უსაფრთხო ლაქი

გააზიარე:

კლასიკური წითელი, აქტუალური შავი თუ ტრენდული ნეონისფერი – კოსმეტიკურ ბაზარზე ფრჩხილის ლაქის დიდი არჩევანია. ქალების უმრავლესობა კვირაში ერთხელ მაინც იღებავს ფრჩხილებს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ლაქი ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიურ კომპონენტებსაც შეიცავს. მომხმარებელთა ორგანიზაცია “Stiftung Warentest”-მა 114 ლაქიდან 67-ში  მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა. ზოგიერთი – იმდენად დიდი რაოდენობით, რომ ლაქი ხმარებიდან ამოიღეს.

მავნე ნივთიერებები

ტრიფენილფოსფატი (Triphenyl phosphate (TPHP) ლაქს სიპრიალეს სძენს. ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრილი ეს ნივთიერება არღვევს ჰორმონულ ბალანსს და ყველაზე უარეს შემთხვევაში მავნე გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ბენზოფენონი (Benzophenone) ულტრაიისფერი გამოსხივების ფილტრია და ლაქს მზის სხივების ზემოქმედებისგან იცავს. მისმა სიჭარბემ შესაძლოა მწვავე ალერგიული დაავადება გამოიწვიოს.

ფორმალდეჰიდი (Formaldehyde) კონსერვანტია, რომლის წყალობითაც ლაქი დიდხანს ძლებს. სამწუხაროდ, შეუძლია ალერგიული რეაქციების – სიწითლის, გამონაყარის, კანის გაღიზიანების – გამოწვევა. ზოგიერთი კვლევის თანახმად, მისმა სიჭარბემ შესაძლოა კიბოც კი გამოიწვიოს. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ, ლაქში მისი შემცველობა 1%-ს არ  აღემატებოდეს.

ნიტროზამინები (Nitrosamine) მავნე ნივთიერებათა ჯგუფია, რომლებსაც კარცეროგენული თვისებები აქვს, თუმცა ლაქის შემადგენლობის ჩამონათვალში მათ ვერ იპოვით. საქმე ის არის, რომ ეს ნივთიერებები ლაქის წარმოებისას წარმოიქმნება. ბოლომდე არ არის გარკვეული, რატომ. ვარაუდობენ, რომ მის წარმოქმნაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ნიტროცელულოზას, რომელიც  ლაქის შემადგენლობაში შედის.

ტოლუოლი (Toluol) გამხსნელია, რომელსაც ბევრი ლაქი შეიცავს. მის სიჭარბეს შეუძლია, დააზიანოს ღვიძლი და თირკმელები. უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვული სისტემაზეც.

ფტალატები (Phthalate (DBP)) სირბილეს ანიჭებს ლაქს, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ჰორმონულ ბალანსზე და საფრთხეს უქმნის რეპროდუქციულ სისტემას.

ქაფურიც (Camphor) ლაქის სირბილისთვისაა, მაგრამ ორგანიზმში ჭარბად მოხვედრისას შესაძლოა გამოიწვიოს ღებინება, თავბრუხვევა და ალერგიული რეაქციები.

პარაბენები (Parabens) კონსერვანტებია, რომლებიც ბევრ კოსმეტიკურ საშუალებაში გვხვდება. ვარაუდობენ, რომ უარყოფითად მოქმედებს ჰორმონულ ბალანსზე.

ქსილენი (Xylene) გამხსნელია, რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

ნაკლებად მავნე

რამდენად მავნეა ფრჩხილის ლაქი, ამას ფლაკონზე არსებული აღნიშვნა მიგახვედრებთ: 3-Free, 5-Free, 7-Free ან 10-Free. ის იმაზე მიუთითებს, რომ ლაქი ამა თუ იმ მავნე ნივთიერებას არ შეიცავს. 

რაც უფრო დიდია რიცხვი, მით უფრო ნაკლებია ლაქში საეჭვო ნივთიერება. თუმცა ეს აღნიშვნები სტანდარტული არ არის. მწარმოებელი თვითონ წყვეტს, რომელ მავნე ნივთიერებებზე თქვას უარი. ამიტომ სასურველია, ლაქის  შემადგენლობაც აკონტროლოთ. ძირითადად კი აღნიშვნები შემდეგ ნივთიერებებს გამორიცხავს:

3-Free – არ შეიცავს ფორმალდეჰიდს, ტოლუოლს და დიბუტილ ფტალატს (DBP).

5-Free – უკვე ჩამოთვლილ ნივთიერებებთან ერთად არ შეიცავს ქაფურს.

7-Free – უკვე ჩამოთვლილ ნივთიერებებთან ერთად არ შეიცავს ცხოველურ კომპონენტებს. მწარმოებლები უარს ამბობენ ცხოველებზე ექსპერიმენტებზე.

10-Free – უკვე ჩამოთვლილ კომპონენტებთან ერთად არ შეიცავს პარაბენებს, სურნელოვან ნივთიერებებს და ქსილენს.

რჩევები

თუ ლაქს ხშირად ხმარობთ, ფრჩხილებს მეტი გულისყურით უნდა მოუაროთ. ლაქი აშრობს ფრჩხილს. შედეგად მისი ფირფიტა ყვითლდება და იმტვრევა. ფრჩხილს აშრობს აცეტონიც, რომელსაც ბევრი ლაქის მოსაცილებელი შეიცავს, ამიტომ გირჩევთ, უაცეტონო მოსაცილებელი შეიძინოთ ან  ერთხანს დაასვენოთ ფრჩხილები. მაგალითად, 1-2 კვირა არ წაისვათ ლაქი და ფრჩხილები ზეთებითა და კრემებით დაიტენიანოთ.  ლაქის ქვეშ ყოველთვის წაისვით დამცავი (Base Coat).

ფრჩხილის სოკოს დროს ერიდეთ ლაქის წასმას. ჯერ ერთი, ის ხელს უშლის გამოჯანმრთელებას (ამ დროს ხომ ფრჩხილს მეტი ჟანგბადი სჭირდება). მეორეც, შესაძლოა, ფუნჯით  ჯანმრთელი ფრჩხილებიც დაიავადოთ.

გახსოვდეთ: რაც უფრო მუქია ლაქი, მით უფრო მეტია მასში ფერის პიგმენტი და მით მეტად ზიანდება ფრჩხილი.

* ლაქის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას.

* ნუ იყიდით ლაქს, რომელიც ნიტროცელულოზას შეიცავს.

* წასმისას მოარიდეთ კანს.

* ეცადეთ, ლაქის მძაფრი სუნი არ ჩაისუნთქოთ, რადგან მავნე ნივთიერებები ამ გზითაც შეიძლება მოხვდნენ თქვენს ორგანიზმში მოხვდნენ. ფრჩხილები უმჯობესია ჰაერზე გაიშროთ ან ოთახი, სადაც ლაქს ისვამდით, კარგად გაანიავოთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: