დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი

გააზიარე:

დეოდორანტს და ანტიპერსპირანტს დღეს რეგულარულად მოიხმარენ ქალებიც და მამაკაცებიც, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ორი პროდუქტი ერთმანეთისგან განსხვავდება.

არსებობს მოსაზრებაც, რომ დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, ამიტომ ბევრი თავს იკავებს მათი მოხმარებისგან.

მართებულია თუ არა ეს მოსაზრება? სახიფათოა თუ არა ამ პროდუქტების ყოველდღიური გამოყენება? თუ კი – მათ რომელ ინგრედიენტებს უნდა ვერიდოთ?

როგორ მოქმედებს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეოდორანტს და ანტიპერსპირანტს ერთმანეთისგან რამდენიმე ფაქტორი განასხვავებს.

ანტიპერსპირანტი ბლოკავს საოფლე ჯირკვლების მოქმედებას და აჩერებს ოფლის გამოყოფას, დეოდორანტი კი ახშობს უსიამოვნო სუნს, რომელიც კანზე ადამიანის მიკროფლორის შემადგენელი ბაქტერიების გამრავლების შედეგად ჩნდება.

მაშინ როდესაც დეოდორანტი კოსმეტიკურ პროდუქტად განიხილება, ანტიპერსპირანტი კლასიფიცირდება როგორც სამედიცინო ნაწარმი, ამიტომ მის წარმოებას აშშ-ში სურსათისა და მედიკამენტების უსაფრთხოების სამსახური (FDA) აკონტროლებს.

ანტიპერსპირანტი მანამდე უნდა დაიტანოთ კანზე, სანამ ოფლის გამოყოფა დაიწყება. სხვა შემთხვევაში ის ეფექტურად ვერ შეაკავებს პროცესს.

ანტიპერსპირანტი ყველაზე ეფექტურია სუფთა, მშრალ კანზე დატანისას. თუ მას დილით, შხაპის მიღებისთანავე დაიტანთ, კანი შესაძლოა ჯერ კიდევ ნოტიო იყოს და პროდუქტი კარგად ვერ შეიწოვოს. სპორტდარბაზში მისვლისთანავე დატანაც არ ღირს – შესაძლოა, დრო არ ეყოს საოფლე ჯირკვლების დასაბლოკავად, ამიტომ რამდენიმე ხნით ადრე დაიტანეთ, რომ მოქმედების დაწყება მოასწროს.

ფიზიოლოგიურად ადამიანი დღე-ღამეში 500 მლ ოფლს გამოყოფს. განსაზღვრულ პირობებში მას დამცავი ფუნქციაც აკისრია – ფიზიკური გადატვირთვის, ემოციური დაძაბულობის, მაღალი ტემპერატურის დროს აქტიურდება ოფლის გამომყოფი ჯირკვლები, კანის ზედაპირზე გამოდის ოფლი, რომელიც აქტიურად ორთქლდება და ამით ხელს  უწყობს სხეულის გაგრილებას.

ასე რომ, ოფლის გამომყოფი ჯირკვლების დამხშობ საშუალებათა უკონტროლო გამოყენებას არ გირჩევთ – აუცილებლად მისდიეთ ინსტრუქციას.

რაც შეეხება დეოდორანტს, ის შეიცავს ანტიბაქტერიული მოქმედების ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უშლის კანზე ბაქტერიების გამრავლებას. ის ორ ეტაპად მოქმედებს: პირველ ეტაპზე ამცირებს იმ მიკრობების რაოდენობას, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევს, მომდევნოზე კი თავად ოფლის სუნს ნიღბავს და სასიამოვნოდ ცვლის.

დეოდორანტიც და ანტიპერსპირანტიც უსაფრთხოდაა მიჩნეული, მაგრამ ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა ალუმინი და პარაბენები, რომლებსაც ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს, ნამდვილად არასასურველია ჯანმრთელობისთვის, ამიტომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს უფრო ჯანსაღი და ბუნებრივი ინგრედიენტებით მათი ჩანაცვლება.

FDA-მ და აშშ-ს კიბოს ეროვნულმა ინსტიტუტმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ არც დეოდორანტი და არც ანტიპერსპირანტი არ წარმოადგენს რისკფაქტორს კიბოს განვითარებისთვის.

რომელი ჯობია

გააჩნია, რა არის თქვენი პრიორიტეტი – სუნის გაქრობა თუ ოფლის გამოყოფის შეკავება. თუ მხოლოდ სუნის გაქრობაა თქვენი ამოცანა, დეოდორანტი საკმარისია, ხოლო თუ ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ, უპირატესობა ანტიპერსპირანტს უნდა მიანიჭოთ. შეიძლება მათი ერთდროული გამოყენებაც. არსებობს ამ ორის გაერთიანებით მიღებული პროდუქტებიც. თუ დეოდორანტისა და ანტიპერსპირანტის ერთდროულ გამოყენებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ანტიპერსპირანტი დეოდორანტამდე 2-3 საათით ადრე უნდა დაიტანოთ კანზე, რათა ორივემ სრულფასოვნად იმოქმედოს.

დეოდორანტების უმეტესობა 24-48 საათი მოქმედებს, ანტიპერსპირანტები კი, წესისამებრ, 12-დან 48 საათამდე იცავს, ასე რომ, თუ ჭარბ ოფლიანობას არ ებრძვით, იმ დღეს მისი ხელახლა წასმა აღარ დაგჭირდებათ.

ანტიპერსპირანტის წასმისთვის ოპტიმალურია ძილისწინა პერიოდი. დღის ბოლოს საოფლე ჯირკვლები ნაკლებად აქტიურია, სხეულის ტემპერატურა – დაბალი, კანი – უფრო მშრალი. ამ დროს ანტიპერსპირანტი უკეთესად აღწევს კანში. თუ  მგრძნობიარე კანი გაქვთ, მოიძიეთ ასეთი კანისთვის განკუთვნილი შედარებით მსუბუქი ანტიპერსპირანტი.

რისკები

პირველი, რისიც პოტენციურ მომხმარებელს ეშინია, რა თქმა უნდა, კიბოა, რომლის რისკების შესახებაც ბევრი დაწერილა და თქმულა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი რისკი მრავალი კვლევის შედეგად გამოირიცხა.

თუ ალერგიული ხართ, ყურადღებით წაიკითხეთ ინგრედიენტების ჩამონათვალი – ის ანტიპერსპირანტები და დეოდორანტები, რომლებიც სურნელის გამომყოფ ინგრედიენტებს შეიცავს, ხშირად გვევლინება ალერგიული კონტაქტური დერმატიტის რისკფაქტორებად, ამიტომ სასურველია იცოდეთ, რომელი ნივთიერებები შედის ამ პროდუქტების შემადგენლობაში და რამდენად საშიშია ისინი თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ტრიქლოზანი

ეს ანტიბაქტერიული ქიმიკატი კანზე არსებული ბაქტერიების გასანადგურებლად გამოიყენება. ტრიქლოზანი ძუძუს კიბოს ერთ-ერთ რისკფაქტორად მიიჩნევა, ამიტომ FDA-მ ხელის საპნების წარმოებაში მისი გამოყენება აკრძალა, მაგრამ ის ჯერ კიდევ გვხვდება ზოგიერთი დეოდორანტისა და ანტიპერსპირანტის შემადგენლობაში, ამიტომ შეძენამდე კარგად დააკვირდით ეტიკეტს და მცირე დოზაც რომ აღმოაჩინოთ, ერიდეთ ამ ნივთიერების შემცველი ნაწარმის შეძენას.

ფტალატები

შეიცავს თითქმის ყველა კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალება, მათ შორის – დეოდორანტები და ანტიპერსპირანტებიც. ესენი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც ახანგრძლივებს ნებისმიერი პარფუმერირებული საშუალების გამოყენების ვადას.

ფტალატებს შეუძლია, დააზიანოს ადამიანის ენდოკრინული სისტემა და გამოიწვიოს პუბერტატის ადრეული დაწყება, რაც, თავის მხრივ, მაღლა სწევს ზრდასრულ ასაკში ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

პარაბენები

ეს კონსერვანტები ეხმარება ანტიპერსპირანტსა და დეოდორანტს, დიდხანს გაძლოს სხეულზე, თუმცა კანი ადვილად შთანთქავს პარაბენებს, მათ კი ესტროგენის ფუნქციის ზედმეტად გააქტიურება შეუძლიათ. ამასთან, ბევრი პარაბენი ძუძუს კიბოს განვითარების რისკსაც ზრდის. ამჟამად ამ ნივთიერებათა გამოყენებას ერიდებიან და ბაზარზე არსებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი პარაბენებს არ შეიცავს.

ალუმინი

ეს ლითონი ყველაზე ხშირად გამოიყენება ოფლის სადინარების დასაბლოკავად, თუმცა ალუმინს შეუძლია, გაზარდოს უჯრედულ დონეზე გენების მუტაციის ალბათობა, რაც სიმსივნის რისკის მატებას იწვევს. ბოლო ხანს ალუმინს ან საერთოდ აღარ იყენებენ, ან ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მის გარეშე საოფლე ჯირკვლების დაბლოკვის იმედი არ უნდა გქონდეთ.

კიბოს რისკი

არ არსებობს კვლევები, რომლებიც სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს ანტიპერსპირანტების გამოყენებასთან აკავშირებს. ასევე მწირი და დაუსაბუთებელია სამეცნიერო მტკიცებულებები ამ მოსაზრების მხარდასაჭერად.

საპარსის მიერ დატოვებულმა ნაკაწრებმა შესაძლოა გაზარდოს კანის ინფიცირების რისკი. თუ იღლიის კანი უკვე ინფიცირებული და დაზიანებულია, შესაძლოა, ზოგიერთმა ანტიპერსპირანტმა მცირე გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, ეს იყოს ის ძირითადი კარიბჭე, საიდანაც კანცეროგენები (კიბოს გამომწვევი ნივთიერებები) სხეულში აღწევს.

2002 წელს ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ ერთმანეთს შეადარა ძუძუს კიბოთი დაავადებული 813 და დაავადების არმქონე 793 ქალის მონაცემები. მკვლევრებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი ძუძუს კიბოს რისკსა და ანტიპერსპირანტების გამოყენებას, დეოდორანტის გამოყენებას ან იღლიების პარსვას შორის.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: