პირველი დახმარება რადიაციის დროს: რა ხდება ჩვენს ორგანიზმში და როგორ მოვიქცეთ დასხივებისას

გააზიარე:

 

ჩერნობილის ნაკვალევი

1986 წლის აპრილში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე ატომური ენერგეტიკის ისტორიაში უდიდესი ავარია მოხდა. ავარიის შედეგად უზარმაზარი ტერიტორია რადიაქტიური ნივთიერებებით - ურანის, პლუტონიუმის, ცეზიუმის, სტრონციუმის იზოტოპებით დაბინძურდა. საქართველოში რადიაციის პირველი ტალღის შემოსვლისას გარემოში იონიზებული იოდი გავრცელდა. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მაშინ ექიმებმა დააფიქსირეს, იყო დასავლეთ საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა გახშირება. მათი თქმით, რეალურ შედეგს მხოლოდ 30 წლის შემდეგ დავინახავდით.

სამწუხაროდ, ჩერნობილის ავარიის სამედიცინო შედეგების სრულყოფილი სტატისტიკა არ არსებობს და არც კორელაცია შეუსწავლია ვინმეს, თუმცა ლეიკემია და სისხლის დაავადებები, რომლებიც ნაწილობრივ კავშირშია რადიაციის დონის მომატებასთან, ნამდვილად გამოვლინდა და დღემდე მრავლადაა საქართველოში.

როდესაც უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მიმდებარედ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, სოციალურ მედიაში მომრავლდა რჩევები რადიაციული კატასტროფის დროს მოქცევის შესახებ.

მსგავსი რეკომენდაციები დიდი ხანია შეიმუშავეს მსოფლიოს უდიდესმა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებმა. გაგაცნობთ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ შევამციროთ რადიაციული გამოსხივების გავლენა და დავიცვათ თავი კატასტროფის დროს.

 უსაფრთხო გარემო

რადიაციის გავრცელებისთანავე თავი შენობას შეაფარეთ და, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში იქ დარჩით. კედლებს მავნე გამოსხივების დიდი ნაწილის შეკავება შეუძლია. დროთა განმავლობაში რადიაქტიური ნივთიერების მოქმედება სუსტდება (ის იშლება და გარემოში იფანტება).

თუ შემთხვევის დროს შინ იმყოფებით, დახურეთ და დაგმანეთ კარ-ფანჯარა. თუ საშუალება გაქვთ, ჩადით სარდაფში. რადიაქტიური ნივთიერებები გარედან ილექება შენობის კედლებზე, ასე რომ, საუკეთესო ვარიანტი კედლებისა და სახურავისგან რაც შეიძლება მოშორებით ყოფნაა. აუცილებლად გამორთეთ კონდიციონერი, ვენტილატორი და ყველა ის მოწყობილობა, რომელსაც ჰაერი გარედან შემოაქვს. ბუხარს დამჭერი ფიცარი მიაფარეთ.

თუ ტრანსპორტით მგზავრობთ, სასწრაფოდ შედით შენობაში - მანქანაში სათანადოდ ვერ იქნებით დაცული. გაიხადეთ ტანსაცმლის ზედა ფენა - მავნე რადიაქტიური ნივთიერებები, მტვრისა და ტალახის მსგავსად, შესაძლოა თქვენს ტანსაცმელსა და სხეულზე იყოს მოხვედრილი. დაბინძურებული სამოსი მოათავსეთ ჰერმეტულ პაკეტში. თუ შხაპის მიღებას ვერ ახერხებთ, გაისუფთავეთ სხეულის ის ნაწილები, რომლებიც გარეთ ყოფნის დროს ღია გქონდათ. არ გამოიყენოთ კონდიციონერი - ის მავნე ნივთიერებების თმაზე შეწებებას გამოიწვევს. არ გაიხეხოთ კანი ღრუბლით და არ იხმაროთ სამართებელი, რათა კანის მთლიანობა არ დაირღვეს. ღია ჭრილობა საგულდაგულოდ დაიფარეთ, რომ რადიაქტიური ნივთიერება მასშიც არ მოხვდეს. შემდეგ სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვით. ეს შეამცირებს თქვენს ორგანიზმზე რადიაციული გამოსხივების ზემოქმედებას და ხელს შეუშლის მის გავრცელებას.

ნუ დატოვებთ სხვებს გარეთ, იმის შიშით, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან - ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების შესრულებით მათაც გადაარჩენთ და თავსაც გადაირჩენთ.

მედიკამენტები: როდის და რომელი

არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომლებიც რადიაქტიური ნივთიერების ტიპის შესაბამისად გამოიყენება შინაგანი კონტამინაციის შესამცირებლად ან აღსაკვეთად. მათი მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი დოზით და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომელი რადიაქტიური ნივთიერების კონცენტრაციის მატება აღირიცხება გარემოში, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები სამოქმედო გეგმას ადგენენ.

კალიუმის იოდიდი (KI)

რადიაციული საგანგებო ვითარებისას შესაძლოა გარემოში დიდი რაოდენობით გამოთავისუფლდეს რადიაქტიური იოდი (რადიოიოდი). ვინაიდან იოდს ფარისებრი ჯირკვალი ითვისებს, რადიოიოდით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვამ ან ასეთი საკვების მიღებამ შესაძლოა ამ ჯირკვლის რადიაციული დაზიანება (კიბოსა და სხვა თირეოიდული დაავადებების რისკების მატება) გამოიწვიოს. ქიმიური ნაერთი KI რადიაქტიური იოდის მოსალოდნელი რადიაციული ზემოქმედებისგან ფარისებრი ჯირკვლის დასაცავად გამოიყენება. მისი მიღების შემდეგ ჯირკვალი სტაბილური (არარადიაქტიური) იოდით იჟღინთება, რაც ხელს უშლის რადიოიოდის ათვისებას და აქვეითებს კიდეც უკვე შთანთქმულის ოდენობას.

KI ყველაზე ეფექტურია რადიაქტიური იოდის ზემოქმედებამდე ან ზემოქმედებისთანავე. ზემოქმედებიდან 3 ან 4 საათის შემდეგ წამლის მიღება  ასევე დააქვეითებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიოიოდის ათვისებას, თუმცა მისი ეფექტიანობა ნაკლები იქნება. KI-ს მიღება მხოლოდ რადიაქტიური იოდის ზემოქმედების შემთხვევაში უნდა მოხდეს, რადგან ის არ იცავს სხვა ტიპის ჩასუნთქული ან ორალურად მიღებული რადიაქტიური ნივთიერებების ზემოქმედებისგან.

ჩერნობილის ავარიის შემდეგ კალიუმის იოდიდის მიღებისას ზრდასრულებსა და ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ძირითადად მოიცავდა საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციას (2%) და გამონაყარს (დაახლოებით 1%). სულ აღირიცხა იოდისადმი ალერგიის მქონე ზრდასრულთა ჰოსპიტალიზაციის ორი შემთხვევა.

საქართველოში აღნიშნული მედიკამენტი მხოლოდ იოდის დეფიციტის საპროფილაქტიკო დოზით (100 მკგ და 200 მკგ) გვხვდება, რადიაციისგან თავდაცვისთვის კი 130 ან 250 მგ-იანი ტაბლეტებია საჭირო. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში არსებობს ალტერნატიული საშუალებაც - იოდის 5%-იანი ხსნარი, რომლის გამოყენებაც ასევე ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი დოზები ასე გამოიყურება:

* 14 წლიდან, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის - 40 წვეთი იხსნება წყალში ან რძეში და ისმება ერთჯერადად;

* 5-დან 14 წლამდე - 20 წვეთი იხსნება წყალში ან რძეში და ისმება ერთჯერადად;

* 2-დან 5 წლამდე - 20 წვეთი იხსნება წყალში და სხეულზე (მხარზე ან ბეჭზე) კეთდება იოდის ბადე

* 2 წლამდე - 10 წვეთი იხსნება წყალში და სხეულზე კეთდება იოდის ბადე.

გახსოვდეთ:

  • პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ მაღალი მგრძნობელობა იოდის მიმართ ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, კალიუმის იოდიდის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ. თუ ეჭვობენ, რომ იოდის მიმართ მგრძნობელობა მომატებული აქვთ, ექიმის კონსულტაცია უნდა გაიარონ.
  • მედიკამენტი მიიღეთ მხოლოდ რადიაციის რეალური საფრთხის არსებობისას, რადგან მასში იოდის დოზა რამდენიმე ათასჯერ აღემატება დღიურ მოთხოვნილებას და შესაძლოა გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.
  • აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) რჩევით, უპირატესი ყურადღება უნდა მიექცეს სხვა დამცავ ზომებს ნეონატალური ასაკის (1 თვემდე) ბავშვებთან და იოდისადმი ალერგიულ პირებთან.

ბერლინის ლაჟვარდი (Prussian blue, PB)

ამ ნივთიერებას პიგმენტის სახით 1704 წლიდან იყენებენ სხვადასხვა ინდუსტრიაში. მოგვიანებითი პერიოდის სამედიცინო ლიტერატურაში ვხვდებით ცნობებს ბერლინის ლაჟვარდის სამკურნალო მიზნით გამოყენების შესახებ. მისი მოქმედების მექანიზმი იონურ მიმოცვლას ემყარება. ორგანიზმში მოხვედრილი რადიაქტიური ნივთიერებები ღვიძლის საშუალებით გამოიყოფა და ნაწლავებში გადადის, საიდანაც ხელახლა შეიწოვება (ენტეროჰეპატური ცირკულაცია). PB ბოჭავს ნაწლავებში მოხვედრილი რადიაქტიური ცეზიუმისა და თალიუმის მარილებს და ხელს უშლის მათ შეწოვას. შედეგად მავნე ნივთიერებები განავალთან ერთად გამოიყოფა.

ბერლინის ლაჟვარდი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიიღება. ის ეფექტურია მხოლოდ ცეზიუმ-137-ითა და თალიუმ-201-ით სხეულის დაბინძურების შემთხვევაში. პრეპარატი უსაფრთხოა მოზრდილთა უმრავლესობისთვის, მათ შორის - ორსულებისა და ბავშვებისთვის (2-დან 12 წლამდე). ჯერ არ არის განსაზღვრული დოზები ჩვილებისთვის (ახალშობილი ასაკიდან 2 წლამდე). ფარმაცევტულ ბაზარზე ვხვდებით 500 მგ-იან კაფსულას, რომელიც წყალთან ერთად მიიღება. მცირე ასაკის ან ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებმა კაფსულის შიგთავსი შეიძლება საკვებში ან წყალში გახსნან და ისე მიიღონ. მედიკამენტის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ორგანიზმის რადიაქტიური ნივთიერებით დაბინძურების დონეზეა დამოკიდებული. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს შემთხვევისთანავე, თუმცა მოგვიანებით დაწყებული მკურნალობაც საგრძნობლად ამცირებს სიკვდილისა და მძიმე გართულებების რისკს.

პენტეტური მჟავა ან დიეთილენტრიამინპენტაძმარმჟავა (DTPA)

DTPA გვხვდება ან კალციუმთან (Ca-DTPA), ან თუთიასთან (Zn-DTPA) შეკავშირებული ფორმით. ორივე მათგანი ბოჭავს რადიაქტიურ პლუტონიუმს, ამერიციუმს, კურიუმს და შარდთან ერთად გამოდევნის ორგანიზმიდან. მედიკამენტს საუკეთესო შედეგი აქვს რადიაქტიური ნივთიერების ზემოქმედებისთანავე მიღებისას, რადგან რაც უფრო სწრაფად მოხდება ორგანიზმიდან მისი გამოძევება, მით ნაკლები ზიანი მიადგება ჯანმრთელობას. შინაგანი კონტამინაციიდან პირველი დღის განმავლობაში Ca-DTPA უფრო ეფექტურია, ვიდრე Zn-DTPA. 24 საათის შემდეგ მათი მოქმედების ხარისხი თანაბრდება. რამდენიმე დღის/კვირის შემდეგ პენტეტური მჟავა რადიაქტიური ნივთიერებების გავრცელებას მხოლოდ 25-დან 50%-მდე ამცირებს.

გახსოვდეთ: ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები წყვეტენ, ვინ უნდა მიიღოს DTPA.

არსებობს წამლის ორი ფორმა: ინტრავენური და საინჰალაციო. საინჰალაციო DTPA-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან კვლევებით არ არის დადასტურებული. თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ორგანიზმში რადიაქტიური ნივთიერებების რაოდენობაზე და მათი გამოთავისუფლების ინტენსივობაზე, რაც სისხლის, შარდისა და განავლის ანალიზებით უნდა შეფასდეს.

 მარი მარღანია

გააზიარე: