არცთუ უწყინარი ცხიმგროვა - მრავლობითი სიმეტრიული ლიპომატოზი
გააზიარე:
კანქვეშ ბევრს აქვს ამა თუ იმ ზომის ცხიმგროვა, რომელიც უმნიშვნელო კოსმეტიკურ დეფექტად მიაჩნია და აზრადაც არ მოსდის, რომ მან შესაძლოა ადამიანის სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე. საქმე ეხება მრავლობით სიმეტრიულ ლიპომატოზს, რომელსაც მადელუნგის დაავადებასაც უწოდებენ. მადელუნგი გახლდათ გერმანელი ქირურგი, რომელმაც 1888 წელს ამ დაავადების მქონე 33 პაციენტი აღწერა.
მაინც რითია საშიში ეს თითქოსდა უწყინარი წარმონაქმნი? ამის შესახებ თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია გვესაუბრება, რომელსაც საქართველოში დაავადების შვიდი შემთხვევა აქვს აღწერილი:
– მადელუნგის დაავადება, მრავლობითი სიმეტრიული ლიპომატოზი, იშვიათი სნეულებაა, რომელსაც ცხიმგროვების სიმეტრიული ზრდა ახასიათებს. ის უმეტესად 30-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებს ემართებათ, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლს, თუმცა ზოგჯერ ქალებსა და ალკოჰოლისადმი მიდრეკილების არმქონე პირებთანაც გვხვდება.
მიზეზები
– სიმეტრიული ლიპომატოზის მიზეზი დანამდვილებით არ არის ცნობილი, თუმცა რამდენიმე თეორიას განიხილავენ. ორგანიზმის მიერ ცხიმების ათვისების უნარის დაქვეითება, სავარაუდოდ, დაავადების ენდოკრინულ ბუნებაზე მიანიშნებს: ენზიმების დეფექტმა ან უჯრედთა ზედაპირის ცვლილებამ შესაძლოა ცხიმის დაშლის შეფერხება გამოიწვიოს და მის დაგროვებამდე მიგვიყვანოს. უახლესი გამოკვლევები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დაავადება ადიპოზური ცხიმოვანი უჯრედების მიტოქონდრიათა რეგულაციის დარღვევას უკავშირდება.
მრავლობითი ცხიმოვანი ლიპომატოზის განვითარებაში, როგორც მოგახსენეთ, დიდ როლს ასრულებს ალკოჰოლიც. ათიდან ცხრა დაავადებული მას ჭარბად მოიხმარს.
განსაკუთრებით საყურადღებოა სტეროიდების (პრედნიზოლონის) ხანგრძლივი მიღების შემდეგ განვითარებული მადელუნგის დაავადება.
მრავლობითი სიმეტრიული ლიპომატოზის განვითარებაში გენეტიკურ ფაქტორებსაც მიუძღვის ბრალი. ამის დასტურია დაავადების შემთხვევები ერთი და იმავე ოჯახის წევრებს შორის. ასეთი ადამიანების მიტოქონდრიულ დნმ-ში მუტაციური ცვლილება შეინიშნება.
სიმპტომები
– მადელუნგის დაავადების კლინიკური გამოვლინება მეტად ვარიაბელურია. მისი მთავარი სიმპტომია სიმეტრიული ცხიმოვანი კვანძები (ლიპომები) კისრის გარშემო, მხრებზე, ზურგზე, ბარძაყებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე. იშვიათად ეს კვანძები სწრაფად, რამდენიმე თვეში იზრდება, უმეტესად კი წლობით, ნელ-ნელა იმატებს ზომას და საბოლოოდ შესაძლოა ბატის კვერცხისოდენაც კი გახდეს. ცხიმგროვამ შესაძლოა კისრის მოძრაობა შეზღუდოს და ტკივილი გამოიწვიოს, თუმცა ავთვისებიან კვანძად მისი გადაგვარების რისკი ძალზე დაბალია.
ნერვზე ზეწოლის შემთხვევაში ლიპომა შესაძლოა პერიფერიული ნეიროპათიისა და ნევროლოგიური დარღვევის მიზეზადაც იქცეს, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, ხმის ჩახლეჩა, ძილის დარღვევა, ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), არტერიული წნევის ცვალებადობა, სუნთქვის გაძნელება. ცხიმოვანი კვანძის კუნთებში ჩაზრდას მიოპათიამდე მივყავართ.
ზოგჯერ ლიპომატოზს თან ახლავს სხვა მეტაბოლური დარღვევები ან სნეულებებიც: ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოიდიზმი, ღვიძლის დაავადებები...
– როდის არის საშიში მრავლობითი სიმეტრიული ლიპომატოზი?
– მადელუნგის დაავადებას კარგა ხანს უბრალო კოსმეტიკურ დეფექტად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ კვანძების ზრდა იწვევს საშიშ ზეწოლას ტრაქეაზე, კისრის, შუასაყრის, მუცლის მაგისტრალურ სისხლძარღვებზე, შარდის ბუშტზე, შარდსაწვეთზე, თირკმელებზე, ტვინზე. ასე რომ, დაავადება არცთუ უწყინარია და ყურადღებას მოითხოვს.
დიაგნოზი
– მრავლობითი სიმეტრიული ლიპომატოზის დაიგნოზის დასმა ძნელი არ არის. ექიმი პაციენტს გასინჯავს, მისი ავადმყოფობის ისტორიას გამოიკითხავს, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გამორიცხავს შუასაყარში ცხიმოვანი კვანძის არსებობას. არის შემთხვევები, როცა დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ლიპომის ბიოფსია. ზოგჯერ სისხლში მომატებულია მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე.
მკურნალობა
– დღესდღობით მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა ქირურგიული ჩარევა – ლიპომის ამოკვეთა ან ლიპოსაქცია (ცხიმის ამოსრუტვა). უკანასკნელი მეთოდი ნაკლებინვაზიურია, ამიტომ უმეტესად მას ამჯობინებენ. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ავთვისებიანი გადაგვარების რისკი მცირეა, თუ კვანძი სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მისი ამოკვეთა არ არის აუცილებელი. მათი აზრით, ქირურგიული ჩარევა მხოლოდ სასუნთქი გზების კომპრესიის ან ძლიერი ფიზიკური სიმახინჯის დროს უნდა მოხდეს.
ლიპომის ამოკვეთის ან ლიპოსაქციის შემდეგ ხშირია რეციდივი.
მკურნალობა ასევე გულისხმობს თანმხლები მეტაბოლური დარღვევების კორექციას და ალკოჰოლზე უარის თქმას.
საქართველოში
– 1988-2006 წლებში თსსუ ცენტრალური კლინიკის გასტროენტეროლოგიისა და ენდოკრინოლოგიის სექციაში, აგრეთვე – ამბულატორიულადაც, მრავლობითი სიმეტრიული ლიპომატოზის შვიდი შემთხვევა გამოვავლინეთ. ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 38 წლისა იყო, ყველაზე ხანდაზმული – 84 წლისა. ორი მათგანი ჭარბად მოიხმარდა არაყს. მათ ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტიც ჰქონდათ. პაციენტებს სხვა დაავადებებიც აღმოვუჩინეთ: ერთს – შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მეორეს – ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, მესამეს – რეფლუქსეზოფაგიტი, გასტრიტი, დუოდენიტი, 84 წლის მამაკაცს – შეკრულობა, ლერიშის სინდრომი და დიზურია.
განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შემთხვევა, როცა 73 წლის მამაკაცს უმიზეზოდ განუვითარდა ქოშინი. გულისა და ფილტვის დაავადებები გამოირიცხა. ჩვენი ყურადღება მიიპყრო მკლავებზე, ბარძაყებზე, ზურგსა და კისერზე სიმეტრიულად გავრცელებულმა სხვადასხვა ზომის ლიპომებმა. ვიეჭვეთ ლიპომის არსებობა შუასაყარშიც, რაც კომპიუტერული ტომოგრაფიითაც დადასტურდა. სამწუხაროდ, ავადმყოფმა უარი თქვა ოპერაციაზე. მისი შემდგომი ბედი ჩვენთვის უცნობია.
ყურადღება, ყურადღება!
– მადელუნგის დაავადების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდნენ დერმატოლოგებმა, ოჯახის ექიმებმა, კარდიოლოგებმა, ქირურგებმა. კანქვეშა სიმეტრიული ცხიმგროვების არსებობისას შესაძლოა სხვაგვარი ახსნა მოეძებნოს პაციენტის სისუსტეს, სუნთქვის გაძნელებას და დროული ოპერაციით ის სიკვდილს გადავარჩინოთ.
მარი აშუღაშვილი