განშორების ტკივილი - სტადიები

გააზიარე:

ასაკს არ აქვს მნიშვნელობა – როდესაც საყვარელ ადამიანს ვშორდებით, გვტკივა.

კლიენტები ხშირად მოდიან ჩემთან ამ ტკივილით. ცდილობენ, ადამიანი დაიბრუნონ. ან დაივიწყონ. ან უბრალოდ მის გარეშე ცხოვრება ისწავლონ. მათთან ურთიერთობის შედეგად დავასკვენი, რომ გლოვა განშორების შემდეგ ძალიან ჰგავს გლოვას, რომელიც საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას მოსდევს. უბრალოდ, ამ შეთხვევაში კვდება სასიყვარულო ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, გლოვის სტადიები ერთმანეთს ისეთი მკაფიო თანმიმდევრობით არ ენაცვლება, როგორც ქვემოთაა აღწერილი – ხანდახან პირველ სტადიას მესამე მოჰყვება, ხანდახან უკვე გავლილს ვუბრუნდებით... მაგრამ  მე, ფსიქოთერაპევტმა, წინასწარ ვიცი, რომ ეს გზა მოსალოდნელია და კლიენტს ყოველ სტადიაზე ვუჭერ მხარს.

 

უარყოფა

განშორებაზე პირველი რეაქცია დეპრესია არ არის – პირველი რეაქცია გაშეშება, შოკი და უარყოფაა. ამ სტადიაზე სამყარო აზრს კარგავს, ხოლო ცხოვრება – საზრისს. ამ დროს უბრალოდ ვშეშდებით და ყოველდღიურ რუტინას მივყვებით. ხშირად მესმის: “ვერ ვიჯერებ, რომ ასე მოხდა”, “ისეთი გაცდა მაქვს, თითქოს სხვას დაემართა”, “მგონია, რომ შევრიგდებით”, “მიხვდება და დაბრუნდება”, “საერთოდ არაფერს განვიცდი; გამოდის, არ მყვარებია”. უარყოფა ერთგვარი პრელუდიაა, ფსიქიკის თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ემოციური ქარიშხლისგან გვიცავს და გლოვასთან გასამკლავებლად ძალებს გვიზოგავს.

 

დეპრესია

განსაზღვრულ ეტაპზე სრულად აღვიქვამთ რეალობას და უცებ ვხვდებით, რაც მოხდა. აწმყო მძიმე და აუტანელი ხდება. უარყოფის ფაზაზე იგნორირებული განცდები ზედაპირზე ამოდის. გლოვა დღითი დღე მძიმდება და გვეჩვენება, რომ ის სამუდამოდ გაგრძელდება.

უნდა ვიცოდეთ, რომ გლოვის დროს განცდილი დეპრესია კლინიკური დეპრესია კი არა, არამედ აღდგენითი პროცესის ნაწილია.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ გავექცეთ ტკივილს, რა მძიმეც არ უნდა იყოს ის და დანაკარგი გამოვიგლოვოთ. ბოლოს და ბოლოს, თუ ადამიანი გვიყვარდა, დანაკარგიც მძიმე იქნება – უმნიშვნელო ურთიერთობა ცრემლებს არ იწვევს. დეპრესია ლოგიკური პასუხია გარემოებებზე, რომლებშიც აღმოვჩნდით. დეპრესიის ფაზის გადახტომა იმ ყველაფრის გაუფასურებას ნიშნავს, რაც ურთიერთობას ახლდა თან.

დეპრესიის ფაზა ნაბიჯ–ნაბიჯ გაივლის. მაგალითად, პირველ ხანებში თუ მთელი დღე და ღამე გვტკივა, ერთ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ ყოფილი პარტნიორი მთელი საათია არ მოგვნატრებია, შემდეგ – მთელი დღე, ბოლოს კი მივხვდებით, რომ დილით ადგომა აღარ არის ისეთი ძნელი და ღამით დაძინებაც შესაძლებელი ყოფილა.

ამ სტადიაზე მნიშვნელოვანია, არ ვეძებოთ სწრაფი გამოსავალი. მაგალითად, არ მივწეროთ და არ ვნახოთ ადამიანი, რომელიც გვენატრება. ყოველი კონტაქტი მხოლოდ წამიერ შვებას მოიტანს, დეპრესიას კი გაახანგრძლივებს და ტკივილსაც გააძლიერებს. საუკეთესო გამოსავალი ყოფილი პარტნიორისგან დროებითი “კარანტინია”.

 

ბრაზი

ბრაზიც გლოვის აუცილებელი ნაწილია, რომელიც დეპრესიას მოჰყვება. ამ დროს ვამჩნევთ, რომ მონატრებამ უკანა პლანზე გადაიწია და საკუთარ თავს მეტ ყურადღებას ვაქცევთ. უცბად აღმოვაჩენთ, რომ საყვარელი ადამიანი უნაკლო არ ყოფილა, რომ ურთიერთობასაც ბევრი მინუსი ჰქონია და საერთოდ, რატომ ვტიროდით მის გამო ამდენს? ამის ღირსი არ არის! ამ დროს შესაძლოა მისთვის გულის ტკენა, სამაგიეროს გადახდა მოგვინდეს. ხშირად იწყება ფანტაზიები თემაზე "ვანანებ": აი, მე, ასეთი ძლიერი და მშვენიერი, შემთხვევით ვხვდები ყოფილ პარტნიორს; მას ისევ ვუყვარდები, მე კი ამაყად ვუვლი გვერდს და გულგრილობით ვსჯი.

ამ სტადიის მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოება ბრაზის მიუღებლობას გვასწავლის. შეუძლებელი ხდება მისი გამოხატვა – ეს ან სირცხვილად მიიჩნევა, ან დანაშაულად. სინამდვილეში კი ბრაზი გლოვის აუცილებელი ნაწილია. მე ძალიან მიხარია, როდესაც კლიენტები ბრაზის სტადიაში გადადიან – ესე იგი დეპრესიული, უმოქმედო და უუნარო მდგომარეობიდან იწყებენ გამოსვლას, ნელ-ნელა იკრეფენ ენერგიას. ბრაზი ძალას აძლევთ, ებრძოლონ მონატრებას, დაიწყონ ზრუნვა საკუთარ თავზე, უკან მოიტოვონ ილუზიები. ბრაზი ერთგვარ გამოღვიძებასავითაა.

 

ძიება

ამრიგად, ბრაზი, საკუთარ თავზე ზრუნვის დაწყებისკენ გვიბიძგებს, მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი კი ამისთვის საჭირო გზების ძიებაა. ვიწყებთ სტატიების კითხვას, მეგობრებთან დისკუსიას და რჩევების მოსმენას, ურთიერთობის გადაფასებას, შედარებით მშვიდი და ობიექტური პოზიციიდან მთლიანი სურათის დანახვას. ძიების დროს ჩემთან მოსული კლიენტი ცდილობს, მაქსიმალურად გაერკვიოს თავისი პრობლემის არსში, ხშირად ითხოვს შესაბამისი ლიტერატურის გაზიარებას, აანალიზებს მომხდარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გადავღეჭოთ ურთიერთობა და განშორება და ამ გამოცდილებით უფრო მეტად გავძლიერდეთ.

 

მიღება

მიღების სტადია არ ნიშნავს, რომ “ყველაფერი კარგად არის” ან “ახლა ბედნიერი ხარ” – რეალობა ყოველთვის არ არის ბედნიერების მომტანი, მაგრამ ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ ამ ახალ, შეცვლილ რეალობაში, ვხდებით, რომ ახლა ეს არის ნორმა. აღარ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცეოდით, როდესაც წყვილში ვიყავით. ვაღიარებთ, რომ რაღაცა შეიცვალა, რაღაცა სამუდამოდ დაიკარგა, მაგრამ ამ აზრს აღარ ვუფრთხით. ვსწავლობთ ცხოვრებით ტკბობას,  ვფიქრობთ ახალ სიყვარულზე, ვაწყობთ გეგმებს...

და საბოლოოდ ისევ ვაძლევთ თავს ოცნების შანსს.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

 

გააზიარე: