რეტინოლი თქვენი კანისთვის
გააზიარე:
ასაკთან ერთად ვამჩნევთ, რომ კანს მეტი და მეტი მოვლა სჭირდება. კარგი იქნება, ამ დროს მისი მოვლის რუტინაში ჩავრთოთ რეტინოლი – უცვლელი დამხმარე.
რა არის რეტინოლი
რეტინოლი A ვიტამინის ფორმაა, რომელიც უშუალოდ უჯრედების რეცეპტორებზე მოქმედებს. ის ემატება თავის მოვლის საშუალებებს, რათა ხელი შეუწყოს კანის განახლებას და ამონათებას, აკნეს ალაგებას, კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნას. რეტინოლი ასევე მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი – კანს ეხმარება, თავიდან აიცილოს თავისუფალი რადიკალებით დაზიანება, რაც დაბერების ხილული ნიშნების აღმოცენებას იწვევს.
რეტინოლი ის ინგრედიენტია, რომელიც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ყოვლისშემძლეა. კოსმეტოლოგები მას კანის მოვლის ოქროს სტანდარტად მიიჩნევენ და ხშირად აღნიშნავენ, რომ რეტინოლზე უკეთ ვერაფერი აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ავიწროებს ფორებს, ანიჭებს კანს ბუნებრივ სიგლუვეს.
დაიწყეთ გამოყენება 20-იანი წლების ბოლოს ან 30-იანების დასაწყისში
თუ რეტინოლით მოიხიბლეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის იმ პროდუქტთაგანი, რომელთა გამოყენებაც ადრეული ასაკიდანვე შეგიძლიათ დაიწყოთ. დერმატოლოგის მეთვალყურეობისა და დანიშნულების გარეშე რეტინოლის გამოყენებამ, მით უმეტეს – ადრეულ ასაკში, შესაძლოა კანი დაგიზიანოთ. ამიტომ, სანამ პროდუქტის დატესტვას გადაწყვეტდეთ, დარწმუნდით, რომ შესაფერისი ასაკის ბრძანდებით ან დერმატოლოგის კონსულტაციის მეშვეობით, გაარკვიეთ მზად არის თუ არა თქვენი კანი მისთვის.
მართალია, რეტინოლის გამოყენების დაწყებისთვის ოპტიმალურად 25-იდან 30 წლამდე ასაკი მიიჩნევა, მაგრამ დღესდღეობით გარემოში არსებული ქიმიკატები, მზის გამოსხივება და სხვა მავნე ფაქტორები კანზე ისე მოქმედებს, რომ შესაძლოა, უფრო ადრეულ ასაკშიც ღირდეს ამ პროდუქტის გამოყენება.
დაიწყეთ მცირე რაოდენობით და აუჩქარებლად
რეტინოლის გამოყენებისას, მით უმეტეს – დასაწყისში, ბალანსს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. არასწორად შერჩეულმა დოზამ და ძლიერმა ინგრედიენტებმა შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს კანს. დაიწყეთ ბარდის მარცვლისოდენა, დაბალპროცენტული ფორმულით (0,01% – 0,03%) რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა და გამოიყენეთ კვირაში ორჯერ, მერე კი ნელ-ნელა გაზარდეთ მოხმარების სიხშირე კვირაში 3-4 გამოყენებამდე, რათა კანს ადაპტაციის შესაძლებლობა მიეცეს.
გამოტოვეთ რეტინოლის პროცედურა, თუ იმ დღეს სახის პილინგს გეგმავთ – ექსფოლაცია ისედაც აღიზიანებს კანს და მანამდე მისი რეტინოლით დატვირთვა არ არის რეკომენდებული. ასევე არ არის რეკომენდებული პილინგის შემდეგ რეტინოლის შემცველი პროდუქტების გამოყენება.
შეამზადეთ კანი
სანამ რეტინოლს დაიტანთ, შეამზადეთ კანი. თუ სენსიტიური კანი გაქვთ და მოიხმართ ალფა და ბეტა ჰიდროქსიდებს, რეტინოლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ამოიღეთ ეს პროდუქტები მოვლის რუტინიდან. ამავე პერიოდში დაიწყეთ კანის ღრმა დატენიანება. არ არის რეკომენდებული ამ დღეებში კანის პროფესიონალური ან სხვა სახის აქერცვლა, ამქერცლავი პროდუქტების გამოყენება.
ღამით, მას შემდეგ, რაც კანს დასაბანი გელით ჩამოიბანთ, წაისვით მსუყე დამატენიანებელი, ხოლო 15 წუთის შემდეგ, როდესაც პროდუქტი კარგად შეიწოვება – რეტინოლის შემცველი საშუალება თქვენივე არჩევანით, შრატი იქნება ეს, ნიღაბი თუ სხვა რამ. არ არის რეკომენდებული რეტინოლის მშრალ კანზე პირდაპირ დატანა.
ყურადღება მიაქციეთ გვერდით მოვლენებს
მცირე გაღიზიანება, სიმშრალე და მზისადმი მგრძნობელობა რეტინოლის გამოყენების საწყის ეტაპზე ნორმალურია, რადგან კანი ეგუება ახალ აქტიურ ინგრედიენტს, მაგრამ ინტენსიური აქერცვლა, სიწითლე და წვა უკვე გვერდით მოვლენებად ითვლება და ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ეს გვერდითი ეფექტები განსაკუთრებით საშიშია მგრძნობიარე კანის პატრონებისთვის და მათთვის, ვისაც როზაცეა ან ეგზემა აქვს. ამ შემთხვევაში რეტინოლთან ფრთხილად უნდა იყოთ და დაიწყოთ მისი გამოყენება, რა თქმა უნდა, მხოლოდ დერმატოლოგის დანიშნულებისამებრ, რადგან რა პრეპარატებითაც უკვე არსებული პრობლემების გამო მკურნალობთ, შესაძლოა რეტინოლთან თავსებადი არ იყოს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა გაიაროთ თქვენს დერმატოლოგთან. გული ნუ დაგწყდებათ, თუ დერმატოლოგმა სრულიად ამოგაღებინათ რეტინოლი რუტინიდან ან მისი მოხმარება თქვენთვის მიზანშეწონილად არ მიიჩნია – აუცილებლად მოიძებნება პროდუქტი, რომელიც თქვენს კანს მოერგება და რეტინოლზე არანაკლები ეფექტი ექნება.
გამოიყენეთ რეტინოლი მხოლოდ ღამით
რეტინოლი არამარტო კანს ხდის უფრო მგრძნობიარეს ულტრაიისფერი სხივების მიმართ – მზის სხივები თავად პროდუქტის ეფექტურობასაც ამცირებს, ამიტომ რეტინოლი მხოლოდ ღამის რუტინაში უნდა გამოიყენოთ, ხოლო დღის განმავლობაში აუცილებლად იხმაროთ მინიმუმ SPF 30-ის შემცველი მზისგან დამცავი საშუალება.
უფრო მეტიც: რეტინოლის გამოყენებისას ყოველთვის წინასწარ უნდა იცოდეთ ამინდის პროგნოზი და შესაბამისად დაგეგმოთ მოგზაურობები დედამიწის ცხელ ადგილებში. არ ღირს მისი გამოყენება, თუ მზისგულზე ბევრი დროის გატარება გიწევთ. უმჯობესია, კანი დაასვენოთ, ოღონდ აუცილებლად ისვათ მზისგან დამცავი როგორც სახეზე, ასევე ტანზეც.
ნუ შემოიფარგლებით სახით
რეტინოლის გამოყენებისას ნუ შემოიფარგლებით სახით. ცნობილი ფაქტია, რომ კისრისა და დეკოლტეს კანს დაბერების ნიშნები მკვეთრად ეტყობა, რადგან ძალიან მგრძნობიარეა. შესაბამისად, რეტინოლის გამოყენება ამ მიდამოებშიც აუცილებელია. თუ ხედავთ, რომ სახეზე რეტინოლის გარკვეული კონცენტრაცია კარგ შედეგს გაძლევთ, მაგრამ კისრისა და დეკოლტესთვის ის ზედმეტად ძლიერია, გამოიყენეთ სპეციალურად ამ ზონებისთვის შექმნილი რეტინოლის საშუალებები. ისინი შეიცავენ A ვიტამინის უფრო მცირე დოზას და დამამშვიდებელი ეფექტის მქონე უამრავ დანამატს. არომატიზატორები მათ შემადგენლობაში არ არის.
ლიკა ქათამაძე