სახის მასაჟი – ბოტოქსის ბუნებრივი ალტერნატივა

გააზიარე:

კანის ელასტიკურობისა და სახის მკაფიო კონტურის შესანარჩუნებლად უამრავი მეთოდი არსებობს. ერთი მათგანია სახის მასაჟი. ის, გარდა იმისა, რომ ძალიან ეფექტურია (თუ სწორად და რეგულარულად გაიკეთებთ), იაფიცაა, რადგან მისი გაკეთება თავადაც შეგიძლიათ.

აზიაში მიაჩნიათ, რომ კანის დაბერება სისხლის მიმოქცევის შენელების შედეგია. ასაკთან ერთად სისხლის მიმოქცევა მართლაც ნელდება. მასთან ერთად ნელდება უჯრედებისთვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება, ლიმფის დეტოქსიკაცია, უჯრედების დაყოფა.

რა იწვევს ნაოჭების გაჩენას? ერთ-ერთი მიზეზი სახის კუნთების ხშირი დაძაბვაა, მაგალითად, სიცილის დროს. როცა სახე გამუდმებით დაძაბულია, ნაოჭები ჩნდება და თანდათან ღრმავდება.

მათი გაჩენის თავიდან აცილებასა თუ უკვე არსებულთა შემცირებაში სახის მასაჟი გვეხმარება. 

როგორ?

* ხელს უწყობს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას;

* ადუნებს კუნთებს და ამცირებს დაძაბულობას;

* აუმჯობესებს ლიმფის მიმოქცევას, ხელს უშლის შეშუპებას;

* აჩქარებს ტოქსინების გამოყოფას;

* ზრდის კანის ელასტიკურობას.

არცთუ ისე ცოტაა საიმისოდ, რომ არ დავიზაროთ და ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე გავიკეთოთ სახის მასაჟი. შეგიძლიათ, სპეციალური ხელსაწყოც მოიშველიოთ, თუმცა ჩვენ გასწავლით რამდენიმე ილეთს, რომელთა შესასრულებლად საკუთარი ხელებიც გეყოფათ.

დავიწყოთ იმით, რომ მასაჟი სხვადასხვა ტექნიკით სრულდება:

. დაზელით – ძლიერი, დაწოლითი მოძრაობებით, რომლებიც ქსოვილს ასტიმულირებს;

. სრიალით – თითის ბალიშებით, მსუბუქი წრიული და სპირალური მოძრაობებით, რომლებიც ადუნებს კუნთებს და ხსნის დაძაბულობას;

. დარტყმით – შუბლზე, საფეთქლებსა და ლოყებზე თითის ბალიშების რიტმული ნაზი კაკუნით, რომელიც სისხლის მოძრაობას ააქტიურებს.

მასაჟის დაწყებამდე კარგი იქნება სახეზე ზეთის ან დამატენიანებელი საცხის წასმა, რომ თითებმა ადვილად ისრიალოს.

სარელაქსაციოდ

დაიწყეთ ნიკაპიდან. თითის ბალიშები მსუბუქი, რიტმული წრიული და სპირალური მოძრაობებით გადაიტარეთ ჯერ ნიკაპზე, მერე – ლოყებზე, საფეთქლებსა და შუბლზე. იმავე მოძრაობებით ჩამოუყევით სახეს შუბლიდან ნიკაპისკენ. გაიმეორეთ 8-10-ჯერ. ბოლოს ცხვირის ძირიდან საფეთქლებისკენ თითის ბალიშებით მსუბუქად გაავლეთ ხაზები.

ნაოჭების პრევენციისთვის

შუბლი

ორივე ხელის შუა თითი და არათითი ერთდროულად მსუბუქად დაიჭირეთ შუბლის შუა ნაწილზე, სამი წამი გაიჩერეთ და სპირალური მოძრაობით გადაიტარეთ ჯერ საფეთქლებისკენ, მერე – თმის ზრდის ხაზისკენ.

წარბებშორისი ხაზი

ეგრეთ წოდებული ბრაზის ნაოჭის პრევენციისთვის თითები მსუბუქად ასრიალეთ წარბებს შორის გამავალ ხაზზე – ქვემოთ, ცხვირისკენ, და პირუკუ.

თვალები

დაიწყეთ ნაზი მოძრაობა ცხვირსა და წარბებს შორის ჩაღრმავებული ადგილიდან, გაატარეთ თითები წარბების ქვეშ, შემოუარეთ თვალს და საწყის წერტილს დაუბრუნდით.

ტუჩები

* ორივე ხელის შუა თითი და არათითი ერთდროულად ამოძრავეთ ნიკაპის ცენტრიდან ტუჩების გარშემო ფილტრუმისკენ (ცხვირქვეშა ღრმულისკენ) და უკან.

* ხელებით შეკარით სამკუთხედი და დაიდეთ სახეზე ისე, რომ ცერა თითები ნიკაპის ქვემოთ მოხვდეს, წვერი კი ცხვირზე და გაჭიმეთ კანი დაწოლითი მოძრაობით ყურებისკენ.

ღაბაბი

შეკარით მუშტები და მცირე დაწოლით გაასრიალეთ ნიკაპიდან ყურისკენ ორივე მხარეს.

დაღლილობის მოსახსნელად

. გაიკეთეთ დარტყმითი მასაჟი თითის ბალიშებით ლოყებზე, ქვემოდან ზემოთ.

. ნაზი წრიული მოძრაობებით თითები მთელ სახეზე ასრიალეთ.

თითოეული ილეთი 6-8-ჯერ გაიმეორეთ.

მასაჟი კოვზით

ეს მასაჟი კანს უბრუნებს სხივს, სიმკვრივეს, ახალგაზრდულ იერს. საუკეთესო ეფექტის მისაღებად მასაჟი უმჯობესია ყოველდღე ათი წუთის განმავლობაში ჩაიტაროთ. ამისთვის დაგჭირდებათ:

* ერთი ჭიქა ყინულიანი წყალი;

* რამდენიმე კოვზი თბილი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი;

მასაჟის დაწყებამდე დაიბანეთ სახე და წაისვით დამატენიანებელი.

შეშუპებული თვალებისთვის

თვალების შეშუპებისა და ჩამუქების შესამცირებლად კოვზი ყინულიან წყალში ჩაყავით, რამდენიმე წამი გააჩერეთ, მერე ჩაღრმავებული მხრიდან ქუთუთოზე დაიფარეთ და მალევე აიღეთ. გაიმეორეთ ხუთჯერ. მერე ისევ ჩაყავით ყინულიან წყალში და რამდენიმე წამით დაიდეთ თვალებქვეშ. ესეც ხუთჯერ გაიმეორეთ.

სახის მასაჟი

კოვზი თბილ ზეთში ამოავლეთ და ნაზად ასრიალეთ

. შუბლზე, ჯერ საფეთქლებისკენ, მერე – წარბებიდან თმის ზრდის ხაზისკენ.

. ქუთუთოებზე,

. ლოყებსა და ცხვირზე ქვემოდან ზემოთ და ირიბად,

. ნიკაპზე ლოყებისკენ,

. კისერზე ნიკაპისკენ.

დროდადრო ზეთში დაასველეთ.

მასაჟის შემდეგ სახე ნელთბილი წყლით გაიწმინდეთ.

თუ ამ ყველაფერს სახის ვარჯიშსაც დაუმატებთ, კანიც გამოცოცხლდება და მოშვებულ კუნთებსაც აღუდგება ტონუსი.

მაშ ასე:

* ჩაისუნთქეთ ცხვირით და ჰაერი ცალ ლოყაში მოიქციეთ, მეორე კი მოკუმეთ. 5-6 წამის შემდეგ ჰაერი ნელ-ნელა გამოუშვით ისე, რომ მეორე ლოყა მოკუმული დარჩეს. ლოყები ერთმანეთს შეუნაცვლეთ.

* ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით და ლოყები მაქსიმალურდ გაბერეთ. 3-4 წამი ჰაერი პირის ღრუში ატრიალეთ, ბოლოს მოკუმული ტუჩებიდან ნელ-ნელა გამოუშვით.

* პირი ფართოდ გააღეთ, მერე დახურეთ და ტუჩები მოკუმეთ. მოკუმული ტუჩები მაქსიმალურად გადასწიეთ ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს. ორივე მხარეს გააჩერეთ რამდენიმე წამი.

* პირი ფართოდ გააღეთ და რიგრიგობით ხმამაღლა წარმოთქვით ყველა ხმოვანი.

* ახედეთ ჭერს, პირი გააღეთ და თავი მიატრიალეთ ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ.

* ხელისგული ქვემოდან მიიდეთ ნიკაპზე. სცადეთ, ქვედა ყბა დასწიოთ, ხელით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.

* თვალის გარე კუთხეებზე საჩვენებელი თითები დაიდეთ და თვალები მაგრად დახუჭეთ, თითებით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.

თითოეული მოძრაობა 8-10-ჯერ გაიმეორეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: