თანამედროვე ცხოვრება და - ძვლოვანი სისტემის ტრანსფორმაცია
გააზიარე:
ამ საჭირბოროტო საკითხზე საუბარი ერთი საბრალო თხით უნდა დავიწყოთ, რომელიც 1939 წლის გაზაფხულზე ნიდერლანდების სამეფოში დაიბადა. მარცხენა წინა კიდური მას საერთოდ არ ჰქონდა, მარჯვენა კი ისე იყო დეფორმირებული, რომ ჩლიქიან კუნძს წააგავდა. სამი თვის თხა ვეტერინარიულმა ინსტიტუტმა შეიკედლა და მანაც ხასხასა მდელოზე დაიდო ბინა, სადაც მალევე შეიმუშავა სიარულის საკუთარი, გამორჩეული სტილი – უკანა ფეხებით კენგურუსავით ხტომა.
სამწუხაროდ, მამაცი ხტუნია პირველივე დაბადების დღის შემდეგ ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა, მაგრამ ამბავი ამით არ დამთავრებულა – თხის ჩონჩხში მეცნიერებს კიდევ ერთი სიურპრიზი დახვდათ.
მეცნიერებს საუკუნეების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ადამიანის ძვლები უძრავად იყო დამაგრებული და მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული ინსტრუქციისამებრ იზრდებოდა, მაგრამ ჰოლანდიელმა ანატომმა, რომელმაც თხის ჩონჩხი გამოიკვლია, აღმოაჩინა, რომ მისი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ადაპტირებული იყო ფიზიკურ ნაკლთან: თეძოები და წვივები მოსალოდნელზე მეტად სქელი ჰქონდა, მუხლები – დაგრძელებული და გაჭიმული, მენჯ-ბარძაყის სახსარი კი სრულიად დეფორმირებული და მხტომელი ცხოველებისთვის დამახასიათებელი კუთხით მოხრილი.
დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ადამიანის ჩონჩხი საოცრად მოქნილი და ელასტიკურია. ასე რომ, თუმცაღა თითოეული ჩვენგანის ძვალსახსროვანი სისტემა დნმ-ში ჩაწერილი ერთგვარი შაბლონის მიხედვით ვითარდება, საბოლოოდ ის ინდივიდუალური გარემო პირობების შესაბამისად ტრანსფორმირდება.
სწორედ ამ აღმოჩენამ დაუდო დასაბამი ახალ დისციპლინას – ოსტეობიოგრაფიას, რომელიც გულისხმობს ჩონჩხის შესწავლას იმის გასარკვევად, როგორ ცხოვრობდა მისი მფლობელი. მაგალითად, ორ ფეხზე სიარულმა ადამიანს სხვა ცოცხალ არსებებზე გაცილებით ძლიერი და მტკიცე ბარძაყის ძვლები აჩუქა.
ბოლო ხანს ბევრ ჩვენს თანამედროვეს თავის ქალაზე უჩვეულო წვეტიანი წარმონაქმნი უპოვეს, დადასტურებულია, რომ დღევანდელ ადამიანს უფრო პატარა ყბები აქვს, ვიდრე მის ველურ წინაპარს, გერმანელი ახალგაზრდები კი უფრო ვიწრო იდაყვებით იწონებენ თავს, ვიდრე ოდესმე. ასე რომ, ცხოვრების წესი ნამდვილად ახდენს გავლენას ჩვენს სხეულზე.
იდუმალი გოლიათები
რაში გვეხმარება ოსტეობიოგრაფია? ამის უკეთ გასაგებად ერთი არქეოლოგიური აღმოჩენის ისტორია გავიხსენოთ.
1924 წელს ტინიანზე, მარიანას არქიპელაგის კუნძულზე, რომელიც ფილიპინებიდან 2560 კმ-ის მოშორებით, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, კაცის თვალში საცემად დიდი ჩონჩხი აღმოაჩინეს. ნაპოვნი XVI-XVII საუკუნეებს მიაკუთვნეს. თავის ქალას, ლავიწისა და მხრის ძვლების, ბარძაყებისა და წვივების ზომა იმაზე მეტყველებდა, რომ მათი პატრონი უჩვეულოდ მაღალი და უზომოდ ღონიერი უნდა ყოფილიყო. ამ აღმოჩენამ ზღაპრული საბურველი შემოაცალა ადგილობრივ ლეგენდებს გარდასული დროის გოლიათებზე, რომლებსაც საარაკო საქმეებს მიაწერდნენ. ზეადამიანური ძალით განთქმული მითიური პერსონაჟის პატივსაცემად არქეოლოგებმა გიგანტს თაგას კაცი უწოდეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ თაგას კაცი სულაც არ ყოფილა გამონაკლისი – სხვა სამარხებში ნაპოვნი ადამიანების ნაშთები მოწმობდა, რომ ტინიანი და მისი მიმდებარე კუნძულები ოდესღაც მართლაც უჩვეულოდ მხარბეჭიანი მამაკაცებით იყო დასახლებული. მაგრამ საიდან მოვიდნენ ისინი? არქეოლოგებს ბევრი დრო არ დასჭირვებიათ იმის გასაგებად, სად იყო ძაღლის თავი დამარხული – ჩონჩხი ქვის თორმეტ სვეტს შორის დაეკრძალათ, რომლებიც სახლის საყრდენს წარმოადგენდა. მოგვიანებით ძვლების დეტალურმა შესწავლამ აჩვენა, რომ ამ ადამიანებს ტონგას არქიპელაგზე მობინადრეთა მსგავსი აღნაგობა ჰქონდათ, რადგან ქვაზე მუშაობა უზარმაზარ ფიზიკურ ჯაფას მოითხოვდა. კუნძულზე ყველაზე დიდი სახლი ნაგები იყო სვეტებით, რომელთა სიმაღლე – 5 მეტრს, წონა კი 13 ტონას (დაახლოებით ორი ზრდასრული აფრიკული სპილო) აღწევდა. ასე ამოხსნეს მეცნიერებმა გოლიათების რასის საიდუმლო – ისინი ჩვენსავით უბრალო მოკვდავები აღმოჩნდნენ, თუმცა ფიზიკურად მეტად ნაშრომ-ნაღვაწნი.
თუ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესს მომავალში იმავე მეთოდით შეისწავლიან, მეცნიერები ჩონჩხის რამდენიმე დამახასიათებელ ცვლილებას აღმოაჩენენ.
წვეტიანი კაუჭი
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ადამიანის თავის ქალას ფორმის ცვლილებას ერთ-ერთმა პირველებმა ავსტრალიელმა ექიმებმა მიაქციეს ყურადღება. საქმე ის არის, რომ წვეტიანი შვერილი, რომელიც ცნობილია როგორც კეფის გარეთა შემაღლება (external occipital protuberance), ბოლო დრომდე საკმაოდ იშვიათი იყო. პირველად ის 1885 წელს აღწერეს. წანაზარდი კეფის ძვლის კიდეზე, კისრის ახლოს მდებარეობს, ხელით შეიგრძნობა და თმოვანი საფარველის არარსებობის შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია. ავსტრალიელმა ექიმებმა 18-დან 86 წლამდე ასაკის პირთა თავის ქალების ათასზე მეტი რენტგენოგრაფიული სურათი გაშიფრეს, გაზომეს კეფის გარეთა შემაღლებები და აღნიშნეს კვლევის თითოეული მონაწილის პოზა. აღმოჩნდა, რომ კეფის წანაზარდი ჰქონდა 18-დან 30 წლამდე ასაკის ყოველ მეოთხე გამოკვლეულ პირს. მიზეზად თანამედროვე ტექნოლოგიები (სმარტფონები და პლანშეტები) დასახელდა, რადგან მათი გამოყენების დროს თავის დახრა გვიხდება, ის კი საშუალოდ 4,5 კგ-ს (დაახლოებით ერთი საზამთრო) იწონის. ვერტიკალურ პოზიციაში გამართულად ჯდომის დროს თავის სიმძიმე თანაბრად ნაწილდება ხერხემლის სვეტზე, ხოლო გაჯეტით სარგებლობისას მისი დახრა კისრის კუნთების ძლიერ დაჭიმვას იწვევს. მეცნიერთა აზრით, კეფაზე დიდი ზომის შემაღლებებს თავის ხშირი და ხანგრძლივი დახრა აჩენს, მათი გაჩენა კი თავის ქალაზე კისრის კუნთების მიმაგრების ადგილას დამატებით ზეწოლას იწვევს, რასაც სხეული ძვლის ახალი ფენების წარმოქმნით პასუხობს, რათა წონა უფრო დიდ ფართობზე გადანაწილდეს.
მოუხერხებელ პოზასთან დაკავშირებულ პრობლემებს მხოლოდ XXI საუკუნეს ვერ დავდებთ ბრალად – ადამიანი თავის დახრის მიზეზებს მანამდეც პოულობდა, ჰოდა, საინტერესოა, რატომ არ ჩნდება კეფაზე ბორცვაკები, მაგალითად, კითხვისგან? ამის ახსნა ეკრანის თვალიერებაში დახარჯული დროის ხანგრძლივობაში უნდა ვეძიოთ: 1973 წლამდე, სანამ პორტატიულ და გასართობ მოწყობილობებს გამოიგონებდნენ, ამერიკელები დღეში საშუალოდ ორ საათს უთმობდნენ კითხვას, დღეს კი ადამიანი ორჯერ მეტ დროს ატარებს გაჯეტით ხელში.
მსგავსი კვლევა 2012 წელსაც ჩატარდა ინდოეთის ოსტეოლოგიურ ლაბორატორიაში, სადაც თავის ქალას უამრავი ნიმუშია დაცული, თუმცა მაშინ ექიმებმა მხოლოდ ერთი წანაზარდიანი თავის ქალა აღმოაჩინეს. შვერილის სიმაღლე 8 მმ იყო. ავსტრალიელების მიერ ნანახი ყველაზე დიდი შემაღლება კი 30 მმ-ს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ მარიანას კუნძულზე აღმოჩენილი გოლიათების თავის ქალებზეც ისახებოდა კეფის გარეთა შემაღლებები, სავარაუდოდ, იმავე მიზეზით – დაჭიმული კისრის კუნთების უკეთ დასაფიქსირებლად, როცა მხრებით მძიმე ლოდებს ეზიდებოდნენ.
ავსტრალიელ მკვლევართა აზრით, კეფის გარეთა შემაღლება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება: “სტალაქტიტებისა და სტალაგმიტებისა არ იყოს, თუ არ შევეხებით, ისინი ზრდას განაგრძობენ და, იმედია, არაფერს გვავნებენ”.
მორყეული ჩარჩო
ამასობაში დედამიწის მეორე მხარეს, გერმანიაში, მეცნიერებმა კიდევ ერთ უცნაურ ფაქტზე გაამახვილეს ყურადღება: სკოლის მოსწავლეთა სხეულის პროპორციების შესწავლისას ანთროპოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მათი იდაყვები ასაკობრივ ნორმასთან შედარებით შევიწროებულია და ბავშვების ძვლოვანი კარკასი წლიდან წლამდე სუსტდება.
სპეციალისტებმა შეისწავლეს 1999-2009 წლების მოზარდთა ძვლები, კერძოდ, სიმაღლისა და იდაყვის ძვლების სიგანის შედარებით მათი ჩონჩხოვანი ჩარჩოს ინდექსი განსაზღვრეს, მიღებული შედეგები კი ათი წლის შემდეგ ჩატარებული იდენტური კვლევის შედეგებს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვების ჩონჩხი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მყიფე ხდება. მეცნიერებმა ამის რამდენიმე შესაძლო მიზეზი განიხილეს: თავდაპირველად გენეტიკა დაადანაშაულეს, თუმცა შეუძლებელია, მოსახლეობის დნმ ათ წელიწადში ასე შესამჩნევად შეიცვალოს; მეორე მიზეზად ცუდი კვებით გამოწვეული აუცილებელი ნივთიერებების უკმარისობა დასახელდა, თუმცა ევროკავშირის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნისთვის ეს ნამდვილად არ წარმოადგენს აქტუალურ პრობლემას; მესამე და ალბათ ყველაზე რეალური მიზეზი დღევანდელი ახალგაზრდობის უმოძრაო ცხოვრების სტილია, რის გამოც მათ “პარკეტის ბავშვები” შეარქვეს.
სიმართლის გასარკვევად მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, მონაწილე ბავშვებს ყოველდღიური ჩვევების შესახებ კითხვარი შეავსებინეს და სთხოვეს, ერთი კვირის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით აღერიცხათ. კვლევამ ჩონჩხის სიმტკიცესა და ყოველდღიურად აღრიცხულ ნაბიჯების რაოდენობას შორის მჭიდრო კავშირი გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო აქტიურად ვიყენებთ კუნთებს, მით უფრო მეტად ვუწყობთ ხელს ამ კუნთების დამჭერი ძვლოვანი სისტემის ზრდასა და სიმტკიცეს. დღევანდელი ცხოვრების სტილი კი ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს და ახალგაზრდების ორგანიზმიც არსებულ რეალობასთან ცდილობს ადაპტაციას.
აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ: ფეხით სიარული ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობაა. სპორტდარბაზში კვირაში რამდენიმე ვიზიტი სულაც არ არის ჯანმრთელობის გარანტია, მით უმეტეს, თუ მთელი დღე მხოლოდ ავტომობილით გიწევთ გადაადგილება. ჩვენი სხეული კი ევოლუციურად ადაპტირებულია და დღეში თითქმის 30 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალგაზრდების 80% ფიზიკურად საკმარისად არ არის დატვირთული. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის არა მხოლოდ სპორტის რომელიმე სახეობას, არამედ ყოველდღიურად მოკლე მანძილზე ფეხით სიარულსაც გულისხმობს.
ბრეკეტების თაობა
კიდევ ერთი საიდუმლო ასეულობით წლის განმავლობაში იმალებოდა ჩვენს ძვლებში, მაგრამ მეცნიერებმა ახლაღა შეამჩნიეს. ჯერ კიდევ 2011 წელს ანთროპოლოგებს სურდათ გაერკვიათ, შესაძლებელი იყო თუ არა თავის ქალას ფორმის მიხედვით ადამიანის წარმომავლობის დადგენა. პასუხის ძიების პროცესში მკვლევრებმა მსოფლიოს მუზეუმებში დაცული მრავალი თავის ქალა შეადარეს ერთმანეთს და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ: ქვედა ყბის ზომასა და ფორმაზე გენეტიკაზე მეტად გარემო ფაქტორები ახდენს გავლენას. მაგალითად, იმის მიხედვით, როგორ სოციუმში უწევს ცხოვრება, მიმთვისებლურ მეურნეობას (ნადირობა, თევზჭერა, შემგროვებლობა) ეწევა თუ მწარმოებლურს (მიწათმოქმედება, მეცხოველეობა), ადამიანის ყბის ძვლები სხვადასხვანაირად ვითარდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წამყვან როლს ასრულებს ღეჭვის სიხშირე და ინტენსივობა. თანამედროვე სამყაროში, სადაც საკვები რბილი და კარგად დამუშავებულია, ადამიანს ჭამისთვის დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება, საღეჭი კუნთების “გაზარმაცება” კი შედარებით მცირე ზომის ყბის ძვლების ჩამოყალიბებით ვლინდება. შეუიარაღებელი თვალით ეს ცვლილება ძნელი შესამჩნევია, მაგრამ უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის – ის პოსტინდუსტრიულ ეპოქაში გავრცელებული თანკბილვის დარღვევისა და კბილების დეფორმაციის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად მიიჩნევა. გახსოვდეთ, სწორი თანკბილვის ფორმირებისთვის ზრუნვა დაბადებიდანვე უნდა დაიწყოთ (სწორად შერჩეული მატყუარა, საკვების კონსისტენციის ცვლა კბილების ამოჭრის კვალდაკვალ ღეჭვის ფუნქციის სათანადოდ ჩამოსაყალიბებლად).
დაბოლოს, თანამედროვე ადამიანის საღეჭ აპარატში მომხდარმა ცვლილებებმა გამოიწვია ის, რომ 12 000 წლის წინ, ნეოლითის ხანაში მცხოვრები წინაპრებისგან განსხვავებით, ჩვენ ადვილად წარმოვთქვამთ სისინა ბგერებს (ქართლი ენის შემთხვევაში – ზ-ს და ს-ს).
საინტერესოა, როგორი წარმოდგენა შეექმნებათ ჩვენზე შორეული მომავლის მეცნიერებს, როცა ჩვენი ეპოქის შესწავლას დაიწყებენ? ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვივარაუდოთ: თუ აწმყოს უკეთესობისკენ არ შევცვლით, არაჯანსაღი დიეტა, ცხოვრების უმოძრაო წესი და ტექნოლოგიებზე მიჯაჭულობა ჩვენი დროის ავადმყოფობად შეფასდება.
მარი მარღანია