მაკიაჟის ფუნჯების მრავალფეროვანი სამყარო
გააზიარე:
მაკიაჟის მოყვარულები რამდენიმე ჯგუფად იყოფიან. არიან ისეთებიც, რომლებიც მაკიაჟის არც ერთ საფეხურს არ ტოვებენ, მაგრამ ამ პროცედურისთვის სულ რამდენიმე ფუნჯიც ჰყოფნით, ისეთებიც, ვისაც ყველა პროცედურისთვის თავ-თავისი ფუნჯი აქვს, მაგრამ არ იყენებს – 2-3 ძირითადი ფუნჯის გამოყენება უფრო მოხერხებულად მიაჩნია – და ისეთებიც, ვინც ტონალურსაც, თვალის ჩრდილსაც და ჰაილაითერსაც ერთი ფუნჯით ისვამს.
არსებობს მაკიაჟის მოყვარულთა კიდევ ერთი კატეგორია: მათ არათუ აქვთ მაკიაჟის თითოეული ეტაპისთვის განკუთვნილი ფუნჯები, არამედ დანიშნულებისამებრაც იყენებენ, მაგრამ ეს წერილი მათთვის არ არის.
აი, თუ მაკიაჟის ყველა ეტაპზე ერთსა და იმავე ფუნჯს იყენებთ, მაგრამ ხვდებით, რომ დროა, ეს წესი შეცვალოთ, ყურადღებით წაიკითხეთ სტატია. გაგაცნობთ ფუნჯის ტიპებს და თითოეული მათგანის დანიშნულებას.
ტუშის ფუნჯი
შესაძლოა იფიქროთ, ცალკე ტუშის ფუნჯი რა საჭიროა, ყველა ტუშს ხომ თავისი ფუნჯი აქვსო. სინამდვილეში ასეთი ფუნჯი ბევრი რამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მისი პირველი და ყველაზე ცხადი დანიშნულება წამწამებზე ტუშის შესწორებაა. თუ წამწამები შეგეწებათ, ამ ფუნჯით შეძლებთ მათ ერთმანეთისგან განცალკევებას ისე, რომ ტუშის ფენა აღარ დაიმატოთ. ამავე ფუნჯით შეძლება წარბების შეღებვა, ასაპრეხი საშუალების წასმა, სპრეი-ფიქსატორის განაწილება, ასევე წარბებისა და წამწამების სამკურნალო სპეციალური სითხეების წასმა და განაწილება.
ტუჩის ფუნჯი
ის წვრილია, წაწვეტებული და ვიწრო, პატარა წვერით ბოლოვდება. ამ ფუნჯით მიუდგებით სახის ყველაზე მოუხერხებელ ადგილებს, სადაც სხვა ფუნჯით მიდგომა შეუძლებელია.
ასეთ ფუნჯს, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ტუჩზე კონტურისა თუ პომადის წასასმელად გამოიყენებთ, მაგრამ ის ქუთუთოების მაკიაჟისთვისაც იდეალურია. დაბოლოს, მისი საშუალებით სახეზე ნებისმიერი ფიგურისა და გრაფიკული გამოსახულების დახატვას შეძლებთ.
კაბუკის ფუნჯი
ფუნჯის სახელი ტრადიციული იაპონური თეატრის კაბუკის სახელწოდებისგან მომდინარეობს. მას აქვს მოკლე, მსუქანი სახელური და ძალიან მკვრივი, მტკიცე, ბრტყელი ან გუმბათისებრი ჯაგრისი.
კაბუკის ფუნჯი იდეალურია თხევადი ტონალური კრემით სახისა და სხეულის საშუალო და სრული დაფარვისთვის. გარდა ამისა, სიმკვრივე მას საუკეთესო ხელსაწყოდ აქცევს წვრილფხვნილოვან მასაზე დამზადებული და მინერალური პროდუქტების კანზე გასანაწილებლად.
კაბუკის ფუნჯი, როგორც გითხარით, მკვრივია, ამიტომ ამ ფუნჯით კოსმეტიკური საშუალების წასმისას მცირე დაწოლა დაგჭირდებათ. ოდნავ დაასველეთ ფუნჯის წვერი თხევადი კოსმეტიკური საშუალებით და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახესა და სხეულზე. ფუნჯის წყალობით ის იდეალურად განაწილდება.
ტონალურის ფუნჯი
თხევადი ტონალურისთვის შეგიძლიათ სპონჟიც გამოიყენოთ ან, უკიდურეს შემთხვევაში, თითებით გაინაწილოთ სახეზე, ფხვიერი მინერალური პუდრის წასასმელად კი ფუნჯი აუცილებელია.
ამ ტიპის ფუნჯები, როგორც წესი, მკვრივია. შეიძლება იყოს ბრტყელიც (საღებავის ფუნჯივით) და სავსე, მომრგვალო, გუმბათის ფორმისაც. სინთეტიკური მასალის ფუნჯს უმეტესად თხევადი ტონალურისთვის იყენებენ ხოლმე, რადგან ის უფრო ადვილად ირეცხება, ბუნებრივი ბეწვისგან დამზადებული კი ფხვიერი პუდრის გასანაწილებლად გამოიყენება, თუმცა თუ სინთეტიკური ფუნჯი მაღალი ხარისხისაა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც თხევადი, ისე ფხვიერი ტონალურისთვის.
სპონჟი
სპონჟი (ღრუბელი) ტონალურის წასასმელი კიდევ ერთი გავრცელებული და საშუალებაა. მრგვალი ფორმისა და გლუვი ზედაპირის წყალობით ის იდეალურად ანაწილებს ტონალურს კანზე და ზოლებს არ ტოვებს. სპონჟის ფართო კიდეები კოსმეტიკის მთელ სახეზე გასანაწილებლად გამოიყენება, ხოლო წვეტი – თვალების გარშემო და ცხვირ-ტუჩის ზონაში.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სპონჟი გამოყენებამდე დაასველეთ გამდინარე წყლით ან ასხურეთ თერმული წყლის სპრეი, გაწურეთ, ქაღალდით გაამშრალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეახეთ კრემს. ასე ტონალურიც იდეალურად განაწილდება და აღარც სპონჟი შეიწოვს ბევრს, რადგან უკვე წყლით იქნება გაჟღენთილი.
ფუნჯი თვალის ჩრდილებისთვის
ბრტყელი, ბოლომომრგვალებული ფუნჯი იდეალურად ანაწილებს ქუთუთოებზე თვალის როგორც ფხვიერ, ისე კრემოვან ჩრდილებს.
ჩაყავით ფუნჯის წვერი ფხვიერ ჩრდილში ან წააცხეთ ზედ ცოტაოდენი კრემოვანი ჩრდილი, მცირე ბიძგისებრი მოძრაობებით გადაიტანეთ კოსმეტიკა ქუთუთოებზე და ბოლოს წრიული მოძრაობებით გაინაწილეთ.
ჰაილაითერის ფუნჯი
თუ ბზინვარე კანი, რომელიც დღეს ესოდენ მოდურია, თქვენც გხიბლავთ, მაშინ ჰაილაითერი თქვენი მაკიაჟის საბოლოო შტრიხი გახდება. ჰაილაითერი ნებისმიერ მაკიაჟს აცოცხლებს და მატებს სხივს.
ჰაილაითერის ფუნჯი იმის მიხედვით შეარჩიეთ, როგორი ეფექტის მიღება გსურთ. თუ უფრო გაბნეული, მაკიაჟში გამჯდარი ბზინვარების მიღწევა გინდათ, შეარჩიეთ შედარებით გრძელი ან მარაოსებრი ფუნჯი. მოკლე, მკვრივი ფუნჯით ყველაზე დაბალი ხარისხის ჰაილაითერიც კი კაშკაშა და სუპერბზინვარე ეფექტს მოგცემთ.
წააცხეთ ფუნჯზე თხევადი ჰაილაითერი ან აიღეთ ფუნჯის წვერით მყარი`ფხვიერი (გააჩნია, რომელს ანიჭებთ უპირატესობას) და ნაზად წაისვით ყვრიმალებზე, წარბის ძვლებზე, ცხვირის წვერზე, ლავიწის ძვლებზე – გააჩნია, სხეულის რომელი ნაწილების ამონათება და აბზინება გსურთ.
ლიკა ქათამაძე