სოციალური მედია – ვირტუალური დამოკიდებულება
გააზიარე:
წინა უქმეები იოგასა და მედიტაციის გასვლით ღონისძიებაზე გავატარე, სადაც ორი დღე ვშიმშილობდით. თავისთავად, არც კოფეინს ვეკარებოდით. ჰოდა, ძალიან მომენატრა ჩაი. თუმცა ჩაიზე მეტად მომენატრა ტელეფონი, რადგან ჩავთვალე, რომ თუ მართლა მინდოდა სულიერი სიმშვიდის თუნდაც ორდღიანი განცდა, სოციალურ ქსელებს უნდა მოვრიდებოდი (ექვსამდე სოციალურ ქსელს ვიყენებ), ამიტომ ტელეფონს დილაობით ნომერში ვტოვებდი და ხელს არ ვკიდებდი. არც ინტერნეტში შევსულვარ.
თბილისში დაბრუნებულმა გადავწყვიტე, ეს სიმშვიდე არ დამეკარგა, ფეისბუქის აპლიკაცია წავშალე და გასხივოსნების მოლოდინში დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას. შედეგად კვირაზე მეტია მოუსვენრობა მჭირს, არ ვიცი, თავისუფალ დროს რა ვაკეთო, ტელეფონის ეკრანს ავტომატურად ვამოწმებ ხოლმე, სამი ახალი აპლიკაცია ჩამოვტვირთე (მუსიკისა და პოდკასტების), ხოლო საერთო ჩათებში მესიჯების კორიანტელი დავაყენე.
საფრთხეები და გაფრთხილებები
ადამიანი სოციალური არსებაა. სხვებთან კავშირი მისი არსებობის აუცილებელი პირობაა. სხვებთან კავშირი ნიშნავს ნაკლებ სტრესს, შფოთვას, სევდას, მაღალ თვითშეფასებას, მარტოობისგან თავის დაღწევას, სიცოცხლის გახანგრძლივებას. ამ მოცემულობაში სოციალური ქსელების პოპულარობა გასაკვირი არ არის, თუმცა საკითხავია, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ამ ქსელებში დამყარებული კონტაქტი ნამდვილ ურთიერთობად.
ბოლო დროს ხშირად ვაწყდები ნაშრომებს დროის არასწორი განაწილების შესახებ. აღმოჩნდა, რომ უფრო და უფრო მეტ დროს ვუთმობთ სოციალური ქსელების სქროლვას, ზოგი – რამდენიმეწუთიანი შესვენების დროს, ზოგიც – ძილის წინ საათობით.
პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ ახალგაზრდებზე სოციალური ქსელის მავნე გავლენებს შორის კიბერბულინგი და "ფეისბუკის დეპრესიაც" დაასახელა. ეს მთლად სწორი შეფასება არ გახლავთ; ახალგაზრდა თაობამ ფეისბუკი უფრო ჩემი ასაკის ხალხს დაუტოვა, ბულინგმა კი სხვა, ახალ და სწრაფ სოციალურ მედიაპლატფორმებზე გადაინაცვლა, "ფეისბუკის დეპრესია" კი ზრდასრულებსაც გვემუქრება და მე თვითონ, აი, უკვე კვირაზე მეტია ძლივს ვუმკლავდები.
რატომ?
იწვევს მიჩვევას
მიჩვევადობის სხვადასხვა კრიტერიუმი არსებობს. თუ ჩავთვლით, რომ მიჩვევადობა ნიშნავს რამის მოხმარების გამო პირადი ცხოვრების უგულებელყოფას, გამუდმებით მოხმარებაზე ფიქრს, მოხმარებით რეალობისგან გაქცევას, დოზების ზრდას და მოხმარების ფაქტის დამალვას, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოციალური ქსელები მიჩვევას იწვევს.
რამდენიმე კვლევამ ისიც კი აჩვენა, რომ სოციალურ ქსელში აქტივობის შემცირებისას ან შეწყვეტისას ადამიანებს აბსტინენციის სინდრომი ეწყებათ: მოუსვენრობა, შფოთვა, ზოგჯერ ფიზიოლოგიური სიმპტომებიც კი, მაგალითად, თავის ტკივილი.
სევდას გვგვრის
აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ სოციალურ ქსელში, მით უფრო ვსევდიანდებით. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეისბუკი სოციალურ იზოლაციას უწყობს ხელს.
ერთი შეხედვით, სოციალური ქსელი მუდმივი კონტაქტის წინაპირობაა. ის ქმნის ილუზიას, რომ ვიცით, რა ხდება ჩვენი ახლობლების ცხოვრებაში, ვულოცავთ დაბადების დღეებს, თვალს ვადევნებთ ცვლილებებს, ვაზიარებთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ამბებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეისბუკით კონტაქტი ანაცვლებს ნამდვილ, რეალურ ურთიერთობას. ურთიერთობის ილუზია თავად ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი ხდება.
ამიტომაც გამოდის, რომ რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ სოციალურ მედიაპლატფორმებზე, მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება ახლობლებისთვის.
შედარებითია
ჩემი კლიენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ გარშემო ყველა ბედნიერია, თვითონ კი ამ ბედნიერებას ვერ აღწევენ, ამიტომ თავს დამნაშავეებად და ხელმოცარულებად გრძნობენ.
როდესაც სოციალურ მედიაში საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ, ხშირად თავი ნაკლებად წარმატებული, ნაკლებად ბედნიერი, ნაკლებად შემდგარი გვეჩვენება. ამას მოჰყვება შური და მცდელობა, წარმოვჩნდეთ უკეთესებად, ვიდრე ვართ, მივისწრაფვით, ვიცხოვროთ ცხოვრებით, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. შედეგად სოციალური ქსელები ივსება ხელოვნური, გამოგონილი პერსონაჟებით, რომლებთან შედარებითაც ჩვენ ყოველთვის წაგებულები ვიქნებით.
ეს არაჯანსაღი ციკლია, როდესაც ჩვენ სხვების ფსიქოლოგიურ ჩაძირვას ვუწყობთ ხელს, ისინი კი – ჩვენსას.
შებრუნებადია
არაჯანსაღი ციკლის ნაწილია ისიც, რომ პაუზის შემდეგაც ვუბრუნდებით სოციალურ მედიას, მიუხედავად იმისა, რომ ის დროს გვართმევს და თავს ცუდად გვაგრძნობინებს. ისევე როგორც ნივთიერებათა მომხმარებლებს, გვგონია, რომ სოციალური მედიის მოხმარება პრობლემას მოგვიგვარებს.
ერთი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, როგორ განწყობას ელოდნენ მომხმარებლები ფეისბუკისგან, მერე კი – როგორ გრძნობდნენ თავს სინამდვილეში მისი გამოყენების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა თავს უარესად გრძნობდა. ცრუ მოლოდინები, გადაგდებული ჩვევის უკან შემობრუნება უკეთესის მოლოდინის ფონზე, მდგომარეობის გაუარესება – ეს ყველაფერი დამოკიდებულებისთვის ჩვეული სიმპტომებია.
იწვევს მარტოსულობას
სოციალურ ქსელებში ბევრი მეგობრის ყოლაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეტად მეგობრულები ვართ. თითოეულ ჩვენგანს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ადამიანთან შეუძლია ნამდვილი და გულახდილი მეგობრობის შენარჩუნება, ამ საზღვრის იქით კი ადამიანების მნიშვნელობა მცირდება და, შესაბამისად, აღარც მათ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. გარდა ამისა, ვირტუალურ მეგობრობას არ მოაქვს ნამდვილი მეგობრობის თერაპიული ეფექტი. შესაბამისად, თუ ისედაც მარტოსულად ვგრძნობთ თავს, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მეგობარი ან მიმდევარი გვეყოლება სოციალურ ქსელში – 200, 300 თუ 3000. ჩვენი ტვინი მაინც ვერ დაამყარებს იმაზე მეტ კონტაქტს, ვიდრე შესაძლებელია, ეს ხალხი კი უბრალოდ ფონურ მოვლენად გარდაისახება, რომელიც ჩვენში ნამდვილ ემოციას არ აღძრავს.
იწვევს შფოთვას
სოციალური ქსელი ამძაფრებს განცდას, რომ ირგვლივ მუდამ რაღაც საინტერესო ხდება, ჩვენ კი ამაში ვერ ვმონაწილეობთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ სოციალური მედიის პლატფორმაზე, იმის შიშით, რომ რამე მნიშვნელოვანს გამოვაკლდებით. ამიტომაც გვჩვევია ტელეფონის ხუთ წუთში ერთხელ გადამოწმება, ძილის, ცოცხალი ურთიერთობების, მუშაობისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების ხარჯზე. ამ სცენარიში თითქმის შეუძლებელია, შფოთვის დრონემ კრიტიკულ ზღვარს არ გადააჭარბოს, რადგან ქმედებას დანაკლისის პოზიციიდან ვახორციელებთ: უჩემოდ არსებობს რაღაც, რაშიც თუ არ ჩავერთე, გარკვეული სოციალურ-ემოციური "კაპიტალის" გარეშე დავრჩები, ხოლო ის, ვინც ამ მოვლენებს არ ჩამორჩება, ჩემზე წინ აღმოჩნდება.
ნარცისისტულია
პირადად მე სოციალურმა ქსელებმა ეგოცენტრული აზროვნება განმიმტკიცა. გულახდილად ვაღიარებ, ყოველი ფოტო ლამის ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორიც მოზარდობის პერიოდში იყო. იგივე დაემართა ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას: – რამდენად გემრიელი ჩანს ჩემ მიერ მომზადებული საჭმელი? ყველამ ნახა თუ რა, რა კარგად დავისვენე ზღვაზე? რა ყოჩაღია ჩემი შვილი? რა საყვარელია ჩემი კატა? როგორ მიხდება ახალი ვარცხნილობა? – და ა.შ. სოციალური მედიის პლატფორმა "მე, მე, მე"-ს რეჟიმშია მოწყობილი, რაც საკუთარ თავზე არაჯანსაღ ფოკუსირებას უწყობს ხელს. ვიღებთ მდგომარეობას, სადაც, ერთი მხრივ, მარტოსულები და დეპრესიულები ვართ, მეორე მხრივ კი მუდამ საკუთარი თავის აფიშირებით ვართ დაკავებულები. ორივე ეს მდგომარეობა ხელს უშლის სამყაროსთან, ადამიანებთან გულახდილი ურთიერთობების დამყარებას.
გვწყვეტს რეალობას
ისეთ გარემოში მოხვედრისას, სადაც თავს უხერხულად ვგრძნობთ, ხშირად ტელეფონს მოვიმარჯვებთ ხოლმე, ვირტუალურ სამყაროში გადავსახლდებით და გავექცევით ისეთ განცდებს, როგორიცაა შფოთვა, სირცხვილი ან მარტოობა. ეს, ერთი მხრივ, დიდი კომფორტია, მეორე მხრივ კი ხელს გვიშლს, გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რომლებსაც სოციუმში ვაწყდებით. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელები ერთგვარი თბილი საბანია, რომელსაც თავზე წავიფარებთ, როდესაც სამყარო არ მოგვწონს. თუ ყოველ უხერხულ ინტერაქციაზე, ყოველ მარტო დარჩენაზე ინსტაგრამს მივმართეთ, როგორ ვისწავლით მსგავს სიტუაციებთან გამკლავებას?
არც კი მახსოვს, ბოლოს როდის აღმოვჩნდი უცხო ხალთან ერთად ისე, რომ ცხვირი მობილურში არ ჩავრგე. ასე ნელ-ნელა ვკარგავ უნარს, სწრაფად და ადვილად მოვერგო ჩემ გარშემო არსებულ რეალობას, თუნდაც უსიამოვნოს.
დასკვნა
ადრე ვამბობდი, რომ სოციალური ქსელი თავისთავად არც ცუდია, არც კარგი, მთავარია, ბოროტად არ გამოვიყენოთ, თუმცა ნელ-ნელა იმ აზრისკენ ვიხრები, რომ ის უფრო საზიანოა, ვიდრე მეგონა. სოციალური ქსელები ისევე გვატყუებს და გვითრევს, როგორც ფასტფუდი ატყუებს გემოს რეცეპტორებს. რეცეპტორები მალე ეჩვევა და ისევ და ისევ ითხოვს ცხიმიანსა და ტკბილს, რადგან ბუნებრივ პირობებში ასე უფრო ენერგოეფექტური იყო, ასე ჩამოვყალიბდით ევოლუციურად. მაგრამ ფასტფუდი ცარიელი კალორიებია, გვანაყრებს, მაგრამ ვერ გვაძლიერებს და, რაც მთავარია, ვერ გვაკმაყოფილებს. ასეა სოციალური ქსელიც: მისი მეშვეობით მოკლე ხნით ვიკმაყოფილებთ სხვებთან კავშირის მოთხოვნილებას, მაგრამ აქ არც ჩვენ ვართ გულახდილები სხვასთან და არც სხვაა ჩვენთან გულახდილი, ასე რომ, ნამდვილი, თერაპიული, გამაძლიერებელი ურთიერთობის ნაცვლად ხელში სუროგატი გვრჩება.
გამოსავალი ისეთივეა, როგორიც ნებისმიერ მავნე ჩვევასთან ბრძოლისას, არაჯანსაღი კვება იქნება ეს თუ ნივთიერებების მოხმარება: მართვა და შემცირება. როგორც შეუძლებელია, ჩვენს სინადვილეში არასოდეს გავეკაროთ კოფეინს და მუდამ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული ვჭამოთ, ასევე არ გამოვა, ყველა სოციალური ქსელი წავშალოთ და აღარასოდეს მივუბრუნდეთ მათ, მაგრამ, მათი უწყინარობის რწმენა თავის მოტყუებაა. უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად ვართ მასზე დამოკიდებული და რა შეიძლება შევცვალოთ.
რაც მთავარია, მიჯაჭვულობასთან ბრძოლაში დაგვეხმარება იმის გააზრება, რა გვაწუხებს სინამდვილეში, რას ვცდილობთ სოციალური მედიის საშუალებით, რა გვჭირდება: თვითშეფასების ამაღლება? მეგობრის გაჩენა? მარტოსულობის დაძლევა? უხერხულობის შემცირება? ამის გააზრების შემდეგ კი ახალი ამოცანის პირისპირ დავდგებით: როგორ დავაკმაყოფილოთ ეს საჭიროება გრძელი, რთული, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელობის მატარებელი მეთოდით და არა სწრაფი და მიჩვევადი ალტერნატივით.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე