კონფლიქტის გამომწვევი ქცევები და ჩვევები

გააზიარე:

რომანტიკულ ურთიერთობებზე ხშირად არასწორი წარმოდგენა გვაქვს. ეს წარმოდგენა ნაწილობრივ ოჯახურ სცენარებს, ნაწილობრივ კი კულტურულად განპირობებულ გზავნილებს ეფუძნება. მაგალითად, მრავალი წიგნი თუ ფილმი გვეუბნება, რომ მთავარია, ნამდვილი სიყვარული ვიპოვოთ, დანარჩენი თავისთავად მოგვარდება. ბევრი წყვილი ვერ უძლებს არარეალისტურ მოლოდინებს, დროთა განმავლობაში პირველი ემოციების გასადავება ხდება და ურთიერთობა ძალისხმევას მოითხოვს.

ამ ეტაპზე კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია, ეს ნებისმიერი წყვილის ურთიერთობის ნაწილია. კონფლიქტის მეშვეობით ხდება საზღვრების დაცვა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, გამოწვევების გაჟღერება. ამგვარი კონფლიქტი გამართლებული და ჯანსაღია, თუმცა არსებობს ისეთი ქცევებიც, რომელიც კონფლიქტს ამძაფრებს და ნაცვლად სირთულეების გადალახვისა, პირიქით, ასუსტებს წყვილს.

მუდმივი კრიტიკა

ყველანი ვაძლევთ ჩვენს პარტნიორს განსაზღვრულ უკუკავშირს, მაგალითად, ვთხოვთ დახმარებას, ვუხსნით, როდესაც დისკომფორტს გვიქმნის. ეს არაჯანსაღი კრიტიკა არ არის, ეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის გზაა. თუმცა შეიძლება, კრიტიკა ძალაუფლების მოსაპოვებლადაც გამოვიყენოთ. ამ დროს თავს ვესხმით პარტნიორს, ვაკრიტიკებთ მის თვისებებს, შესაძლოა, დამამცირებლადაც მივმართოთ. ამით თვითშეფასებას ვუნადგურებთ პარტნიორის და ვუქმნით განცდას, რომ ჩვენ გვერდით ცუდად არის.

როდესაც კრიტიკა გამართლებულია, ის გამოსავლის ძიებისკენაა მიმართული. იმისთვის, რომ პარტნიორს არ ეწყინოს, უარყოფით ინფორმაციასთან ერთად პოზიტიურ უკუკავშირსაც ვაძლევთ, რადგან ჩვენი მიზანი მისი წყენინება არ არის, მაგრამ როცა კრიტიკის მიზანი ძალაუფლების მოპოვებაა, მას ვერანაირი ქება ვერ გაანეიტრალებს.

არად ჩაგდება, გაუფასურება, უპატივცემულობა ბრაზის ბნელი მხარეა. ამ დროს პარტნიორის საბაზისო საჭიროებები უყურადღებოთ რჩება.

არად ჩაგდება (მაგალითად, მისი ნათქვამის პასუხად თვალების გადატრიალება) შეიცავს შემდეგ გზავნილს: არათუ არ გეთანხმები, მოსმენის ღირსადაც კი არ მიმაჩნიხარ.

არად ჩაგდების მაგალითებია:

*ადამიანის ემოციების დაცინვა;

*მისი ტირილის ან სევდის უგულებელყოფა;

*მისი საჭიროებების დაკნინება;

*საჯაროდ დამცირება.

არად ჩაგდება სიყვარულის საწინააღმდეგოა. ის არყევს ნდობას, მეგობრობას და პატივისცემას, რომელზეც პარტნიორული ურთიერთობა დგას.

თავდაცვითი პოზიცია

როცა უსამართლოდ გვაკრიტიკებენ, თავს ყველა ვიცავთ, მაგრამ თუ უკუკავშირს ვერასოდეს ვიღებთ და იმაზე უფრო ვღელავთ, როგორ დავარწმუნოთ პარტნიორი, რომ მართალი არ არის, თავდაცვით პოზიციაში ვდგებით, რაც პრობლემების მოგვარებაში გვიშლის ხელს. თუ თქვენს პარტნიორს რაიმე აწუხებს, ესე იგი, მას მართლა აწუხებს რაღაც და მუდმივად თავდაცვით პოზიციაში მყოფი ადამიანები ხშირად უარყოფენ პარტნიორების საჭიროებებს.

როგორ ვლინდება გადაჭარებებული თავდაცვა?

*გჯერათ, რომ თქვენი პარტნიორი ზედმეტად მგრძნობიარეა;

*გგონიათ, რომ თუ პარტნიორს რამე სასიამოვნოს გაუკეთებთ, პრობლემური ქცევის შეცვლა აღარ იქნება საჭირო;

*დიდხანს უხსნით პარტნიორს, რომ თქვენს შეფასებაში ცდება;

*გჯერათ, რომ ურთიერთობაში არსებული პრობლემები მხოლოდ თქვენი პარტნიორის ბრალია;

*არასოდეს იხდით ბოდიშს.

კონფლიქტიდან გასვლა

გასულხართ თუ არა სხვა ოთახში კამათის დროს? სახლიდან? იმაზე მეტი ხნით, ვიდრე დასაწყნარებლად დაგჭირვებიათ? ხშირად ადამიანებს აკლიათ კონფლიქტის გადაჭრის უნარები და უბრალოდ ტოვებენ მოლაპარაკების სივრცეს.

პარტნიორი, რომელიც რჩება, შესაძლოა განიცდიდეს თანამოსაუბრის გასვლას და დაბრუნებას სთხოვდეს. შედეგად მთელი ძალისხმევა პარტნიორის დაბრუნებაზე იხარჯება და არა პრობლემის გადაჭრაზე. გარკვეული ხნის შემდეგ ეს ჩვევად იქცევა და კონფლიქტიდან გამსვლელს მეტი ძალაუფლება რჩება.

კონფლიქტიდან გასვლით პარტნიორი ორ გზავნილს გაწვდით:

1. მას არ ადარდებს, გადაიჭრება თუ არა პრობლემა (ან არ სჯერა, რომ ეს შესაძლებელია).

2. მას არ ადარდებს, რომ მეორე ადამიანი თავს მიტოვებულად იგრძნობს.

ამ სცენარით წარმოუდგენელი ხდება პრობლემის მოგვარება. გარდა ამისა, ასეთი ქცევა გავლენას ახდენს პარტნიორის მიჯაჭვულობის სტილზე – მას გამუდმებით ეშინია, რომ მიატოვებენ.

კონსტრუქციული კონფლიქტი

თუ გვინდა, პარტნიორთან ერთად მოვაგვაროთ პრობლემა და შერიგების შემდეგ კონფლიქტის დროს მიღებული გამოცდილება მომავლისთვის გამოვიყენოთ, ზემოთ აღწერილი ქცევების ნაცვლად შეგვიძლია მოვიქცეთ ასე:

*გულწრფელად მოვიხადოთ ბოდიში. ბოდიში არ არის პირობითი, მას უპირობოდ ვიხდით, რითაც სიტუაციის გამოსწორების სურვილს გამოვხატავთ. ბოდიშში უნდა ჩანდეს, რას გააკეთებთ სხვაგვარად სხვა დროს, ასევე იმას, რომ გესმით, როგორი გავლენა მოახდინა თქვენმა ქცევამ პარტნიორზე.

*მოვუსმინოთ პარტნიორს. იცოდეთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ყველაზე უკეთ იცის, რას გრძნობს და რა უნდა თავად. თქვენს პარტნიორზე უკეთ არ გეცოდინებათ, რას ფიქრობს ის.

*სერიოზულად მოეკიდეთ თქვენი პარტნიორის საჭიროებებს, თუნდაც ისინი თქვენი საჭიროებებისგან განსხვავდებოდეს.

*ეცადეთ, ერთი-ორი კვირა შეასრულოთ პარტნიორის თხოვნა კამათისა და თავდაცვის გარეშე. დააკვირდით, რამდენად შეცვლის ეს თქვენს ურთიერთობას.

*ზედმეტი თავდაცვა ნეგატიურ პატერნს წარმოშობს: თქვენი პარტნიორი აღარ გთხოვთ რამის შეცვლას, თავს აგარიდებთ, შესავამისად, პრობლემებს ვეღარ გადაჭრით.

*თუ არ ხართ მზად, ახლა განიხილოთ პრობლემა, დაარწმუნეთ პარტნიორი, რომ გიყვართ და გეძვირფასებათ, მერე კი დათქვით დრო მოსალაპარაკებლად.

*თუ დასამშვიდებლად დრო გჭირდებათ, უთხარით ეს თქვენს პარტნიორს და 10-20 წუთის შემდეგ დაუბრუნდით დიალოგს. დიალოგის დიდი ხნით გადადება კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს.

*დააკვირდით, იმისთვის ხომ არ გადიხართ დიალოგიდან, რომ თქვენი პარტნიორი დაბრუნებას გთხოვდეთ და ამით ძალაუფლებას გიბრუნებდეთ.

დასკვნა

თუ ურთიერთობაში უკეთესი ჩვევებისა და ქცევების შემუშავება გიჭირთ, არ განიცადოთ – ეს გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ მისი დაძლევა შესაძლებელია. საბოლოო ჯამში, ურთიერთობას ანგრევს არა კონფლიქტი, არამედ ის, თუ როგორ სრულდება ეს უთანხმოება.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: