ფოლიუმის შესაძლებლობები
გააზიარე:
ორგანოთა სისტემები ორსულობის პირველი 10-12 კვირის განმავლობაში ყალიბდება (ზოგი უფრო ადრეულ ვადაზეც ასრულებს ჩამოყალიბებას), მუცლადყოფნის დანარჩენი დროის განმავლობაში კი მხოლოდ იზრდება. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ქალი მომზადებული შეხვდეს ორსულობას – ორსულობის დადასტურების შემდეგ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და საჭირო ვიტამინების მიღება შესაძლოა უკვე დაგვიანებული იყოს.
არცერთ ვიტამინს ისეთი დიდი მნიშვნელობა არ აქვს მომავალი დედისა და მისი ნაყოფისთვის, როგორიც B9-ს. საზოგადოებისთვის ის ფოლიუმის მჟავას ან ფოლატის სახელწოდებით უფროა ცნობილი. ამ ვიტამინით ორგანიზმის სათანადო მომარაგება განვითარების მრავალი მანკის თავიდან აცილების უმარტივესი და ნაცადი გზაა.
განვითარების მანკები
განვითარების ანომალიებს შორის ყველაზე ხშირია ნერვული მილის დეფექტები (მაგალითად, მხოლოდ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 3000-მდე ბავშვი იბადება ასეთი პათოლოგიით).
ნერვული მილი, რომელიც ზურგისა და თავის ტვინის წინამორბედია, ჩასახვიდან 28 დღეში ვითარდება.
თუ ნერვული მილი სწორად არ განვითარდა, წარმოიშობა ნერვული მილის დეფექტი – ანენცეფალია, სპინა ბიფიდა, ენცეფალოცელე.
ანენცეფალიის დროს თავის ტვინი საერთოდ არ ვითარდება. ასეთი ბავშვები დაბადების შემდეგ მალევე იღუპებიან.
ენცეფალოცელე ქალა-ტვინის თიაქარია. ამ დროს თავის ქალას თანდაყოლილი დეფექტიდან თავის ტვინის ნივთიერება გადმოდის.
"სპინა ბიფიდა" სიტყვასიტყვით ორად გაყოფილ ხერხემალს ნიშნავს. ამ დროს ნერვული მილის ნაწილი ბოლომდე არ იხურება, რაც შემდგომ ზურგის ტვინისა და ხერხემლის ძვლების დაზიანებას იწვევს.
ჩვილებს, რომლებიც სპინა ბიფიდათი ან ენცეფალოცელეთი დაიბადნენ, სიცოცხლის განმავლობაში შესაძლოა არაერთი ოპერაცია დასჭირდეთ. დიდია დამბლისა და ინვალიდობის რისკიც.
ნერვული მილის დეფექტებს მოსდევს გულის თანდაყოლილი მანკები, ასევე – ტუჩისა და სასის ნაპრალი (კურდღლის ტუჩი და მგლის სასა). ნაპრალი წარმოიშობა, როდესაც პირის ღრუსა და ტუჩის ნაწილები ორსულობის მეექვსე-მეათე კვირამდე სათანადოდ არ ერწყმის ერთმანეთს. პირის ღრუს ასეთ განვითარების დროს ახალშობილი თავად ვერ ჭამს – ტუჩის დეფექტი ართულებს ძუძუზე ან ბოთლზე მოჭიდებას, ხოლო სასის ნაპრალის დროს ხშირია საჭმლის გადაცდენა სასუნთქ გზებში. ასეთ ახალშობილებს დაბადებისთანავე ოპერაციები სჭირდებათ.
გულის თანდაყოლილი დეფექტები შედეგია იმისა, რომ გულის კუნთი ან სისხლძარღვები მუცლადყოფნის პერიოდში ნორმალურად ვერ განვითარდა. შესაძლოა, დაზიანდეს გულის კედელი, სარქველი ან მკვებავი სისხლძარღვი. სიცოცხლის ადრეულ პერიოდში ასეთ ახალშობილსაც შესაძლოა არაერთი ოპერაცია დასჭირდეს.
ფოლატი და ფოლიუმის მჟავა
ფოლიუმის მჟავაც და ფოლატიც ვიტამინ B9-ის ფორმებია, რომლებიც დიდ როლს ასრულებს თანდაყოლილი მანკების თავიდან აცილებაში და ხელს უწყობს სისხლის ჯანსაღი წითელი უჯრედების გამომუშავებას.
მიუხედავად იმისა, რომ მათ სახელებს ხშირად ურთიერთმონაცვლედ იყენებენ, ამ ორ შორის მკაფიო განსხვავებაა. ორგანიზმში მათი გადამუშავება და ათვისება სხვადახვა გზით ხდება, ამიტომ მათ გამოყენებაზე არსებობს სხვადასხვა შეზღუდვა. შესაძლოა, დოზებიც განსხვავებული იყოს.
ვიტამინ B9-ს ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. მაგალითად, ის გადამწყვეტ როლს ასრულებს უჯრედების ზრდასა და დნმ-ს ფორმირებაში.
ფოლატი ვიტამინ B9-ის ბუნებრივად არსებული ფორმაა. მისი სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან "ფოლიუმ", რაც ფოთოლს ნიშნავს. ფაქტობრივად, ფოთლოვანი მცენარეები ფოლატის საუკეთესო წყაროა.
ფოლატი ვიტამინის აქტიური ფორმაა. საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვედრილი, საჭმლის მომნელებელ სისტემაში L-მეთილფოლატად (5-MთHF-ად) გარდაიქმნება და უკვე ამის შემდეგ გადადის სისხლში.
ფოლიუმის მჟავა კი ვიტამინ B9-ის სინთეზური ფორმა გახლავთ. მწარმოებლები მას ბევრ პროდუქტს ამატებენ – პურს, მაკარონს, ბრინჯს და სხვა მარცვლეულს. ფოლიუმის მჟავა, ფოლატისგან განსხვავებით, აქტიურ ფორმად გარდაიქმნება არა ნაწლავში, არამედ ღვიძლსა და სხვა ქსოვილებში. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში ეს პროცესი შენელებული და არაეფექტურია. დროა საჭირო, რომ ფოლიუმის მჟავა მთლიანად გარდაქმნას 5-MთHF-ად. ისეთი მცირე დოზაც კი, როგორიცაა დღეში 200-400 მკგ, შესაძლოა მომდევნო დოზის მიღებამდე სრულად ვერ აითვისოს და გადაამუშაოს ორგანიზმმა. არამეტაბოლიზებული ფოლიუმის მჟავა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს და ვერც ნაყოფის თანდაყოლილი დაავადებების მიმართ ამჟღავნებს თავის პრევენციულ ეფექტს.
თუ ფოლიუმის მჟავას სხვა B ვიტამინებთან, განსაკუთრებით – B6-თან, ერთად მიიღებთ, გარდაქმნის პროცესი უფრო ეფექტურად წარიმართება.
B9 ვიტამინის წყარო და დოზირება
ფოლატის შემცველ საკვებს მიეკუთვნება საქონლის ღვიძლი, კვერცხი, რძის ნაწარმი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოსპი), ნიგოზი, ასპარაგუსი, ავოკადო, ბრიუსელის კომბოსტო, ჭარხალი, ბროკოლი, ციტრუსები, ბანანი, ისპანახი და სალათის ფოთოლი.
ბუნებრივი სახით მიღებულ ფოლატს დაბალი ბიოშეღწევადობა აქვს. ამასთან, საკვებში სულ რამდენიმე კვირაში, ზოგჯერ რამდენიმე დღეშიც კი კარგავს აქტივობას. შესაბამისად, საკვების ფოლატზე დაფუძნებული დიეტა არ არის თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკის ოპტიმალური გზა, ამიტომ ორსულებს ფოლატის ადეკვატური რაოდენობის მისაღებად სჭირდებათ საკვები დანამატები ან ვიტამინების კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც ზედმიწევნითაა განსაზღვრული დღიური ნორმა.
ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის რეკომენდაციის თანახმად, ყველა ქალმა, რომელიც შვილის ყოლას გეგმავს, დაორსულებამდე დღეში, სულ მცირე, 400 მიკროგრამი ფოლატი უნდა მიიღოს, ორსულობის დადასტურებისთანავე კი დღიური ულუფა 800 მკგ-მდე გაზარდოს. პრენატალური ვიტამინების უმეტესობა სწორედ ამ რაოდენობის ფოლიუმის მჟავას შეიცავს. ფოლიუმის მჟავის (ფოლატის) მიღება სასურველია ორსულობის დადგომამდე 1-3 თვით ადრე დაიწყოთ.
თუ წინა ორსულობისას ნაყოფს ნერვული მილის დეფექტი ჰქონდა ან ოჯახში ვინმეს მსგავსი დიაგნოზი აქვს, შესაძლოა, ფოლიუმის მჟავას უფრო დიდი დოზების მიღება დაგჭირდეთ. ამას თქვენი ექიმი განსაზღვრავს.
შესაძლოა, ფოლიუმის მჟავას დიდი დოზები დაგჭირდეთ მაშინაც, თუ:
* გაქვთ თირკმლის დაავადება და იმყოფებით დიალიზზე;
* გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;
* გაქვთ ღვიძლის დაავადება;
* მოიხმართ დღეში ერთ ჭიქაზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს;
* იღებთ მედიკამენტებს ეპილეფსიის, ტიპი 2 დიაბეტის, სისტემური წითელი მგლურას, ფსორიაზის, რევმატოიდული ართრიტის, ასთმის ან ნაწლავის ანთებითი დაავადების სამკურნალოდ.
ფოლიუმის მჟავა თუ ფოლატი
ფოლატს და ფოლიუმის მჟავას მსგავსი ეფექტი აქვს: ორივე ეხმარება ორგანიზმს ახალი უჯრედების წარმოქმნასა და დნმ-ს სტაბილიზაციაში.
ფოლატი, როგორც უკვე ვთქვით, გაივლის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და ნაწლავის გავლით გადადის სისხლში, სისხლიდან კი – ღვიძლში, სადაც გადამუშავდება. რაც ჭარბია, თირკმლის საშუალებით ტოვებს ორგანიზმს.
ფოლიტისგან განსხვავებით, ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში მოხვედრისას ნაწლავის სანათურიდან უცვლელად გადადის სისხლში, სადაც რამდენიმე საფეხურს გაივლის, ვიდრე ვიტამინ B9-ის აქტიურ ფორმად გარდაიქმნება და უჯრედულ ციკლში ჩაებმება.
სად მიდის ჭარბი ფოლიუმი
ცხიმში ხსნადი ვიტამინის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს – ორგანიზმი ასეთ ვიტამინებს აგროვებს და ცხიმოვან რეზერვად აქცევს.
ფოლატი წყალში ხსნადი ვიტამინია. ეს ნიშნავს, რომ სხეულს შეუძლია, ადვილად გამოაძევოს ჭარბი ფოლატი, რითაც თავიდან ავიცილებთ მის გვერდით ეფექტებს.
განსაკუთრებული შემთხვევები
ამრიგად, როგორც სინთეზური (ფოლიუმის მჟავა), ისე საკვებიდან მიღებული ფოლატის უმეტესი წილი ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივი ფერმენტის მეშვეობით საბოლოო ბიოაქტიურ ფორმად - L-მეთილფოლატად (5-MTHF) უნდა გარდაიქმნას. მხოლოდ ფოლატის ბიოაქტიურ ფორმას შეუძლია შეაღწიოს უჯრედებში და გადალახოს თავის ტვინის ბიოლოგიური ბარიერი (ე.წ. ჰემატოენცეფალური ბარიერი), რათა დაეხმაროს ჩვენს ქსოვილებს და ტვინის კვებას მოხმარდეს. ფოლიუმის მჟავასგან აქტიური ფორმის მიღება გარდამქმნელ ფერმენტზეა დამოკიდებული.
არსებობს ფოლატის გარდამქმნელი ფერმენტის გენეტიკური მუტაცია, რომლის დროსაც ვიტამინი B9 აქტიურ ფორმად ვერ გარდაიქმნება, შესაბამისად, დედის მიერ მიღებული ფოლიუმის მჟავა ნაყოფის განვითარების მანკების საწინააღმდეგო ეფექტს ვეღარ ახდენს.
ფოლატის მიღებისას ვიტამინის ათვისება მუტანტური ფერმენტის გვერდის ავლით ხდება.
ფოლატის აქტიურ ფორმას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს გენების აქტივაციაში, გენეტიკური მასალის შენახვასა და სტაბილიზაციაში. ამასთან, უნარი შესწევს, არეგულიროს მზარდი ემბრიონის უჯრედების სწორი ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების მანკების თავიდან ასაცილებლად.
ასეთ დროს განსაკუთრებით სასურველია რაციონში ფოთლოვანი მცენარეების, რძისა და ზღვის პროდუქტების, პარკოსნების ჩართვა – ეს ყველაფერი ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ვიტამინ B9-ით მოამარაგებს.
ახალი კვლევების მიხედვით, ფოლიუმის მჟავა აღარ მიიჩნევა უნივერსალურ, ყველასთვის შესაფერის დანამატად - მომავალი დედის ჯანმრთელობის სტატუსის გათვალისწინებით, ის ფოლატით უნდა შეიცვალოს, მეტადრე მათთვის, ვინც 5-MTHF-ის გარდამქმნელი ფერმენტის გენეტიკურ მუტაციას ატარებს. ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიიღონ აქტიური ფოლატი 600-800 მკგ-იანი დოზით, რათა მუტაციური ფერმენტის გვერდის ავლით ფოლიუმის მჟავას ყველა ღირსებით ისარგებლონ.
სესილი ცირეკიძე