რა საფრთხეს გვიქადის ანგინა?

გააზიარე:

რაც უფრო გვიახლოვდება ზამთარი, მით უფრო ხშირდება სასუნთქი გზების ინფექციები და ყელის ტკივილიც ისევ გვახსენებს თავს.

ყელს ვირუსებიც გვატკივებენ და ბაქტერიებიც, კერძოდ, სტრეპტოკოკები, რომლებიც ყოველთვის არიან სასუნთქ სისტემაში და ხელსაყრელ პირობებს ელოდებიან, რომ ძალა გამოაჩინონ. სხეულის გადაცივება სწორედ ასეთი პირობაა.

ვირუსული ანგინა თავისთავად გაივლის – სპეციალური მკურნალობა არ სჭირდება, სტრეპტოკოკურმა კი შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს. ერთი მათგანია პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი.

სტრეპტოკოკური ანგინა უმეტესად გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე აღირიცხება და უმეტესად – სასკოლო ასაკის ბავშვებში. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სასწავლო წლის განმავლობაში ბავშვები ბევრ დროს ატარებენ დახურულ სივრცეში, დიდ ჯგუფებად.

ასე რომ, ურიგო არ იქნება, მშობლებმაც ვიცოდეთ, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, როგორ ვუმკურნალოთ და როგორ ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი გართულებები.

 

რა არის გლომერულონეფრიტი

გლომერულონეფრიტი გლომერულების ანთებითი დაავადებაა. გლომერულა თირკმელში არსებული გორგლისებრი სტრუქტურაა, რომელსაც თირკმლის ძალიან წვრილი სისხლძარღვების, კაპილარების, ერთობლიობა ქმნის. მისი მთავარი ფუნქციაა სისხლის გაფილტვრა – გაწმენდა ჭარბი სითხისგან, ელექტროლიტებისა (Na, K, P) და ნარჩენი პროდუქტებისგან. ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები თირკმლის პატარა მილაკების საშუალებით უკუშეიწოვება სისხლში, დანარჩენი კი შარდსადენში გადადის და შარდთან ერთად გამოიყოფა. ამგვარად გამოიდევნება ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები.

 

რა შუაშია სტრეპტოკოკი?

სტრეპტოკოკი სფეროს ფორმის ბაქტერიაა, რომლის უამრავი სახეობა მუდმივად ბინადრობს ადამიანის სასუნთქ, საჭმლის მონელებელ და შარდსასქესო სიტემებში. დაავადებას ზოგიერთი მათგანი იწვევს. ერთ-ერთი ასეთი სახეობაა A ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკის (შტრეპტოცოცცუს პყოგენეს) ნეფრიტოგენური (M) ტიპი, რომელსაც ბრალი მიუძღვის სტრეპტოკოკური ფარინგიტისა და კანის ჩირქოვანი ინფექციის განვითარებაში, პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი კი სწორედ ყელის და იშვიათად კანის სტრეპტოკოკური ინფექციის გართულებას წარმოადგენს.

გართულება იმუნური კომპლექსებითაა განპირობებული: სტრეპტოკოკური ინფექციის საპასუხოდ ორგანიზმში წარმოიქმნება ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსები, რომლებიც სისხლის მეშვეობით აღწევს გლომერულებში და ლაგდება მცირე სისხლძარღვებში, სადაც ანთებით პროცესს და შედეგად გლომერულური ფილტრაციის დარღვევას იწვევს.

 

ვის ემუქრება

პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტისგან არავინ არის დაზღვეული, თუმცა უმთავრესად 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება. საბედნიეროდ, ამ ასაკში გამოჯანმრთელებაც უფრო ადვილია. ზრდასრულებს პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი უფრო იშვიათად ემართებათ, თუმცა უფრო მძიმედ ავადმყოფობენ.

გართულება ყველაზე მეტად მოსალოდნელია:

* ქუნთრუშით დაავადებულ ბავშვებთან  (რადგან ქუნთრუშას იმავე ტიპის სტრეპტოკოკი იწვევს, რომელიც სტრეპტოკოკურ ანგინას);

* სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან;

* დიაბეტით ან კიბოთი დაავადებულ ასაკოვან პირებთან;

* პაციენტებთან, რომლებსაც კანი აქვთ დამწვარი.

 

რამდენად ხშირია

დღესდღეობით პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტის გავრცელება არც ისე ფართოა, რაც ანტიბიოტიკების დამსახურებაა. მსოფლიოში ყოველწლიურად დაავადების 472 000-მდე შემთხვევა აღირიცხება. აქედან დაახლოებით 404 000 – ბავშვებთან.

კანის ინფექციებთან დაკავშირებული პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი გვხვდება უმთავრესად ტროპიკულ ქვეყნებში, სადაც ხშირია კანის ჩირქოვანი ინფექცია, ხოლო ფარინგიტთან ასოცირებული შემთხვევები ზომიერი კლიმატის ქვეყნებში დომინირებს.

 

როგორ ვლინდება

დაავადების სიმპტომები თავს იჩენს ყელის სტრეპტოკოკური ინფექციიდან 1-2 კვირის ან კანის ინფექციიდან 3-6 კვირის შემდეგ, თუმცა შესაძლოა, სულაც არ გამომჟღავნდეს და ავადმყოფობა უსიმპტომოდ წარიმართოს.

* მუქი, ე.წ. კოკაკოლასფერი შარდი ხშირად დაავადების პირველი კლინიკური ნიშანია. ასეთ შეფერილობას შარდს გლომერულების მემბრანიდან გადმოსული დაშლილი ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები) აძლევს. მედიცინაში ამას ჰემატურია ეწოდება.

* გლომერულონეფრიტის კლინიკური გამოხატულებაა ქაფიანი შარდიც, რაც გამონაყოფში ცილების სიჭარბით  (პროტეინურია) არის განპირობებული.

* აღსანიშნავია პერიორბიტალური (თვალის ირგვლივ) და პერიფერიული (სახის, ხელების, ტერფების, მუცლის) შეშუპება, რაც განპირობებულია სითხის შეკავებით და წყლისა და ნატრიუმის შემცირებული ექსკრეციით (გამოყოფით).

* დაბოლოს, პოსტსტრეპტოკოკურ გლომერულონეფრიტს თან ახლავს ჰიპერტენზია – მაღალი არტერიული წნევა.

დაავადებას შესაძლოა გამოიწვიოს არასპეციფიკური სიმპტომებიც. დაავადებულთა 50% უჩივის საერთო სისუსტეს, დაღლილობას, გამოფიტვას, ხოლო დაახლოებით 15%-ს გულისრევა და ღებინება აწუხებს.

 

გართულებები

თირკმლის გლომერულაში რთულად მიმდინარე ან გახანგრძლივებულმა ანთებითმა პროცესმა შესაძლოა თირკმელი დააზიანოს და ისეთი გართულებები გამოიწვიოს, როგორებიცაა:

* თირკმლის მწვავე უკმარისობა – თირკმელი სწრაფად კარგავს უნარს, გამოდევნოს ნარჩენი პროდუქტები და შეინარჩუნოს ორგანიზმში სითხისა და ელექტროლიტების ბალანსი;

* ქრონიკული გლომერულონეფრიტი;

* თირკმლის ქრონიკული დაავადება – თირკმელი ნელ-ნელა კარგავს ფილტრაციის უნარს და საბოლოოდ სრულიად უფუნქციოდ რჩება. ამ სტადიაზე ავადმყოფის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ დიალიზით (სპეციალური აპარატით სისხლის ხელოვნური გაფილტვრით) ან თირკმლის გადანერგვით.

* გულის უკმარისობა ან ფილტვების შეშუპება (ფილტვებში სითხის დაგროვება);

* ჰიპერკალიემია – სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა;

* ჰიპერტენზია – სისხლის არტერიული წნევის მომატება;

* ნეფროზული სინდრომი – სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც მოიცავს: შარდში ცილის არსებობას, სისხლში ცილის დონის დაქვეითებას, ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონის მატებას და შეშუპებას.

 

დიაგნოსტიკა

მნიშვნელოვანი სადიაგნოზო კრიტერიუმია კავშირი სტრეპტოკოკურ ინფექციასა და დაავადების გამოვლენას შორის. შესამჩნევია შეშუპება, განსაკუთრებით – სახისა.

დიაგნოზის დასაზუსტებლად მნიშვნელოვანია:

* შარდის ანალიზი – თითქმის ყოველთვის აღინიშნება ერითროციტები (ჰემატურია); შესაძლოა, აღმოჩნდეს შეწებებული ერითროციტებიც – ე.წ. წითელი უჯრედების დასი, რაც გლომერულების დაზიანებაზე მიუთითებს; მოსალოდნელია ლეიკოციტების – სისხლის თეთრი უჯრედების – აღმოჩენაც, რაც ინფექციაზე ან ანთებით პროცესზე მეტყველებს, პროტეინურია (ცილა შარდში) კი ნეფრონის დაზიანების მარკერია.

* სისხლის საერთო ანალიზი – ისეთი ნარჩენი პროდუქტების დონის განსაზღვრა, როგორებიცაა კრეატინინი და შარდოვანა, თირკმელების ფუნქციურ მდგომარეობაზე გვაწვდის ინფორმაციას.

* სტრეპტოკოკურ ეგზოენზიმებზე იმუნური რეაქციის დამადასტურებელი მონაცემები:

* ანტისტრეპტოლიზინ O (ASO);

* ანტინიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდაზა (ანტი-NAD);

* ანტიჰიალურონიდაზა (AHase);

*  სტრეპტოლიზინ O;

* ანტიდეზოქსირიბონუკლეაზა (ანტი-DNAse).

ჩამოთვლილი ანტისხეულები სისხლში უმეტესად ფარინგიტის გადატანის შემდეგ იმატებს, ხოლო ანტიჰიალურონიდაზა და ანტიდეზოქსირიბონუკლეაზა, ჩვეულებრისამებრ, დადებითია კანის სტრეპტოკოკური ინფექციის გადატანის შემდეგ.

ასევე მნიშვნელოვანი სადიაგნოზო მარკერია შრატში კომპლემენტის (C3 და C1) დონის დაქვეითება.

ანამნეზში ფარინგიტის არსებობისას ანტისხეულების ტიტრი დადებითია პაციენტთა 95%-ზე მეტთან, ხოლო კანის ინფექციის შემთხვევაში – 80%-თან და ერთი კვირიდან ერთ თვემდე მომატებული რჩება.

* თირკმლის ბიოფსია – სპეციალური ნემსით თირკმლიდან ქსოვილის აღება მიკროსკოპით დასათვალიერებლად და ანთების მიზეზის დასადგენად, თუმცა ამ მეთოდს მხოლოდ დაავადების ატიპური მიმდინარეობისას იყენებენ.

 

მკურნალობა

პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი, წესისამებრ, არ მოითხოვს მკურნალობას – თავისთავად ალაგდება.

ექიმის მთავარი მიზანია, შეაჩეროს თირკმლის დაზიანება, ამიტომ მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია.

თუ სტრეპტოკოკური ინფექცია დადასტურდა, სასურველია, პაციენტს ჩაუტარდეს ანტიმიკრობული თერაპიის ხანმოკლე კურსი ანტიბიოტიკით, მაგალითად, პენიცილინით, რათა სხეულში დარჩენილი სტრეპტოკოკი განადგურდეს და აღარ გავრცელდეს.

არტერიული ჰიპერტენზიისა და შეშუპების დროს ეფექტიანია მარილისა და სითხის რაოდენობის შემცირება. შესაძლოა, საჭირო გახდეს შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების გამოყენებაც. კორტიკოსტეროიდები და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები არაეფექტურია.

კანის ინფექციის შემთხვევაში მოითხოვება პირადი ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა.

 

პროგნოზი

პროგნოზი კეთილსაიმედოა, რადგან პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი, ჩვეულებრივ, თავისთავად ალაგდება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში.

ავადმყოფის მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს და თირკმლის ქრონიკულ უკმარისობამდე მივიდეს. ამ დროს საჭიროა დიალიზი, ხოლო განკურნების ერთადერთი გზა თირკმლის ტრანსპლანტაციაა.

 

პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ სტრეპტოკოკი ბაქტერიაა, ყელისა და კანის მწვავე ინფექციის დროს ანტიბიოტიკები ყოველთვის ვერ აბათილებს გლომერულონეფრიტის რისკს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ პირველადი ფარინგიტი და კანის სტრეპტოკოკური ინფექცია.

ანტიბიოტიკოთერაპია მაინც საჭიროა – ის ამცირებს გარემოში ბაქტერიების გამოყოფას და, ამგვარად, ხელს უშლის დაავადების გავრცელებას.

სტრეპტოკოკური ინფექციის გავრცელებას ხელს უშლის პირადი ჰიგიენაც: ხელების ხშირად და კარგად ბანა, განსაკუთრებით – ხველისა და ცემინების შემდეგ, ასევე – საჭმლის მომზადებამდე და ჭამამდე. არ დაგავიწყდეთ ხველებისა და ცემინების დროს ცხვირ-პირზე ხელსახოცის ან, უკიდურეს შემთხვევაში, სახელოს აფარება.

 

 

შემდგომი დაკვირვება

პაციენტებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი, სჭირდებათ:

* სისხლის არტერიული წნევის კონტროლი: 6 თვის განმავლობაში – ყოველთვე, შემდეგ – 6 თვეში ერთხელ;

* სისხლში შარდოვანასა და შრატის კრეატინინის დონის კონტროლი: მწვავე ფაზიდან ერთი წლის განმავლობაში – 3 თვეში ერთხელ, შემდეგ – ყოველწლიურად;

* შრატის კომპლემენტის დონის შემოწმება 6-8 კვირის შემდეგ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა;

* 3-6 თვეში ერთხელ – შარდში პროტეინურიისა და ჰემატურიის შემოწმება.

მარიამ ჯანიაშვილი

 

გააზიარე: