შუშის მძივებში არეკლილი ცისარტყელა

გააზიარე:

ტატა თოფურიას ხელნაკეთი სამშვენისები კაშკაშა ფერებით დაგამახსოვრდებათ.  უამრავი დეტალისგან ფაქიზად აწყობილ აქსესუარებში შუქი ცისარტყელას ფერებად იშლება. ნატურალური ქვებისა და ბისერის ბავშვურად უშუალო, მარტივი კომპოზიციები თვალს იტაცებს და გულს ათბობს, ყველაზე უფერულ დღეებსაც კი სადღესასწაულო ელფერს აძლევს.

ტატა სტომატოლოგია. სამშვენისების დიზაინს თავდაპირველად მხოლოდ ჰობიდ აღიქვამდა, მაგრამ სწორედ ამ ჰობის წყალობით გაიცნო ბევრმა, მოიწონა და მის ნამუშევრებზე მოთხოვნაც თანდათან გაიზარდა.

ტატას სჯერა, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება საკუთარი თავის პოვნა, ისეთი საქმის პოვნა, რომელიც სასარგებლოცაა და საინტერესოც; შეიძლება, საყვარელი საქმე აკეთო და ამით სხვებსაც გაუფერადო ყოველდღიურობა.

– რა არის საჭირო წარმატებისთვის?

– ხშირად უნდა უთხრა საკუთარ თავს: "შენ ეს შეგიძლია!“ ყოველგვარი მიზნის მიღწევა შეიძლება. მთავარია, გწამდეს ამ მიზნის, გჯეროდეს წარმატების და იშრომო!

მუშაობის პროცესში ხშირად დროის შეგრძნებას კარგავს, თუმცა, როგორც უნდა ეჩქარებოდეს, მაინც ნელა, გულისყურით ასრულებს სკრუპულოზურ სამუშაოს. სურს, მისი ყოველი ნამუშევარი უნაკლო იყოს.

მიაჩნია, რომ გემოვნება და სტილის შეგრძნება ხასიათის თვისებაა და იშვიათად იცვლება, თუმცა დიზაინერი მოდასაც უნდა აჰყვეს და შთაგონებასაც.

– ისიც უნდა ვაღიარო, რომ შემოქმედებითი პროცესი თანდათან ჩვევად იქცევა და სამსახურს ემსგავსება, იმ განსხვავებით, რომ დამქირავებელიც, დამკვეთიც და შემსრულებელიც შენ თვითონ ხარ.

– არ გიჭირთ თქვენს ნამუშევრებთან განშორება?

– პირიქით, მიხარია, ჩემი ნამუშევრები რომ მოსწონთ. თითქოს მათი ემოცია გადმომედება... ჩემს აქსესუარებში მთავარი ესთეტიკაა, ფერადოვნება, ღრმააზროვანი გზავნილები მათშიო არ არის, ამიტომ მთელ აქცენტს ფერებზე ვსვამ. ძალიან მიყვარს კვერცხის გულისფერი, ცეცხლისფერი და მისი გრადაციები, იასამნისფერი. ჩემს გარდერობში ამ ფერებს იშვიათად ნახავთ, აქსესუარებში კი თავს უარს არაფერზე ვეუბნები.

– მასალას სად ყიდულობთ?

– უმეტესად ონლაინ მაღაზიებით ვსარგებლობ და უცხოეთიდან ვიწერ. თავდაპირველად მზადდება თექის ბაზისი, რომელზეც ძუით ვამაგრებ თითოეულ დეტალს. ნამუშევრის უკანა მხარეს ეკოტყავით ვფარავ. თუ დასრულებული აქსესუარი არ მომეწონა, ვშლი და მთელ კომპოზიციას თავიდან ვაწყობ. არ მიყვარს პლასტმასა, ყველაზე საყვარელი მასალა კი მარგალიტია.

– როდის დაიწყეთ სამკაულების კეთება?

– ქსოვა, ქარგვა ყოველთვის მიყვარდა, მსიამოვნებდა, მამშვიდებდა. ოთხი წლის წინ ინტერნეტში ხელნაკეთ ნემსიყლაპიას წავაწყდი. მომეწონა და ისეთივეს აწყობა ვცადე. პირველ ბროშს კბილის ფორმა ჰქონდა – ეს იდეა ჩემმა პროფესიამ წარმოშვა. პირველი ნამუშევრები სულ გავაჩუქე. მოწონება და ინტერესი რომ დავინახე, სტიმული მომეცა. ნელ-ნელა შევყევი ამ საქმეს და ბოლოს შემოსავლის წყაროდ მექცა.

ამერიკაში მცხოვრებმა ნათესავმა ჩემი ნამუშევრები საზღვარგარეთ გაიტანა – იქაც დიდი ინტერესით შეხვდნენ და დღეს უცხოეთიდანაც უამრავ შეკვეთას ვიღებ. თუმცა ყველაზე დიდი როლი ჩემს პოპულარობაში მაინც სოციალურმა ქსელმა  შეასრულა.

ყველა აღნიშნავს, რომ რეალურად ჩემი ნაკეთობები უფრო ლამაზია, ვიდრე ფოტოზე ჩანს. ასეცაა, რადგან ყოველ ნივთს თავისი ენერგეტიკა აქვს, რომელიც აცოცხლებს და რომელსაც ფოტოსურათი ვერ გადმოსცემს.

რა თქმა უნდა, კონკურენციაც არის, თუმცა ეს მეხმარება კიდეც. ვცდილობ, საკუთარ თავს ვაჯობო, ყოველი ახალი ნაკეთობა წინაზე უკეთესი იყოს. საზოგადოდ, როცა შენი ნამუშევარი, სტილი, ხელწერა სხვისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა, ალბათ სასიხარულო უფროა, ვიდრე საწყენი.

– ყველაზე მეტად რა ფორმის აქსესუარები მოსწონთ?

– ზაფხულობით განსაკუთრებით პოპულარულია მწერები: პეპლები, ნემსიყლაპიები, ხოჭოები... ზამთარში პატარა ანგელოზები უფრო მეტად იყიდება, გაზაფხულზე – ყვავილები, შემოდგომაზე კი ფოთლები. ბოლო დროს  ხშირად მიკვეთავენ ზოდიაქოს ნიშნებს. ამასწინათ ბუ დამიკვეთეს. საინტერესო გამოვიდა, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ – რომ არა დამკვეთის სურვილი, ბუს გაკეთება ალბათ აზრადაც არ მომივიდოდა.

თბილისური ბაზარი ხშირად მასპინძლობს ჩემს ნამუშევრებს. ცოტა ხნის წინ “თბილისი მოლში” მქონდა გამოფენა – ხელნაკეთი ნივთების მაღაზიამ ჩემი აქსესუარები წარადგინა. კერძო გამოფენის გამართვაზე ვფიქრობ, მაგრამ ჩემი ნამუშევრები ისეთი ტემპით იყიდება, რომ მოგროვებას ვერ ვახერხებ. დროც არ მყოფნის, რადგან ისევ ვმუშაობ სტომატოლოგიურ კლინიკაში და, ამასთან ერთად, ვზრდი ორ ბიჭუნას – რვა წლის ლუკას და ექვსი წლის მათეს. პატარებს ონლაინ გაკვეთილები არ მოსწონთ, უამრავი ენერგია აქვთ და აღარ იციან, როგორ დახარჯონ. შინ ყირაზე გადადიან, სკოლაში სიარული და თანატოლებთან ურთიერთობა სჭირდებათ. მე და ჩემმა მეუღლემ გამოსავალი ვიპოვეთ – რაგბიზე მივიყვანეთ და ცოტა დამშვიდდნენ.

მეუღლე თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. ფეისბუქის ადმინისტრირებაში ძალიან მეხმარება. ბავშვებთან ხმას არასოდეს ვუწევთ – ასეთ ონავრებთანაც კი საუბარი ყოველთვის უფრო მეტად ჭრის.

– ასეთი დატვირთული დღის რეჟიმი გაქვთ... მედიცინისთვის თავის დანებებაზე არ გიფიქრიათ?

– ოჯახში ყველა ინჟინერი იყო – მამაც, დედაც, ძმაც... მე კი ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა. მიყვარს ჩემი პროფესია. მრავალი წელი დავხარჯე მის დასაუფლებლად – საქართველოში, საზღვარგარეთ... მამას მოსწონდა ჩემი არჩევანი და  ყოველთვის გვერდით მედგა. საკუთარი კაბინეტის გახსნასაც ვაპირებდი, მაგრამ მამის გარდაცვალებამ გეგმები შემაცვლევინა.

მამა ძალიან მენატრება. მის გვერდით ჩუმად ყოფნაც შემეძლო და ეს სიჩუმე მუდამ სავსე იყო... ბევრი რამ ვისწავლე მისგან ‒ სამართლიანობა, სიკეთე, დათმობა, მიტევება...

გალის რაიონში გავატარე ბავშვობა, ყველაზე უდარდელი და ნათელი წლები. მამა ენგურჰესზე მუშაობდა. მე და ჩემთან ერთად მთელი სამეზობლოს პატარებს გვანებივრებდა საჩუქრებით, ყურადღებით...

თბილისში ომამდე ცოტა ხნით ადრე გადმოვედით – მამას გარდაბნის ჰესის დირექტორობა შესთავაზეს. ნივთების წამოსაღებად კი უკვე ვეღარ დავბრუნდით...

მამამ ლტოლვილის სტატუსზე უარი განაცხადა – პრივილეგიებით ვერ ვისარგებლებ, როცა სხვებს ჩემზე მეტად უჭირთო.

აი, ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ვახტანგ თოფურია. ხშირად ვფიქრობ მასზე და იმედი მაქვს, დღესაც იამაყებდა ჩემით, ჩემი არჩევანით და წარმატებით.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: