ქოლეცისტექტომია: როდის არის საჭირო ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა
გააზიარე:
ნაღვლის ბუშტი იმ ორგანოთაგანია, რომელთა გარეშეც ცხოვრება შესაძლებელია. ეს არის მსხლის ფორმის რეზერვუარი, რომელშიც გროვდება ნაღველი – ღვიძლში წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი წვენი.
ქოლეცისტექტომია, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა, მთელ მსოფლიოში და, რასაკვირველია, საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებული ოპერაციაა.
როდის დაისმის ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის საკითხი? რატომ ხდება აუცილებელი ოპერაცია? როგორი შედეგი მოჰყვება მას? ამ და სხვა კითხვებზე ქირურგი, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ზოგადი ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვასილ აბულაძე გვიპასუხებს.
– რომელი პათოლოგიების დროს ამოკვეთენ ნაღვლის ბუშტს?
– ქოლეცისტექტომიის ძირითადი მიზეზი ათიდან ცხრა შემთხვევაში და უფრო ხშირადაც არის კალკულოზური ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტში კენჭებისა და ანთების ერთდროული არსებობა – და მისი გართულებები. ქოლეცისტექტომია ტარდება ნაღვლის ბუშტის პოლიპისა და სხვა სიმსივნური კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი პათოლოგიის დროსაც.
– რამ შეიძლება დაგვაეჭვოს, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭები გვაქვს?
– ქოლელითიაზი – ასე ვუწოდებთ მედიცინაში ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობას – შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და შემთხვევით აღმოაჩინონ სხვა მიზეზით ჩატარებული ექოსკოპიური გამოკვლევის დროს. კენჭის ან კენჭების მიერ ნაღვლის სადინარის დაბლოკვისას ხშირია ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ზოგჯერ – მთელ მუცელშიც, გულისრევა, ღებინება. საერთო სანაღვლე სადინარის დახშობის შემთხვევაში ვლინდება სკლერებისა და კანის იქტერუსი (სიყვითლე).
ასეთი ჩივილების დროს პაციენტი ოჯახის ექიმმა უნდა გაგზავნოს შესაბამის გამოკვლევაზე, თუმცა ჩვენთან, საქართველოში, ბევრი ოჯახის ექიმის კონსულტაციის გარეშე, პირდაპირ ექოსკოპიაზე მიდის.
როგორც არ უნდა იყოს, თუ მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტის დიაგნოზი დაისვა, საჭიროა ოპერაცია.
ოპერაციის ჩვენება
– თუ კენჭები გვაქვს, მაგრამ არ გვაწუხებს, მაინც საჭიროა ოპერაცია?
– ამის შესახებ ბევრს კამათობენ. მე იმ მოსაზრებას ვემხრობი, რომ ოპერაცია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, რადგან ლოდინს აზრი არ აქვს – კენჭები არ დაიშლება, სამაგიეროდ შესაძლოა, საერთო სანაღვლე სადინარში გადავიდეს და გაიჭედოს (ქოლედოქოლითიაზი), გამოიწვიოს მექანიკური სიყვითლე, ქოლანგიტი (სანაღვლე გზების ანთება), მწვავე პანკრეატიტი, მწვავე ქოლეცისტოპანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის განგრენა, პერფორაცია და სხვა. დიდი ქვა საერთო სანაღვლე სადინარში არ გადავა, მაგრამ შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ყელში გაიჭედოს, შედეგად ჩამოყალიბდეს გამოთიშული ნაღვლის ბუშტი ან განვითარდეს ნაღვლის ბუშტის ემპიემა ანუ ჩირქის დაგროვება.
ეს გართულებები სიცოცხლისთვის საშიშია და სწორედ მათ თავიდან ასაცილებლად ვემხრობი ოპერაციას ქოლელითიაზის დროს. აქვე გეტყვით, რომ, ზოგიერთი გაიდლაინის თანახმად, ნაღვლის ბუშტში კონკრემენტის არსებობისას მოსალოდნელი გართულებების პრევენციისთვის ოპერაციას ორსულებსაც კი უკეთებენ.
– რა შემთხვევაში თანხმდება ყველა, რომ ოპერაცია აუცილებელია?
– ერთმნიშვნელოვნად საოპერაციოა მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ყელში ან სადინარში ჩაჭედილი კონკრემენტი, გამოთიშული ნაღვლის ბუშტი, ემპიემა და სხვა. რაც შეეხება ნაღვლის ბუშტის კოლიკას (ტკივილის შეტევა, ჭვალი), ის შეიძლება მედიკამენტურად მოვხსნათ და ოპერაცია გადავდოთ, მწვავე პროცესი ქრონიკულში გადავიყვანოთ და მოგვიანებით, უკვე ცივ პერიოდში გავაკეთოთ ქოლეცისტექტომია.
– აქვს თუ არა აზრი კონსერვატიულ მკურნალობას?
– ქოლეცისტიტის სიმპტომების მართვა მცირე ხანს შესაძლებელია სპაზმოლიტიკებით, ანტიბიოტიკებით, ფერმენტებით და დიეტაში ცვლილებების შეტანით, კერძოდ, ცხიმოვანი საკვების შემცირებით, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ აგვაცილებს თავიდან ნაღვლის ბუშტის შეტევას. არსებობს კენჭების დამშლელი მედიკამენტებიც, მაგრამ მათ დაშლას რამდენიმე თვე ან წელი სჭირდება და თუნდაც ბოლომდე დაიშალოს, გამორიცხული არ არის, ისევ წამოიქმნას, ოპერაცია კი კენჭების განმეორებითი წარმოქმნისგან გვიცავს.
– როგორი პოლიპია საოპერაციო?
– პატარა (5-10 მმ) პოლიპებს ვაკვირდებით, განსაზღვრული ინტერვალებით ვამოწმებთ, იზრდება თუ არა. თუ პოლიპი დიდია, პაციენტს თავიდანვე ოპერაციას ვურჩევთ, რადგან უფრო მეტია შანსი, ის ათვისებიანი იყოს. საზოგადოდ, პოლიპების 5% ავთვისებიანია.
ღია თუ დახურული
– ოპერაცია ლაპაროსკოპიულად, დახურული წესით ტარდება ზოგადი ანესთეზის ფონზე. მუცელზე კეთდება რამდენიმე პატარა ჭრილობა, საიდანაც ინსტუმენტები შეგვყავს. თუ ქირურგს რამე დაბრკოლება შეხვდა, გადავდივართ ღია ოპერაციაზე. თავდაპირველად, როდესაც ლაპაროსკოპიული ოპერაციები ახალი დანერგილი იყო, უფრო ხშირად გვიწევდა ღია ოპერაციაზე გადასვლა. ამჟამად, როცა ტექნოლოგიებიც უფრო მეტად დაიხვეწა და ქირურგებიც უფრო მეტად დახელოვნდნენ, ამის საჭიროება სულ უფრო იშვიათაც წარმოიშობა.
ლაპაროსკოპიულ ოპერაციას ბევრი უპირატესობა აქვს: დამზოგველია – პაციენტი მეორე დღესვე დგება ფეხზე, მესამე დღეს კი სახლში მიდის; არ ტოვებს დიდ ჭრილობას, განსხვავებით ღია ოპერაციისგან, რომელიც მუცლის შუა ხაზზე ან მარჯვენა ფერდქვეშა არეში კუნთების მასიურ გაჭრას მოითხოვს.
რისკები
– რით შეიძლება გართულდეს ოპერაცია?
– სტანდარტული გართულებები, რომლებიც ნებისმიერი მეთოდით ჩატარებულ ნებისმიერ ოპერაციას ახასიათებს, არის სისხლდენა, ჭრილობის დაჩირქება, თრომბოემბოლია, ანესთეზიასთან დაკავშირებული პრობლემები (ანაფილაქსია, ყელის ტკივილი, გულისრევა). შესაძლებელია ნაღვლის ჩაღვრა მუცლის ღრუში, რის თავიდან ასაცილებლადაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნაღვლის ბუშტის სადინარი და საერთო სანაღვლე სადინარი ადეკვატურად იქნეს ვიზუალიზებული და ისე დაედოს კლიპსები, რომ არ დაზიანდეს, განსაკუთრებით – მწვავე ანთების დროს. საერთო სანაღვლე სადინარის დაზიანება ნაღვლის ბუშტზე ქირურგიული ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულებაა. ის ღია ოპერაციის დროსაც მოსალოდნელია, თუმცა წლების განმავლობაში ლაპაროსკოპიის დროს უფრო ხშირი იყო. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ლაპაროსკოპიული მეთოდის განვითარებასთან, 3D აპარატებისა და სხვა ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად გართულებები შესამჩნევად გაიშვიათდა.
– შესაძლოა თუ არა, ოპერაციის შემდეგ პანკრეატიტი განვითარდეს?
– მკაცრად გაწერილი გაიდლაინის მიხედვით, თუ მწვავე ქოლეცისტიტს ერთვის მწვავე პანკრეატიტი, ოპერაცია მწვავე პანკრეატიტის ჩაცხრომამდე არ ტარდება. თუ სანღვლე სადინარში ქვაა გადავარდნილი, ჯერ მას ვიღებთ სადინარიდან ენდოსკოპიურად და მერეღა ვატარებთ ქოლეცისტექტომიას. ამ წესების მკაცრი დაცვით თავიდან ვიცილებთ ყველა შესაძლო გართულებას.
ბუშტის გარეშე
– რამდენი ხანი სჭირდება სხეულის ნორმალურ რიტმზე გადაწყობას, ნაღვლის ბუშტის დაკარგვასთან შეგუებას და რით უნდა შეუწყოს პაციენტმა ამას ხელი?
– ქოლეცისტექტომიის შემდეგ 1-1.5 თვის განმავლობაში სხეული ახალ რეჟიმზე გადაეწყობა. ნაღველი ბუშტში აღარ გროვდება და ნაცვლად იმისა, რომ თორმეტგოჯა ნაწლავში მხოლოდ საკვების მიღების შემდეგ მოხვდეს, მასში მუდმივად ჩაედინება, რაც დისკომფორტს იწვევს. თუმცა თანამედროვე მედიცინისთვის არც ეს არის პრობლემა. არსებობს ეფექტური გასტროენტეროლოგიური სამკურნალო საშუალებები. ინიშნება ფერმენტები, სპაზმოლიტიკები, სულ ცოტა, ერთთვიანი დიეტა, ზოგჯერ – 2-3-თვიანიც. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ანთებადი, კენჭებით სავსე ნაღვლის ბუშტი ისედაც ვერ მუშაობს გამართულად.
– რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელსაც ნაღვლის ბუშტის გარეშე უწევს ცხოვრება?
– ნაოპერაციები პაციენტები ექვსი თვის შემდეგ განსხვავებას, პრაქტიკულად, ვეღარც კი გრძნობენ. მანამდე შესაძლოა განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება დასჭირდეთ, მერე უკვე ესეც აღარ არის საჭირო. დღეს აღარ მიიჩნევა, რომ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ ცხოვრების სტილის შეცვლა გარდაუვალია.
პრევენცია
კალკულოზური ქოლეცისტიტის განვითარების რისკის შესამცირებლად:
* უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს. ცხიმიანი და დაბალბოჭკოვანი დიეტა ზრდის ნაღვლის ბუშტის კენჭების გაჩენის რისკს. მის შესამცირებლად ჩართეთ რაციონში ბევრი ხილი, ბოსტნეული და მთლიანი მარცვლეული.
* შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. ჭარბი წონა ზრდის ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენის ალბათობას. ჯანსაღი წონის მისაღწევად შეამცირეთ კალორიების რაოდენობა და გაზარდეთ ფიზიკური დატვირთვა, ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად კი განაგრძეთ სწორი კვება და ვარჯიში.
* წონა ნელა უნდა დაიკლოთ. სწრაფი კლება ზრდის ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბების რიკს. თქვენი მიზანი კვირაში 0,5-1 კილოგრამის დაკლება უნდა იყოს.
მარი აშუღაშვილი