კანის აქერცვლა დაზიანების გარეშე

გააზიარე:

გსურთ, მიანიჭოთ კანს სიგლუვე და ბზინვარება მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე? მოსინჯეთ სახის აქერცვლა, იგივე პილინგი.

პილინგი ნებისმიერ ასაკში აღადგენს კანის სიცოცხლისუნარიანობას. ეს პროცედურა აჩქარებს კანის უჯრედოვან რეგენერაციას, რომელიც, წესისამებრ, ასაკთან ერთად იკლებს.

აქერცვლის შედეგად კანს შორდება ზედა, მკვდარი უჯრედების ფენა და გლუვი და ბზინვარე ხდება. პილინგი ნებისმიერი ტიპის კანს სჭირდება – ცხიმიანს, აკნესკენ მიდრეკილს, მშრალს, მგრძნობიარეს. მოდი, უფრო ფართოდ მიმოვიხილოთ ეს პროცედურა და ვისაუბროთ მის როლზე კანზე ზრუნვის რუტინაში.

რას ეწოდება კანის აქერცვლა

აქერცვლა ეწოდება კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას ნებისმიერი მეთოდით. პროცესი მექანიკურიც შეიძლება იყოს და ქიმიურიც, კანის ასაქერცლად მხოლოდ ხაოიანი პირსახოციც შეგიძლიათ გამოიყენოთ, სკრაბიც და მჟავებისა და ფერმენტების შემცველი სპეციალური ნაერთებიც.

კანის აქერცვლის პროცედურა შეგიძლიათ სახლშიც ჩაიტაროთ, უფრო ინტენსიური პილინგისთვის კი უმჯობესია პროფესიონალს მიმართოთ. პროფესიონალური პილინგი და მიკროდერმაბრაზია ბევრად უფრო ინტენსიურია და შედეგსაც უფრო სწრაფად იძლევა.

აქერცვლის მეთოდები

არსებობს კანის აქერცვლის სამი ძირითადი მეთოდი, რომლებიც სხვადასხვა პრობლემას უხდება და სხვადასხვა შედეგები აქვს.

ფიზიკური ექსფოლიანტები:

ფიზიკური, იგივე მექანიკური ამქერცლავები (ექსფოლიანტები): სახისა და ტანის სკრაბები, სპეციალური ჯაგრისები, მიკროდერმაბრაზიისთვის განკუთვნილი თავაკები სპეციალური საფარით

ქიმიური ექსფოლიანტები:

მჟავებისა და ფერმენტების შემცველი საშუალებები პილინგისთვის, ტონირებისთვის, ნიღბები, შრატები, დამატენიანებლები. სწორედ მჟავების წყალობით კარგავს კანი მკვდარ უჯრედებთან კავშირს და ადვილად იშორებს მათ.

ასეთი პროდუქტები უმეტესად შეიცავს ალფა (გლიკოლის, რძემჟავა, ლიმონის და მანდელიუმის მჟავები) და ბეტა (სალიცილის მჟავა) ჰიდროქსიდებს და მსუბუქ ფერმენტებს.

კომბინირებული ექსფოლიანტები:

ესენი უმეტესად კანზე წასასმელი და ჩამოსაბანი საშუალებებია, რომლებიც დაბალანსებული კონცენტრაციით შეიცავს როგორც ქიმიურ, ისე მექანიკურ ამქერცლავ კომპონენტებს. კერძოდ, კომბინირებული ექსფოლიანტის შემადგენლობაში შესაძლოა შედიოდეს როგორც ალფა და ბეტა ჰიდროქსიდები, ფერმენტები, ისე ფიზიკური ექსფოლიანტების გრანულებიც, ერთად კი ისინი გაორმაგებულ ეფექტს იძლევა.

სახის აქერცვლა სახლის პირობებში

სახლის პირობებში კანის აქერცვლის სამი ძირითადი პრინციპი დაცვა მომიწევთ, იმის მიხედვით, რა ტიპის კანი გაქვთ და როგორი შედეგის რამდენი ხანში მიღება გსურთ.

* თუ კანი მშრალი ან მგრძნობიარე გაქვთ, მექანიკურ ექსფოლიანტებს გირჩევთ. ასეთი პროცედურების შემდეგ მოიმატებს კანის ელასტიკურობაც ქიმიური ნივთიერებებით ზედმეტი გაღიზიანების გარეშე.

* ცხიმიანისთვის გამოიყენეთ  ქიმიური ან კომბინირებული ექსფოლიანტები. მჟავას შემცველ ამქერცლავ საშუალებებში მინიმუმამდეა დაყვანილი აკნესკენ მიდრეკილი კანის  დაზიანების რისკი შემთხვევაში.

* კომბინირებული ექსფოლიანტები კიდევ უფრო შესამჩნევ შედეგს იძლევა ცხიმიანი კანზე გამოყენებისას.

* თუ კომბინირებული კანი გაქვთ, როგორც ქიმიური, ისე მექანიკური ექსფოლიაცია კარგ შედეგს მოგცემთ.

* დაბერებისკენ მიდრეკილ კანს ყველაზე მეტად ალფა ჰიდროქსიდების შემცველი ქიმიური ექსფოლიანტები უხდება. მათი ფორმულა საუკეთესოდ მოქმედებს ახლად წარმოქმნილ ნაოჭებზე  და, ამასტან ერთად, კარგად ათანაბრებენ კანის ფერს.

რა სიხშირით გამოვიყენოთ

როდესაც საქმე კანის აქერცვლას ეხება, ადვილი მისახვედრია, რომ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ.

მექანიკური, ფიზიკური ექსფოლიანტები შეგიძლიათ მოიხმაროთ კვირაში 2-3-ჯერ, დილას ან საღამოს, კანის კარგად დაბანის შემდეგ.

მშრალი ან მგრძნობიარე კანის პატრონებმა ქიმიური ამქერცლავი უნდა გამოიყენონ კვირაში ერთხელ, დილას ან საღამოს, პირის კარგად დაბანის შემდეგ, ხოლო ცხიმიანის პატრონებმა – კვირაში მაქსიმუმ სამჯერ.

კომბინირებული ექსფოლიანტები შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში ერთხელ ან ყოველდღიურად, მათივე ინსტრუქციის მიხედვით.

რომელი ექსფოლიანტის გამოყენებასაც არ უნდა აპირებდეთ, უპირველეს ყოვლისა, წაიკითხეთ ინსტრუქცია, სადაც მითითებული იქნება, რამხელა ულუფა უნდა დაიდოთ კანზე, როგორ შეიზილოთ და რამდენ ხანს გაიჩეროთ.

რამდენად უსაფრთხოა ბუნებრივი პროდუქტები?

უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ თქვენი ალერგიული განწყობა ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ. თავდაპირველად კანზე დაიდეთ ამქერცლავის ძალიან პატარა ულუფა და აიქერცლეთ. დაელოდეთ რეაქციას და ამის შემდეგ გადადით მთელ სახესა თუ ტანზე. დაიწყეთ გამოყენება მცირე რაოდენობით და იშვიათად. დადებითი ეფექტის შემთხვევაში შეგიძლიათ პროცედურების ინტენსივობა გაზარდოთ. ბუნებრივი ამქერცლავებია შაქარი, სოდა, ყავა, სიმინდის ფქვილი – იმისდა მიხედვით, თქვენს კანს რომელი მოუხდება.

ვრცლად პროცედურის შესახებ

ნებისმიერი სახის ამქერცლავის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ პირი!

* მექანიკური ამქერცლავი: მცირე რაოდენობით დაიდეთ ნოტიო კანზე და მარტივი, წრიული მოძრაობებით აიქერცლეთ კანი. ძალას ნუ დაატანთ, რომ მიკროტრავმები არ გაჩნდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ სპეციალურ ჯაგრისს იყენებთ.

ჩამოიბანეთ ექსფოლიანტი და ნაზად შეიმშრალეთ სახე რბილი პირსახოცით. შემდეგ კარგად დაიტენიანეთ ჩვეული რუტინის მიხედვით.

* ქიმიური ამქერცლავი:  სახე შეიმშრალეთ პირსახოცით, დაიდეთ იმდენი ექსფოლიანტი, რამდენიც ინსტრუქციაშია მითითებული და გაიჩერეთ იმდენ ხანს, რამდენიც ინსტრუქციაში წერია. ჩამოიბანეთ ან მოიშორეთ იმგვარად, როგორც ინსტრუქციაშია ნათქვამი.

არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ თვალების გარშემო არეს.

როდის შევიკავოთ თავი

თუ პროფესიონალურ ქიმიურ პილინგს ან დერმაბრაზიას იტარებთ, შინ აქერცვლის პროცედურების ჩატარება აღარ არის საჭირო –კანი ზედმეტად გაღიზიანდება და პროფესიონალურ პროცედურებსაც დაეკარგება ეფექტი. არ არის რეკომენდებული მზისგან დამწვარი კანის აქერცვლა, ასევე – აქერცვლა როზაცეის ან ეგზემის გამწვავების პერიოდში.

ექსფოლიაციის დღეებში ერიდეთ კანის მოვლის ისეთ საშუალებებს, რომლებიც შეიცავს რეტინოლს, ვიტამინ C-ს და სხვა მჟავებს.

რეკომენდებულია მხოლოდ ერთი ტიპის ექსფოლაცია. თუ პილინგი კვირის დასაწყისში გაიკეთეთ, კვირის ბოლოს ნუ გამოიყენებთ ამქერცლავ ჯაგრისს. თუ კანზე სიწითლე ან გამონაყარი აღმოაჩინეთ, შეწყვიტეთ პროცედურები და კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: