ქალი და კონტრაცეფცია
გააზიარე:
ეფექტური თავდაცვა
კონტრაცეპციაზე დღეს მალულად აღარავინ ლაპარაკობს – უკვე ყველამ იცის, რომ ის “დემოგრაფიის მტერი” კი არა, ოჯახის დაგეგმვის მეტად ეფექტური საშუალებაა. მიუხედავად ამისა, სათანადო ინფორმაციის უქონლობის გამო ბევრი თავს არიდებს კონტრაცეპტივების გამოყენებას, ამიტომაც სქესობრივად აქტიური ასაკის ასზე მეტი ქალიდან ყოველ წელიწადს ოთხმოცი მაინც ორსულდება და შემდეგ არასასურველი ორსულობის შეწყვეტის მიზნით აბორტს მიმართავს, აბორტი კი, მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისთვის საშიში უამრავი გართულების, მათ შორის – უნაყოფობის, მიზეზად შეიძლება იქცეს. ამჟამად კონტრაცეპციული საშუალებების უზარმაზარი არჩევანია: გინდა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ყლაპე, გინდა, ბარიერული საშუალებები გამოიყენე. სხვა გზებიც არსებობს, თუმცა მოდით, საუბარი მარტივი და ყველაზე გავრცელებული მეთოდების აღწერით დავიწყოთ.
რას უნდა ველოდეთ ბუნებრივი მეთოდებისგან
კონტრაცეპციის მეთოდებს არავითარი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია და ნებისმიერ ქალს თამამად შეუძლია, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ან ჩასახვის დაგეგმვის მიზნით გამოიყენოს. კონტრაცეპციის რომელიმე ბუნებრივი მეთოდით რომ ვისარგებლოთ, სულ უბრალო არითმეტიკის მოშველიება მოგვიხდება: ყოველდღე უნდა ჩავინიშნოთ მონაცემები, მერე კი განვსაზღვროთ, როდის არის მოსალოდნელი განაყოფიერება და როდის არა, ანუ “ნაყოფიერი” და “უნაყოფო” დღეები გამოვთვალოთ. უფრო ზუსტად, ეს ყოველივე ასე ხდება: ვიწყებთ მენსტრუაციული ციკლის ათვლას მისი პირველი დღიდან, ხოლო შემდეგ ვაფიქსირებთ ოვულაციის (მწიფე კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოსვლის) პერიოდს ანუ განაყოფიერებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს, რომელიც ციკლის მე-12-16 დღეებზე მოდის. თუკი დაორსულება არ გსურთ, გირჩევთ, ამ დღეებში თავი კონტრაცეპციის ხელოვნური მეთოდებით, მაგალითად, პრეზერვატივით დაიცვათ.
ის, რაც ზემოთ აღვწერეთ, კონტრაცეპციის კალენდარული მეთოდია. გარდა ამისა, არსებობს:
- ბაზალური ტემპერატურის მეთოდი, რომლის დროსაც ქალი ყოველ დილით, საწოლიდან წამოდგომამდე, უკანა ტანში იზომავს ტემპერატურას და მაჩვენებლებს ინიშნავს. ოვულაციის შემდეგ თერმომეტრზე მაჩვენებელი იზრდება. ეს იმის ნიშანია, რომ “ნაყოფიერი” პერიოდი დასრულდა და სქესობრივი კავშირი ორსულობის მიზეზად აღარ იქცევა.
- ცერვიკალური ლორწოს მეთოდი. თუკი მენსტრუაციის ჩათავებისთანავე საშოდან გამონადენი პრაქტიკულად არ გაწუხებთ, სულ რამდენიმე დღეში ანუ “ნაყოფიერი” პერიოდის მოახლოებისთანავე ის უხვი გახდება.
გაითვალისწინეთ: ციკლის ხანგრძლივობა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია (21-დან 35 დღემდე). შესაბამისად იცვლება “ნაყოფიერი” დღეების ხანგრძლივობაც. ამავე დროს ისიც უნდა იცოდეთ, რომ სპერმატოზოიდი ქალის ორგანიზმში 5 დღე ინარჩუნებს განაყოფიერების უნარს და თუ სქესობრივი კავშირი “ნაყოფიერი” პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე გქონდათ, შეიძლება, კიდევაც დაფეხმძიმდეთ. ასე რომ, გირჩევთ, საეჭვო შემთხვევებში პრეზერვატივი გამოიყენოთ, რომელიც მხოლოდ არასასურველი ორსულობისგან კი არა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგანაც დაგიცავთ.
კვლავ ჰორმონების იმედით
თანამედროვე ქალისთვის მეტად მოხერხებული აღმოჩნდა ორალური კონტრაცეპტივები (ოკ), რომლებიც უმთავრესად ორგანიზმში წარმოქმნილი ქალური ჰორმონების ანალოგებს შეიცავს. შემადგენლობით და აქტიური ნივთიერების (ჰორმონის) კონცენტრაციით ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები სხვადასხვანაირია, მაგრამ თითქმის ყველა არასასურველი ფეხმძიმობის “ჩაშლისთვის” არის გამიზნული, მიზანს კი ოვულაციის, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ღრუში ჩანერგვის ბლოკადის, ყვითელი სხეულის ფუნქციის შეცვლის გზით აღწევს. წლების წინ ლამის საზოგადოებებიც კი შეიქმნა, რომლებიც ჰორმონული კონტრაცეპციული საშუალებების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. მათი აზრით, ეს პრეპარატები უზარმაზარ საფრთხეს უქმნიდა ქალის ჯანმრთელობას.
კონტრაცეპტივების მოწინააღმდეგეთა შიში ეგებ არცთუ მთლად უსაფუძვლო გახლდათ, რადგან პრეისტორიული აბები ჰორმონებს მეტისმეტად დიდი რაოდენობით შეიცავდა, თანამედროვე ორალურ კონტრაცეპტივებში კი ესტროგენის შემცველობა მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ეფექტის თვალსაზრისით წინამორბედებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ასეთი შემადგენლობის წყალობით თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ჯანმრთელობისთვის სრულებით უსაფრთხოა და, როგორც გინეკოლოგები გვარწმუნებენ, სასარგებლოც კია ორგანიზმისთვის – არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს, ამცირებს წინარემენსტრუაციული სინდრომისთვის დამახასიათებელ დისკომფორტს, აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას, ამცირებს ზოგიერთი “ქალური” დაავადების განვითარების ალბათობას, თუმცა მათი ბრმად გამოყენება არამც და არამც არ შეიძლება. ორალური კონტრაცეპტივები, ისევე როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო ნებისმიერი სხვა მეთოდი, მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციურმა ექიმმა უნდა შეგირჩიოთ. სხვაგვარად შეიძლება გართულებებმა (არტერიულმა ჰიპერტენზიამ, წონის მატებამ, ციკლის დარღვევამ და ა.შ.) იჩინოს თავი.
უთუოდ მიმართეთ ექიმს, თუკი აბების სმის შედეგად დაგეწყოთ:
. მუცლის ძლიერი ტკივილი;
. მკერდის ძლიერი ტკივილი და სულხუთვა;
. თავის ძლიერი ტკივილი, რასაც მხედველობისა და მეტყველების დარღვევა სდევს თან;
. ტკივილი ქვედა კიდურებში.
ასეთ შემთხვევაში სპეციალისტი სხვა ჰორმონული აბების ან სულაც კონტრაცეპციის განსხვავებული მეთოდის (პრეზერვატივის, სპირალის და ა.შ.) გამოყენებას გირჩევს.
შექმენი ბარიერი
კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი სპერმატოზოიდებს ხელოვნურ წინააღმდეგობას უქმნის და განაყოფიერების სურვილით შეპყრობილი კუდიანი უჯრედები დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევენ. ამისთვის შეგიძლია გამოიყენო დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი, ღრუბელი და, რაღა თქმა უნდა, პრეზერვატივი (კონდომი). ყველაზე პოპულარული მაინც ეს უკანასკნელია.
ბარიერული მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ კიდევ უფრო შედეგიანი იქნება, თუკი მასთან ერთად კონტრაცეპციის სხვა საშუალებასაც გამოიყენებ, მაგალითად, სპერმიციდს.
კონდომს ბევრი არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის უნივერსალურ საშუალებად მიიჩნევს. ცუდი ის არის, რომ მისი გამოყენება ყველასთვის არ შეიძლება. დამნაშავეა ალერგია ლატექსსა და პოლიურეთანზე ანუ მასალაზე, რომლისგანაც ეს კონტრაცეპტივები მზადდება.
სპერმიციდები
სპერმიციდები ის ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც სპერმატოზოიდს საშოში მოხვედრისთანავე ანეიტრალებს და კლავს. კონტრაცეპციის მიზნით ქალები ხშირად იყენებენ ბუნებრივ სპერმიციდებს: ძმრის, ბორისა და რძის მჟავას, ლიმონის წვენს და ა.შ., მაგრამ ისინი არც ისე ეფექტურია, როგორც მათი ხელოვნური ანალოგები, რომლებიც ძირითადად კრემების, ჟელეების, ქაფების, დასადნობი სანთლებისა და აბების სახით გამოდის.
სპერმიციდების გამოყენებისას უთუოდ გაითვალისწინეთ, რომ:
- ისინი გაცილებით ეფექტურია ბარიერულ მეთოდებთან ერთად;
- განმეორებითი სქესობრივი აქტის დროს ახალი სპერმიციდის გამოყენებაა საჭირო.
სშს ანუ სპირალი
ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოსშიდა საშუალებები (სშს) საშვილოსნოს ღრუში მოთავსების შემდეგ ავლენს კონტრაცეპციულ ეფექტს: ისინი ხელს უშლის განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს, საშვილოსნოს კედელში ჩაინერგოს.
სპირალი ორგვარია: არამედიკამენტური ანუ ინერტული და მედიკამენტური. ამ უკანასკნელის გამოყენების შემთხვევაში საშვილოსნოში გამოიყოფა სპილენძი ან ჰორმონი, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტს ავლენენ.
სშს-ს ჩადგმა მენსტრუაციული ციკლის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება, თუმცა უმჯობესია, გინეკოლოგს ამ პროცედურისთვის ციკლის დასასრულს მიმართოთ, სპირალის ამოსაღებად კი საუკეთესო პერიოდი მენსტრუაციის მეორე-მესამე დღეებია, როცა საშვილოსნოს ყელი შეხსნილია და უცხო სხეულის ამოღება შედარებით იოლია.
სპირალის სიცოცხლის ბოლომდე დატოვება მიზანშეწონილი არ არის. დროდადრო აუცილებელია საშვილოსნოსა და მისი დანამატების ფუნქციების შემოწმება და სშს-ს გამოცვლა.
პროლონგირებული კონტრაცეპცია და სტერილიზაცია
კონტრაცეპციის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება ყველაზე გავრცელებულ საშუალებებზე შევაჩერეთ. გაგაცნობთ კიდევ ორ მეთოდს, რომლებიც შედარებით იშვიათად გამოიყენება, მაგრამ თეორიული ცოდნა მაინც არ იქნება ზედმეტი. პროლონგირებული კონტრაცეპტივები ინექციისა და ინპლანტების (კანში ჩასადგმელი კაფსულების) სახით გამოიყენება. მათი მთავარი ღირსება ის არის, რომ არასასურველ ორსულობას და მასთან დაკავშირებულ თავსატეხს დიდი ხნით დაგავიწყებთ.
სტერილიზაციას – კონტრაცეპციის ქირურგიულ მეთოდს – ძალზე იშვიათად მიმართავენ. ამ დროს ახდენენ კვერცხსავალი მილების გამავლობის ბლოკირებას. მიუხედავად რადიკალური ჩარევისა, თუ ქალი მაინც მოისურვებს ბავშვის ყოლას, შეიძლება ალტერნატიული გზით – ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით – დაორსულდეს.
კონტრაცეპციის მეთოდის შერჩევა მხოლოდ სპეციალისტის მითითებით, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. მშობიარობისა და აბორტის შემდეგ ტაქტიკა გარკვეულწილად განსხვავებულია. სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა ასაკშიც. ასე რომ, სანამ ოჯახის დაგეგმვაზე შეუდგებით ფიქრს, გინეკოლოგს ესტუმრეთ.