კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებები

გააზიარე:

მუცლის ტკივილი უმეტესად სრულიადაც არ გახლავთ საიმისო საბაბი, რომ პოლიკლინიკაში გავიქცეთ და რამდენიმე დღით ჩავწვეთ, მაგრამ არის 
შემთხვევები, როდესაც ატკივებულ მუცელს უბნის ექიმის კი არა, პირდაპირ ქირურგის დახმარება სჭირდება. სწორედ ამგვარ სახიფათო ტკივილს იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება – პანკრეატიტი, რომელიც ხშირად ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.

რა იწვევს პანკრეატიტს? რა პრინციპით მკურნალობენ მას? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს თბილისის პირველი საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ მეგრელაძე.

– კუჭქვეშა ჯირკვალს ანუ პანკრეასს ადამიანის ორგანიზმში ერთობ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია: იგი საჭმლის მონელებაში მონაწილეობს. უდავოა, რომ საკვების მონელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმის  არსებობისთვის.

მოგეხსენებათ, ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს რეგენერაციული ანუ აღდგენითი პროცესები. ამისთვის საჭიროა საშენი მასალა, რომელსაც ადამიანი საკვების სახით იღებს, მაგრამ საკვები ადეკვატურად უნდა  გადამუშავდეს და ჩალაგდეს ორგანიზმში ცვლის იმ საბოლოო პროდუქტების სახით, რომლებიც ცხოველმყოფელობისთვის არის საჭირო. ამ პროცესში ლომის წილი კუჭქვეშა ჯირკვალზე მოდის. ამას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც – თუ პანკრეასი დაზიანებულია, საჭმლის მონელების პროცესი ჯეროვნად ვერ წარიმართება.

პანკრეასის რომელი პათოლოგიაა ყველაზე მეტად გავრცელებული?
– კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებს შორის საქართველოში ყველაზე ხშირად მწვავე პანკრეატიტი ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება გვხვდება.

რისი ბრალია მწვავე პანკრეატიტის ასეთი გახშირება?
– კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთებას მეტწილად კვების რეჟიმის დარღვევა – მეტისმეტად ცხარე, ცხიმიანი საკვების მიღება, ხანგრძლივი შიმშილი – იწვევს. ამგვარი პრობლემა უმთავრესად დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში გვხვდება, სადაც მოსახლეობა არაჯანსაღ საკვებს ეტანება. ამას ერთვის ქართული ტრადიციული სამზარეულოს თავისებურება: ჩვენში ხომ უმთავრესად ცხიმიან, ცხარე კერძებს მიირთმევენ.
ძალზე ვნებს პანკრეასის ფუნქციას ალკოჰოლი, განსაკუთრებით – ფალსიფიცირებული სასმელები, რომლებიც უხვად არის ჩვენს ბაზარზეც.

კიდევ რომელი ფაქტორები განაპირობებს მწვავე პანკრეატიტის ჩამოყალიბებას?
– პანკრეატიტის ჩამოყალიბების მრავალი თეორია არსებობს. ამ თეორიების მიხედვით, დაავადების განვითარებაში ბრალი მიუძღვის სტრესულ ფაქტორს, არახელსაყრელ ეკოლოგიურ გარემოს, გენეტიკურ წინასწარგანწყობას. საზოგადოდ, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების რომელიმე ერთი მიზეზის გამოყოფა შეუძლებელია. პანკრეატიტს შეიძლება განაპირობებდეს იმ რისკფაქტორების ერთობლიობა, ზემოთ რომ ჩამოგითვალეთ (კვების რეჟიმის დარღვევა, სტრესი და ა.შ.).

უპირატესად რომელი სქესის წარმომადგენლებს შორის და რომელ ასაკობრივ ჯგუფში ვლინდება კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება?
– ერთ-ერთი თეორიის თანახმად, რომელსაც ჩვენი კლინიკური მონაცემებიც ადასტურებს, სანაღვლე გზების ანთება და პანკრეატიტი უფრო ქალებს აწუხებთ, თუმცა ზოგიერთ ქვეყნებში საპირისპირო მონაცემები გააჩნიათ. რაც შეეხება ასაკს, პანკრეასის შემთხვევები ასაკის კვალდაკვალ ხშირდება, თუმცა მწვავე ანთება, განსაკუთრებით – მისი ელვისებური ფორმა, ახალგაზრდებს შორის მეტია.

რა ნიშნები ახასიათებს პანკრეატიტს?
– პანკრეატიტის მთავარი ნიშანი გახლავთ ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია ეპიგასტრიუმის არეში (კუჭთან), აქვს შემომსალტველი ხასიათი და ზოგჯერ ბეჭის არეშიც ვრცელდება. გარდა ამისა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებას ახასიათებს პირის სიმშრალე, მუცლის შებერილობა, გულისრევა და ხშირი ღებინება. 
ნებისმიერი ამ ნიშნის არსებობისას უთუოდ უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რომელიც ექოსკოპიისა და სხვა დამატებითი გამოკვლევების მეშვეობით დიაგნოზს დასვამს და ადეკვატურ მკურნალობას დანიშნავს. 

რა გართულებებს უნდა ველოდოთ პანკრეასის დროს?
– პანკრეატიტი მეტად ვერაგი დაავადება გახლავთ. მას აუტოაგრესია ახასიათებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პათოლოგიის არსებობისას ორგანიზმმა შეიძლება საკუთარი ქსოვილიც კი დააზიანოს. 

ეგებ უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ, როგორ ვლინდება პანკრეატიტის აუტოაგრესია?
– კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ წვენს, რომელიც აქტიური ფერმენტებს შეიცავს. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ნაწლავის სანათურში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელება.  პანკრეასის წვენი, გარდა იმისა, რომ საჭმლის მონელებაში მონაწილეობს, ნაწლავის სანათურის ამომფენ ლორწოვანსაც ერჩის. მონელებული, ჩამოფცქვნილი ქსოვილი მალევე იცვლება ახლით – ლორწოვანი გარსი დაუყოვნებლივ განიცდის რეგენერაციას. ასეთი გამოთქმაც არსებობს: “ადამიანი ერთი ლორწოვანით საუზმობს და მეორით სადილობსო”. თუკი ქსოვილის თვითგანახლების პროცესი დარღვეულია, ნაწლავის სანათურში ლორწოვანი გარსი წყლულდება.

პანკრეატიტის დროს საჭმლის მომნელებელი წვენი ხვდება არა ნაწლავის სანათურში, არამედ სხვაგან, მაგალითად, მუცლის ღრუში ან თავად პანკრეასის ქსოვილში, სადაც რეგენერაციული პროცესი ნაწლავივით ინტენსიურად არ მიმდინარეობს, ამიტომ აგრესიული წვენი ორგანოს საგრძნობლად აზიანებს. სათავეს იღებს აუტოლიზისური პროცესი – პანკრეასში ჩაღვრილი წვენი საკუთარი ქსოვილს ინელებს.

ანთებითი პროცესის დროს პანკრეასის მიერ გამომუშავებული საჭმლის მომნელებელი წვენი შეიძლება მოხვდეს სისხლშიც (აქ საჭმლის მომნელებელი ფერმენტები სისხლძარღვის კედლის მონელებას იწყებს), რომლის მეშვეობითაც აღწევს თავის ტვინს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს და ა.შ. 
თუკი პანკრეატიტის დროს ელვისებური ფორმა ჩამოყალიბდება, ზემოაღნიშნული პათოლოგიური პროცესების გამო ადამიანი რამდენიმე საათში იღუპება.  

– როგორც თქვენი ნათქვამიდან ჩანს, მწვავე პანკრეასის რამდენიმე ფორმა არსებობს...

მართალი ბრძანდებით, არსებობს პანკრეასის ანთების ელვისებური ფორმა, რომელიც სულ რაღაც ექვს საათში ლეტალური შედეგით (სიკვდილით) სრულდება. გარდა ამისა, არსებობს ისეთი ფორმებიც, რომლებიც მკურნალობის შედეგად ცხრება, მწვავე პროცესი ქრონიკულში გადადის და ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე პათოლოგიასთან ერთად ცხოვრება, კვების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა უხდება.

რა პრინციპით მკურნალობენ პანკრეატიტს?
– სამწუხაროდ, პანკრეატიტის დროს აგრესიული ფერმენტების მოქმედების უვნებელმყოფი საშუალება  მედიცინას ჯერჯერობით არ გააჩნია. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის საბოლოო აგრესიული პროდუქტის წარმოქმნას, მაგრამ თუ ასეთი ნივთიერება უკვე წარმოიქმნა, მისგან გათავისუფლება შეუძლებელია. 

მწვავე პანკრეატიტის დროს მკურნალობის მთავარი მეთოდი ოპერაციული ჩარევაა. მისი არსი ასეთია: ვცდილობთ, პანკრეასის მიერ გამოყოფილ წვენს მივცეთ მიმართულება, რომ უადგილო ადგილას არ ჩაიღვაროს და ორგანოთა ქსოვილები არ დააზიანოს. აგრესიული წვენი შეიძლება დრენაჟებით გამოვდევნოთ, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. ფაქტობრივად, ოპერაცია პალიატიურია – სრული განკურნება არ ხდება, ადამიანს მხოლოდ მდგომარეობას ვუმსუბუქებთ. 

რა უდევს საფუძვლად ქრონიკულ პანკრეატიტს?
– ქრონიკული პანკრეატიტი მწვავე ანთების შედეგად ყალიბდება. როგორც წესი, ადეკვატური მკურნალობისა და დიეტის დაცვა პანკრეატიტის გამწვავებას მეტწილად თავიდან გვაცილებს.
ისიც შეიძლება, ქრონიკული ფორმა მწვავე პანკრეატიტის გარეშე, დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს.  

საჭიროა თუ არა მწვავე პანკრეასის გადატანის შემდეგ მკაცრი დიეტა?
– პათოლოგია ხელახლა რომ არ გამწვავდეს, უარი უნდა ვთქვათ ცხიმიან საკვებზე, ალკოჰოლზე. უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს უნდა მივანიჭოთ, კვების რაციონში პირველი ულუფა უთუოდ წვნიანი უნდა იყოს, ვიკვებოთ მცირე ულუფებით (დანაყრებამდე) და ხშირ-ხშირად, დღეში დაახლოებით ხუთჯერ.  

რას გვეტყვით პანკრეასის კიბოს შესახებ?
– პანკრეასის თავის კიბოს კონკრეტული მიზეზი, ისევე როგორც სხვა სიმსივნური პათოლოგიებისა, უცნობია. სამწუხაროდ, ეს პათოლოგია მეტისმეტად გვიან ვლინდება – მხოლოდ მაშინ, როდესაც ავადმყოფს სიყვითლე განუვითარდება. 

რა იწვევს სიყვითლეს?
– პანკრეასის თავის არეში არის ხვრელი, სადაც ნაღვლის საერთო სადინარი იხსნება. მისი საშუალებით ღვიძლში გამომუშავებული ნაღველი ნაწლავში ჩაედინება. სიმსივნური პროცესის დროს ეს ხვრელი იხშობა, ნაღველი გუბდება,  სისხლში გადადის და სიყვითლეს იწვევს. 
სიყვითლის გამოვლენის შემდეგ ოპერაციული ჩარევა, როგორც წესი, შედეგს აღარ იძლევა. 

დაბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?
– კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიებისგან თავი რომ დავიცვათ,  სასურველია, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. იმავეს ვურჩევ მათაც, ვისაც პანკრეასის ესა თუ ის დაავადება უკვე გამოაჩნდა. პათოლოგია კვლავ რომ არ გამწვავდეს, ყურადღება მიაქციეთ მართებულ კვებას და ცხოვრების რეჟიმი მოიწესრიგეთ.

გააზიარე: