სქესობრივი ჯანმრთელობა

გააზიარე:

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა გულისხმობს სრულ ფიზიკურ, გონებრივ და სოციალურ კეთილდღეობას ქალის სასქესო სისტემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. ეს ცნება მოიაზრებს, რომ ქალებს შეუძლიათ ჰქონდეთ დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება, ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობა და იმის გადაწყვეტის თავისუფლება, როდის და რამდენი შვილი გააჩინონ, ასევე იყვნენ ინფორმირებულნი და უფლებამოსილნი, დაიცვან თავი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, არასასურველი ორსულობისა და აბორტისგან.

სქესობრივი ჯანმრთელობა განისაზღვრება როგორც სექსუალობისადმი მიდგომა, რომელიც ემყარება ზუსტ ცოდნას, პიროვნულ ცნობიერებას და საკუთარი თავის მიღებას. ამ ყველაფერში ჩართულია ადამიანის ქცევა, ღირებულებები და ემოციები, პიროვნების სტრუქტურა და თვითშემეცნება.

სქესობრივი ჯანმრთელობა გულისხმობს როგორც პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობის უნარს, ისე საკუთარი სქესობრივი ფუნქციებისა და სიამოვნების მკაფიო ცოდნასა და განცდასაც. ეს პოზიტიური ძალაა, რომელიც ამაღლებს ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და თვითშეფასებას.

რას ვგულისხმობთ ქალის სქესობრივ დისფუნციაზე საუბრისას?

სქესობრივი დისფუნცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის ერთ-ერთი ხშირი პრობლემაა. ქალების შემთხვევაში ის მოიცავს:

* ემოციურ-ფიზიკურ პრობლემებს, რომლებიც ართულებს ან შეუძლებელს ხდის სქესობრივ კავშირს;

* ტკივილს სქესობრივი აქტის დროს (მათ შორის – ვაგინიზმს).

ქალის სქესობრივი ფუნქცია აერთიანებს ფიზიოლოგიას, ემოციებს, გამოცდილებას, რწმენას (რელიგიურს, კულტურულს), ცხოვრების სტილს და პარტნიორთან ურთიერთობას. ნებისმიერი ამ კომპონენტის დარღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სექსუალურ სურვილზე, აღგზნებაზე ან დაკმაყოფილებაზე.

ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში თითქმის ყველა ქალს აქვს სქესობრივი დისფუნქცია, ზოგი კი მთელი სიცოცხლე განიცდის ამ პრობლემას.

სექსი

სექსი ალბათ ყველაზე განხილვადი საკითხია. არამხოლოდ პირად საუბრებში, არამედ – კულტურულ დონეზეც: კინოში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში... ის თითქოს ისე ბუნებრივად და ევოლუციურად ზის ჩვენში, ზედმეტი ფიქრი არც კი გვჭირდება. მართალია, ევოლუციამ სქესობრივი კავშირით სიამოვნების განცდის  შესაძლებლობა იმისთვის მისცა ცოცხალ ორგანიზმებს, რომ ასეთი კავშირის მოტივაცია ჰქონოდათ და სახეობები არ გადაშენებულიყო, მაგრამ ადამიანისთვის მას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

სქესობრივი კავშირი ოთხი ფაზისგან შედგება:

1. ლიბიდო – ადამიანს შეუძლია, ფიქრით, წარმოსახვით, კოცნით, შეხებით ან მასტურბაციით მიაღწიოს სექსუალურ აღგზნებას, რისი შედეგიც სქესობრივი კავშირისთვის სხეულის მომზადებაა (არტერიული წნევის აწევა, სუნთქვის გახშირება, კუნთოვანი ტონუსის მომატება, საშოს კედლების შეშუპება და დასველება, შიგნითა და გარეთა სასქესო ორგანოებისკენ სისხლის მიდენა);

2. პლატო – ეს არის უფრო ინტენსიური აღგზნების ფაზა, რომელიც ორგაზმამდე ვრცელდება. ამ დროს პირველ ფაზაში არსებული ცვლილებები უფრო ინტენსიური ხდება;

3. ორგაზმი სექსუალური პასუხის კულმინაციაა. ამ ფაზაში დაძაბულობა და ცვლილებები, რომლებიც მთელი სქესობრივი აქტის განმავლობაში გრძელდება, პიკს აღწევს და გამოიხატება კუნთთა სპაზმის სერიით, განსაკუთრებით საზარდულის მიდამოში კუნთების რიტმული შეკუმშვით და სხეულში სიამოვნების ტალღის დავლით. ის ყველაზე ხანმოკლე, რამდენიმეწამიანი ეტაპია;

4. უკუგანვითარება – ამ ფაზის განმავლობაში სხეული ნელ-ნელა უბრუნდება ფუნქციონირების ნორმალურ დონეს. ამ დროს ადამიანს ეუფლება კეთილდღეობის, სიმშვიდის და სიამოვნების შეგრძნება მსუბუქ დაღლილობასთან ერთად. ზოგიერთ ქალს შეუძლია, მალევე დაუბრუნდეს ორგაზმის ფაზას შემდგომი სტიმულირების შედეგად და მრავალჯერადი ორგაზმი განიცადოს.

სქესობრივი დისფუნქცია შეიძლება ჰქონდეს როგორც ინდივიდს, ისე წყვილსაც. ეს ეხება ნებისმიერ პრობლემას, რომელიც ხელს უშლის სიამოვნების განცდას სქესობრივი კავშირის დროს.

სიმპტომები

იმისდა მიხედვით, რა ტიპის დისფუნქციასთან გვაქვს საქმე, სიმპტომებიც სხვადასხვანაირია:

* სუსტი ლიბიდო ან სექსუალური ლტოლვის ნაკლებობა – ეს ყველაზე გავრცელებული დისფუნქციაა ქალებში; მოიცავს სექსუალური ინტერესის ნაკლებობას და სქესობრივი კავშირის დამყარების სურვილის უქონლობას;

* აღგზნების დარღვევა – შესაძლოა, ქალს სექსუალურ სურვილსა და რეაქციასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდეს, მაგრამ სირთულეები იჩენდეს თავს აღგზნებისას (სექსუალური აღგზნება გულისხმობს ემოციებისა და სურვილების ფიზიკურ დონეზე გამოხატვას);

* ორგაზმის დარღვევა ან მისი მიღწევის უუნარობა (ანორგაზმია);

* დისპარეუნია – სქესობრივი აქტის თანმხლები ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ სტიმულაციასთან ან ვაგინალურ კონტაქტთან.

რამდენად ხშირია

სქესობრივი დისფუნქცია ქალების 30-40 პროცენტს აწუხებს. სურვილის ნაკლებობა (სუსტი ლიბიდო) ყველაზე გავრცელებული ჩივილია. ქალის ასაკთან ერთად სექსთან დაკავშირებული პრობლემებიც იმატებს, მაგრამ მათი აღმოცენება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.

სექსუალური დისფუნქცია დროებითიც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.

რა იწვევს

ქალებში სექსუალური დისფუნქციის ფიზიკური მიზეზებია:

* სისხლის მიმოქცევის დარღვევა – აღგზნებისთვის საშოს, კლიტორს და სასირცხო ბაგეებს მათკენ მიმავალი სისხლის ნაკადის გაზრდა სჭირდება, სისხლის მიმოქცევის დარღვევამ კი შესაძლოა ხელი შეუშალოს სისხლის მიმოქცევას ქალის სასქესო სისტემის ნაწილებში;

* ზოგიერთი მედიკამენტი და მკურნალობა – არსებობს მედიკამენტები, რომლებიც გვლენას ახდენს სქესობრივ ფუნქციაზე. მაგალითად, ანტიდეპრესანტებმა შესაძლოა შეასუსტოს ლიბიდო ან ორგაზმის განცდის უნარი; ქიმიოთერაპია და კიბოს მკურნალობის სხვა მეთოდები მოქმედებს ჰორმონების დონეზე და ასევე იწვევს პრობლემებს;

*გინეკოლოგიური პრობლემები – ენდომეტრიოზმა, საკვერცხის ცისტამ, საშვილოსნოს მიომამ, ვაგინიტმა (საშოს ლორწოვანის ანთება) შესაძლოა გამოიწვიოს ვაგინიზმი – ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, გამოწვეული საშოს კუნთების სპაზმით, რომელიც ხშირად შეუძლებელს ხდის სქესობრივი აქტის ჩატარებას;

*ჰორმონული ცვლილებები – ჰორმონულმა დისბალანსმა შესაძლოა გამოიწვიოს საშოს სიმშრალე ან ატროფია, რაც ასევე მტკივნეულს ხდის სქესობრივ აქტს. ესტროგენის დაბალმა დონემ შესაძლოა შეასუსტოს შეგრძნებები სასქესო ორგანოებში;

*მენოპაუზამ, გინეკოლოგიურმა ოპერაციებმა, ორსულობამ და ლოგინობის ხანამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჰორმონების დონეზე, შესაბამისად, ლიბიდოსა და ორგაზმის განცდის შესაძლებლობაზე;

*საერთო ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის ზოგიერთმა მდგომარეობამ შესაძლოა დააქვეითოს სექსით სიამოვნების მიღების უნარი. მათ შორისაა დიაბეტი, ართრიტი, გაფანტული სკლეროზი და გულის დაავადებები. ნარკომანიამ, ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ჯანსაღ სექსუალურ გამოცდილებას.

სექსუალური დისფუნქციის ფსიქოლოგიურ მიზეზებს შორისაა:

*დეპრესია – დეპრესიამ შესაძლოა გამოიწვიოს სექსის მიმართ ინტერესის ნაკლებობა. დაბალ თვითშეფასებას და უიმედობის განცდას ასევე შეუძლია, ხელი შეუწყოს სექსუალურ დისფუნქციას;

*სტრესი – შინ თუ სამსახურში განცდილმა სტრესმა შესაძლოა გაართულოს სიამოვნებაზე ფოკუსირება. კვლევების მიხედვით, სტრესი ზრდის სისხლში ჰორმონ კორტიზოლის დონეს (კორტიზოლი თირკმელზედა ჯირკვლიდან გამოიყოფა და ზრდის ორგანიზმის მედეგობას სტრესის, უძილობის, გადაძაბვის, ნერვიულობის დროს), კორტიზოლის მატებამ კი შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ლიბიდოზე;

*გადატანილი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა – ტრავმამ შესძალოა გამოიწვიოს შფოთვა და ინტიმური ურთიერთობის შიში;

*ურთიერთობების სირთულეები – მუდმივად დაძაბული პირადი ურთიერთობა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება სქესობრივი აქტის ყოველ ეტაპზე.

როგორ მკურნალობენ

სქესობრივი დისფუნქციის მკურნალობას დრო და რესურსები სჭირდება. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით ან მუდმივი ფაქტორებით, რომელთა ჯერ აღმოჩენაა საჭირო, მერე კი აღმოფხვრა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თერაპიის არჩევამდე ფიზიკური და ფსიქოლოგიური მიზეზების გამოკვლევა. შესაძლოა, რამდენიმე სპეციალისტის დახმარება დაგჭირდეთ – გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის, სექსოპათოლოგის, ფსიქოთერაპევტის.

მიდგომა, მიზეზის შესაბამისად, სხვადასხვანაირია:

* აღგზნების ტექნიკა – უპირველესად, გაესაუბრეთ თქვენს პარტნიორს სურვილისა და აღგზნების გაძლიერების გზების შესახებ. იმსჯელეთ თქვენს რუტინაში ცვლილებების შეტანაზე;

* კონსულტაცია – ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან პერიოდული კონსულტაციები ძალიან დაგეხმარებათ. ამგვარად ემოციური თუ ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვას შეძლებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ინდივიდუალური, ისე წყვილების კონსულტაცია;

*ჰორმონოთერაპია – სიმპტომებიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ვაგინალურად შესაყვანი, ტაბლეტების სახით მისაღები ან კანზე წასასმელი წამლები;

*მედიკამენტები – დამხმარე წამლების ნუსხა საკმაოდ შეზღუდულია და დამოკიდებულია იმაზე, რა მიზეზს ვებრძვით. სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს ინიშნება ანტიბქტერიული თერაპია. ინფექციური პროცესის ჩახშობის შემდეგ ქალის თვითშეგრძნება უმჯობესდება და სქესობრივი აქტიც უკეთესი ხდება. პრემენოპაუზასა და მენოპაუზაში მყოფი ქალებისთვის ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიაა რეკომენდებული, ვინაიდან ესტროგენების ნაკლებობა იწვევს როგორც ლიბიდოს დაქვეითებას, ისე აღგზნებითი პროცესების გაუარესებასაც (მაგალითად, იკლებს საშოს ლუბრიკაციის ხარისხი, რის გამოც სქესობრივი კავშირი შესაძლოა უსიამოვნო და მტკივნეულიც კი გახდეს).

* ტკივილის მართვა – არსებობს რამდენიმე გზა სქესობრივი აქტის დროს ტკივილის შესამცირებლად. შეგიძლიათ, მოსინჯოთ სხვადასხვა პოზა, ვაგინალური ლუბრიკანტები ან რელაქსაციის ტექნიკა.

შესაძლებელია თუ არა სქესობრივი დისფუნქციის თავიდან აცილება?

სქესობრივი დისფუნქციის თავიდან აცილების გზა, სამწუხაროდ, არ არსებობს, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ რისკი:

. მავნე ნივთიერებების მხმარებაზე, ასევე ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე უარის თქმით;

. დაბალანსებული რაციონით;

. რეგულარული ვარჯიშით, ზომიერი ფიზიკური დატვირთვით (სირბილი, ველოსიპედით სიარული);

. კეგელის ვარჯიშებით (მენჯის ფსკერის კუნთების პერიოდული დაძაბვა და მოდუნება);

. ჯანსაღი წონის შენარჩუნებით.

სამუდამოა თუ არა სქესობრივი დისფუნქცია?

ზოგიერთ შემთხვევაში სქესობრივი დისფუნქცია შესაძლოა თავისთავად ალაგდეს (მაგალითად, მშობიარობის შემდეგ ან ჰორმონული ცვლილებების დროს), ზოგიერთ ქალს კი პრობლემის მუდმივი მართვა და დახმარება დასჭირდეს.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: