სკრინინგი გვიცავს

გააზიარე:

ცხოვრების თანამედროვე რიტმში სამსახურებრივ და ოჯახურ პასუხისმგებლობებს შორის ბალანსის შენარჩუნება ძნელია. საკუთარი ჯანმრთელობისთვის სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება. ხშირად ექიმთან ვიზიტის დანიშვნაც კი იმდენ პრობლემასთანაა დაკავშირებული, მცდელობაზეც უარს ვამბობთ.

ამ დროს ბევრ დაავადებას სიმპტომი საერთოდ არ აქვს, ექიმთან ყოველწლიურმა გეგმურმა ვიზიტებმა კი შესაძლოა ადრეული ცვლილებები გამოავლინოს, რაც საშუალებას მოგვცემს, ადრეულ სტადიაზევე დავიწყოთ მკურნალობა და მომავალი გართულებები თავიდან ავიცილოთ.

სკრინინგი

სამედიცინო სკრინინგის მიზანია დაავადების აღმოჩენა ადრეულ ფაზაში, როდესაც მისგან განკურნება  ჯერ კიდევ შესაძლებელია.

სკრინინგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ოთხ პირობას:

* კვლევები უნდა იყოს მარტივი (სისხლის ანალიზი, ექოსკოპია, გინეკოლოგიური გასინჯვა და ა.შ.);

* კვლევები უნდა იყოს ხელმისაწვდომი;

* უნდა არსებობდეს გამოვლენილი დაავადების მკურნალობის ეფექტური საშუალება;

* სკრინინგული პროგრამები უნდა მოიცავდეს მოსახლეობის ფართო ფენებს.

რა საჭიროა სკრინინგი?

განურჩევლად იმისა, გაწუხებთ თუ არა რამე, დროდადრო აუცილებელია, ეწვიოთ ოჯახის ექიმს განსაზღვრული კვლევების ჩასატარებლად, რათა თქვენი ჯანმრთელობის მიმდინარე სტატუსი იცოდეთ. ექიმთან პერიოდული ვიზიტების მიზანია დაავადებათა გამოვლენა, საფრთხის შეფასება, ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება, ვაქცინაციის კალენდრის განახლება, მედიცინის თანამედროვე მიდგომების გაცნობა, ხოლო ავადმყოფობის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროული მკურნალობა და მომავალი ტაქტიკის განსაზღვრა.

სკრინინგი დაგეხმარებათ,  თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის მომავალი პრობლემები. მაგალითად, იმის გასარკვევად, გაქვთ თუ არა არტერიული ჰიპერტენზია, საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული გაზომვა. ხანდახან დიაბეტსა და გულის იშემიურ დაავადებასაც არ აქვს ადრეული სიმპტომები (მაშასადამე, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის მომატებას მაშინვე ვერ იგრძნობთ), მდგომარეობის გადასამოწმებლად კი მარტივი სისხლის ანალიზიც საკმარისია.

სტატიაში მოყვანილი მითითებები განკუთვნილია ზრდასრული (18 წლიდან) ქალებისთვის. როცა გოგონა სრულწლოვანი ხდება, სამედიცინო თვალსაზრისით ის უკვე ზრდასრულად ითვლება, ამიტომ სასურველია, სკრინინგთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ვადები დაიცვას.

ეროვნული სკრინინგცენტრი

საქართველოში პირველი სკრინინგცენტრი 2008 წელს დაარსდა თბილისში. ამჟამად დედაქალაქში სამი ცენტრია: დიდუბის, გლდანისა და ვარკეთილის ტერიტორიაზე. უფასო გამოკვლევები ეკუთვნით რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსაც.

სკრინინგის პროგრამები მოიცავს:

• ძუძუს კიბოს სკრინინგს – 40-დან 70 წლის ჩათვლით;

• საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს – 25-დან 60 წლის ჩათვლით;

• ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგს – 25-დან 70 წლის ჩათვლით;

• მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს – 50-დან 70 წლის ჩათვლით;

• პროსტატის კიბოს სკრინინგს – 50-დან 70 წლის ჩათვლით.

პირველი ორი (ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი) ქალებისთვისაა განკუთვნილი, მომდევნო ორი (ფარისებრი ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი) – ორივე სქესის წარმომადგენელთათვის, ხოლო პროსტატის კიბოს სკრინინგი – მხოლოდ მამაკაცებისთვის.

ასაკობრივი ჯგუფები შერჩეულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ იმის მიხედვით, უმეტესად რა ასაკში ვითარდება ამა თუ იმ ორგანოს პათოლოგია.

სკრინინგის პროგრამის ამოქმედება დადებითად აისახა დაავადებათა გამოვლენის მაჩვენებელზე, რაც სულაც არ ნიშნავს უშალოდ სიმსივნეების გახშირებას – როდესაც ძვირად ღირებული კვლევები საზოგადოების ფართო წრეებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, პროგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვმაც იმატა, შედეგად ბევრი პათოლოგია ადრეულ სტადიაზე იქნა დიაგნოსტირებული, რაც უფრო მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.

სკრინინგი კონკრეტული დაავადების დიაგნოსტირებას არ გულისხმობს. იმ პაციენტებს, რომლებმაც სკრინინგის დროს დადებითი პასუხები მიიღეს, დიაგნოზის დადასტურებისა თუ უარყოფისთვის,  ასევე – დაავადების განვითარების სტადიის შემდგომი შეფასებისთვის დამატებითი დიაგნოსტიკური ტესტები ან პროცედურები სჭირდებათ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

25-დან 29 წლამდე ასაკის ქალებმა სამ წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ პაპ-ტესტი, თუ წინა ტესტის შედეგი დამაკმაყოფილებელია.

ქალებმა, რომლებიც მკურნალობდნენ კიბოსწინარე მდგომარეობებს (მაგალითად, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას), პაპ-ტესტი წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ.

თუ ტესტის პასუხები არადამაკმაყოფილებელია, ინიშნება უფრო გაფართოებული კვლევა (კოლპოსკოპია, ბიოფსია).

ძუძუს კიბოს სკრინინგი

მამოგრაფია, სკრინინგპროგრამის მიხედვით, 40 წლიდანაა რეკომენდებული. 40 წლამდე ქალების უმეტესობას სკრინინგული მამოგრაფია არ სჭირდება. გამონაკლისები არიან ისინი, ვის დედას ან დასაც ახალგაზრდობაში ძუძუს კიბო ჰქონდა. ეს ქალები სკრინიგის პროგრამაში მანამდე უნდა ჩაერთონ, ვიდრე იმ ასაკს მიაღწევენ, რომელშიც მათი ოჯახის წევრს ავადმყოფობა დაუდასტურდა.

მამოგრაფიის არადამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში დამატებით კვლევები ინიშნება.

არტერიული წნევის სკრინინგი

არტერიული წნვის საზომი აპარატი ყველა ოჯახში მოიძებნება. პერიოდულად გაიზომეთ წნევა, რათა იცოდეთ, ნორმაში როგორი წნევის მატარებელი ხართ და მისი მატება არ გამოგეპაროთ.

გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია და გაიზომეთ არტერიული წნევა, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ, თუ არაფერს უჩივით და სახლის პირობებში გაზომილი არტერიული წნევის მაჩვენებლებიც ნორმაშია (120`80 მმ  ვწყ. სვ-მდეა).

თუ სისტოლური მაჩვენებელი (ზედა რიცხვი) აღწევს 120-139 მმ ვწყ. სვ-ს ან დიასტოლური (ქვედა რიცხვი) – 80-89 მმ. ვწყ. სვ-ს (ანუ წნევის ერთიანი მაჩვენებელი არ აღემატება 140`90-ს), ეს ნიშნავს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების წინარე სტადიაზე ხართ, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, რათა არტერიული წნევის მომატების მიზეზი გაარკვიოთ და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრათ.

თუ ქრონიკული დაავადება (დიაბეტი, გულის ან თირკმლის პრობლემები) გაქვთ, შესაძლოა, არტერიული წნევის შემოწმება უფრო ხშირად დაგჭირდეთ (წელიწადში ერთხელ მაინც).

ქოლესტერინის სკრინინგი

ქოლესტერინის სკრინინგისთვის რეკომენდებული ასაკი პრაქტიკულად ჯანმრთელი ქალებისთვის 45 წელია, ხოლო იმ ქალებისთვის, რომლებსაც კორონარული დაავადების რისკფაქტორები აქვთ – 20 წელი.

ქალებმა, რომლებსაც ქოლესტერინის დონე ნორმალური  აქვთ, სკრინინგი 5 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ. ანალიზები უფრო ადრე უნდა გამეორდეს, თუ ქალის ცხოვრების წესში ცვლილება მოხდა (ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, წონის მომატება ან დიეტა).

დიაბეტის სკრინინგი

თუ ქალს მაღალი არტერიული წნევა აქვს (130/80 მმ ვწყ. სვ. ან მეტი), ექიმმა შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრაც მოითხოვოს დიაბეტის გამოსარიცხად.

თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი (BMI) 25 კგ/მ2-ზე მეტია, დიაბეტის სკრინინგი 35 წლიდან უნდა დაიწყოთ.

სტომატოლოგიური სკრინინგი

სტომატოლოგთან სიარული სასურველია წელიწადში 1-2-ჯერ პირის ღრუს ჯანმრთელობის შესამოწმებლად და გასაწმენდად. ამ ვიზიტების დროს სტომატოლოგი მდგომარეობას შეაფასებს და გეტყვით, გჭირდებათ თუ არა უფრო ხშირად მისვლა.

მხედველობის სკრინინგი

თუ მხედველობას არ უჩივით, ოფთალმოლოგთან ორ წელიწადში ერთხელ სიარული საკმარისია. თუ დიაბეტი გაქვთ, ოფთალმოლოგიური გამოკვლევა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, ვინაიდან დიაბეტი ყველაზე მეტად წვრილ (მათ შორის – თირკმლის, ქვედა კიდურების, თვალის ბადურას) სისხლძარღვებს აზიანებს.

იმუნიზაცია

როგორც ვთქვით, სკრინინგი დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას და მისი გავლენით გამოწვეული შეუქცევადი დაზიანებების პრევენციას გულისხმობს. თუ განსაზღვრული დაავადების მიმართ ანტისხეულების საკმარისი ტიტრი გაქვთ, მისგან დაზღვეული ბრძანდებით თქვენც და თქვენ გარშემო მყოფი მოწყვლადი და რისკის ჯგუფებიც (ბავშვები, მოხუცები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები).

იმუნიზაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი იძენს იმუნიტეტს ან რეზისტენტული ხდება ზოგიერთი ინფექციის მიმართ.

გახსოვდეთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველ წელს უნდა გაიკეთოთ.

19 წლიდან სასურველია ტეტანუსის აცრაც (ტეტანუსი-დიფტერიის ორვალენტიანი ვაქცინით). ზრდასრულ ასაკში ხშირია საყოფაცხოვრებო, საწარმოო თუ უბედური შემთხვევით განპირობებული ჭრილობები, ჭრილობის დაბინძურებისას კი ტეტანუსის განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია. თუ რევაქცინაციას ათ წელიწადში ერთხელ ჩაიტარებთ, ყოველთვის დაცული იქნებით და ყოველი ჭრილობის შემდეგ არ მოგიწევთ გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარება.

საქართველოს ეროვნული კალენდრის მიხედვით, გეგმური ვაქცინაცია 14 წლის ასაკში სრულდება. თუ ზოგიერთი დაავადება არასოდეს გადაგიტანიათ (მაგალითად, ჩუტყვავილა, ყივანახველა), სასურველია, განმეორებით აიცრათ მათ წინააღმდეგ. რევაქცინაცია გიცავთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენ გარშემო მყოფ ბავშვებსაც, რომლებსაც იმუნური სისტემა ჯერ კიდევ მოუმწიფებელი აქვთ.

თუ წითელა-წითურა-ყბაყურას განახლებული ვაქცინა უნდა გაიკეთოთ, გირჩევთ, ჯერ ანტისხეულების ტიტრი გადაიმოწმოთ. თუ ის დაბალია, უმჯობესია, იმუნური სტატუსი განიახლოთ.

ნუ დაგავიწყდებათ, ჩაიტაროთ ცოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც, როგორც ეს ეროვნული პროტოკოლითაა მოწოდებული.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: