წყლის პროცედურები ახალშობილებში
გააზიარე:
ათასნაირი განსხვავების მიუხედავად, ადამიანებს ერთი საერთო თვისება მაინც გვაქვს: ჩვენი პაწიებისთვის საუკეთესო გვინდა. მოევლინება თუ არა ქვეყნიერებას პატარა საოცრება, იმაზე ვიწყებთ ფიქრს, რა ვიღონოთ, რომ ჩვენი ნამცეცა ყველაზე ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი დადგეს.
ოდესღაც ვიღაცას აზრად მოუვიდა, წყლის პროცედურები ახალშობილის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის სასარგებლო იქნებაო. როგორც ჩანს, აზრმა გაამართლა, რადგან დღეს პატარებს ლამის დაბადებისთანავე აზიარებენ წყლის სტიქიას: ვარჯიშები წყალში, ცურვის პირველი გაკვეთილები – დაგვეთანხმებით, არა მარტო სასარგებლო, საოცრად თავშესაქცევიც არის.
მაინცდამაინც წყალი?
რა თქმა უნდა! წყალი ახალშობილისთვის ყველაზე ნაცნობი გარემოა – მან ხომ ყველაზე უზრუნველი ცხრა თვე წყალში გაატარა! ამიტომაც არის, რომ წყალში თავს თევზივით გრძნობს.
წყალში ბავშვი ფიზიკურადაც და გონებრივადაც ჰარმონიულად ვითარდება. წყლის პროცედურები დადებითად მოქმედებს კუნთოვან ტონუსზე, ნივთიერებათა ცვლაზე, რაც, თავისთავად ცხადია, პატარას გონებრივ განვითარებაზე პოზიტიურად აისახება. რაც მთავარია, ბავშვს უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის ჭყუმპალაობა.
შეგიძლიათ, პატარას წყლის პროცედურების პარალელურად მზისა და ჰაერის აბაზანებიც გაუკეთოთ, მაგრამ თანმიმდევრობის დაცვა მოგიხდებათ: ჯერ – მზის ან ჰაერის აბაზანა, შემდეგ – წყლის პროცედურები. საზოგადოდ კი გირჩევთ, ვიდრე ბავშვის გაკაჟებას დაიწყებდეთ, კონსულტაციისთვის პედიატრს მიმართოთ. ის პატარას შეურჩევს მისთვის შესაფერის პროცედურათა კომპლექსს, რომლის ჩატარება შინაც შეიძლება და ამბულატორიაშიც.
გაკაჟების ანაბანა
თუ განზრახული გაქვთ, ბავშვის გაკაჟებას თვითონვე მოჰკიდოთ ხელი, რამდენიმე პრინციპის ცოდნა არ გაწყენთ.
- არამც და არამც არ შეწყვიტოთ ზამთარში პაწიას გაკაჟება. თუ იცით, რომ სიცივეში პროცედურებისთვის სათანადო პირობების შექმნა გაგიჭირდებათ, უმჯობესია, სტარტი გაზაფხულზე აიღოთ.
- გაკაჟების კომპლექსი ბავშვს ინდივიდუალურად უნდა შეურჩიოს სპეციალისტმა.
- გაკაჟების პროცედურა მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ემოციების ფონზე უნდა წარიმართოს. ვარჯიში და ჭყუმპალაობა ტირილის თანხლებით დაუშვებელია.
“ჩვენი პატარა ისეთი აქტიურია, ათი კაცი ვბანთ, აბაზანიდან რომ არ ამოხტეს”, – ხშირად გაიგონებთ მშობლების წუწუნს. კიდევ უფრო ძნელია პატარა ონავრის დამორჩილება, როდესაც საქმე აკვა-გაკაჟებას – წყალში ვარჯიშს, ყურყუმელაობას, თამაშს – ეხება. ასე რომ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ (ეს რჩევები დაბანის დროსაც გამოგადგებათ):
- ვიდრე პაწიას წყალში ჩასვამთ, გულდასმით შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. ის დაახლოებით 37 გრადუსი უნდა იყოს. თუ თერმომეტრს არ ენდობით, მის მაგივრობას იდაყვი გაგიწევთ.
- თუ ბავშვის გასაკაჟებლად წყლის გაცივება განიზრახეთ, ცივი წყლის ონკანი პირდაპირ აბაზანაში ჩაუშვით, ისე, რომ პაწია წყლიდან არ ამოიყვანოთ. პირველ ჯერზე წყალს მეტისმეტად ნუ გააგრილებთ, მხოლოდ 2-3 გრადუსი “მოიპარეთ” (34 გრადუსზე ნაკლები ნუ იქნება).
- არამც და არამც არ მოიქცეთ ასე ყოველდღიური ბანაობის დროს: როდესაც ცხელი წყლის დამატება მოგინდებათ, ბავშვი წყლიდან ამოიყვანეთ და ცხელი წყალი შემდეგ ჩაამატეთ.
- წყლის სიღრმე აბაზანაში 8-10 სმ უნდა იყოს.
- თვალყური ადევნეთ, რომ ბავშვმა თასის ან აბაზანის კიდეზე ხელის მოჭიდება არ ისწავლოს. თუ პატარამ საყრდენს მიაგნო, შესაძლოა, ფეხზე დადგომაც გაბედოს, ქანაობა დაიწყოს და თასი გადმოაყირაოს.
- საპონი, ნეჭა და სხვა საბანი საშუალებები ბავშვისგან მოშორებით დააწყვეთ – გამორიცხული არ არის, პატარა ონავარმა ხელი სტაცოს და პირისკენ წაიღოს.
- რაც არ უნდა მყარად იჯდეს ბავშვი აბაზანაში, არამც და არამც არ დატოვოთ უმეთვალყურეოდ. თუ სააბაზანოს დატოვება მოგიხდათ, პაწია პირსახოცში გაახვიეთ და თან წაიყვანეთ.
შესაფერის დროს (ანუ საღამოს) შესაფერისი ტემპერატურის (დაახლოებით 37 გრადუსიან) წყალში, რომელშიც რეზინის იხვები და ფერადი ბურთები დაცურავენ, პაწია თავს კომფორტულად ვერ გრძნობს? მაშ, ასე მოიქეცით:
- წყლის პროცედურები არა გვიან საღამოს, არამედ დღის სხვა მონაკვეთში, მაგალითად, საღამოს 6 საათისთვის, შუადღისას ან დილით ჩაუტარეთ. ერთი სიტყვით, დროს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, მთავარია, პაწიამ ისიამოვნოს.
- არც ის არის აუცილებელი, პაწიას მაინცდამაინც კვებამდე ერთი საათით ადრე ვუკრათ თავი წყალში. ჭამიდან ერთი საათის შემდეგაც შეიძლება, ვაბანაოთ ან წყლის გამაკაჟებელი პროცედურები ჩავუტაროთ.
- თუ ბავშვი წყლის გაციებისას ტირილს იწყებს, თვალი ადევნეთ, რომ წყლის ტემპერატურა მკვეთრად არ შეიცვალოს. თუ ერთ-ორგრადუსიანი ცვლილებაც აწუხებს, წყლიდან ამოიყვანეთ და თბილად ჩააცვით, გაკაჟების პროცედურა კი დროებით გადადეთ.