ბარბარე თათარაძე: მუსიკას თავისი ფერები აქვს

გააზიარე:

ბარბარე სამი წლის იყო, სიმღერისა და ცეკვის ჯგუფში რომ შეიყვანეს. გაკვეთილებზე ხალისით მიდიოდა და შინაც სულ ღიღინით ბრუნდებოდა. მერე მუსიკალურ სკოლაში შევიდა, ფორტეპიანოს კლასში, და ეს ინსტრუმენტიც სამუდამოდ შეიყვარა. პაწია თითებს ოქტავას ვერ აწვდენდა, პედლებიც უსაშველოდ შორი ეჩვენებოდა, მაგრამ მაინც საათობით უკრავდა.

ექვსი წლისამ შოპენის სახელობის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ღელავდა, მაგრამ სცენაზე მაინც  თავდაჯერებულად გავიდა და ელისო ბოლქვაძის აღფრთოვანება დაიმსახურა. ჟიურიმ, რომლის წევრიც იყო ქართველი პიანისტი, გოგონა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. ელისო ბოლქვაძისავე მხარდაჭერით ბარბარე ფრანგული ფონდის შOშ თალენტს-ის სტიპენდიანტი გახდა.

ფონდი SOS Talents თალენტს ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა მიშელ სონიმ დააარსა. ორგანიზაციის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენაა. პარიზში ყოველწლიურად იმართება ფონდის კონცერტი, რომელშიც ბარბარე რვა წლიდან  მონაწილეობს. ევროპის ქალაქებში გამართული არაერთი სხვა კონცერტის მონაწილეცაა და სოლოკონცერტითაც ბევრჯერ წარუდგა ევროპელ მსმენელს. ლისტის “ტარანტელა” ბარბარეს შესრულებით სისტემატურად გადაიცემოდა  ტელეარხ Mezzo-ს ეთერით.

– დამიკრავს პარიზში, ბონაპარტების ისტორიული სასახლის საკონცერტო დარბაზში; მარსელ დასოს მამულში; ამსტერდამის კონსერტჰებაუში; ჟენევაში  – გაეთიანებული ერების სასახლეში; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ლონდონში.

მთელი ამ ხნის განმავლობაში კონკურსებშიც მონაწილეობდა. ვაიმარში ლისტის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა და საჩუქრად მიიღო სოლოკონცერტი გერმანიის ქალაქ ალსფელდში. ბაზელში შოპენის კონცერტი შეასრულა ორკესტრთან ერთად და პირველი ადგილი მოიპოვა. თუმცა მიაჩნია, რომ შემსრულებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდოც და სიამოვნებაც მსმენელის აღფრთოვანებაა.

ბარბარეს დიდი ბაბუა, ელიზბარ შათირიშვილი, კომპოზიტორი იყო, პაპიდები – საოპერო მომღერლები და ბარბარემაც შეიყვარა მუსიკა.

მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს ხელოვნებასთან მიახლოებული პროფესიაც კი არ აქვს (დედა ფსიქოლოგია, მამა – ინჟინერი), თავის დროზე სწორად შეაფასეს მისი შესაძლებლობები და მისწრაფებები და დღეს ბარბარე თათარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი, პროფესორ ლალი სანიკიძის მოწაფეა.

ფერთა პალიტრა

– ყოველთვის ვცდილობ, შესრულებაში რამე ახალი, ჩემეული შევიტანო. მუსიკა ჩემთვის სხვადასხვა ფერთან ასოცირდება. დრამატულ და მისტიკურ შინაარსს  მუქი  ფერები მოაქვს, იმპრესიონისტ კომპოზიტორებს კი  მრავალფეროვანი პალიტრა აქვთ. შუბერტს თითქოს ბუნების  წიაღში გადავყავარ, შოპენის შესრულებისას უფრო მკვეთრი ფერები ჩნდება. ფერები  განწყობას ქმნის, ამიტომ  საკონცერტო კაბის ფერსაც საგულდაგულოდ ვარჩევ ხოლმე.

ინსტრუმენტთან ბევრ დროს ვატარებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონცერტისთვის ვემზადები, თუმცა მეცადინეობა ჩემთვის დაღლაზე მეტად სიამოვნებაა. არ ვიცი, რა აზრის არიან ამაზე მეზობლები – რა მშვენიერიც უნდა იყოს მუსიკა, უსასრულოდ ერთისა და იმავეს მოსმენა ალბათ დამქანცველია. კიდევ უფრო რთულადაა საქმე, როდესაც მე და ჩემი თექვსმეტი წლის და სხვადასხვა ოთახში ერთდროულად ვმეცადინეობთ. თუმცა ჩვენს იძულებით მსმენელს პროტესტი არასოდეს გამოუხატავს.

– დასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

– ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ ხოლმე. საერთო ინტერესები კიდევ უფრო გვაახლოებს.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

– ინსტრუმენტთან დიდხანს ჯდომა ხერხემლისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის, ამიტომ ცურვაზე დავდივარ. ეს საუკეთესო განტვირთვაა ჩემთვის. მიყვარს კინო, ლიტერატურა... ზოგჯერ კითხვაში დამთენებია.

გეგმები

მარტში პარიზში იგეგმება ფონდ Sos Talents-ის დაარსების მეოცე წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომლზეც ბარბარეც მიწვეულია.  კონცერტი ტელეარხ Mezzo-სა და Radio Classique-ის ეთერით გადაიცემა. ივლისში კი ბარბარე კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება.

– ერთი სული მაქვს, პანდემია დასრულდეს და საზღვარგარეთ კონცერტების გამართვის მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს. საზოგადოდ, მიყვარს მოგზაურობა. მდიდარი კულტურის არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ; მომივლია ქალაქები, სადაც ჩემთვის სათაყვანებელი ხელოვანები ცხოვრობდნენ –  გოეთე, შილერი, ლისტი, ბახი...  მათ მუზეუმებშიც მოწიწებით შევდიოდი. უცნაური განცდა მქონდა, თითქოს ისევ იქ ტრიალებდა მათი სული.  ასეთი კულტურის ქვეყნებში თითქოს მსმენელიც განსაკუთრებულია.

სამწუხაროდ, საქართველოში კლასიკური მუსიკის მსმენელი არ არის ისეთი მრავალრიცხოვანი,  როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში. არ დაიჯერებთ, მაგრამ აზიის ქვეყნებში მუსიკა ევროპაზე პოპულარულიც კია. ზოგიერთ სკოლაში ის სავალდებულო საგნადაც არის მიღებული, რადგან, მეცნიერთა მტკიცებით, მუსიკა  ბავშვის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. ფორტეპიანოზე დაკვრა და წვრილი მოტორიკის განვითარება კონცენტრაციის უნარს ზრდის. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაშიც აღდგება ძველი ტრადიციები და გაიზრდება ინტერესი კლასიკური მუსიკის მიმართ.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: