პერიკარდიტი, პლევრიტი, პერიტონიტი - სეროზული გარსების ანთება

გააზიარე:

პერიკარდიტი

პლევრიტი

პერიტონიტი

სეროზული გარსების ანთება

ორგანიზმში უმცირესი დეტალებიც კი გათვლილია. მაგალითად, როგორ იმოძრაონ შინაგანმა ორგანოებმა ისე, რომ ჩვენ ეს არ ვიგრძნოთ და თავიანთი ფუნქციაც შეუფერხებლად შეასრულონ. ამაზე სეროზული გარსები არიან პასუხისმგებელნი. ისინი, ერთი მხრივ, ამოფენენ სხეულის შიგნითა ღრუებს, მეორე მხრივ კი მჭიდროდ ეკვრიან ამ ღრუებში არსებულ ორგანოებს. სეროზული გარსები გამოიმუშავებენ სეროზულ სითხეს, რომელიც საპოხის, ლუბრიკანტის ფუნქციას ასრულებს. ის შინაგანი ორგანოების შეუფერხებელ სრიალს უზრუნველყოფს და მათ დაზიანებისგან იცავს.

სეროზული გარსებია პერიკარდი – გულის პერანგი, პლევრა – ფილტვის მფარავი გარსი და პერიტონეუმი – მუცლის ღრუსა და მასში მდებარე ორგანოების ამომფენი გარსი.

მთავარი ღრუები

ლორწოვანი გარსი ლორწოს გამოყოფს და გლუვი, სრიალა ზედაპირი აქვს. ამ გარსითაა დაფარული გარემოსთან დაკავშირებული ღრუ და მილოვანი ორგანოების (პირის, საყლაპავის, ნაწლავების, ბრონქების, შარდის ბუშტის) შიგნითა კედლები. სეროზული გარსით დაფარული ზედაპირები კი დახურულია, გარემოსთან შეხება არ აქვს.

სეროზული გარსი ყოველთვის ორი ფენისგან შედგება: ვისცერულისა და პარიესულისგან. ვისცერული უშუალოდ ორგანოს ზედაპირს ეკვრის, პარიესული კი ღრუს კედელს ამოფენს. მათ შორის არის ცოტაოდენი სეროზული სითხე, რომელიც შემადგენლობით სისხლის შრატს ჰგავს.

ორგანიზმში ორი დიდი ღრუა – გულმკერდისა და მუცლის. მათ ერთმანეთისგან დიაფრაგმა – მსხვილი კუნთოვანი ფირფიტა გამოყოფს.

გულმკერდის ღრუ მოიცავს შუასაყარს, პლევრის ღრუებს და პერიკარდის ღრუს მათში მოთავსებული ორგანოებითურთ, ხოლო მუცლის ღრუში მდებარეობს საჭმლის მომნელებელი (კუჭი, ღვიძლი, ნაწლავები) და შარდგამომყოფი (თირკმლები, შარდის ბუშტი) ორგანოები, ქალებთან –  საკვერცხეები და საშვილოსნოც.

მუცლის ღრუ და მასში არსებული ორგანოები პერიტონეუმითაა დაფარული. ჯორჯალი (მეზენტერიუმი) ვისცერული და პარიესული პერიტონეუმის გადაბმის ადგილია. მის თავისუფალ წინა კიდესათან მდებარეობს წვრილი ნაწლავის ორი ნაწილი – მლივი და თეძოსი, უფრო მოკლე უკანა კიდე, ე.წ. ჯორჯლის ფესვი კი ხერხემალთანაა მიმაგრებული. ჯორჯლის  ფურცლებს შორის მოთავსებულია ჯორჯლის არტერიები, ვენები, ლიმფური კვანძები, ლიმფური სადინარები, ნერვები...

სეროზული გარსებისთვის მთავარი საფრთხე ანთებითი პროცესია.

პერიკარდიტი

პერიკარდი გულის პერანგის ანთებაა. ის უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს და შესაძლოა, თავისთავადაც გაიაროს. უფრო მძიმე შემთხვევები მკურნალობას მოითხოვს, რაც ამცირებს გართულების რისკს. მაგრამ ვინაიდან პერიკარდიტის ნიშნები შესაძლოა ჰგავდეს ინფარქტის ან ფილტვის ემბოლიის ნიშნებს, აუცილებელია, დიაგნოზი დროულად დაისვას.

სიმპტომები

პერიკარდიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა მხარეს, ის უმეტესად მკვეთრი, მჩხვლეტი, მჭრელია, თუმცა ზოგიერთი ყრუ, მოჭერით ტკივილს უჩივის. ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს მარცხენა მხარსა და კისერზე, ხშირად ძლიერდება ხველის, წოლის ან ღრმა სუნთქვის დროს, ხოლო წინ წახრილ პოზაში ჯდომისას სუსტდება.

პერიკარდიტმა, გარდა ტკივილისა, შესაძლოა გამოიწვიოს:

• მუცლის ან ფეხების შესივება;

• ხველა;

• დაღლილობა,  ზოგადი სისუსტე, ავად ყოფნის შეგრძნება;

• დაბალი სიცხეები;

• გულისცემის აჩქარება;

• ქოშინი წოლისას.

სიმპტომებისა მათი ხანგრძლივობის მიხედვით პერიკარდიტის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ.

მწვავე პერიკარდიტი მოულოდნელად იწყება, მაგრამ სამ კვირაზე მეტ ხანს არ გრძელდება.

მორეციდივე პერიკარდიტი მწვავე პერიკარდიტის დასრულებიდან ოთხ-ექვს კვირაში ვითარდება, შუალედში სიმპტომების გარეშე.

გახანგრძლივებული პერიკარდიტი ოთხიდან ექვს კვირამდე, მაგრამ სამ თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება. სიმპტომები უწყვეტია.

ქრონიკული კონსტრიქციული პერიკარდიტი, რომელსაც ნაწიბურების გაჩენა ახასიათებს, თანდათანობით ვითარდება და სამ თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

რა იწვევს და რას იწვევს

პერიკარდიტის მიზეზი ზოგჯერ ძნელი დასადგენია. თუ მას ვერ მიაგნეს, იდიოპათიური პერიკარდიტის დიაგნოზი ისმება.

პერიკარდიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს: გულის ინფარქტი,  გულის ოპერაცია, ინფექციური დაავადებები (მათ შორის – შიდსი, ტუბერკულოზი), სისტემური ანთებითი დარღვევები (წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი), ტრავმა, თირკმლის უკმარისობა,  კიბო...

თავის მხრივ, პერიკარდიტმა შესაძლოა გამოიწვიოს:

*პერიკარდიული გამონაჟონი, ზედმეტი სითხის დაგროვება პერიკარდის ღრუში;

*ქრონიკული კონსტრიქციული პერიკარდიტი – ხანგრძლივად მიმდინარე პერიკარდიტი ხშირად რთულდება პერიკარდის გასქელებით და მასზე ნაწიბურების წარმოქმნით, რაც ხელს უშლის გულის მუშაობას, იწვევს ფეხების შეშუპებას, მუცელში სითხის დაგროვებას, ქოშინს.

*გულის ტამპონადა – სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა განვითარდეს პერიკარდიუმში ჭარბი სითხის დაგროვების გამო. სითხის ზეწოლა გულს კარგად ავსების საშუალებას არ აძლევს, შესაბამისად, გულიდან ცოტა სისხლი გამოდის, ეს კი არტერიული წნევის მკვეთრ ვარდნას იწვევს. გულის ტამპონადა სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს. 

დიაგნოსტიკა

პერიკარდიტის დროს გულის ფონენდოსკოპით მოსმენისას ისმის სპეციფიკური ხმა, რომელიც პერიკარდის ორი ფურცლის ერთმანეთზე ხახუნის შედეგად წარმოიშობა.

სისხლის ანალიზით აღმოაჩენენ ინფარქტის, ანთებითი პროცესის ან  ინფექციის ნიშნებს.

დიაგნოზის დასმაში ექიმს ასევე ეხმარება ელექტროკარდიოგრაფია (გულის ელექტრული სიგნალების შესაფასებლად), გულმკერდის რენტგენი (გულის ზომისა და ფორმის დასადგენად), ექოკარდიოგრაფია (გულის მუშაობისა და პერიკარდში დაგროვილი სითხის შესაფასებლად), გულის კომპიუტერული ტომოგრაფია (კონსტრიქციული პერიკარდიტის ნიშნების აღმოსაჩენად; ამავე კვლევით გამორიცხავენ ფილტვის ემბოლიას და აორტის განშრევებას), გულის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა, რომელიც პერიკარდის გასქელების, ანთების ან სხვა ცვლილებების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

მკურნალობა

პერიკარდიტის მკურნალობა მიზეზსა და სიმპტომების სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქმა პერიკარდიტმა შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გაიაროს; შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს დასვენება და ექიმის მითითებით ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებლების მიღება. გამოჯანმრთელებამდე პაციენტი უნდა ერიდოს ძლიერ ფიზიკურ და სპორტულ დატვირთვას.

რაც შეეხება მკურნალობას, გამოიყენება:

*ტკივილგამაყუჩებლები (ასპირინი, იბუპროფენი) ან უფრო ძლიერი პრეპარატები;

* კოლხიცინი – ამცირებს ანთებას, გამოიყენება მწვავე პერიკარდიტის სამკურნალოდ, ასევე – სიმპტომების განმეორების შემთხვევაში მათ ასალაგებლად. ამ პრეპარატის თვითნებურად მიღება არ შეიძლება. შეზღუდვის საფუძველია ღვიძლის ან თირკმლის დაავადებაც. გარდა ამისა, კოლხიცინი ხელს უშლის სხვა პრეპარატების მოქმედებას, ამიტომ დანიშვნამდე ექიმი ყურადღებით შეისწავლის პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას;

* კორტიკოსტეროიდები, მაგალითად,  პრედნიზოლონი – ისინიც ანთებას ებრძვიან. მათ გამოწერენ, თუ სხვა წამლებმა მდგომარეობა არ გააუმჯობესა ან სიმპტომები ხელახლა განვითარდა.

თუ პერიკარდიტი ბაქტერიული ინფექციით არის გამოწვეული, მკურნალობა ანტიბიოტიკებით და, საჭიროებისამებრ, დრენაჟით ტარდება. დრენაჟი გულისხმობს კათეტერის ან ნემსის დახმარებით პერიკარდის ღრუდან ჭარბი ანთებითი სითხის გამოღებას. წესისამებრ, სადრენაჟო მილი რამდენიმე დღის განმავლობაშია ჩადგმული.

კონსტრიქციული პერიკარდიტის შემთხვევაში ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული მკურნალობა – გულს პერიკარდიუმისგან  თითქმის მთლიანად ათავისუფლებენ.

პლევრიტი

პლევრიტის დროს ანთებადია პლევრა –  ფილტვების მფარავი და გულმკერდის ამომფენი სეროზული გარსი.

პლევრიტის ნიშნებია: გულმკერდის ტკივილი, რომელიც ძლიერდება სუნთქვის, ხველების, ცემინების დროს და ქოშინი, რომელიც იმის შედეგია, რომ ადამიანი ტკივილის შესამსუბუქებლად ზერელედ სუნთქავს. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ხველა ან`და ცხელება. პლევრიტით გამოწვეულ ტკივილს ამძიმებს სხეულის ზედა ნაწილის მოძრაობა, მათ შორის – სუნთქვაც. ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს მხრებზე ან ზურგზე.

პლევრიტს შესაძლოა თან ახლდეს:

*პლევრული გამონაჟონი – პლევრიტის ზოგიერთ შემთხვევაში სითხე პლევრის ფენებს შორის არსებულ მცირე სივრცეში გროვდება. როდესაც სითხე ბევრია, პლევრიტით გამოწვეული ტკივილი სუსტდება ან ქრება, რადგან მისი ფენები ერთმანეთს აღარ ეხახუნება;

*ატელექტაზი – თუ პლევრის ღრუში მეტისმეტად ბევრი სითხე დაგროვდა, შესაძლოა ფილტვები ნაწილობრივ ან მთლიანად შეკუმშოს, რასაც ატელექტაზი ჰქვია. ეს მდგომარეობა ართულებს სუნთქვას, შესაძლოა გამოიწვიოს ხველაც.

*ემპიემა – ჭარბი სითხე თუ დაინფიცირდა, პლევრის ღრუში ჩირქი დაგროვდება. ემპიემას ხშირად თან ახლავს ცხელება.

პლევრიტი შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციამ, მაგალითად გრიპმა, ფილტვების ბაქტერიულმა ან  სოკოვანმა ანთებამ, ავტოიმუნურმა დარღვევებმა (რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა), პლევრის ზედაპირთან ახლოს მდებარე ფილტვის კიბომ, ფილტვის ემბოლიამ, ტუბერკულოზმა, ნეკნების მოტეხილობამ, ტრავმამ, ზოგიერთმა მემკვიდრეობითმა დაავადებამ (მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანმა ანემიამ), ზოგიერთმა მედიკამენტმა.

დიაგნოსტიკა

პაციენტს ფონენდოსკოპით უსმენენ, სისხლის გამოკვლევით ადგენენ ინფექციისა და ავტოიმუნური დაავადების არსებობა-არარსებობას. საგულისხმოა, რომ რევმატოიდული ართრიტი ან  ლუპუსი (წითელი მგლურა) საწყის ეტაპზე შესაძლოა სწორედ პლევრიტით გამოვლინდეს. გულმკერდის რენტგენით არკვევენ, არის თუ არა ფილტვები მთლიანად გაშლილი, ხომ არ ჩამდგარა ჰაერი ან სითხე პლევრის ღრუში. უფრო დეტალური სურათის მისაღებად ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია. პლევრული გამონაჟონის აღმოჩენა შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევით, ელექტროკარდიოგრაფიით (ეკგ) კი გულის განსაზღვრულ პრობლემებს გამორიცხავენ.

ზოგჯერ საჭიროა პლევრული სითხისა და პლევრის ქსოვილის შესწავლა. ამისთვის ნეკნთაშუა არეს ნემსით ჩხვლეტენ, პლევრის ღრუდან იღებენ ჭარბ სითხეს და იკვლევენ. საჭიროებისამებრ ტარდება თორაკოსკოპია, გულმკერდის ენდოსკოპიური გამოკლვევა.

მკურნალობა

პლევრიტის მკურნალობაც გამომწვევი მიზეზის შესაბამისია. ბაქტერიული პნევმონიის დროს გამოწერენ ანტიბიოტიკს. ვირუსული წარმოშობის პლევრიტმა შესაძლოა თავისთავადაც გაიაროს. ტკივილისა და ანთებითი პროცესის ჩასაცხრობად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მაგალითად, იბუპროფენი, ზოგჯერ – სტეროიდული პრეპარატებიც. მკურნალობის შედეგი ძირითადი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. თუ პლევრიტის მიზეზი დადგენილია და მკურნალობა დროულად არის დაწყებული, პლევრიტი ნარჩენი მოვლენების გარეშე ალაგდება.

სიმპტომების შესამსუბუქებლად, დანიშნული მედიკამენტების მიღებასთან ერთად, რეკომენდებულია მოსვენება. ადამიანმა უნდა იპოვოს პოზა, რომელიც ყველაზე ნაკლებ დისკომფორტს უქმნის. არ შეიძლება მოწევა.

პერიტონიტი

პერიტონიტი პერიტონეუმის, მუცლის ფარის, ანთებაა. პერიტონეუმი შიგნიდან ამოფენს მუცლის კედელს და ფარავს მუცლის ღრუში არსებულ ორგანოებს. პერიტონიტს, როგორც წესი, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია იწვევს. ის შესაძლოა განვითარდეს ციროზის, თირკმელების დაავადების ფონზე, მუცლის ღრუში მდებარე ორგანოების გახეთქვის (პერფორაციის) ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის გართულების შედეგად. პერიტონიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს პერიტონეული დიალიზიც – თირკმელების უკმარისობის დროს სისხლის გაწმენდა პერიტონეუმის საშუალებით, მუცლის ღრუში სადიალიზო სითხის შეყვანა-გამოყვანით.

პერიტონიტი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. ნებაზე მიშვებული, ის სიცოცხლისთვის საშიშია.

პერიტონიტის ნიშნებია:

• მუცლის ტკივილი ან მტკივნეულობა მუცელზე შეხებისას;

• მუცლის შებერილობა ან სისავსის შეგრძნება;

• ცხელება;

• გულზიდება და ღებინება;

• მადის დაკარგვა;

• დიარეა;

• შარდის გამოყოფის შემცირება;

• წყურვილი;

• განავლის ან აირების გამოყოფის შეუძლებლობა;

• დაღლილობის შეგრძნება;

• გონების არევა.

პერიტონეული დიალიზით გამოწვეული პერიტონიტის დროს ამ სიმპტომებს შესაძლოა დაემატოს დიალიზის სითხის შემღვრევა და მასში თეთრი ძაფების ან ფიბრინის გროვების გაჩენა.

მიზეზები

პერიტონეუმის ინფიცირების ყველაზე ხშირი მიზეზი პერფორაციაა, თუმცა იშვიათად შესაძლოა მის გარეშეც განვითარდეს. შესაძლოა მოხდეს აპენდიქსის (ჭიანაწლავის), კუჭის წყლულის, მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, რის შედეგადაც პერიტონეუმი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული ბაქტერიებით მოითესება. პერფორაციას იწვევს პერიტონეული დიალიზიც, თუ პროცედურის დროს სათანადოდ არ არის დაცული ჰიგიენა. პერიტონიტით შესაძლოა გართულდეს კუჭ-ნაწლავზე ოპერაციული ჩარევა, პანკრეატიტი, დივერტიკულიტი (საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პატარა ამობერილობების – დივერტიკულების ინფიცირება, თუ ერთ-ერთი მათგანი გასკდა), ტრავმა, რომლის შედეგადაც სხეულის სხვა ნაწილებიდან ბაქტერიები ან ქიმიური ნივთიერებები პერიტონეუმზე ხვდება.

პერფორაციის გარეშე განვითარებული პერიტონიტი, როგორც წესი, ღვიძლის დაავადების, ციროზის გართულებაა. ციროზი იწვევს მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვებას, რომელიც ადვილად ინფიცირდება.

მას, ვისაც უკვე გადაუტანია პერიტონიტი, უფრო მეტი შანსი აქვს მისი განვითარებისა, ვიდრე მას, ვისაც ის არასდროს ჰქონია.

მკურნალობის გარეშე ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს პერიტონეუმის ფარგლებს გარეთ და გამოიწვიოს სეფსისი – სწრაფად პროგრესირებადი, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომლის გართულებაა შოკი, ორგანოთა უკმარისობა და სიკვდილი.

დიაგნოსტიკა

გარდა მუცლის ხელით გასინჯვისა, ტარდება სისხლის ანალიზებიც. საჭიროების შემთხვევაში სისხლს ბაქტერიების აღმოსაჩენად თესავენ. ტარდება რენტგენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პერფორაციების შესამოწმებლად ან  კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერა. ზოგჯერ საჭიროა პერიტონეუმის სითხის ანალიზი, რისთვისაც მას ნემსით იღებენ.

პერიტონიტის მკურნალობა კლინიკაში ტარდება. გამოიყენება ანტიბიოტიკები. მკურნალობის ტიპი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმესა და პერიტონიტის ტიპზე. ტარდება ოპერაცია ინფიცირებული ქსოვილის მოსაშორებლად, ინფექციის გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად და ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით მაშინ, თუ პერიტონიტი აპენდიქსის, კუჭის ან ნაწლავის გახეთქვითაა გამოწვეული. საავადმყოფოში ყოფნისას პაციენტს სიმპტომურად ენიშნება ტკივილგამაყუჩებლები, სითხეების და ზოგჯერ სისხლის გადასხმაც.

სეროზული გარსები და ავტოიმუნური დაავადებები

პერიკარდიტი, პლევრიტი და პერიტონიტი ხშირად თან ახლავს ზოგიერთ ავტოიმუნურ დაავადებას. ავტოიმუნურია პროცესი, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარი ორგანიზმის რომელიმე ქსოვილს უტევს. სეროზული გარსები მის სამიზნედ იქცევა სისტემური წითელი მგლურას, რევმატოიდული ართრიტის, ნაწლავის ანთებითი დაავადების, ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელების, სტილის დაავადების დროს.

წითელი მგლურა

სისტემური წითელი მგლურა, იგივე სისტემური ერითემული ლუპუსი ან უბრალოდ ლუპუსი, ორგანოთა სხვადასხვა სისტემას მოიცავს: სახსრებს, კანს, თირკმელებს, სისხლის უჯრედებს, ტვინს, გულს, ფილტვებს. როგორც უკვე ვთქვით, ის შესაძლოა პლევრიტის ან პერიკარდიტის მიზეზად იქცეს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუპუსის მქონე ადამიანთა 22%-ს პერიკარდიტი აღენიშნება, ხოლო 43%-ს – პლევრიტი.

ლუპუსის ორი ზუსტად ერთნაირი შემთხვევა არ არსებობს. მისმა სიმპტომებმა ერთბაშადაც შეიძლება იჩინოს თავი და ნელ-ნელაც, მსუბუქიც შეიძლება იყოს და მძიმეც, დროებითიც და მუდმივიც. პაციენტთა უმეტესობას აქვს დაავადების მსუბუქი ფორმა, რომელსაც ეპიზოდური გამწვავებები ახასიათებს – სიმპტომები მძიმდება, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ისევ მსუბუქდება ან სრულიად ქრება მომდევნო დამძიმებამდე.

სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, სხეულის რომელი სისტემები ჩაითრია დაავადებამ. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

* დაღლილობა;

* ცხელება;

* სახსრების ტკივილი, შებოჭილობა და შეშუპება;

* პეპლის ფორმის გამონაყარი სახეზე – ლოყებსა და ცხვირზე, ან გამონაყარი სხეულის სხვა ადგილებზე;

* კანის დაზიანებები, რომლებიც ჩნდება ან მძიმდება მზეზე;

* ხელისა და ფეხის თითების გათეთრება ან გალურჯება სიცივეში და სტრესის დროს;

* ჰაერის უკმარისობა;

* მკერდის ტკივილი;

* თვალების სიმშრალე;

* თმის ცვენა, თმის გათხელება;

* თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, მეხსიერების დაქვეითება.

ლუპუსის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს გენეტიკისა და გარემო ფაქტორების კომბინაცია. თუ ადამიანს ლუპუსისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილება აქვს, გარემო ფაქტორებმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს დაავადებას. ასეთი ფაქტორებია მზის სინათლე, ინფექცია, არტერიული წნევის სამკურნალო ზოგიერთი წამალი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი. თუ სიმპტომებმა წამლის მიღების შემდეგ იჩინა თავი, წამლის შეწყვეტის შემდეგ მდგომარეობა, როგორც წესი, უმჯობესდება.

ლუპუსი უმეტესად ქალებს ემართებათ. დიაგნოზი უმეტესად 15-დან 45 წლამდე ისმება.

ლუპუსით გამოწვეულმა ანთებამ შესაძლოა დააზიანოს:

* თირკმელები – თირკმელების უკმარისობა ლუპუსით დაავადებულებს შორის სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია;

* ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა, რაც გამოიწვევს თავის ტკივილს, თავბრუხვევას, ქცევის ცვლილებებს, მხედველობის პრობლემებს, ინსულტს, კრუნჩხვებს. ლუპუსის მქონე ბევრ ადამიანს აქვს მეხსიერების პრობლემები და შესაძლოა, უჭირდეს აზრების გამოხატვა;

* სისხლი და სისხლძარღვები – ლუპუსმა შესაძლოა გამოიწვიოს ანემია სისხლის წითელი უჯრედების შემცირების ხარჯზე, გაზარდოს სისხლდენის ან სისხლის შედედების რისკი, გამოიწვიოს სისხლძარღვების ანთება;

* ფილტვები – ლუპუსი ზრდის პლევრიტის განვითარების შანსს, პლევრიტმა კი, თავის მხრივ, შესაძლოა მტკივნეული გახადოს სუნთქვა; გამორიცხული არ არის ფილტვებიდან სისხლდენა და პნევმონია;

* გული – ლუპუსმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის კუნთის, არტერიების ან პერიკარდის ანთება. საგრძნობლად იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისა და გულის შეტევის რისკი.

ლუპუსი ზრდის ინფექციების განვითარების რისკსაც, რადგან იმუნურ სისტემას ასუსტებს როგორც თვითონ დაავადება, ისე მისი სამკურნალო პრეპარატებიც.

ლუპუსის მქონე ადამიანებს ოდნავ აქვთ მომატებული კიბოს განვითარების ალბათობა.

დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძვლების დაშლა; ის ზრდის სპონტანური აბორტის ალბათობას, ორსულობისას მაღალი წნევისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს. ამ რისკის შესამცირებლად ექიმები ქალებს ურჩევენ, გადადონ დაორსულება, სანამ დაავადების ნიშნები, სულ მცირე, ექვსი თვით არ დაიხევს უკან.

დიაგნოზი და მკურნალობა

ლუპუსის დიაგნოსტიკა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, რადგან მისი ნიშნები და სიმპტომები ხშირად სხვა დაავადებებისას ჰგავს. ლუპუსის ყველაზე გამორჩეული ნიშანი, პეპლისმაგვარი გამონაყარი სახეზე, ბევრ შემთხვევაში გვხვდება, მაგრამ არა ყოველთვის, დაავადების გამოხატულება კი დროთა განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს.

ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერცერთი გამოკვლევა ვერ მოგვცემს. დიაგნოზი ისმება სიმპტომებისა და გამოკვლევის შედეგების შეჯერებით.

სისხლის საერთო ანალიზით შესაძლებელია ანემიის და ედსის (ერითროციტების დალექვის სიჩქარის) მომატების დადგენა. სპეციალური ანალიზებით ფასდება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციები, შარდის ანალიზი აჩვენებს შარდში ცილისა და ერითროციტების დონეს, რომლის მომატებაც შესაძლოა პროცესში თირკმელების ჩართვაზე მიუთითებდეს. ანტინუკლეარული ანტისხეულების არსებობა ავტოიმუნურ პროცესზე მეტყველებს.

თუ ფილტვების ან გულის დაზიანებას ეჭვობენ, ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია, ექოკარდიოგრაფია. თირკმელების დაზიანებაზე ეჭვის ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ქსოვილის ბიოფსია. ბიოფსია შეიძლება ჩატარდეს დაზიანებულ კანზეც.

მკურნალობა

ლუპუსის მკურნალობა მის სიმპტომებზეა დამოკიდებული. ექიმმა უნდა განსაზღვროს, საჭიროა თუ არა მკურნალობა მოცემულ ეტაპზე, ხოლო თუ საჭიროა – რომელი წამლებით და როგორი დოზებით. ამასთან ერთად უნდა შეფასდეს მკურნალობის რისკი და სარგებელიც.

სამკურნალოდ ყველაზე ხშირად იყენებენ:

* ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს – ნაპროქსენს, იბუპროფენს. ისინი აცხრობენ ტკივილს, შეშუპებას და ცხელებას. შესაძლოა, ექიმმა უფრო ძლიერი არასტეროიდული საშუალებებიც გამოწეროს.

* მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებს – ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილი), რომელიც იმუნური სისტემის დათრგუნვის გზით ამცირებს ლუპუსის გამწვავების რისკს;

* კორტიკოსტეროიდებს – პრედნიზოლონი და სხვა სახის კორტიკოსტეროიდები ეწინააღმდეგება ანთებით პროცესს;

* იმუნოსუპრესანტებს – იმუნური სისტემის დამთრგუნველ საშუალებებს (აზათიოპრინი, მიკოფენოლატი, მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი);

* სხვა ტიპის მედიკამენტებს, მაგალითად, ბელიმუმაბს (ბენლისტა), რომელიც ინიშნება ინტრავენურად და ზოგიერთ პაციენტთან ლუპუსის სიმპტომებს ამცირებს, რიტუქსიმაბს.

ლუპუსის მქონე ადამიანი რეგულარულად უნდა დადიოდეს ექიმთან. დაავადების გამწვავების თავიდან აცილებაში დაეხმარება სტრესის მართვა, სწორი კვება და ვარჯიში. უნდა ერიდოს მზეს – ატაროს ქუდი, ტანსაცმლით მთლიანად დაიფაროს ტანი, შინიდან ყოველი გასვლისას წაისვას მზისგან დამცავი კრემი მინიმუმ 55-ის ტოლი SPF ინდექსით. არ უნდა მოწიოს – მოწევა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და შესაძლოა დაამძიმოს გულსა და სისხლძარღვებზე ლუპუსის გავლენა; თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, ძვლების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად მიიღოს D ვიტამინი და კალციუმის დანამატი.

***

რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი სახსრების დაავადებაა, მაგრამ ოთხიდან ერთ შემთხვევაში სხეულის სხვა ნაწილებსაც აზიანებს: კანს, თვალებს, ფილტვებს, გულს, თირკმელებს, სანერწყვე ჯირკვლებს, ნერვულ ქსოვილს, ძვლის ტვინს, სისხლძარღვებს.

რევმატოიდული ართრიტის ნიშნებია მტევნის ან ტერფის სახსრების დაჭიმულობა, შეშუპება, სიმხურვალე, შებოჭილობა, რომელიც ძლიერდება დილით ან დღის განმავლობაში სახსრების უმოქმედობის შემდეგ, დაღლილობა, ცხელება, მადის დაკარგვა. დაავადების პროგრესირებასთან ერთად უფრო მსხვილი სახსრებიც ზიანდება: მაჯის, იდაყვის, მხრის, კოჭის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის. სიმპტომები უმეტესად სხეულის ორივე მხარეს ვითარდება ერთსა და იმავე სახსრებში.

რევმატოიდულ ართრიტს გამწვავებები და რემისიები ახასიათებს. რემისიის პერიოდში შეშუპება და ტკივილი მცირდება ან ქრება.

დროთა განმავლობაში სახსრები დეფორმირდება.

რევმატოიდული ართრიტის უფრო დიდი რისკი ემუქრებათ საშუალო ასაკის ქალებს, დაავადების ოჯახური ისტორიის მქონე პირებს, მწეველებს და ჭარბწონიანებს. რევმატოიდული ართრიტის მიმართ მიდრეკილებისას გამშვებ მექანიზმად შესაძლოა იქცეს ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია.

რევმატოიდული ართრიტის შესაძლო გართულებებია:

* ოსტეოპოროზი, ძვლების გამოფიტვა, რის შედეგადაც ძვლები ადვილად მტვრევადი ხდება. მას იწვევს როგორც თავად რევმატოიდული ართრიტი, ისე მის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტებიც;

* რევმატოიდული კვანძები – მყარი წარმონაქმნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩნდება იდაყვებზე, თუმცა შეიძლება წარმოიქმნას სხეულის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის – გულსა და ფილტვებშიც;

* თვალებისა და პირის სიმშრალე – რევმატოიდული ართრიტის მქონე ადამიანებს უფრო მეტად უვითარდებათ შოგრენის სინდრომი, რომლის დროსაც თვალებისა და პირის სინოტივე იკლებს.

* ინფექციები. თავად რევმატოიდულ ართრიტსაც და მის სამკურნალოდ გამოყენებულ ბევრ მედიკამენტსაც შეუძლია დააზიანოს იმუნური სისტემა, რაც ინფექციების გახშირებას შეუწყობს ხელს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი გრიპის, პნევმოკოკური ინფექციის, ჰერპეს ზოსტერის და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;

* სხეულის არაპროპორციული აღნაგობა – რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებს, მათ შორის – ნორმალური სმი-ს (სხეულის მასის ინდექსის) მქონეებსაც, ცხიმის სიჭარბის ხარჯზე დარღვეული აქვთ ცხიმოვანი და უცხიმო მასების თანაფარდობა;

* კარპული არხის სინდრომი – თუ რევმატოიდული ართრიტი მაჯებზეც არის გავრცელებული, ანთებითი პროცესების შედეგად შესაძლოა მიიჭყლიტოს ნერვი, რომელიც ახდენს ხელის დიდი ნაწილის ინერვირებას და დაბუჟება და ტკივილი გამოიწვიოს;

* გულის პრობლემები – რევმატოიდული ართრიტის დროს იზრდება არტერიების გამკვრივებისა და დახშობის და პერიკარდიტის – გულის პერანგის ანთების – რისკი;

* ფილტვის დაავადება – რევმატოიდული ართრიტის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით – 50-60 წლის მწეველ მამაკაცებს, მომატებული აქვთ ფილტვების ანთებისა და მის ქსოვილში ნაწიბურების განვითარების რისკი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა პროგრესირებადი ქოშინი გამოიწვიოს. ათიდან ოთხ შემთხვევაში ვითარდება პლევრიტიც, რომელსაც ასევე შეუძლია ქოშინის, ცხელებისა და ტკივილის გამოწვევა;

* ლიმფომა.

დიაგნოზი, მკურნალობა

რევმატოიდული ართრიტის ადრეულ ეტაპებზე დიაგნოსტიკა რთულია, რადგან მისი ადრეული სიმპტომები ბევრი სხვა დაავადებისას ჰგავს. არ არსებობს ერთი გამოკვლევა, რომელიც მის არსებობას დაადასტურებს. გასინჯვისას ექიმი ყურადღებას აქცევს სახსრების შეშუპებას, სიწითლეს, სიმხურვალეს, ასევე – რეფლექსებს და კუნთების სიძლიერეს. რევმატოიდული ართრიტის მქონე ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ ერითროციტების დალექვის სიხშირის (ედსი) ან C-რეაქტიული ცილის (CRP) მომატება. ეს ცვლილება იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. იკვლევენ რევმატოიდულ ფაქტორს და ანტისხეულებს ციკლური ციტრულინური პეპტიდის მიმართ (ანტი-CCP). დაავადების პროგრესირების შესაფასებლად ტარდება სახსრების რენტგენოლოგიური გამოკვლევა. MRI და ულტრაბგერითი გამოკვლევა ექიმს მდგომარეობის სიმძიმის განსაზღვრაში ეხმარება.

რევმატოიდული ართრიტი არ იკურნება, მაგრამ, როგორც კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, სიმპტომების რემისია უფრო მეტად არის მოსალოდნელი, როდესაც მკურნალობა ადრეულ ეტაპზევე იწყება დაავადების მამოდიფიცირებელი ანიტრევმატული პრეპარატებით (DMARDs). რაც შეეხება სხვა წამლებს, მათ სიმპტომების სიმძიმისა და დაავადების ხანგრძლივობის გათვალისწინებით გამოწერენ.

წესისამებრ, ინიშნება:

. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (იბუპროფენი, ნაპროქსენი და სხვა, კიდევ უფრო ძლიერი პრეპარატები);

. კორტიკოსტეროიდული მედიკამენტები (პრედნიზოლონი), რომლებიც ამცირებს ანთებას, ტკივილს და ანელებს სახსრების დაზიანებას;

. დაავადების მამოდიფიცირებელი ანიტრევმატული საშუალებები DMARDs (მეტოტრექსატი, ლეფლუნომიდი, ჰიდროქსიქლოროქინი, სულფასალაზინი) – ისინი ანელებენ დაავადების პროგრესირებას, იცავენ სახსრებს და სხვა ქსოვილებს მუდმივი დაზიანებისგან;

. ბიოლოგიური აგენტები, ბიოლოგიური პასუხის მოდიფიკატორები (აბატაცეპტი, ადალიმუმაბი, ცერტოლიზუმაბი, ინფლიქსიმაბი, რიტუქსიმაბი, სარილუმაბი, ტოცილიზუმაბი და სხვა). ეს პრეპარატები ყველაზე ეფექტიანია, როდესაც იღებენ DMARDs-თან (მაგალითად, მეტოტრექსატთან) ერთად.

. მიზნობრივი სინთეზური DMARDs – ბარიციტინიბი ტოფაციტინიბი, უპადაციტინიბი;

. ფიზიკური ან ოკუპაციური თერაპია, რათა პაციენტმა ისწავლოს ვარჯიშები, რომლებიც მას სახსრების მოქნილობის შენარჩუნებაში დაეხმარება, და გამონახოს განსხვავებული გზები ყოველდღიური საქმიანობისთვის, მაგალითად, სცადოს საგნის აღება წინამხრებით;

. დამხმარე მოწყობილობები ტკივილის თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, სპეციალური სამზარეულოს დანა, რომელიც სახელურითაა აღჭურვილი, იცავს თითისა და მაჯის სახსრებს.

თუ მედიკამენტები ვერ მოერია სახსრების დაზიანებას, შეიძლება ჩატარდეს ოპერაცია. მისი მიზანია, დაიკლოს ტკივილმა და გაიზარდოს სახსრებში მოძრაობის თავისუფლება. ოპერაცია შეიძლება მოიცავდეს სინოვექტომიას (სახსრის ანთებითი ლორწოვანი გარსის მოცილება), მყესის აღდგენას, ფუჟირებას (სახსრების ერთმანეთთან უძრავად შეერთებას), სახსრის ჩანაცვლებას.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტი

წინათ მას იუვენილურ (ახალგაზრდების) რევმატოიდულ ართრიტს ეძახდნენ. ის ართრიტის ყველაზე გავრცელებული ტიპია 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე თვე გაუგრძელდეს, ზოგს კი წლობით გაუხანგრძლივდეს.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

* ტკივილი – შესაძლოა, თავად ბავშვი არ უჩიოდეს სახსრების ტკივილს, მაგრამ მშობელმა შეამჩნიოს, რომ ის კოჭლობს, განსაკუთრებით – დილაობით და ახალგაღვიძებულზე.

* სახსრების შეშუპება, რომელიც თავდაპირველად, წესისამებრ, უფრო დიდ სახსრებზე შეინიშნება, მაგალითად, მუხლისაზე;

* შებოჭილობა – მშობელი ამჩნევს, რომ მისი შვილი ჩვეულებრივზე უფრო მოუქნელია, განსაკუთრებით – დილაობით და ახალგაღვიძებულზე;

* ზოგჯერ ვლინდება ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და გამონაყარიც. ეს სიმპტომები საღამოობით მძიმდება.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტი ერთ ან რამდენიმე სახსარს მოიცავს. არსებობს ამ დაავადების რამდენიმე ქვეტიპი, რომლებიც კლასიფიცირდება სიმპტომების, პროცესში ჩართული სახსრების რაოდენობის, ცხელებისა და გამონაყარის მიხედვით.

დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები, მაგრამ ბავშვის მდგომარეობაზე ყურადღებით დაკვირვება და შესაბამისი სამედიცინო დახმარების დროული გაწევა მნიშვნელოვნად ამცირებს მათ რისკს.

ეს გართულებებია:

* უვეიტი – თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, რომლის მიშვებამ შესაძლოა კატარაქტამდე, გლაუკომამდე და სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს. ვინაიდან თვალის ანთება ხშირად სიმპტომების გარეშე ვითარდება, ამ მდგომარეობის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგის მიერ რეგულარულად გამოკვლევა.

*ზრდის პრობლემები. დაავადებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ძვლების ზრდასა და განვითარებას. ზრდის შეფერხებას აგრეთვე იწვევს სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, ძირითადად კორტიკოსტეროიდები.

გარდა ამისა, შესაძლოა განვითარდეს პლევრიტი, პერიკარდიტი, ფილტვის არტერიის ჰიპერტენზია, ფილტვის ინტესტიციული ქსოვილის ანთება და სხვა.

დიაგნოზი და მკურნალობა

დაავადების დიაგნოსტიკა რთულია, ვერც ერთი ტესტი ვერ ადასტურებს დიაგნოზს, მაგრამ ექიმს ეხმარება მსგავსი ნიშნებით მიმდინარე ზოგიერთი სხვა მდგომარეობის გამორიცხვაში. განისაზღვრება ედსი, C-რეაქტიული ცილა, ანტინუკლეარული ანტისხეულები, რევმატოიდული ფაქტორი, ანტისხეულები ციკლური ციტრულინური პეპტიდის მიმართ (CCP), თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ არის შეცვლილი.

რენტგენოგრაფიას ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ატარებენ მოტეხილობების, სიმსივნეების, ინფექციების ან თანდაყოლილი დეფექტების გამოსარიცხად, ასევე ძვლის განვითარებაზე დასაკვირვებლად და სახსრების დაზიანების გამოსავლენად.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტის მკურნალობის მიზანია, ბავშვს შეუნარჩუნდეს ფიზიკური და სოციალური აქტივობის ნორმალური დონე. მკურნალობის სტრატეგია მიმართულია ტკივილისა და შეშუპების შემსუბუქებისკენ, სრული მოძრაობისა და ძალის შენარჩუნებისკენ და გართულებების პრევენციისკენ. გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, დაავადების მამოდიფიცირებელი ანიტრევმატული პრეპარატები, ბიოლოგიური აგენტები, კორტიკოსტეროიდები. სასურველია ფიზიოთერაპევტის ჩართულობა, რომელიც ბავშვს დაეხმარება სახსრების მოქნილობის, მოძრაობის დიაპაზონისა და კუნთების ტონუსის შენარჩუნებაში.

მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში. საუკეთესოა ცურვა, რადგან ის მინიმალურად ტვირთავს სახსრებს.

ნაწლავის ანთებითი დაავადება

ნაწლავის ანთებითი დაავადება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული ანთებით მიმდინარე ორ დაავადებას – წყლულოვან კოლიტსა და კრონის დაავადებას აერთიანებს. წყლულოვანი კოლიტის დროს ანთება და ზედაპირული წყლულები მსხვილ და სწორ ნაწლავზე ჩნდება, კრონის დაავადების შემთხვევაში კი მისი განვითარება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერ ადგილასაა მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად მაინც წვრილი ნაწლავი ზიანდება. შესაძლოა უფრო ღრმა შრეების დაზიანებაც.

ორივე დაავადებას აქვს გამწვავების და რემისიის პერიოდები.

ნაწლავის ანთებითი დაავადების ნიშნებია:

დიარეა;

დაღლილობა;

მუცლის ტკივილი და სპაზმები;

სისხლიანი განავალი;

მადის დაქვეითება;

წონის უმიზეზო კლება.

გართულებებია მსხვილი ნაწლავის კიბო, კანის, თვალების, სახსრების ანთება, ნაწლავის გაუვალობა, ტოქსიკური მეგაკოლონი, ანალური ფისტულა, მალნუტრიცია და სხვა. იშვიათად ვითარდება პერიკარდიტი და პლევრიტი. პერიკარდიტი ნაწლავის ანთებითი დაავადების ყველაზე გავრცელებული კარდიული გამოვლინებაა, პლევრიტი კი უმეტესად ცალმხრივი ექსუდაციური გამონაჟონით ვლინდება.

იკვლევენ სისხლს ანემიისა და ინფექციის დასადგენად, განავალს ფარულ სისხლდენასა და პარაზიტებზე, ტარდება ნაწლავების ენდოსკოპიური გამოკვლევა, საჭიროებისას – რენტგენოლოგიური, კომპიუტერული (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული (MRI).

მკურნალობის მიზანი ანთების შემცირებაა. ამისთვის იყენებენ კორტიკოსტეროიდებს და ამინოსალიცილატებს, იმუნოსუპრესანტებს, ბიოლოგიურ პრეპარატებს (ისინი ანეიტრალებენ ანთების გამომწვევ ცილებს), ანტიბიოტიკებს, დიარეის საწინააღმდეგო საშუალებებს, ვიტამინებს და საკვებ დანამატებს. შედეგი თუ ვერ მიიღეს, ტარდება ოპერაცია, რომლის დროსაც დაზიანებული ნაწლავი ამოიკვეთება.

სტილის დაავადება

მოზრდილთა სტილის დაავადება იშვიათი ტიპის ანთებითი ართრიტია, რომელიც განსაკუთრებით მაჯების სახსრებს აზიანებს. მისი ნიშნებია:

* მაღალი სიცხე (39 C) ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში. ცხელება პიკს აღწევს გვიან შუადღისას ან ადრე საღამოს. ტემპერატურამ შესაძლოა დღეში ორჯერ აიწიოს, შუალედებში კი ნორმას უბრუნდება.

* ბაცი ვარდისფერი გამონაყარი ტანზე, მკლავებზე ან ფეხებზე. შესაძლოა გაჩნდეს და ალაგდეს ცხელებასთან ერთად.

* ყელის ტკივილი. ეს დაავადების ერთ-ერთი პირველი სიმპტომია. ზოგჯერ კისრის ლიმფური კვანძებიც შუპდება.

* სახსრების, განსაკუთრებით – მუხლებისა და მაჯების, მტკივნეულობა და შეშუპება. მოსალოდნელია კოჭების, იდაყვების, ხელებისა და მხრების ტკივილიც, რაც მინიმუმ ორი კვირა გრძელდება.

* კუნთების ტკივილი, რომელიც ცხელებასთან ერთად იმატებს, მაგრამ შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ ყოველდღიური საქმიანობაც შეგვაწყვეტინოს.

დაავადების განვითარებას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ვირუსულმა ან ბაქტერიულმა ინფექციამ. მის განვითარებას ორი ასაკობრივი პიკი აქვს: 5-დან 25 და 36-დან 46 წლამდე. ქალებსა და მამაკაცებს დაავადება ერთნაირი სიხშირით ემართებათ.

სტილის დაავადება შესაძლოა გართულდეს სახსრების, ყველაზე ხშირად – მუხლებისა და მაჯების, დესტრუქციით, პერიკარდიტით ან მიოკარდიტით, პლევრაში სითხის დაგროვებით...

მისი მკურნალობაც სახსრების დაზიანებით მიმდინარე სხვა დაავადებების მკურნალობას ჰგავს. ზოგიერთ ადამიანს აქვს დაავადების მხოლოდ ერთი ეპიზოდი, ზოგს კი ის უხანგრძლივდება ან უმეორდება.

სხვა მიზეზები

ავტოიმუნური და ავტოანთებითი მდგომარეობის გარდა სეროზიტის გამოწვევა შეუძლია:

თირკმლის უკმარისობას

თუ თირკმელებმა დაკარგა ფილტრაციის უნარი, სისხლში ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები დაგროვდება, რაც მის ქიმიურ წონასწორობას დაარღვევს. თუ წონასწორობა არ აღდგა, ორგანიზმში განვითარებული ცვლილებები მომაკვდინებელი აღმოჩნდება. თირკმლის მწვავე უკმარისობა შეიძლება შექცევადი იყოს, ქრონიკული უკმარისობისას კი აუცილებელია დიალიზი (ხელოვნური ფილტრაცია) ან თირკმლის გადანერგვა. თირკმლის უკმარისობისას, განსაკუთრებით – ბოლო სტადიებზე, შესაძლოა განვითარდეს პერიკარდიტიც და პლევრის გამონაჟონიც.

შიდსს

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) არის ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ). ის აზიანებს იმუნურ სისტემას, რითაც ხელს უშლის ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში. აივ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა (სგგი). ის შეიძლება გადაეცეს ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტითაც ან დედისგან შვილზე ორსულობის, მშობიარობის, ძუძუთი კვების დროს.

აივ`შიდსი არ იკურნება, მაგრამ მედიკამენტებს შეუძლია, მკვეთრად შეანელოს დაავადების პროგრესირება.

შიდსით დაავადებულთა დაახლოებით მეხუთედს აღენიშნება პერიკარდიული გამონაჟონი, უმეტესად – მცირე. დიდი რაოდენობით გამონაჟონმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის ტამპონადა.

შიდსით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა 7-27%-ს აღენიშნება პლევრული გამონაჟონი, რომელიც უმეტესად მარცხენა მხარეს გროვდება. მისი უშუალო მიზეზებია ბაქტერიული და არაბაქტერიული პნევმონიები, ტუბერკულოზი, კაპოშის სარკომა, ჰიპოალბუმინემია, გულმკერდის ემპიემა და სხვა

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი ტუბერკულოზის მიკობაქტერიით გამოწვეული ძლიერი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფილტვებს აზიანებს. გამომწვევი ბაქტერია ადამიანისგან ადამიანს გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. შიდსის გამომწვევი ვირუსის მთელ მსოფლიოში გამრავლების შემდეგ მისმა გავრცელებამ განვითარებულ ქვეყნებშიც იმატა. პრობლემას ქმნის წამლების მიმართ მდგრადი შტამების არსებობა.

ტუბერკულოზური პლევრიტი ვლინდება როგორც მწვავე დაავადება. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ხველა ნახველის გარეშე და ტკივილი გულმკერდის არეში. როგორც წესი, მწვავე დაავადება უფრო ხშირად ვითარდება ახალგაზრდა პაციენტებში, თუმცა ნებისმიერ ასაკში ვითარდება.

პერიკარდიტი ტუბერკულოზის მნიშვნელოვანი გართულებაა. მისი დიაგნოზის დასმა შესაძლოა გართულდეს, სწორი მკურნალობის გარეშე დარჩენილი დაავადება გართულდეს, გადაიზარდოს კონსტრიქციულ პერიკარდიტში და სიკვდილის რისკმაც მოიმატოს.

კიბო

ზოგიერთი სახის კიბოთი დაავადებულთა დაახლოებით ნახევარს უჩნდება პლევრის გამონაჟონი. მისი გაჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ კიბო სხეულის სხვა უბნებზეც გავრცელდა. პლევრის ავთვისებიანი გამონაჟონის გაჩენა შესაძლოა გამოიწვიოს ლიმფომამ, სარძევე ჯირკვლის, ფილტვისა და საკვერცხის კიბომ.

ყველაზე გავრცელებული მეტასტაზური სიმსივნეები, რომლებიც პერიკარდიუმსაც მოიცავს, არის ფილტვის კიბო, ძუძუს კიბო, საყლაპავის კიბო, მელანომა, ლიმფომა, ლეიკემია.

გულის ინფარქტი

ხშირად პერიკარდიტი ინფარქტის შემდეგ ვითარდება. ადრეული პერიკარდიტი – ინფარქტიდან 1-3 დღეში, გვიანი პერიკარდიტი, იგივე დრესლერის სინდრომი – ინფარქტის, გულის ოპერაციის ან გულის სხვა ტრავმიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. მისი განვითარების მიზეზად ავტოიმუნური პროცესია მიჩნეული.

ინფარქტი და პერიკარდიტი, თავის მხრივ, შესაძლოა პლევრიტის მიზეზად იქცეს.

ჩამოთვლილთა გარდა, პლევრიტისა და პერიკარდიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია, ტრავმა ან დაზიანება გულმკერდის არეში, ზოგიერთი მედიკამენტი, ზოგიერთი მემკვიდრეობითი დაავადება, მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: