სევერიან ბუაძე

გააზიარე:

სევერიან ბუაძე – ბუგეულში გაზრდილი ბიჭი, რომელიც ჰალეს უნივერსიტეტის პროფესორი გახდა

 არიან ადამიანები, რომლებიც კომეტასავით ჩაიქროლებენ ხოლმე ცხოვრების კაბადონზე, მაგრამ ამ მოკლე ხანშიც ასწრებენ ღრმა კვალის დატოვებას.

ბატონი ხუტა პაჭკორია, ჩვენი რუბრიკის ტრადიციული სტუმარი, სევერიან ბუაძის ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერი ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.

 

შემთხვევით აღმოჩენილი

1967 წელს მონრეალში, კანადის კონფედერაციის მე-100 წლისთავზე, მსოფლიო გამოფენა “ექსპო-67” გაიმართა. მას 62 ქვეყნიდან 50 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ესტუმრა. გამოფენის მთავარი ღირსშესანიშნაობები საბჭოთა და ამერიკული პავილიონები იყო.

საბჭოთა დელეგაციის შემადგენლობაში კრემლის მთავარი ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი რევაზ ხოფერიაც გახლდათ. გამოფენაზე მან გაიცნო ცნობილი ენდოკრინოლოგი, უნგრული წარმოშობის კანადელი მეცნიერი ჰანს სელიე, რომელმაც მთელი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა სტრესის შესწავლას მიუძღვნა.

როდესაც სელიემ ხოფერიას წარმომავლობა შეიტყო,  გაიხსენა ლეგენდარული მედეა, დიდი ფიზიოლოგი ივანე ბერიტაშვილი, ბიოქიმიკოსი პეტრე ქომეთიანი და... სევერიან ბუაძე. სელიეს ის გერმანიაში, ჰალეს უნივერსიტეტში, ცნობილი ფიზიოლოგისა და ბიოქიმიკოსის ემილ აბდერჰალდენის ლაბორატორიაში გაუცვნია. სელიე ბიოქიმიური და იმუნოლოგიური კვლევის იმ ორიგინალურ მეთოდებს გასცნობია, რომლებსაც სევერიან ბუაძე იყენებდა.

სევერიან ბუაძის ამბავი თავდაპირველად სწორედ რეზო ხოფერიასგან მოვისმინე, მოგვიანებით კი “სამედიცინო გაზეთში” სტატია გამოვაქვეყნე. გაზეთი ცნობილი ექიმების ოჯახშიც მოხვდა და სტატია, რომელშიც სევერიან ბუაძე იყო ნახსენები, ოფთალმოლოგმა ტატიანა შატილოვამ მეუღლეს, გინეკოლოგ სიმონ ფხაკაძეს წაუკითხა.

სიმონს გაახსენდა ნიჭიერი და ბეჯითი ახალგაზრდა, რომელიც ქუთაისში ქირით ცხოვრობდა მის მეზობლად. მისი მონათხრობიდან ბევრი რამ გახდა ცნობილი დიდ მეცნიერზე. შემდეგ აკადემიკოსმა სერგი დურმიშიძემაც გამოაქვეყნა წიგნი სევერიანის შესახებ.

 

ცოდნის ბილიკებზე

სევერიან ბუაძე 1894 წლის 9 იანვარს დაიბადა რაჭაში, სოფელ ბუგეულში. მამამისი, ხელობით ტყისმცველი, ვაჟკაცური, გამორჩეული გარეგნობის კაცი, ადრე გარდაიცვლა და სამი წლის სევერიანზე ზრუნვა მთლიანად დედას – ლალო ოშხერელს დააწვა მხრებზე.

ლალო განთქმული მკურნალი იყო. მხოლოდ რაჭიდან კი არა, აჭარიდან და სამეგრელოდანაც აკითხავდნენ ავადმყოფები. გონიერი ქალი ყოფილა, ენაწყლიანი მოსაუბრე, მოხდენილი იუმორის პატრონი, შესანიშნავი მგალობელი.

ლალოს უნდოდა, შვილისთვის რამე ხელობა ესწავლებინა, მაგრამ სევერიანს გიმნაზიაში სწავლა სურდა. ბიჭი დედისგან მალულად შეახვედრეს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მესვეურებს – იოსებ ოცხელსა და სილოვან ხუნდაძეს. მათ სწავლას მოწყურებული ყმაწვილი მისაღებ გამოცდებზე დაუშვეს. ბიჭმა თავი გამოიჩინა... დედასაც სხვა რა გზა ჰქონდა, დატოვა ბუგეულში კარგად მოწყობილი სახლ-კარი და ერთადერთ შვილს ქუთაისში გაჰყვა. იქირავეს ბინა და იქ დასახლდნენ.

გიმნაზია სევერიანმა წარჩინებით დაამთავრა 1916 წელს და მაშინვე ჩაირიცხა სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. ერთი წლის შემდეგ კი რევოლუცია მოხდა და ქაოსით მოცული ქვეყნიდან სევერიანს სამშობლოში მოუწია დაბრუნება.

1918 წელს თბილისის უნივერსიტეტი გაიხსნა. გახარებულმა სევერიანმა მაშინვე მიაშურა სასწავლებელს და ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტიც გახდა.

ივანე ჯავახიშვილმა და პეტრე მელიქიშვილმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტები ცოდნის ასამაღლებლად გერმანიის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გაეგზავნათ. ოც რჩეულს შორის მოხვდა სევერიანიც.

გერმანიაში წასვლამდე სევერიან ბუაძემ სრულყოფილად შეისწავლა გერმანული ენა და ბიოლოგია. დედა წინააღმდეგებოდა შვილის უცხოეთში წასვლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

 

დიდი მეცნიერის გვერდით

ჰალეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სევერიანმა თავი მალე გამოიჩინა ნიჭიერებითა და სიბეჯითით. ფიზიოლოგიური ქიმიის ანუ ბიოქიმიის კათედრის დირექტორს, სახელგანთქმულ მეცნიერ ემილ აბდერჰალდენს, შეუმჩნეველი არ დარჩენია მონდომებული სტუდენტი. მან სევერიანს ურთულესი ბიოქიმიური ამოცანების ამოხსნა დაავალა, რასაც სტუდენტმა სწრაფად გაართვა თავი. აბდერჰალდენმა სევერიანს პრაქტიკული ლაბორატორიული მუშაობა ასწავლა. მანაც მოკლე ხანში აითვისა ურთულესი ბიოქიმიური ანალიზები. გერმანელები აღტაცებაში მოჰყავდა სევერიანის შრომისმოყვარეობას. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა აბდერჰალდენმა თავის ასისტენტად აირჩია.

მოლაპარაკების თანახმად, სევერიან ბუაძე უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე უნდა დაბრუნებულიყო თბილისში, მაგრამ ემილ აბდერჰალდენმა ივანე ჯავახიშვილს და პეტრე მელიქიშვილს წერილი გამოუგზავნა და სთხოვა, ახალგაზრდა კიდევ რამდენიმე წლით დაეტოვებინათ მასთან. ეს სევერიანის სურვილიც იყო.

 

სად არის ბუგეული

1926 წელს მოსკოვში სამეცნიერო კონგრესი გაიმართა, რომელზეც უცხოელი სპეციალისტებიც იყვნენ მოწვეული. მათ შორის გახლდათ აბდერჰალდენიც. ერთი თქვენებური მოწაფე მყავს, ბუგეულიდანო, თქვა მან და ამ სოფლის ნახვა მოინდომა. მაშინდელი საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი დიდ გასაჭირში ჩავარდა – წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო ბუგეული. ვითარება აბელ ენუქიძემ, იმხანად – კრემლის მაღალჩინოსანმა,  გადაარჩინა. თავადაც რაჭველი იყო, მეზობელი სოფლიდან – წკადისიდან, და ბავშვობაში ლალოს ნამკურნალევიც გახლდათ.

სტუმრების დატვირთული გრაფიკის გამო ბუგეულში ჩასვლა ვეღარ მოხერხდა. აბდერჰალდენი სევერიანს დაჰპირდა, მალე შენს მშობლიურ სოფელს ერთად ვესტუმრებითო, მაგრამ ეს ნატვრაც აუხდენელი დარჩა.

 

უცხოეთში დაფასებული

1927 წელს ჰალეს უნივერსიტეტის თერაპიული კლინიკის დირექტორად თეოდორ ბრუგში აირჩიეს. მალე ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანიც გახდა. მისი ინიციატივით თბილისში მორიგი თხოვნა გაიგზავნა, რომ სევერიანი კიდევ რამდენიმე ხანს დაეტოვებინათ მათთან. იმხანად აბდერჰალდენი ახალ თემებზე – პანკრეასისა და ნაწლავის ლიპაზებსა და სხვა ფერმენტებზე იწყებდა მუშაობას. ამ დროს მისი მიტოვება სევერიანს უმადურობად მიაჩნდა.

ამასობაში თბილისში ვითარება დაიძაბა – პეტრე მელიქიშვილი გარდაიცვალა, ივანე ჯავახიშვილი იძულებული გახადეს, თავისივე დაარსებული უნივერსიტეტი მიეტოვებინა, ახალმა ხელმძღვანელობამ სევერიანი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა.

გერმანიაშიც შეიცვალა მდგომარეობა. 1933 წელს ქვეყნის სათავეში ადოლფ ჰიტლერი მოვიდა. მალე ბერლინის გაზეთში პამფლეტი დაიბეჭდა: “იმ დროს, როცა გერმანელთა უმრავლესობა უმუშევარია, საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული ვიღაც სევერიან ბუაძე ჰალეში მუშაობს და გერმანელ მეცნიერებს ლუკმაპურს ართმევსო”.

უნივერსიტეტის აღშფოთებულმა თანამშრომლებმა თეოდორ ბრუგშის თაოსნობით საპასუხო წერილი გამოაქვეყნეს: “სევერიან ბუაძე “ვიღაც” კი არა, სახელგანთქმული მეცნიერი და ბიოქიმიის ამომავალი ვარსკვლავია, ჰალეს უნივერსიტეტის სიამაყე. გერმანული მეცნიერება მეტად დავალებულია მისგანო”.

მართლაც, სევერიანი დღესა და ღამეს ასწორებდა. მისი ნაშრომები აბდერჰალდენის ბიოორგანული ქიმიის კლასიკურ სახელმძღვანელოში შეიტანეს. ეს სახელმძღვანელო ოცჯერ გამოიცა გერმანიაში, ითარგმნა და დაიბეჭდა ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, რუსეთში და დღესაც ბიოქიმიკოსების სამაგიდო წიგნად მიიჩნევა.

 

მოულოდნელი დასასრული

დიდი ფიზიოლოგი ივანე ბერიტაშვილი სევერიანის წარმატებას თბილისიდან ადევნებდა თვალს. ეცნობოდა მის ნაშრომებს, რომლებიც გერმანულ სამედიცინო ჟურნალებში იბეჭდებოდა. ძალიან უნდოდა, დიდი მეცნიერი ქართული უნივერსიტეტისთვის დაებრუნებინა. სევერიანთან ხშირი მიმოწერაც ჰქონდა. ბოლშევიკებთან ხანგრძლივი კამათის შემდეგ ბერიტაშვილმა შეთანხმებას მიაღწია: სევერიან ბუაძეს საქართველოში ბიოქიმიის ლაბორატორიას ჩააბარებდნენ და ის მხოლოდ ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის კათედრას დაექვემდებარებოდა.

სევერიანს  უმძიმდა თავისი მფარველის მიტოვება, მაგრამ მშობლიური უნივერსიტეტის წინაშე ვალი უნდა მოეხადა. მაშინ აბდერჰალდენმა თეოდორ ბრუგშს სთხოვა დახმარება. მანაც ბერლინში, გერმანიის განათლების სამინისტროში, წერილი აფრინა: ჰალეს უნივერსიტეტიდან სევერიან ბუაძის წასვლა დიდი დანაკლისი იქნება გერმანული მეცნიერებისთვის. საჭიროა თქვენი ძალისხმევა, რომ მას სასწრაფოდ მიენიჭოს პროფესორის წოდება, დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე და არ დავუშვათ მისი გერმანიიდან გამგზავრებაო, – მაგრამ სევერიანს მტკიცედ გადაეწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. წინასწარ გაგზავნა თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა, ლაბორატორიული აღჭურვილობა, ქიმიური რეაქტივები... 1934 წლის მარტში კი თბილისის უნივერსიტეტში თეოდორ ბრუგშის დეპეშა მოვიდა, რომელიც ჰალეს უნივერსიტეტის პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სევერიან ბუაძის გარდაცვალებას იუწყებოდა. ოფიციალური ვერსიით, მეცნიერი ფილტვების ანთებას ემსხვერპლა. ის მხოლოდ 40 წლის იყო.

 

დაკარგული საფლავი

ლალო ბუგეულში დაბრუნდა, ხალხის მკურნალობა განაგრძო და ას წელს მიტანებული გარდაიცვალა. სევერიანის შეყვარებული, ნინო ჭავჭანიძე, არ გათხოვილა. ანდერძისამებრ, საფლავში სევერიანის წერილები ჩაატანეს.

საყვარელი მოწაფის გარდაცვალება მძიმედ განიცადა ემილ აბდერჰალდენმა, საკუთარი ხარჯით დაკრძალა ის ჰალეს საპატიო მოქალაქეთა სასაფლაოზე და 40 წლის ქირაც წინასწარ გადაიხადა, ამ ხნის შემდეგ კი, ვინაიდან სევერიანს ჭირისუფალი არ გამოუჩნდა, მიწა გაყიდეს. ასე დაიკარგა დიდი ქართველი მეცნიერის საფლავი, თუმცა მისი სახელი მსოფლიო მედიცინის ისტორიას დარჩა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: