გენდობათ თუ არა თქვენი ძაღლი
გააზიარე:
ჩემი ძაღლის, უშბას მიმართ სრული ნდობით ვარ განმსჭვალული. მისი ქცევა მაფიქრებინებს, რომ თავადაც უპირობოდ მენდობა. ეს ურთიერთკავშირი ემოციურად ძალიან ძვირფასია, მაგრამ ამჯერად მის სხვა მხარეზე მსურს საუბარი.
ნდობით სავსე ურთიერთობა ზოგჯერ გადამწყვეტი ფაქტორია ძაღლის გადასარჩენად. მაგალითად, თუ ძაღლმა გზაზე გადაირბინა, საბლის გარეშე სეირნობისას რაიმე მიზეზით გაექცა პატრონს (გაეკიდა კატას, სხვა ძაღლს, ადამიანს...), თავს დაესხა სხვა ძაღლს ან ადამიანს ან პატრონის დაცვა გადაწყვიტა – ყველა ამ სიტუაციაში სწორედ პატრონმა უნდა იტვირთოს “გადაწყვეტილების მიმღების” როლი, რადგან ძაღლის თვითნებური ქცევა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.
როგორ მივხვდეთ, გვენდობა თუ არა ჩვენი ძაღლი?
* არ უფრთხის პირდაპირ მზერას, თვალს გისწორებთ, როდესაც მასთან კონტაქტისთვის მზადყოფნას გამოხატავთ;
* როგორც ნაცნობ, ისე უცნობ სიტუაციაში თქვენ გვერდით ამჯობინებს ყოფნას;
* უხარია თქვენი დანახვა, რაც უნდა მცირე ხანი იყოს გასული განშორებიდან;
* თქვენთან მოაქვს თავისი ნივთები, “გიზიარებთ” ნადავლს;
* თავისი სახელის გაგონებისთანავე გაქცევთ ყურადღებას;
* ნებას გრთავთ, დაუთვალიეროთ სხეული (სეირნობის შემდეგ ტკიპების მოსაშორებლად, თათებში შერჭობილი ხიჭვების ამოსაღებად);
* ნებას გრთავთ, ჩაუტაროთ ჰიგიენური ან სამედიცინო პროცედურები.
თუ პატრონი არ ზრუნავს ძაღლის სოციალიზაციაზე, არ წვრთნის მას, არ სთავაზობს გონების მასტიმულირებელ სავარჯიშოებს, არ ეთამაშება, ხშირად უბრაზდება, ძაღლი ნდობის ნაცვლად შიშს გრძნობს და უპირობო მორჩილების ან თავდაცვის რეჟიმში გადადის.
სავარჯიშოები ნდობის განსამტკიცებლად
სავარჯიშო 1. გავიკეთოთ საბელი
ლეკვობიდანვე დანერგეთ ეს პრაქტიკა: დაუძახეთ ლეკვს, დაამაგრეთ საბელი საყელურზე და მიეცით სასუსნავი. ამგვარად გაწვრთნილი ძაღლი, უკვე ზრდასრულიც, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენთან მოირბენს: მაშინაც, როცა სეირნობის დასრულების ნიშანს მისცემთ და მაშინაც, როცა მას ან სხვას საფრთხე დაემუქრება.
სავარჯიშო 2. თვალებით კონტაქტი
ა) დაუძახეთ ძაღლს. არაფერი მოიმოქმედოთ, სანამ თვალებში არ შემოგხედავთ. როგორც კი კონტაქტი შედგება, შეაქეთ და სასუსნავი მიეცით.
ბ) დაუძახეთ ძაღლს. ჩაიმუხლეთ მის პირისპირ. როდესაც ის თვალებით კონტაქტს დაამყარებს, შეაქეთ და მოეფერეთ.
სხეულის ენა
დააკვირდით თქვენი ძაღლის სხეულის ენას. ისწავლეთ ამოცნობა, როდის არის მზად თავდასხმისთვის, როდის ეშინია, როგორ გამოხატავს თავდაცვისთვის მზაობას. იმოქმედეთ მანამდე, სანამ ძაღლი გადაწყვეტს მოქმედებას. იყავით გადაწყვეტილების მიმღები და შემსრულებელი.
თუ რაიმე ექსტრემალური ხდება და ძაღლი შფოთავს, ჩაიმუხლეთ მის წინ, უყურეთ თვალებში, ელაპარაკეთ მშვიდად, მტკიცედ. ამით მიახვედრებთ, რომ რთულ სიტუაციებში ლიდერი თქვენ ხართ, ის კი დაქვემდებარებულია.
პატივისცემით მოეპყარით ძაღლს
არ მოატყუოთ. არ მიიტყუოთ ცრუ დაპირებით. თუ დავალება კეთილსინდისიერად შეასრულა, ქებით ან სასუსნავით დააჯილდოეთ.
ნინო ლომიძე