როგორ მოვუაროთ ჩვილის კანს

გააზიარე:

კანი აკავშირებს ჩვენს შინაგან სამყაროს სამყაროსთან, რომელშიც ვცხოვრობთ. ის გვიცავს გარეგანი ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ეხება და აღიქვამს.

ახალშობილის კანი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია. ის ხუთჯერ უფრო თხელია, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა, ვერც მისი რქოვანა (სულ ზემოთა) შრე უზრუნველყოფს სათანადო დაცვას, ამიტომ ახალშობილის კანი გაცილებით მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ. მაშასადამე, უფრო მეტი მოვლაც სჭირდება.

როგორ მოვუაროთ ჩვილის კანს?

ბანა

ჩვილის კანის მოვლა გულისხმობს მის დაცვას გამონაყოფებთან (შარდსა და განავლოვან მასებთან) ხანგრძლივი კონტაქტისგან, მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისგან, ხანგრძლივი სისველისგან, ხახუნისგან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნაკეცებს, საზარდულისა და დუნდულების მიდამოს.

ყოველდღიური ჰიგიენა, რომლის ზედმიწევნით დაცვაც აუცილებელია, გულისხმობს რეგულარულ დაბანას`ჩაბანას, კანის სათანადო დამუშავებას (ახალშობილობის პერიოდში ამას ემატება ჭიპის მოვლაც), გარემო ტემპერატურის შესაბამისად ჩაცმას.

ჩვილების ყველაზე გავრცელებული პრობლემა საფენისმიერი დერმატიტია, რომელიც შესაძლოა საშიში ინფექციით გართულდეს. საფენის ხშირი ცვლა, ყოველი გამოცვლისას ჩაბანა და საფენქვეშა მალამოს წასმა კანის დაცვის საუკეთესო გზაა. კარგი იქნება, დროდადრო პატარა რამდენიმე წუთით უსაფენოდაც გააჩეროთ.

სასქესო ორგანოს ინფიცირების თავიდან ასაცილებლად გოგონები ჩაბანეთ წინიდან უკან.

ჩაბანის შემდეგ კანი ფაქიზად, მაგრამ გულდასმით გაამშრალეთ ბამბის რბილი პირსახოცით. არ გამოგრჩეთ ნაკეცები.

ჭიპის შეხორცების შემდეგ ჩვილის დაბანა ყოველდღე შეიძლება, თუმცა დღეგამოშვებითაც საკმარისია, დანარჩენ დღეებში კი შეგიძლიათ რბილი ფლანელის ნაჭერი დაასველოთ და იმით გაუწმინდოთ სახე, ყელი და საზარდულის ნაკეცები.

წყლის ტემპერატურა 37-380ც უნდა იყოს. ყოველთვის საპნით ბანა არ არის საჭირო, აი ლოსიონი კი სასურველია, ყოველი დაბანის შემდეგ წაუსვათ, თუ შეამჩნიეთ, რომ კანი გამომშრალი აქვს. სხვა შემთხვევაში კვირაში ორჯერ ეყოფა.

ჩაცმა

დაბადებისას საოფლე ჯირკვლები ბოლომდე არ არის ფორმირებული, ახალშობილის სხეულს უჭირს სითბური ბალანსის დამყარება, ამიტომ დიდია რისკი, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა – სხეულის გადახურება განვითარდეს. თავისუფალი, მსუბუქი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი უფრო იოლად აგვაცილებს თავიდან. ნუ ჩააცმევთ ახალშობილს ხელთათმანებს, ნუ შებოჭავთ მოჭერილი ტანსაცმლით, მიეცით საშუალება, კანითაც შეიცნოს გარე სამყარო.

სიწითლე, ქერცლი, გამონაყარი

როგორ მოვიქცეთ, თუ კანზე უჩვეულო სიწითლე ან გამონაყარი შევამჩნიეთ?

კანის ზოგიერთი ცვლილება ფიზიოლოგიურია, მკურნალობა არ სჭირდება, ზოგიერთი კი პედიატრის მეთვალყურეობას მოითხოვს.

ახალშობილთა აკნე

ახალშობილთა აკნეს იწვევს ჰორმონები, რომლებსაც ახალშობილი მუცლად ყოფნის პერიოდში დედისგან იღებს. წითელი და თეთრი ფერიმჭამელები ყველაზე ხშირად ლოყებზე ჩნდება, თუმცა შუბლზე, ნიკაპზე, გულმკერდსა და ზურგზეც შეიძლება ვნახოთ. ახალშობილთა აკნეს სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება, რამდენიმე კვირაში თავისთავად გაივლის.

როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარას?

• დაბანეთ სახე თბილი წყლით და ნაზად გაუმშრალეთ.

• ნუ წაუსვამთ ზეთოვან ლოსიონს.

• მისი ტანსაცმელი რეცხეთ სპეციალური საბავშვო სარეცხი საშუალებით.

მოიკრიბეთ მოთმინება – მალე ყველაფერი გაივლის. ნუ აფორიაქდებით, გახსოვდეთ, რომ აკნე პატარას არ აწუხებს.

ეგზემა

რატომ უჩნდებათ ბავშვებს ეგზემა, არავინ იცის. ვარაუდობენ, რომ მას საფუძვლად უდევს გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაცია. ის განსაკუთრებით ხშირად აქვთ ბავშვებს, რომელთა ოჯახური ანამნეზი ეგზემით, ალერგიული დერმატიტით ან ასთმით არის დატვირთული. წითელი მქავანა გამონაყარი შესაძლოა ლოკალიზდეს სახეზე, იდაყვებზე, მკერდზე, მკლავებზე, მუხლებზე. დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოშრეს და აიქერცლოს.

ეგზემა არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია მისი რემისიის მდგომარეობაში გადაყვანა და შემდგომი გამწვავების თავიდან აცილება, რისთვისაც ბავშვი უნდა მოვარიდოთ პოტენციურ გამღიზიანებლებს: ცხელ შხაპს, ზეთოვან და სურნელოვან მოვლის საშუალებებს, ალერგენებს, დავაჭრათ ფრჩხილები, რომ არ დაიკაწროს და შემდგომ ამ ადგილას ანთება არ განუვითარდეს და ა.შ.

სებორეული დემატიტი

სებორეული დემატიტი ორი კვირიდან თორმეტ თვემდე ასაკში ვითარდება. ჩვეულებრივ, გამონაყარი თავის თმიან ნაწილზე ჩნდება (ზოგიერთ ქვეყანაში მას აკვნის ქუდსაც (ცრადლე ცაპ) უწოდებენ), თუმცა გვხვდება შუბლის, წარბებისა და ლოყების კიდეებთან, ყურის უკან. სებორეა ცხიმის ჯირკვლების ჭარბი სეკრეციის შედეგია. ამ დროს კანი მოწითალოა. შესაძლოა, წარმოიქმნას ყვითელი ქერქი.

განასხვავებენ სებორეული დერმატიტის მსუბუქ და მძიმე ფორმებს. მსუბუქი ფორმის დროს კანის მცირე უბანია შეწითლებული და აქერცლილი, მძიმეს შემთხვევაში კი კანისმიერი ცვლილებები მკვეთრია და სხეულის დიდ ნაწილს მოიცავს. მძიმე ფორმის დროს საჭიროა პედიატრის კონსულტაცია და სამედიცინო ჩარევა, მსუბუქს კი შეგიძლიათ სახლის პირობებშიც ებრძოლოთ.

თავის თმიანი ნაწილიდან ქერქის მოსაშორებლად შეათბეთ მინერალური ზეთი, ბამბით წაუსვით ჩვილს თავის თმიან ნაწილზე, რამდენიმე საათი დაუტოვეთ და მერე თმა რბილი ჯაგრისით ჩამოვარცხნეთ, დასაბანად კი დამარბილებელი საბავშვო შამპუნი გამოიყენეთ. ყოველდღიური ბანა აქერცლილი კანის მოშორებას გაგიადვილებთ.

ნასიცხი

ნასიცხს მედიცინაში მილიარიას უწოდებენ. ჩახუთული კანის სინდრომი სხვა ასაკშიც შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ჩვილებთან ყველაზე ხშირია, რადგან ჩვილის საოფლე ჯირკვლები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული.

ნასიცხს მკურნალობა უმეტესად არ სჭირდება, მცირედი დახმარებით თავისთავად ჩაცხრება. ის, ჩვეულებრივ, ჩნდება სახეზე, კისერზე, მკლავებზე, ფეხებზე, მკერდზე, ხშირად თან ახლავს გამაღიზიანებელი ქავილი.

• კანის დასამშვიდებლად და გასაგრილებლად ბავშვი დაბანეთ ნელთბილი წყლით.

• ერიდეთ ლოსიონებსა და პუდრებს.

• ხშირად გააშიშვლეთ პატარა ჰაერის აბაზანის მისაღებად, ეს დრო კი თუმმყ თიმე-სთვის გამოიყენეთ.

ნასიცხის თავიდან ასაცილებლად:

• პატარას რაც შეიძლება ხალვათად ჩააცვით;

• სიცხეში გარეთ დიდხანს ნუ დატოვებთ;

• ცხელ დღეს მანქანით მგზავრობისას ჩართეთ კონდენციონერი.

• კარგად გაანიავეთ ბავშვის საძინებელი, შეინარჩუნეთ სიგრილე.

მილია

მილია წვრილი თეთრი ცისტებია, რომლებიც ხშირად აქვთ ჩვილებს, თუმცა შეიძლება ნებისმიერ სხვა ასაკშიც შეგვხვდეს. ჩნდება უმეტესად ცხვირზე, ნიკაპზე, ლოყებზე, იშვაითად – ტანზე, კიდურებზე და პირის ღრუშიც კი. პირის ღრუში არსებულ მილიებს ეპშტეინის მარგალიტებს უწოდებენ.

მილია მკურნალობას არ მოითხოვს, რამდენიმე კვირაში ან თვეში თავისთავად ქრება.

როგორ მოვუაროთ ზაფხულში

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის მცხუნვარე მზე გვახალისებს, ორგანიზმს დ ვიტამინის წარმოქმნაში ეხმარება და ნივთიერებათა ცვლასაც აუმჯობესებს, მზეზე დიდხანს ყოფნა ზრდასრული ადამიანისთვისაც არ არის უსაფრთხო, ჩვილის კანი კი, როგორც გითხარით, მოზრდილისაზე ხუთჯერ თხელია. მცირეა მასში მელანინის შემცველობაც (მელანინი კანის ყავისფერი პიგმენტია, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს, მათ სითბოდ გარდაქმნის და გარკვეული ხნის განმავლობაში იცავს კანს).

* ზაფხულის ცხელ დღეებში გირჩევთ მზეზე მხოლოდ დილა-საღამოს გახვიდეთ, მაშინ, როდესაც მზის სხივები ვერტიკალურად არ ეცემა (დილის 11 სთ-მდე ან საღამოს 17 სთ-ის შემდეგ).

•  შინიდან გასვლამდე აუცილებლად წაუსვით ბავშვს სპეციალური კრემი ან ლოსიონი, რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავს. დამცავის შეძენისას დააკვირდით, უზრუნველყოფს თუ არა ის ფართო სპექტრის (UVA`UVB) დაცვას. გაითვალისწინეთ ბავშვის კანის ფოტოტიპი: რაც უფრო ბაცია კანი, დაცვის მით უფრო მაღალი ინდექსი დასჭირდება (ჩვეულებრივ, 50+ შPF)

• აუცილებელია ქუდი და მზის სათვალეც. სათვალეს პატარები ხშირად არ იჩერებენ. გამოსავალია პანამა – ფარფლებიანი ტილოს ქუდი, რომელიც თვალებსაც აარიდებს სხივებს.

• ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს ბეტა კაროტინის შემცველი საკვებიც – სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, გოგრა და ისპანახი.

არ დაგავიწყდეთ, პატარას ხშირად ასვათ წყალი, განსაკუთრებით – ზაფხულის ცხელ დღეებში.

ცივი დღეები

წელიწადის ცივ დროს კანს არანაკლებ სჭირდება დაცვა. ალბათ შეგიმჩნევიათ, ზამთარში გარეთ სეირნობისას როგორ უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი პატარებს. ეს იმიტომ, რომ ზამთარში ის უფრო მეტად რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე: ტემპერატურაზე, წყალთან ხშირ კონტაქტზე... დედებს, რომლებსაც თავის მოვლა უყვართ, ეცოდინებათ, რომ კანი ზამთარშიც მოითხოვს დატენიანებას. იგივე ითქმის ბავშვის კანზეც. რას გულისხმობს ეს? წაუსვით დამატენიანებელი დაბანისთანავე. ის არა მარტო ანოტივებს კანს, არამედ ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს, ბოჭავს წყალს და კანს უფრო გამძლეს ხდის გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების მიმართ.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: