როგორ შევარჩიოთ უთო

გააზიარე:

უთოობა ერთ-ერთი ყველაზე დამქანცველი და მოსაწყენი საქმიანობაა, ამიტომ ბევრი მას თავს არიდებს და, მაგალითად, ისეთ ტანსაცმელს არჩევს, რომ გაუთოება არ სჭირდებოდეს – საკმარისია, გაშრობისას არ დაიჭმუჭნოს, თუმცა ზოგჯერ უთოობას ვერ გაექცევი, განსაკუთრებით – თუ დიდი ოჯახი გაქვს.

უთოობის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული რომ იყოს, ამისთვის ხარისხიანი უთო უნდა შევიძინოთ.

რა კრიტერიუმებს მივაქციოთ ყურადღება უთოს შეძენისას?

კატეგორიები

სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია იცოდეთ, რა ტიპის უთოები არსებობს ბაზარზე.

კლასიკური უთო ორთქლის გარეშე –  მას მშრალ უთოსაც ეძახიან. ამ მარტივი მოწყობილობის ეფექტი ტემპერატურაზე, წონასა და მომხმარებლის ძალაზეა დამოკიდებული. დღეს ასეთ უთოს იშვიათად იყენებენ. მხოლოდ ეგრეთ წოდებული სამგზავრო უთოები მუშაობს კლასიკური უთოს პრინციპით.

ორთქლის უთო – ასეთ ხელსაწყოს აქვს ინტეგრირებული ავზი, რომელიც წყლით ივსება. გაცხელებისას წარმოქმნილი ორთქლი უთოს ძირზე განლაგებული სპეციალური ღიობებიდან გამოდის და  ხელს უწყობს ქსოვილის გასწორებას. შედეგად უთოობის პროცესი უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტულია. საუკეთესოა ფაქიზი ქსოვილებისთვის.

უთო ორთქლის გენერატორით –  ასეთ უთოს ცალკე მოჰყვება წყლის ავზი, რომელიც ხელსაწყოს რეზინით მილით უკავშირდება. ასეთი ავზი გაცილებით დიდი მოცულობისაა, ვიდრე ინტეგრირებული, ასე რომ, თუ ბევრი გაქვთ გასაუთოებელი, წამდაუწუმ შევსება არ მოგიწევთ. ორთქლი ავზში წარმოიქმნება და  მილით მიეწოდება უთოს. ამ ტიპის უთოების უპირატესობა ორთქლის მაღალი წნევაა. დიდი წნევის წყალობით შესაძლებელია ორმაგი ქსოვილის, მაგალითად, ერთმანეთზე დაფენილი შარვლის ორივე ტოტის ერთი მხრიდან ხარისხიანად გაუთოება, რაც საკმაო დროს გვაზოგვინებს. საუკეთესოა უხეში, სქელი ქსოვილის, ასევე ფარდების, თეთრეულის გასაუთოებლად, თუმცა საკმაოდ დიდი და მოუხერხებელია, თან დიდი ზომის საუთოო მაგიდაც სჭირდება.

გარდა ამისა, არსებობს ეგრეთ წოდებული საუთოო სისტემები, რომლებიც უთოსა და მასთან დაკავშირებული საუთოო მაგიდისგან შედგება. წყლის ავზი მაგიდაშია ჩაშენებული, დიდი რაოდენობის წყალს იტევს და მოკლე დროში ბევრი სარეცხის დაუთოების შესაძლებელობას იძლევა. საუთოო დაფა დამატებითი ფუნქციებითაც არის აღჭურვილი. ხარისხიანი სისტემები მსუბუქია და გადასატანადაც მოხერხებული.

თუ ყოველდღიურად ბევრი გაქვთ გასაუთოებელი, საუთოო მანქანა ძალიან გაგიმარტივებთ უთოობის პროცესს. ის რამდენიმე ტიპისაა, რომლებიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მშრალიც და ორთქლის სისტემაზე მომუშავეც:

*პერანგების საუთოო, რომელიც ვერტიკალურია და მანეკენს წააგავს, ცხელი ჰაერის საშუალებით ასწორებს პერანგს, ბლუზას თუ მაისურს. ერთი პერანგის გაუთოებას ის დაახლოებით 10 წუთს ანდომებს, თავად კი ამასობაში შეგიძლიათ სხვა საქმე აკეთოთ.

*საუთოო პრესი – ზედა და ქვედა სითბოს, დაწოლის ძალისა და ორთქლის კომბინაცია უზრუნველყოფს ქსოვილის გასწორებას ძალისხმევის გარეშე. ამ გზით მაისურის დაუთოებას დაახლოებით 30 წამი ჰყოფნის. უთოობის პროცესი ქსოვილისთვის ძალიან დამზოგველია, რადგან მანქანა ხახუნის გარეშე მუშაობს.

*ლილვებიან საუთოო მანქანას უმთავრესად სასტუმროებში იყენებენ თეთრეულის სწრაფად და ხარისხიანად დასაუთოებლად.

რას მივაქციოთ ყურადღება ყიდვისას?

ორთქლი

ორთქლი უთოს ხარისხის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, მისი წყალობით ქსოვილი ადვილად სწორდება, თუმცა საუკეთესო ეფექტისთვის უთო რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:

*ორთქლის რაოდენობა – ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენი ორთქლის წარმოქმნა შეუძლია უთოს ერთი წუთის განმავლობაში. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უკეთესია შედეგიც. აირჩიეთ უთო, რომელიც წუთში 45 გრამზე არანაკლებ ორთქლს წარმოქმნის. იდეალურია, თუ უთოს აქვს ფუნქცია, თავად არეგულიროს ორთქლის რაოდენობა უთაობის პროცესში.

*წნევა –  რაც უფრო დიდი წნევით გამოდის ორთქლი უთოდან, მით უფრო ადვილად და ხარისხიანად სწორდება ქსოვილი, უხეშიც კი. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენ ორთქლს უშვებს უთო ერთი გამოფრქვევისას. რეკომენდებულია, ეს მაჩვენებელი 180 გრამზე არანაკლები იყოს. რაც უფრო მეტ ორთქლს აფრქვევს უთო ერთ ჯერზე, მით უფრო დიდი უნდა იყოს წნევაც. ორთქლის გენერატორისთვის რეკომენდებული წნევაა 4-6 ბარი. 

სიმძლავრე და ტემპერატურა

ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია სიმძლავრე.  გაუთოების ხარისხი და სისწრაფე სწორედ მასზეა დამოკიდებული. კარგი უთო რაც შეიძლება სწრაფად უნდა ცხელდებოდეს. მწარმოებლისა და მოდელის მიხედვით, უთოების სიმძლავრე 1500-დან 3200 ვატამდე მერყეობს. რაც უფრო დიდი სიმძლავრე აქვს უთოს, მით უფრო სწრაფად ცხელდება ის, სითბოსაც მეტხანს ინარჩუნებს და დროსაც გვაზოგვინებს. ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ უთოებს, რომელთა სიმძლავრე მინიმუმ 2400 ვატია.

დღეს ყველა უთო ტემპერატურის მარეგულირებლით არის აღჭურვილი. იმის მიხედვით, რომელ ქსოვილს აუთოებთ, ტემპერატურაც სხვადასხვა უნდა შეარჩიოთ. დონე ძირითადად  სამია. პირველ დონეზე უთო დაახლოებით 110°C-მდე ხურდება, მეორეზე – 150°C-მდე, მესამეზე – 220°C-მდე. თანამედროვე მოდელები აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც ქსოვილთან უთოს შეხებისას ტემპერატურას თავად არეგულირებს.

ძირი

უთოობის კომფორტულობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია უთოს ძირიც, რადგან ის პირდაპირ ეხება ქსოვილს. ძირზე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს ტემპერატურა, ის მსუბუქად უნდა სრიალებდეს ქსოვილზე და იოლად არ იკაწრებოდეს. საუკეთესოა კერამიკის, უჟანგავი ფოლადის ან ალუმინის ძირი. ზოგიერთი მოდელის ძირი მიკრობების საწინააღმდეგო სპეციალური ფენითაც არის დაფარული.

ალუმინი იაფია, თუმცა ქსოვილზე ცუდად სრიალებს. შედარებით უკეთესია უჟანგავი ფოლადის ძირი, ის ალუმინზე მდგრადიცაა და უკეთესადაც აუთოებს, უმაღლესი ხარისხის მოდელებს კი უმეტესად კერამიკის ძირი აქვს, რადგან ის საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა.

ყურადღება მიაქციეთ ძირზე ღიობების რაოდენობას. რაც უფრო მეტი ღიობი აქვს უთოს, მით მეტი ორთქლი გამოდის და მით უკეთესად სწორდება ქსოვილი. ღიობები თანაბრად უნდა იყოს განაწილებული მთელ ძირზე, მათ შორის – წვერზეც, რათა ძნელად მისადგომი ადგილებიც ადვილად დაუთოვდეს. 

ფუნქციები

თანამედროვე უთოებს დამატებითი ფუნქციებიც აქვს. მაგალითად, ნადების საწინააღმდეგო. ასეთი უთო აღჭურვილია სპეციალური სისტემით, რომელიც წყალს ფილტრავს და ხელს უშლის ნადების გაჩენას. ეკო ფუნქციის წყალობით კი უთო შედარებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. წვეთსაწინააღმდეგო ფუნქცია ხელს უშლის ღიობებიდან წყლის გამოსვლას დაბალ ტემპერატურაზე უთაობისას, ავტომატური გამორთვის ფუნქციით კი თანამედროვე მოდელების უმრავლესობაა აღჭურვილი: როცა უთო დიდხანს არ მოძრაობს ან ძირზე დევს, ის ავტომატურად ითიშება. ძალიან პრაქტიკულია ვერტიკალური ორთქლის ფუნქცია. მისი წყალობით შესაძლებელია ჩამოკიდებული ტანსაცმლის ან, მაგალითად, ფარდების გასწორება მხოლოდ ორთქლის ჭავლით, კონტაქტის გარეშე.

სხვა კრიტერიუმები

ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან ერთად წყლის ავზის მოცულობასაც მოაქციეთ ყურადღება. რაც უფრო დიდია ის, მით უფრო იშვიათად მოგიწევთ მისი წყლით შევსება. ორთქლის უთოსთვის რეკომენდებულია, სულ მცირე, 250 მლ მოცულობის ავზი.

კიდევ ერთი კრიტერიუმი უთოს ზომა და წონაა. პატარა უთო მსუბუქი და მოხერხებულია, თუმცა ძირიც პატარა აქვს, რაც უთოობის პროცესს ახანგრძლივებს. რაც უფრო მძიმეა უთო, მით უკეთესად ასწორებს სარეცხს საკუთარი წონით, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, ხელი მეტად დაგეღალოთ.

შეამოწმეთ კაბელის სიგრძეც. ის საკმარისად გრძელი უნდა იყოს, რათა უთოობაში ხელი არ შეგიშალოთ. უთოების უმრავლესობას კაბელი ზედ ეხვევა, ზოგიერთი მოდელი კი აღჭურვილია სპეციალური ღილაკით, რომელზე დაჭერითაც კაბელი უთოს კორპუსში იხვევა და იმალება. სასურველი, კაბელმა 360 გრადუსით იმოძრაოს.

გამოხდილი თუ ონკანის წყალი

შეიძლება თუ არა, უთოს ავზში ონკანის წყალი ჩავასხათ?

თუ თქვენი ონკანის წყალი მარილებით არ არის გაჯერებული, თამამად შეგიძლიათ, ჩაასხათ ავზში, მაგრამ უთომ დიდხანს რომ გაგიძლოთ, რეგულარულად უნდა ასუფთაოთ. ზოგიერთი მოდელი თვითდასუფთავების ფუნქციით არის აღჭურვილი. აუცილებლად გაითვალისწინეთ მწარმოებლის მითითებები ამ საკითხში.

როგორ გავწმინდოთ

* დაცალეთ წყლის ავზი და ჩაასხით ნადების მოსაცილებელი სპეციალური ხსნარი ან,  მაგალითად, ძმარი. 

* ჩართეთ უთო და ორთქლი რამდენჯერმე გამოუშვით.

* გამორთეთ უთო და გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთი.

* ეს პროცედურა მანამდე იმეორეთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ორთქლს ჭუჭყის ნაწილაკები აღარ მოჰყვება.

* დაცალეთ ავზი, წყალიც გამოავლეთ, ბოლოს, უთო კარგად რომ გაცივდება , ძირიც გაუწმინდეთ.

უმჯობესია, მისდიოთ თანდართულ ინსტრუქციას, რადგან ზოგიერთმა მწარმოებელმა შესაძლოა გაწმენდის განსხვავებული მეთოდი შემოგთავაზოთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე 

გააზიარე: