რატომ ხდებიან ავად ზამთარში

გააზიარე:

არსებობს დაავადებები, რომლებსაც სეზონურობა ახასიათებს. ზამთარში გრიპი და გაციება არავის უკვირს, ზაფხულობით კი ისინი მეტად იშვიათია.

ახლა ზამთარია, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპისა და გაციების სეზონი ძალაშია შესული, მაგრამ არის კი უშუალო კავშირი ამ ორ მოვლენას შორის? ნამდვილად სიცივეა ვირუსულ დაავადებათა გახშირების მიზეზი? 

ამინდი

დამეთანხმებით, რომ გრიპი და გაციება უმეტესად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ატყდებათ თავს ჩვენს პატარებს. ეს უბრალო დამთხვევა არ არის – ამის ერთ-ერთი მიზეზი ზამთრის სიცივეა. მრავალი ვირუსი სიცივეში უფრო მეტხანს ცოცხლობს, ხოლო სითბოში, მზის სხივების ზემოქმედებით, შედარებით სწრაფად კვდება.

მიუხედავად ამისა, ვირუსით შეიძლება ზაფხულის ცხელ დღეებშიც დავინფიცირდეთ. რატომ? პასუხი ვირუსის გავრცელების კიდევ ერთ თავისებურებაშია საძიებელი.

რა თქმა უნდა, სიცივე თავისთავად არ იწვევს დაავადებას. მეტიც – სუფთა ჰაერზე სეირნობა სითბოსა თუ სიცივეში, დიდისა თუ პატარისთვის ძალიან სასარგებლოა. მოგეხსენებათ, ვირუსი ადამიანისგან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ის სასუნთქი გზებიდან გამოიფრქვევა საუბრის, ხველების, ცემინების დროს და თუ უშუალოდ მეორე ადამიანის სასუნთქ გზებში არ მოხვდა, შესაძლოა რამდენიმე საათი დარჩეს ჰაერში ან მყარ ზედაპირზე. ზამთრის ცივ დღეებში ბავშვები უმეტეს დროს დახურულ სივრცეში – სახლებში, ბაღებსა და სკოლებში ატარებენ, სადაც შესანიშნავი გარემოა ვირუსის გავრცელებისთვის.

იმუნური სისტემის როლი

ბავშვებს ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი იმუნური სისტემა აქვთ, ამიტომ უფრო ადვილად ერევათ ინფექციები, ვიდრე მოზრდილებს. ხშირი ავადობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი იმუნური სისტემა სუსტია – ეს მაშინაა სავარაუდო, როდესაც ვირუსული დაავადება ხშირად მიმდინარეობს სერიოზული გართულებებით. გარდა ამისა, ბავშვის ორგანიზმი ადვილად კარგავს სითბოს და მგრძნობიარეა ტემპერატურის სწრაფი ცვლილების მიმართ, სხეულის გადაცივება კი ასევე უარყოფითად აისახება იმუნურ სისტემაზე.

რატომ ინფიცირდებიან ბავშვები ასე ადვილად

როგორც უკვე ვთქვით, რესპირატორული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ჰაერწვეთოვანი გზით აღწევს. ბავშვებში მათი გადაცემა უფრო ადვილია, რადგან:

* ბუნებით ცნობისმოყვარე პატარები ხშირად იკიდებენ ხელს ცხვირზე, თვალებსა და პირზე, თამაშის დროს ერთმანეთსაც ეხებიან.

* ბავშვები ასევე ხშირად ეხებიან ავეჯს, სათამაშოებს, რომლებსაც ხშირად იდებენ პირში. მყარ ზედაპირზე კი ვირუსი რამდენიმე საათი ცოცხლობს, ასე რომ, ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ავადმყოფი შეეხო, ადვილად იქცევა ინფექციის წყაროდ სხვა პატარებისთვის.

* ბავშვებთან ფიზიკური კონტაქტი აქვთ მშობლებსა და აღმზრდელებსაც – ჰკიდებენ ხელს, კვებავენ, უცვლიან საფენებს და ა.შ. თუ მომვლელი ინფიცირებულია, ადვილად დაინფიცირდება ბავშვიც.

ყველაზე გავრცელებული ინფექციები

ცნობილია ვირუსის ორასზე მეტი სახეობა, რომლებიც ადამიანს აინფიცირებს. მათგან ყველაზე გავრცელებულია რინოვირუსი – მისი გავრცელების წილი, სულ ცოტა, 50%-ია. ასევე ხშირად გვევლინება გაციების მიზეზად სეზონური კორონავირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV), გრიპის (influenza) ვირუსი და პარაგრიპის (parainfluenza) ვირუსი.

გრიპი

გრიპი მწვავე რესპირატორული ინფექციაა, რომელსაც იწვევს მხოლოდ გრიპის ვირუსი, არის გადამდები და ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ავადმყოფობა, წესისამებრ, ერთბაშად იწყება და თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

* მაღალი ტემპერატურა;

* ხველა;

* სურდო;

* ცხვირის გაჭედვა;

* კუნთების ტკივილი;

* მსუბუქი კონიუნქტივიტი (თვალების ჩაწითლება, გაღიზიანება);

* ბავშვებში – ღებინება`დიარეა.

გაციება (COMMON COLD)

გრიპზე საუბრისას მისი გამომწვევი ზუსტად ვიცით. გაციებას მისგან სწორედ ის განასხვავებს, რომ სხვადასხვა ვირუსით შეიძლება იყს გამოწვეული: რინოვირუსით, პარაგრიპის ვირუსით, სეზონური კორონავირუსით (ეს უკანასკნელი არ უნდა აგვერიოს შAღშ-ჩOV-2 ვირუსში, რომელიც იწვევს კოვიდ-19-ს). გარდა ამისა, გაციებას შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. საშიში გართულება მას, წესისამებრ, არ მოსდევს.

ავადმყოფობის დასაწყისში ბავშვს შესაძლოა ოდნავ აუწიოს ტემპერატურამ. ამას ღებინება და დიარეა, ჩვეულებრივ, არ ახლავს თან. დაავადება ზამთრობით ხშირდება, თუმცა შესაძლოა წლის ნებისმიერ სხვა დროსაც შეგვხვდეს. გრძელდება 5-14 დღე.

ტიპური სიმპტომებია:

* სურდო;

* ცხვირის გაჭედვა;

* ხველა;

* ყელის ტკივილი.

ყელის სტრეპტოკოკული ინფექცია

ყელის სტრეპტოკოკული ინფექცია გადამდები ბაქტერიული დაავადებაა. განსაკუთრებით გავრცელებულია 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. დამახასიათებელი სიმპტომებია:

* ყელის ტკივილი;

* ყლაპვის გაძნელება;

* ცხელება;

* მუცლის ტკივილი;

* თავის ტკივილი.

ხველა და სურდო სტრეპტოკოკულ ინფექციას, წესისამებრ, არ ახლავს თან, მაგრამ შესაძლოა დაერთოს მოწითალო გამონაყარი, რაც ქუნთრუშაზე მიუთითებს.

ვირუსული გასტროენტერიტი

ვირუსული გასტროენტერიტი ნაწლავური ინფექციაა. მისი ორი ყველაზე გავრცელებული გამომწვევია  ნოროვირუსი და როტავირუსი. ორივე მათგანი იწვევს:

* ღებინებას;

* დიარეას;

* მუცლის ტკივილს;

* ცხელებას;

* თავის ტკივილს;

* სისუსტეს.

ინფექცია ადვილად გადამდებია და შესაძლოა გამოვლინდეს მძიმე სიმპტომებითაც, რომელთა ხანგრძლივობა სხვადასხვაა: ნოროვირუსით ინფიცირებისას შესაძლოა ორ დღემდე გაგრძელდეს, ხოლო როტავირუსით ინფიცირების შემთხვევაში – ერთ კვირამდე. როტავირუსი იწვევს ნოროვირუსზე მძიმე დიარეას, რომელმაც შესაძლოა დეჰიდრაციამდე (გაუწყლოება) მიიყვანს ავადმყოფის ორგანიზმი, ნოროვირუსის სიმპტომები კი მსუბუქია.

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს სასუნთქი გზების ინფექციურ დაავადებას ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან და წინ უძღვის ბრონქიოლიტს – ქვედა რესპირატორული ტრაქტის მწვავე ვირუსულ ინფექციას. მას ეპითელური უჯრედების დაზიანება, უჯრედული შეშუპება, ანთებითი ნარჩენებითა და ლორწოთი სასუნთქი გზების დახშობა ახასიათებს.

რსვ-ის ტიპური სიმპტომებია:

* სურდო;

* ხველა;

* ქოშინი;

* სუნთქვის გაძნელება;

* ცხელება;

* ზედა სასუნთქი გზების დახშობა.

სიმპტომები შესაძლოა სამ კვირას გაგრძელდეს.

კოვიდ-19

კოვიდ-19 არც სეზონურია და არც მხოლოდ ბავშვებს აინფიცირებს. მეტიც – ბავშვებში (დაბადებიდან 17 წლამდე) გაცილებით ნაკლები შემთხვევაა აღრიცხული და უფრო მსუბუქადაც მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში, თუმცა აღწერილია დაავადების მძიმე შემთხვევებიც, რომლებიც უმეტესად თანმხლები დაავადებების ფონზე ვითარდება. არსებობს მოგვიანებითი პოსტკოვიდური გართულებაც, რომელიც მულტისისტემური ანთებითი სინდრომის სახელითაა ცნობილი.

როდესაც კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსი მუდმივად ცირკულირებს სხვა სეზონურ ვირუსებთან ერთად, რესპირატორული დაავადებების დიაგნოსტიკა და იდენტიფიცირება რთულდება. 

პრევენცია

ახლა, როცა  ვიცით ვირუსის გავრცელების მიზეზი და ხასიათი, ადვილი მისახვედრია, როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები ხშირი ინფექციებისგან:

*ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციის თანახმად, ზამთარში სუფთა ჰაერზე გაყვანისას ბავშვს უნდა ეცვას ტანსაცმლის იმაზე მეტი ფენა, ვიდრე იმავე სიტუაციაში აცვია მოზრდილს, რადგან ბავშვი ადვილად კარგავს სითბოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი მეტისმეტად თბილად გამოვაწყოთ – შესაძლოა გაოფლიანდეს და უფრო მეტად შესცივდეს, ვიდრე თხელ ტანსაცმელში. ყველაზე გონივრული იქნება, თუ ბავშვს ჩააცმევთ ერთი ფენით მეტს, ვიდრე თავად ჩაიცვამთ. ამინდისა და ბავშვის აქტიურობის შესაბამისად, შეგეძლებათ გახადოთ გარეთა ფენა და ისევ ჩააცვათ, რაც ბავშვს დაიცავს როგორც გადახურებისგან, ისე სიცივისგან.

* გაამდიდრეთ მისი რაციონი ჯანსაღი საკვებით.

* ხშირად გაანიავეთ ოთახები.

* დარწმუნდით, რომ ბავშვს გაკეთებული აქვს ყველა საჭირო აცრა – ვაქცინაცია ინფიცირების შემთხვევაში თავიდან აგაცილებთ ისეთ გართულებებს, როგორებიცაა ყურისა და ფილტვის ბაქტერიული ინფექციები. გრიპის ვაქცინა იცავს მხოლოდ ინფლუენცასგან და არა სხვა რესპირატორული ვირუსებისგან.

* ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ხელების ხშირი ბანა. დაბანეთ თქვენს პატარას  ხელები ხველისა და ცემინების შემდეგ, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, თავადაც დაიბანეთ ხელები ბავშვის შეხებამდე. საპნისა და წყლის უქონლობის შემთხვევაში, დაიმუშავეთ შესაბამისი ხსნარით.

* ასწავლეთ ბავშვებს, ხველებისა და ცემინების დროს ცხვირ-პირზე ხელის მტევანი კი არ აიფარონ, არამედ ხელის ტანსაცმლით დაფარული ნაწილი ან ერთჯერადი ცხვირსახოცი, თუმცა ამის შემდეგ ისიც უნდა ვასწავლოთ, რომ აუცილებელია ამ ცხვირსახოცის სანაგვეში გადაგდება და ხელების დაბანა საპნითა და წყლით.

* გაურეცხავად არ მისცეთ სათამაშოები, რომელსაც პირში იდებს.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: