კალციუმი - როდის და როგორ მივიღოთ კვებითი დანამატები
გააზიარე:
იმის შესახებ, რა როლი აკისრია კალციუმს ორგანიზმის ცხოველქმედებაში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რომელ პროცესებში მონაწილეობს, ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუდან შეიტყობდით. ისიც გითხარით, რომ ჯანსაღ ადამიანს დაბალანსებული კვებაც ჰყოფნის კალციუმის ყოველდღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, როდესაც კალციუმის დამატებითი დოზა აუცილებელია.
ამასთან, საკვებდანამატები უწყინარი საშუალებები არ არის, მათი უკონტროლო მიღება სახიფათოა.
რა უნდა ვიცოდეთ კალციუმის შემცველი საკვებდანამატების შესახებ და რა საფრთხეს წარმოშობს ამ ელემენტის სიჭარბე? ვაგრძელებთ საუბარს “ავერსის კლინიკის” ექიმთან, ენდოკრინოლოგსა და ნუტრიციოლოგ ნათია რომაშვილთან.
– ნუტრიენტების მიღების საუკეთესო გზა დაბალანსებული კვებაა, მაგრამ როდესაც ბუნებრივი გზით ვერ ვიღებთ რეკომენდებული ოდენობის ნივთიერებებს, საქმეში დანამატებიც უნდა ჩავრთოთ. მთავარია, დოზირება შესაბამის კვლევებსა და ექიმის რეკომენდაციას ემყარებოდეს.
კალციუმის კვებითი დანამატები
– ფარმაცევტულ ბაზარზე კალციუმის დანამატების ფართო არჩევანია, ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს. ამ მინერალს პოლივიტამინებისა და მინერალების მრავალი კომპლექსი შეიცავს. არსებობს ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ კალციუმისგან შედგება, ისეთებიც, რომელთა შემადგენლობაში კალციუმთან ერთად შედის, მაგალითად, D ვიტამინი, მაგნიუმი, კალიუმი. დანამატები ფორმის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა: გვხვდება საღეჭი აბების, დასალევი ტაბლეტების, სითხის, საშეტებისა თუ ფხვნილის სახით.
დანამატებში კალციუმის შემცველობა სხვადასხვაა. მაგალითად, მულტივიტამინებსა და მინერალებთან კომბინირებულ ფორმებში შესაძლოა სულ 150-300 მგ იყოს, მხოლოდ კალციუმის ან კალციუმისა და რომელიმე ერთი კომპონენტის შემცველ დანამატებში კი 500-600 მგ-საც აღწევდეს.
დანამატებში კალციუმი უმეტესად კარბონატის ან ციტრატის ფორმით გვხვდება, თუმცა შესაძლოა კალციუმის სულფატის, გლუკონატის, ლაქტატის ან ფოსფატის სახითაც იყოს.
გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ფორმას სხვადასხვანაირად ითვისებს ორგანიზმი, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვადასხვაა მათში ელემენტარული კალციუმის წილი.
მაგალითად, კალციუმის კარბონატი უკეთ შეიწოვება საკვებთან ერთად კუჭის მჟავა გარემოში. ის კალციუმს ყველაზე დიდი ოდენობით – 40%-მდე – შეიცავს.
კალციუმის ციტრატის აბსორბცია კუჭის გარემოზე ნაკლებად არის დამოკიდებული, თანაც მისი მიღება კვებისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება. კალციუმის წილი მასში 21%-ია, რაც დოზის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ექიმმა.
კალციუმის სწორედ ეს ორი ფორმა აითვისება საუკეთესოდ.
როდის და როგორ მივიღოთ
– რაც უნდა სწორად შეარჩიოთ დანამატი, თუ სწორად არ მიიღეთ, ორგანიზმი სათანადოდ ვერ აითვისებს. მაგალითად, როგორც გითხარით, კალციუმის კარბონატის ასათვისებლად აუცილებელია საკმარისი რაოდენობის კუჭის მჟავა. ციტრატის ათვისება კი მჟავიანობაზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ოპტიმალური ათვისებისთვის ორივე პრეპარატის მიღება კვებისას ჯობია.
წინა საუბრისას გითხარით, რომ კალციუმი მცირე ულუფებით უკეთ შეიწოვება. ეს ეხება როგორც საკვებს, ისე დანამატებსაც. რაც უფრო დიდია ერთჯერადად მიღებული კალციუმის ოდენობა, მით უფრო ნაკლებია შეწოვა. მაგალითად, 1000 მგ კალციუმის ერთბაშად მიღებისას ორგანიზმი დაახლოებით 28%-ს ითვისებს, ხოლო 300 მგ-ის მიღებისას – 36%-ს.
ძვლოვანი მასის გაძლიერებული კარგვის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით – პოსტმენოპაუზურ პერიოდში, კალციუმის სწორ განაწილებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთი ნუტრიენტი ძლიერ გავლენას ახდენს კალციუმის ათვისებაზე. ესენია: D ვიტამინი, K ვიტამინი, მაგნიუმი. როცა ორგანიზმში მათი დონე დაბალია, კალციუმის ათვისებაც რთულდება.
კალციუმის დანამატები ზოგიერთ წამალთან ურთიერთქმედებს – აძლიერებს ან ასუსტებს მათ ეფექტს. თუ იღებთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რკინის პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, ლევოთიროქსინის პრეპარატს (გამოიყენება ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ), ბისფოსფონატს (გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ), გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს, კალციუმის დანამატის მიღება, სულ ცოტა, სამსაათიანი დაშორებით არის საჭირო.
გვერდითი მოვლენები
– კალციუმის დანამატებს ახასიათებს გვერდითი ეფექტებიც: საჭმლის მონელების პრობლემები, მათ შორის – შებერილობა, ყაბზობა. აღმოჩნდა, რომ ამ მოვლენებს კალციუმის კარბონატი უფრო იწვევს, ვიდრე კალციუმის ციტრატი, განსაკუთრებით – ხანდაზმულებთან, რომლებსაც კუჭის მჟავიანობა დაქვეითებული აქვთ. სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია კალციუმის სხვა ფორმის შემცველ დანამატზე გადასვლით, კალციუმის უფრო მცირე დოზებით და უფრო ხშირად მიღებით, ჭამის დროს მიღებით და სხვა.
ჰიპერკალციემია
– რა სიმპტომებით ვლინდება ჰიპერკალციემია და რა განაპირობებს მას?
– ჰიპერკალციემია არის სისხლში კალციუმის დონის მომატება, რასაც შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზით ვადგენთ.
მსუბუქი ჰიპერკალციემია ანუ სისხლის შრატში კალციუმის დონის ოდნავი მომატება შესაძლოა უსიმპტომოდ, აშკარა ჩივილების გარეშე მიმდინარეობდეს, მძიმე ჰიპერკალციემიის შემთხვევაში კი ჩივილები მრავალმხრივია და ორგანოთა ყველა იმ სისტემას მოიცავს, სადაც კალციუმის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს.
ჰიპერკალციემიისთვის ტიპობრივია უმადობა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, არითმია, მაღალი არტერიული წნევა, ადვილად დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, კუნთების სისუსტე, რეფლექსების შესუსტება, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, დეპრესია, დეზორიენტაცია, ცნობიერების დაბინდვა და ქცევის სხვადასხვაგვარი დარღვევა.
ხანგრძლივ ქრონიკულ ჰიპერკალციემიას შეუძლია ისეთი დაავადებების გამოწვევა, როგორიცაა კუჭის წყლულოვანი დაავადება, შარდკენჭოვანი დაავადება, პანკრეატიტი, ოსტეოპოროზი.
მდგომარეობის სიმძიმე შეიძლება სისხლში კალციუმის დონის მიხედვით შევაფასოთ. მძიმე სიმპტომები და კომა ნაკლებსავარაუდოა, როდესაც კალციუმის დონე 3-3.5 მმოლ`ლ-ზე ნაკლებია, ხოლო როდესაც ის 3-3,5 მმოლ`ლ-ს აღემატება, მოკლე ხანში მოსალოდნელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შარდვის გაძლიერება (პოლიურია), წყურვილის პათოლოგიური გაძლიერება (პოლიდიფსია), დეჰიდრატაცია, ცხელება, ღებინება, გამორიცხული არ არის ცნობიერების დაქვეითება და კომა.
მიზეზები
– ჰიპერკალციემიის მიზეზთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია.
ყველაზე ხშირად, ასიდან დაახლოებით 90 შემთხვევაში, ის პირველადი ჰიპერპარათირეოზით ან ავთვისებიანი სიმსივნით არის გამოწვეული.
ჰიპერპარათირეოზის დროს პარათირეოიდული ჯირკვალი ჭარბად გამოიმუშავებს პარათჰორმონს. ეს უკანასკნელი გამომუშავდება პარათირეოიდულ ჯირკვლებში, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის უკანა ზედაპირზეა განლაგებული.
პარათჰორმონს სისხლში კალციუმისა და ფოსფორის დონის რეგულირება აკისრია. მისი სიჭარბე კალციუმის დონის მომატებას და ფოსფორის დონის დაქვეითებას იწვევს. ჰიპერპარათირეოზის შედეგად ირღევა ძვლის მინერალიზაციის პროცესი, ვითარდება ოსტეოპოროზი და იმატებს პათოლოგიური მოტეხილობების რისკი.
ჰიპერკალციემიას, როგორც უკვე ვთქვით, ხშირად იწვევს ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნეც: ფილტვის, ძუძუსი, თირკმლის და სხვ. ამ სიმსივნეებით ავადობის დროს ხშირია მეტასტაზების ძვლებზე გავრცელება, ძვლის უჯრედების რღვევა და კალციუმის ჭარბი გამოთავისუფლება. ავთვისებიანი სიმსივნის დროს ჰიპერკალციემიის გამოვლენა დაავადების შორს წასულ ფორმაზე მიუთითებს. გარდა ამისა, მრავალი ტიპის სიმსივნეს ახასიათებს პარათჰორმონის მსგავსი პეპტიდის წარმოქმნა, რომელიც პარათჰორმონის რეცეპტორებზე მოქმედებს და კალციუმის დონის მომატებას იწვევს.
ჰიპერპარათირეოზისა და ავთვისებიანი სიმსივნის გარჩევა შესაძლებელია შრატში პარათჰორმონის დონის განსაზღვრით და კალციუმის დონის განმეორებითი კონტროლით. თუ ორივე მომატებულია, მიზეზი პირველადი ჰიპერპარათირეოზია, ხოლო თუ პარათჰორმონი ნორმაშია ან დაბალია, ხოლო კალციუმი – მომატებული, სავარაუდო დიაგნოზი ავთვისებიანი მდგომარეობაა.
ჰიპერკალციემიის სხვა მიზეზებია:
* D ვიტამინის სიჭარბე – მისი ხანგრძლივი მიღება დიდი დოზით. D ვიტამინს უმეტესობა თვითნებურად, დოზის ყოველგვარი კონტროლის გარეშე იღებს, მისი ზედოზირება კი აძლიერებს კალციუმის შეწოვას, რასაც ხშირად ჰიპერკალციემიამდე მივყავართ;
* ჰიპერთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური აქტივობის მატება. ამ დროს ჭარბად გამოიყოფა თირეოიდული ჰორმონი, რაც მეტაბოლურ პროცესებს აჩქარებს;
* კალციუმის კვებითი დანამატის ჭარბი მიღება;
* სარკოიდოზი – შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადება, რომელიც ხშირად აზიანებს ფილტვებს;
* ადისონის დაავადება – მდგომარეობა, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე საკმარისი რაოდენობის ჰორმონს ვერ გამოიმუშავებს;
* იმობილიზაცია. ხანგრძლივი წოლა ან უმოძრაობა იწვევს ძვლების მასიურ დემინერალიზაციას და ჰიპერკალციემიას;
* ოჯახური ჰიპოკალციური ჰიპერკალციემია. ეს თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც ზომიერ ჰიპერკალციემიას იწვევს. ამ დროს დარღვეულია კალციუმის მიმართ რეცეპტორების მგრძნობელობა. შარდით ნაკლები კალციუმი გამოიყოფა, სისხლში კი მისი დონე იმატებს. პარათჰორმონი ამ დროს შესაძლოა ნორმაში ან საშუალოდ მომატებული იყოს. ამ დარღვევის მქონე ადამიანებს ჩივილები ყოველთვის არ აქვთ, პრობლემას უმეტესად შემთხვევითი შემოწმების დროს აღმოაჩენენ ხოლმე;
* ისეთი წამლები, როგორიცაა ლითიუმის შემცველი პრეპარატები, თიაზიდური შარდმდენები. მათი მოხსნის შემდეგ ჰიპერკალციემია შესაძლოა ალაგდეს.
ამრიგად, კალციუმის ადეკვატური დოზა მნიშვნელოვანია სასიცოცხლო პროცესების სწორად წარმართვისთვის, ოღონდ ნუ დაივიწყებთ სიფრთხილეს მისი დანამატების მიღებისას, ნუ მიიღებთ მათ სამედიცინო დანიშნულებისა და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
ჯილდა გაჩეჩილაძე