ივზირა ანდღულაძე – ქართული ენდოკრინოლოგიის მშვენება
გააზიარე:
ქალს, რომელსაც ეს სტატია ეძღვნება, ქართული მედიცინის წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვის. ივზირა ანდღულაძისა და მისი კოლეგების წყალობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე საფუძველი ჩაეყარა ენდოკრინოლოგიის კურსს, რომელიც შემდეგ კათედრად გარდაიქმნა.
ენდოკრინოლოგია მისთვის მთელი ცხოვრება იყო...
დიდი ექიმი გაიხსენეს ქართული მედიცინის ისტორიის მოამაგემ, გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ და ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ივზირა ანდღულაძის პირველმა კლინიკურმა ორდინატორმა ქეთევან ნათმელაძემ. მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ივზირა ანდღულაძის შვილს ნიკოლოზ ბერულავას.
ივზირა ანდღულაძე 1927 წლის 9 იანვარს თბილისში დაიბადა. მამამისს, გრიგოლს, უმაღლესი განათლება პეტროგრადში ჰქონდა მიღებული. შემდგომ, ნიკოლოზის არმიის ოფიცერი, სომხეთისთვის ყარსის დაბრუნებაში მონაწილეობდა. სამშობლოში მუშაობდა თავისივე დაპროექტებულ მთავრობის სახლში, სადაც იმდენად შეუცვლელ სპეციალისტად მიიჩნეოდა, რომ ომის წლებში ფრონტზე წასვლის უფლება არ მისცეს.
ივზირას დედა, თავადის ქალი სავინა წერეთელი, ოჯახის ნამდვილი დედაბოძი იყო. გამზრდელ ბებიას ბატონი ნიკოლოზი დიდი სიყვარულით იხსენებს.
1944 წელს ივზირა ანდღულაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის მესამე საშუალო სკოლა და სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. ნიჭიერი და ბეჯითი სტუდენტი აქტიურად ჩაება აკადემიურ საქმიანობაში. თერაპიის სპეციალობით კლინიკური ორდინატურის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის პირველი საავადმყოფოს მეოთხე თერაპიულ განყოფილებაში, სადაც გმოჩენილი ქართველი ექიმის ლევან ანჯაფარიძის ხელმძღვანელობით შესანიშნავ კლინიცისტად ჩამოყალიბდა. 1959 წელს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასისტენტი გახდა. იქ თავის ხელმძღვანელთან ვაჟა ივერიელთან ერთად ენდოკრინოლოგიის კათედრა დააარსა, სადაც კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მიღებისთანავე დოცენტად აირჩიეს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ენდოკრინოლოგიის დამოუკიდებელი კურსის შექმნაში შეტანილი დიდი წვლილისთვის ივზირა ანდღულაძე ამ კურსის ხელმძღვანელად მიიწვიეს. იქ თავი გამოიჩინა როგორც ბრწყინვალე კლინიცისტმა, მეცნიერმა და ორგანიზატორმა. მისი ლექციები და კლინიკური შემოვლები სტუდენტებისა და კოლეგების დიდ ინტერესს იწვევდა.
თავად ივზირა ანდღულაძე 22 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ერთი მათგანი ეხებოდა თემას "შეუძლია თუ არა შაქრიანი დიაბეტით ავადმყოფს, გახდეს დედა". იკვლევდა მდინარე ლუგელაში იოდის შემცველობას და ენდემური ჩიყვის შემთხვევებს.
პროფესიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. სამედიცინო ლიტერატურის შესაძენად დრო და ფული არასდროს ენანებოდა. უზარმაზარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საკუთარ თავზე მუშაობას. ცოდნის ასამაღლებლად ხშირად სტუმრობდა მოსკოვის ცენტრალურ ლაბორატორიას, მერე კი დარგში არსებულ სიახლეებს შემოვლებზე განიხილავდა. იყო მკაცრი და მომთხოვნი, თუმცა დაუმსახურებლად შენიშვნას არავის აძლევდა. განსაკუთრებულ დისციპლინას ითხოვდა პაციენტებისგან, რომელთა უმრავლესობა მაღალი თანამდებობის პირი იყო. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ერთ მაღალჩინოსანს ექიმის დანიშნული საათობრივი კვება დატვირთული გრაფიკის გამო შეუსრულებელ მისიად მოუხსენიებია, ივზირა კი ჩვეული ღიმილით შეპასუხებია, თუ დღის განმავლობაში სხვა ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ასწრებთ, კვებისთვისაც უთუოდ გამონახავთ დროსო.
მუდამ მოწესრიგებული იყო. სარკეში ჩაუხედავად შინიდან არ გავიდოდა. ამბობდა, ექიმს, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს პაციენტებთან, სტუდენტებსა და კოლეგებთან, ფორმაში ყოფნა სხვებზე მეტად მოეთხოვება და ამისთვის დილით ჩვეულებრივზე ათი-თხუთმეტი წუთით ადრე ადგომაც საკმარისიაო.
ხუტა პაჭკორია:
– ივზირა ანდღულაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრაზე გავიცანი. პირველი წარუშლელი შთაბეჭდილება მისმა არისტოკრატულმა გარეგნობამ მოახდინა. მალე დავახლოვდით. გულღია და კეთილშობილი ქალბატონი იყო. კარგად მახსოვს, როგორ ზრუნავდა კლინიკის ხელმოკლე თანამშრომლებზე. მიუხედავად მძიმე სენისა, მოსკოვსა და ლენინგრადში ვიზიტების დროს ხშირად სტუმრობდა ბუკინისტურ მაღაზიებს, საიდანაც ჩემთვისაც არაერთი იშვიათი გამოცემა ჩამოუტანია. ბრწყინვალედ იცნობდა მსოფლიო ლიტერატურას, საინტერესო მოსაუბრე და პედაგოგი იყო.
ქეთევან ნათმელაძე:
– ქალბატონ ივზირას პირველად მეხუთე კურსზე, ენდოკრინოლოგიის გამოცდაზე შევხვდი. ახლაც მახსოვს, როგორი მონდომებით ვპასუხობდი მის ყველა კითხვას. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვღელავდი, ამ რამდენიმეწუთიანი ურთიერთობით დიდი სიამოვნება მივიღე და ფრიადიც დავიმსახურე. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენი გზები აღარ გადაკვეთილა. როდესაც ენდოკრინოლოგიის კლინიკურ ორდინატურაში კონკურსი გამოცხადდა, ერთადერთი ვაკანტური ადგილისთვის ექვს კანდიდატს მოგვიხდა ბრძოლა. იმდენად ერთნაირი მონაცემები გვქონდა (წითელი დიპლომი, სამეცნიერო ნაშრომი, პარტიული აქტივობა), რომ მხოლოდ კენჭისყრით თუ გადაწყდებოდა ჩვენი ბედი. მართლაც ასე მოხდა... როდესაც არჩეული კანდიდატურა კურსის გამგეს, ქალბატონ ივზირას წარუდგინეს, მან გადახედა სიას, ჩემს სახელსა და გვარზე შეჩერდა და თქვა: მე ეს სტუდენტი გამოცდიდან მახსოვს, თუ ის არ დაიკავებს ამ ადგილს, სხვა კანდიდატურას მხარს არ დავუჭერო. ჩემდა ბედად, იმ წელს ბავშვთა პათანატომიის კლინიკურ ორდინატურაში ჩაბარების მსურველი არავინ აღმოჩნდა და გამოთავისუფლებული ბიუჯეტი ენდოკრინოლოგიის კლინიკური ორდინატურის მეორე ადგილისთვის გადანაწილდა.
ასე დაიწყო ჩვენი ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა. მახსოვს, როცა პირველად დამიბარა კაბინეტში, მკითხა: გუშინ რომელი სპექტაკლი ნახეო? საღამო შინ გავატარე-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ უთუოდ წაიკითხავდი რამესო, – განაგრძო ღიმილით. მას შემდეგ, როგორი დაღლილიც უნდა დავბრუნდე შინ, ვცდილობ, დრო უქმად არ გავლიო და რამე ახალი გავიგო.
ივზირა ანდღულაძე ჩემთვის ჭეშმარიტი ექიმის კლასიკური სახეა. ძნელია, იყო წარმატებული პროფესიონალი და იმავდროულად ასეთი ქალური სინატიფეც შეინარჩუნო. უამრავი დედაშვილური დარიგება მახსოვს მისგან და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი მკაცრ იმიჯის მიღმა სათნო, მზრუნველი პიროვნება იმალებოდა.
სიცოცხლის ბოლო წლებში ქალბატონი ივზირა უკურნებელ სენს ებრძოდა. არაფერს იმჩნევდა. ერთადერთი ოცნება ჰქონდა – თორმეტი წლის ნიკუშას ფეხზე დადგომას მოსწრებოდა. სამწუხაროდ, ბედმა სხვაგვარად განაგო... დოცენტი ივზირა ანდღულაძე 1980 წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა.
მარი მარღანია