსებობს დაავადებები, რომლებიც ჯერ კიდევ დაბადებამდე იქცევა ჩვენს თანამგზავრად. თაობიდან თაობაში ინფორმაციის გადატანას ადამიანის დნმ-ს მონაკვეთი – გენი უზრუნველყოფს. სწორედ გენებში მომხდარი ცვლილებები განაპირობებს მემკვიდრეობით პათოლოგიებს.
გვინდა, გესაუბროთ იშვიათ დაავადებაზე, რომელიც ერთ-ერთ გენში მომხდარი მუტაციის შედეგია. ეს დაავადება პირველად დერმატოლოგმა იოჰანეს ფაბრიმ და ქირურგმა უილიამ ანდერსონმა აღწერეს. მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
რა იწვევს?
ფაბრის დაავადება, იგივე ანდერსონ-ფაბრის დაავადება, ლიზოსომური დაგროვების ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ლიზოსომა უჯრედში შემავალი ორგანელაა, რომელიც მომნელებელ ფერმენტებს შეიცავს. ამ ფერმენტების ფუნქცია ჭარბი, მავნე და ნარჩენი პროდუქტების მონელება და უჯრედული კომპონენტების განახლებაა. ფაბრის დაავადება სწორედ ერთ-ერთი ლიზოსომური ფერმენტის, ალფა გალაქტოზიდაზა A-ს (Gal A), დეფიციტია. ამ ფერმენტის ფუნქცია გლიკოლიპიდების, კერძოდ, გლობოტრიოზილცერამიდის (Gb3 ან Gl-3) დაშლაა. მისი დეფიციტის გამო გლიკოლიპიდების დაშლა ვერ ხერხდება, რაც იწვევს ცხიმის მოლეკულების ტოქსიკურ დაგროვებას სხვადასხვა ორგანოს სისხლძარღვთა ენდოთელიუმში (შიგნითა შრე), ეპითელური და გლუვი კუნთების უჯრედებში, შედეგად კი ქსოვილები და ორგანოები ზიანდება.
ვის ემართება
მსოფლიოში ეს დაავადება 40 000-დან ერთ ადამიანს აქვს. კავკასიურ რასაში (მოიცავს ევროპის, დასავლეთი აზიის, ინდოეთის ნახევარკუნძულისა და ჩრდილოეთ აფრიკის ადგილობრივ მოსახლეობას) სიხშირე უფრო მაღალია – ყოველ 70 000-იდან ერთი. გვხვდება აფროამერიკელებს, ესპანელებსა და აზიელებს შორისაც. უფრო ხშირია და მძიმედ მიმდინარეობს კაცებთან. ქალებთან შესაძლოა მსუბუქი სიმპტომებით გამოვლინდეს ან უსიმპტომო დარჩეს.
დაავადების ტიპები
განასხვავებენ დაავადების ორ ძირითად ტიპს:
I ტიპი – კლასიკური: საერთოდ არ შეინიშნება ან ოდნავ არის გამოხატული ალფა გალაქტოზიდაზა A-ს ფერმენტული აქტივობა, რომლის შედეგადაც გლიკოლიპიდები დიდი რაოდენობით გროვდება კაპილარებსა და მცირე კალიბრის სისხლძარღვებში და იწვევს სიმპტომებს ბავშვობის ან მოზარდ ასაკში. დაავადების ეს ფორმა მძიმედ მიმდინარეობს და მდგომარეობის თანდათანობითი გაუარესება ახასიათებს;
II ტიპი – ატიპური (მოგვიანებითი დასაწყისი): ალფა გალაქტოზიდაზა A მეტად აქტიურია, რაც განაპირობებს გლიკოლიპიდების ნაკლები რაოდენობით დაგროვებას კაპილარებსა და მცირე კალიბრის სისხლძარღვებში. ეს ტიპი ვლინდება უმეტესად 40 წლიდან თირკმლის და`ან გულის დაავადებით.
ნიშნები და სიმპტომები
I ტიპის მქონე მამაკაცებთან დაავადება, ჩვეულებრივ, ბავშვობის ან მოზარდ ასაკში იწყება, ასაკის მატებასთან ერთად კი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, რაც იმის ბრალია, რომ გლიკოლიპიდები თანდათანობით გროვდება მცირე კალიბრის სისხლძარღვებში, თირკმლის განსაზღვრულ უჯრედებში – პოდოციტებში და კარდიომიოციტებში, რასაც საბოლოოდ თირკმლის ან გულის დაავადებამდე მივყავართ.
დაავადების I ტიპის ადრეული და პროგრესირებადი კლინიკური გამოვლინებებია:
* აკროპარესთეზიები – პაციენტს უჩნდება ძლიერი წვის შეგრძნება მტევნებისა და ტერფების არეში. ტკივილი ადრეული სიმპტომია და 2-8 წლის ასაკში ვლინდება. შესაძლოა იყოს ეპიზოდური ან ქრონიკული. ეპიზოდური ტკივილი ხშირად დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან, დაღლილობასთან, სტრესთან, ცხელებასთან.
* ანჰიდროზი, ჰიპო- ან ჰიპერჰიდროზი – ოფლის გამოყოფის გაძლიერება, შემცირება ან შეწყვეტა, თერმორეგულაციის მოშლა. დამახასიათებელია პირველი ტიპით დაავადებული ორივე სქესის ადამიანებისთვის;
* ანგიოკერატომა – მოწითალო ან მუქი ლურჯი გამონაყარი კანზე, უმეტესად – თეძოებისა და მუხლების არეში, რომლის არეალიც შესაძლოა გაიზარდოს. I ტიპით დაავადებულ მამაკაცებს გამონაყარი უმეტესად ჭიპისა და გენიტალიების არეში უჩნდებათ;
* კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები – მიმდინარეობს მუცლის ტკივილით, კუჭის მოქმედების გახშირებით და დიარეით, რაც ნაწილობრივ დიდი რაოდენობის საკვების მიღებასთან არის დაკავშირებული;
* რქოვანას დისტროფია (კვების დარღვევა) – დაკავშირებულია რქოვანაში გლიკოლიპიდების დიდი რაოდენობით ჩალაგებასთან.
სხვა სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა ფაბრის დაავადებასთან იყოს დაკავშირებული, არის ქრონიკული დაღლილობა, თავბრუ, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, გულისრევა`ღებინება, მომწიფების შეფერხება, თმიანი საფარველის გათხელება ან თმის ზრდის შეფერხება, იშვიათად – თითის სახსრების მალფორმაცია (ანომალია), ლიმფედემა ლიმფურ სისტემაში გლიკოლიპიდების ჩალაგების შედეგად ლიმფური სისტემის შეფერხებული დრენაჟის გამო.
II ტიპით დაავადებულებთან სიმპტომები უფრო გვიან ვლინდება. მას, I ტიპისგან განსხვავებით, კანის დაზიანება, თბორეგულაციისა და ოფლის გამოყოფის დარღვევა, ტკივილები და რქოვანას პათოლოგიები არ ახასიათებს. ნაცვლად ამისა, ვითარდება თირკმლის, გულის დაავადებებისა და ინსულტის კლინიკური სურათი. თირკმლის უჯრედებში გლიკოლიპიდების ჩალაგება იწვევს ორგანოს ფუნქციის მოშლას, საბოლოოდ კი თირკმლის უკმარისობამდე მივყავართ. გულის ქსოვილში გლიკოლიპიდების ჩალაგებას მოჰყვება გულის გადიდება, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, არითმია და გულის უკმარისობა. მამაკაცთა 7 და ქალთა 4 პროცენტთან გლიკოლიპიდების ჩალაგება 40 წლიდან შესაძლოა იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტის მიზეზად იქცეს. ფილტვში გლიკოლიპიდების ჭარბი დაგროვება იწვევს ფიბროზს (დანაწიბურება), ჰაერგამტარი გზების ობსტრუქციულ დაავადებას (სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევა) ან ობსტრუქციას და რესტრიქციას (ფილტვის ქსოვილის ელასტიკურობის დაქვეითება ან მისი მოცულობის შემცირება) ერთად. რაც შეეხება ორგანოთა სხვა სისტემებს, მოსალოდნელია სმენის დაქვეითება, ტინიტუსი (მუდმივი შუილი ყურებში), თავბრუ, ვერტიგო (წონასწორობის დარღვევა). მოზარდებთან ხშირად გვხვდება სმენითი ნეიროპათია, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე მიანიშნებს და ვნებს ცხოვრების ხარისხს. დაავადება შესაძლოა დეპრესიითაც გამოვლინდეს, განსაკუთებით – პირველი ტიპით დაავადებულ მამაკაცებთან.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა არც ისეთი ადვილია, ხშირად შეცდომით ისმება ფიბრომიალგიის, ართრიტის, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი. დიაგნოსტიკის პირველი ეტაპია გასინჯვა სხვადასხვა ქსოვილისა თუ ორგანოს დაზიანების დასადგენად. ლაბორატორიული გამოკვლევებიდან ინფორმაციულია შარდის მიკროსკოპული ანალიზი, რომელმაც შესაძლოა გამოავლინოს თუთის მსგავსი წარმონაქმნები (mulberry bodies) შარდში – ეპითელური უჯრედები მათში დაგროვილი გლიკოლიპიდებით. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევით შესაძლოა გამოვლინდეს ელექტროლიტური დისბალანსი, პროტეინურია (შარდში ცილის არსებობა).
ლაბორატორიულად მამაკაცებთან ვლინდება გლიკოსფინგოლიპიდ გლობოტრიოზილცერამიდის მატება ან ალფა გალაქტოზიდაზა A-ს დეფიციტი. ქალებთან ეს ფერმენტები შესაძლოა ნორმაში იყოს, ამიტომ როდესაც ეჭვი ჩნდება ფაბრის დაავადებაზე და აშკარაა მისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, სავარაუდო დიაგნოზის გადასამოწმებლად აუცილებლად ტარდება მოლეკულურ-გენეტიკური ტესტი.
ფაბრის დაავადებით გამოწვეული გულისმხრივი პათოლოგიები: სარქველთა დაზიანება, პარკუჭოვანი ჰიპერტროფია, –ექოკარდიოგრაფიულად უნდა შეფასდეს. ელექტროკარდიოგრაფიამ ასევე შესაძლოა გამოავლინოს გამტარი სისტემის დარღვევები და გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი.
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვითი გამოკვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია საჭიროა ინფარქტის კერის დასადგენად, ხოლო ანგიოგრაფია – თავის ტვინის სისხლძარღვების შესაფასებლად. სადიაგნოსტიკოდ ასევე შესაძლოა ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპია და პოზიტრონულ-ემისიული ტომოგრაფია (PET).
კანის ბიოფსია ერთ-ერთი სარწმუნო კვლევაა ფაბრის დაავადების დიაგნოსტიკის დროს, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია კანის უჯრედებში აკუმულირებული გლიკოლიპიდების გამოვლენა. ლიპიდები გროვდება ენდოთელურ, ეპითელურ, განგლიურ უჯრედებსა და კუნთოვან ბოჭკოებში.
დამატებით შესაძლოა ჩატარდეს პრენატალური დიაგნოსტიკა და ახალშობილთა სკრინინგი ფაბრის დაავადებაზე.
მკურნალობა
ფაბრის დაავადება ორგანოთა თითქმის ყველა სისტემას აზიანებს, ამიტომ მოითხოვს კომპლექსურ მკურნალობას, რომელიც მდგომარეობის მიხედვით, ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს თითოეული პაციენტისთვის. ნივთიერებათა პათოლოგიური დაგროვების საწინააღმდეგოდ მიმართავენ ადიუვანტურ თერაპიას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ორგანოთა შეუქცევდი დაზიანება. მკურნალობის ქვაკუთხედია ფერმენტჩანაცვლებითი თერაპია (ERT), რომელიც უჯრედებში გლიკოლიპიდების დაგროვებას ამცირებს. გლიკოლიპიდები სინთეზური ფერმენტებია, რომლებსაც ხელოვნური დნმ-სგან აწარმოებენ და ვენიდან უშვებენ სხეულში.
დაზიანებულ ორგანოთა სისტემებს ისევე მკურნალობენ, როგორც ამ სისტემათა დაზიანების ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. შეუქცევადი დაზიანებისას შესაძლოა ტრანსპლანტაცია ჩატარდეს.
ცხოვრება ფაბრის დაავადებით
ფაბრის დაავადების დროს ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება პროცესი, რადგან დაავადება განუყვეტლივ პროგრესირებს და თანდათან მძიმდება. ის აზიანებს ორგანოთა თითქმის ყველა სისტემას და შეუძლია, ორგანოთა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები გამოიწვიოს. ფაბრის დაავადების მქონე ბავშვები ხშირად აღწევენ ზრდასრულ ასაკს და შესაბამისი მკურნალობით სიცოცხლის მაღალ ხარისხს, თუმცა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა პოპულაციის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე 10-20 წლით ნაკლებია. მამაკაცებთან დაავადება უფრო აგრესიულად მიმდინარეობს და ახალგაზრდობაშივე ვლინდება მძიმე გართულებებით, თუმცა მკურნალობის შედეგად სიმპტომები თანდათან მცირდება და მდგომარეობა უმჯობესდება, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ცხოვრების ხარისხზე დადებით გავლენას ახდენს.
ადეკვატურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია კვებით, ნაკლებმარილიანი და ნაკლებცხიმიანი დიეტის დაცვა, რაც სიმპტომებს ამსუბუქებს.
მარიამ ჯანიაშვილი