მშობიარობის გაუტკივარების მეთოდები

გააზიარე:

სრულიად უმტკივნეულოდ
“რა გაუძლებს ტკივილს!” – შეუძლებელია, ამ აზრმა ორსულს ერთხელ მაინც არ გაუელვოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობიარობა ახლოვდება...
შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სტატისტიკის მოყვარულმა ამერიკელებმა ისიც კი გამოთვალეს, რამდენი ქალი იკავებს თავს მომდევნო ბავშვის გაჩენისგან სამშობიარო ტკივილების შიშით. განვითარებად ქვეყნებში, სადაც სულ რაღაც ათეული წელია დაიწყეს ზრუნვა მშობიარის კომფორტზე, მათი რიცხვი გაცილებით მაღალია.
ანესთეზიის მეთოდების დახვეწის კვალდაკვალ მშობიარობის შიში, ლოგიკურად, უნდა შემცირებულიყო. შესაბამისი სტატისტიკის შექმნა ამერიკელებს მივანდოთ, ჩვენ კი გაუტკივარების მეთოდებს გადავავლოთ თვალი.

ვკარგავთ შეგრძნებებს
სამშობიარო ტკივილი ორი ტიპისაა. პირველი წარმოიშობა მაშინ, როდესაც  საშვილოსნო – შეკუმშვას, ხოლო ყელი გახსნას იწყებს. ამ დროს ტკივილი უმეტესად ყრუა და გავა-წელის მიდამოში ვრცელდება.
მეორე ტიპის ტკივილი მშობიარობის ბოლოს იჩენს თავს და სამშობიარო გზებში ნაყოფის გავლისას ქსოვილების დაჭიმვას უკავშირდება. შეგრძნება ძლიერია და საშოს, სწორი ნაწლავისა და შორისის მიდამოს მოიცავს.
მშობიარეს ნაკლებად აინტერესებს, რატომ და როდის აღმოცენდება ტკივილი. მისთვის მთავარია, როგორმე თავი დააღწიოს ამ საშინელ შეგრძნებას.
ტკივილის შესამსუბუქებლად ორი სახის მედიკამენტებს იყენებენ: ანალგეტიკებსა და ანესთეტიკებს. ანალგეზია ტკივილის გაყუჩებას ნიშნავს, ხოლო ანესთეზია – მგრძნობელობის (მათ შორის – მტკივნეული შეგრძნების) გაქრობას. ქირურგიული მანიპულაციების დროს საანესთეზიო საშუალებას იყენებენ, თუმცა მასთან ერთად შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელიც გამოგვადგეს.
ტკივილის გაყუჩება სხვადასხვა გზით  – ზოგადი, რეგიონული და ადგილობრივი გაუტკივარების საშუალებით ხდება.
ზოგადი ანესთეზია ანუ ნარკოზი უპირატესად საკეისრო კვეთის დროს კეთდება. ამ დროს მშობიარე იძინებს და მხოლოდ მას შემდეგ ახელს თვალს, რაც მისი პაწია ქვეყნიერებას მოევლინება. ზოგადი გაუტკივარება ინტუბაციით (სასუნთქ გზებში სპეციალური მილის ჩადგმით) ხდება. ნუ შეშინდებით, მილის ჩადგმამდე ქალს აძინებენ (საამისოდ ვენაში საძილე საშუალება შეჰყავთ). გართულებები – ბონქოსპაზმი, საკვების ასპირაცია (კუჭიდან საკვები სასუნთქ გზებში და საბოლოოდ ფილტვებში ხვდება) და სუნთქვის გაჩერება – მოსალოდნელია, თუმცა იშვიათად.

არმისული ზურგის ტვინამდე
რეგიონული ანესთეზიიის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი ეპიდურული გაუტკივარებაა. ის საქართველოში იმდენად პოპულარულია, რომ ხშირად მისი გაკეთების საკითხი მშობიარობის დაწყებამდე წყდება.
ეპიდურული ბლოკადა (ასეც იხსენიებენ) ტარდება როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის დროს. ტექნიკურად ეს პროცესი არცთუ ისე რთულია: მშობიარე გვერდზე წვება ან ჯდება და ოდნავ წინ იხრება. წელის ქვედა ნაწილში ექიმი კანს საანესთეზიო საშუალებით ამუშავებს, შემდეგ კანქვეშ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი შეჰყავს და მხოლოდ ამის შემდეგ შედის სპეციალური შპრიცით უფრო ღრმად, ხერხემლის ეპიდურულ სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ ანესთეზიის ამ ფორმას ბევრი (თავისთავად, მედიცინისგან შორს მდგომი) ადამიანი ეჭვის თვალით უყურებს, აქაოდა ზურგის ტვინი არ დაზიანდესო, ფაქტია, ასეთი რამ არ ხდება და აი, რატომ: ეპიდურული სივრცე, სადაც შპრიცი შეჰყავთ, ზურგის ტვინის დამცავი მაგარი გარსის გარეთ მდებარეობს.
შპრიცის შეყვანის შემდეგ ეპიდურულ სივრცეში იდგმება კათეტერი, საიდანაც მასში ტკივილგამაყუჩებელი საშუალება შედის. ანესთეტიკი მოქმედებას 10-20 წუთის შემდეგ იწყებს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საანესთეზიო საშუალება დამატებით შეიყვანონ.
განვითარებული ქვეყნების ზოგიერთ სამშობიაროში საანესთეზიო საშუალების შეყვანის შემდეგ მშობიარეს ფეხზე წამოდგომას და სიარულს ურჩევენ. ანესთეზის ამ ფორმას მობილურ ან ამბულატორიულ ეპიდურულ ბლოკადას (walking epidural) უწოდებენ.

მეტი ეფექტისთვის
გაცილებით სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს სპინალურ ანესთეზიას. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, საანესთეზიო საშუალება ეპიდურულ სივრცეზე გაცილებით ღრმად – სპინალურ სივრცეში, ზურგის ტვინის მფარავი მაგარი გარსის შიგნით ხვდება, ამიტომ ტკივილი უმალვე ყუჩდება, თუმცა ეფექტი მხოლოდ ერთ-ორ საათს თუ გასტანს. მედიკამენტის დოზაც ეპიდურულ ბლოკთან შედარებით მცირეა.
სპინალურ ანესთეზიას სწრაფი ეფექტის გამო მეტწილად უშუალოდ სამშობიარო ტკივილების დასათრგუნავად იყენებენ, თუმცა საკეისრო კვეთის დროსაც ხშირად მიმართავენ.

ადგილობრივი მასშტაბის შვება
ზოგჯერ მხოლოდ მცირე უბნის გაყუჩებაა საჭირო. საამისოდ ტკივილგამაყუჩებელი ადგილობრივად შეჰყავთ. ადგილობრივ ანესთეზიას უმეტესად ეპიზიოტომიის (ჩაჭრის) დროს ან მშობიარობის შემდეგ დაზიანებული ქსოვილების გაკერვისას მიმართავენ. საანესთეზიო ნივთიერების ეფექტი შეყვანისთანავე იჩენს თავს.

გააზიარე: