როგორ მოვაშოროთ ჭურჭელს ნამწვი
გააზიარე:
ის-ის იყო, კერძი ქურაზე შემოდგით და კარზე კაკუნიც გაისმა. საუბრით გართულს, სადილი თავიდან ამოგივარდათ და როცა კერძის სუნმა თქვენამდე მოაღწია, ქურაზე უკვე კარგად გაშავებული, ძირმიმწვარი ქვაბი იდგა.
ალბათ, ბევრისთვის ნაცნობი ამბავია და ყოველდღიური სტრესის პირობებში – არცთუ იშვიათი. მიმწვარი ქვაბის ხეხვა კი ნამდვილად არ არის სასიამოვნო საქმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნამწვი ჯიუტია.
მნიშვნელობა არ აქვს, რძე მიგეწვათ, კარტოფილი თუ შაქარი – ნამწვი ძნელი მოსაცილებელია, მეტისმეტი ხეხვა და ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებები კი ვერც თქვენ და ვერც ქვაბს სიკეთეს ვერ მოგიტანთ. უმჯობესია, მიმწვარი კერძის მოშორება შედარებით უსაფრთხო და მრავალნაცადი საშუალებებით სცადოთ, რომლებიც ყველას გვაქვს შინ. მაგალითად, სოდით, ძმრით, მარილით, ლიმონმჟავათი ან ხახვით. მათი გამოყენების წესებს ქვემოთ გაგაცნობთ.
ვალბობთ
ნამწვს ადვილად მოაცილებთ, თუ ჭურჭელს მაშინვე დაალბობთ. უპირველეს ყოვლისა, მოაშორეთ კერძის ნარჩენი ხის ან პლასტმასის კოვზით, მერე კი ქვაბში თბილი წყალი და ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება ჩაასხით, წამოადუღეთ და 20-30 წუთი გააჩერეთ ქურაზე, თუ დრო გაქვთ – ერთი-ორი საათიც.
დალბობა მარილწყალშიც შეიძლება: უხვად ჩაყარეთ ჭურჭელში მარილი (უმჯობესია, დიდი კრისტალები), დაასხით ცხელი წყალი და რამდენიმე საათი გააჩერეთ, მერე კი სარეცხი ღრუბლით კარგად გაწმინდეთ. თუ ნამწვი მაინც არ მოსცილდა, სხვა ხერხი სცადეთ, რომლისთვისაც მიმწვარი ძირი უკვე კარგად დამბალი და მომზადებული იქნება.
სოდა
ძალიან მიმწვარ ჭურჭელს მხოლოდ დალბობით ვერ უშველით. ამ შემთხვევაში საჭმელი სოდა გამოგადგებათ. თუ ნამწვით ჭურჭლის მთელი ფსკერია დაფარული, უხვად მოაყარეთ სოდა, დაახლოებით 1-2 სმ სიმაღლეზე დაასხით წყალი (რომ თხელი პასტისებური მასა მიიღოთ) და 1-2 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ერთი-ორი საათი ასე დატოვეთ და ბოლოს კარგად გაწმინდეთ ღრუბლით. თუ პატარა ადგილია მიმწვარი, სოდის პასტა ცალკე მოამზადეთ, მიმწვარს დაადეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. უჟანგავი მეტალის, თუჯის ან სპილენძის ქვაბი შეგიძლიათ ღრუბლის უხეში ზედაპირითაც გახეხოთ, მომინანქრებული ან სპეციალური ფენით დაფარული ჭურჭელი კი, გირჩევთ, მხოლოდ რბილი მხარით გაასუფთაოთ.
ძმარი
თუ სამზარეულოში ყოველთვის გაქვთ ძმარი, ძირმიმწვარი ქვაბის გასუფთავებას თავს ადვილად გაართმევთ. ქვაბში 50 მლ ძმრისა და 150 მლ წყლის (1 წილი ძმარი და 3 წილი წყალი) ნარევი ჩაასხით და რამდენიმე წუთი ადუღეთ ძალიან მაღალ ცეცხლზე. დროდადრო ძირზე კარგად მოუსვით ხის კოვზი. მერე გადმოდგით და ნახევარი-ერთი საათი გააჩერეთ. შეგიძლიათ, ეს რამდენჯერმე გაიმეოროთ, ვიდრე ქვაბი მთლიანად არ გასუფთავდება. შეიძლება ძმრისა და წყლის ნაზავში 2 სუფრის კოვზი მარილის დამატებაც. ძმრის დუღილის დროს ბევრი ორთქლი გამოიყოფა, ამიტომ ფანჯრის გაღება არ დაგავიწყდეთ.
კიდევ უფრო უკეთესი შედეგის მისაღებად მიმწვარ ადგილებს სოდა მოაყარეთ, ძმარი დაასხით და წამოადუღეთ, 15-20 წუთი (შეიძლება მეტიც) ასე დატოვეთ, მერე კი ღრუბლით კარგად გაწმინდეთ. ამ დროსაც ბევრი ორთქლი გამოიყოფა, ამიტომ ქვაბისგან მოშორებით დადექით.
ლიმონმჟავა
ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ, ლიმონმჟავა გამოიყენოთ. 15-20 მილიგრამი ცოტაოდენ წყალში გაურიეთ და მიმწვარ ადგილებზე დაასხით, მერე წამოადუღეთ და ნახევარი საათი დატოვეთ გამორთულ ქურაზე.
კოკა-კოლა
თუ შინ კოკა-კოლა აღმოგაჩნდათ, მთლად უკეთესი: ქვაბში 2-3 სმ-ზე ჩაასხით და წამოადუღეთ, ნახევარი საათი გააჩერეთ და კარგად გახეხეთ ღრუბლით. თუ მთელი ღამით დატოვებთ, ნამწვს უფრო ადვილად მოაშორებთ.
სარეცხი მანქანის აბები
შესაძლოა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ გქონდეთ, მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის რამდენიმე სარეცხი აბი იქონიეთ შინ. ის კარგად აშორებს ქვაბის ძირზე მიმწვარ ნარჩენს. ქვაბში იმდენი ცხელი წყალი ჩაასხით, ძირი კარგად რომ დაფაროს და შიგ სარეცხი აბი გახსენით. ნახევარი საათი გააჩერეთ. თუ არ ეყო, ცოტა ხანს კიდევ დატოვეთ.
დამყოლი ნამწვი
ოდნავ მიმწვარი ჭურჭლის გასაწმენდად კარგია ხახვი. ორი პატარა გაუფცქვნელი თავი პატარა ნაჭრებად დაჭერით, იმდენი წყალი დაასხით, რომ დაიფაროს და დაშრობამდე ადუღეთ.
თუ ოდნავ მიმწვარ ადგილზე მაშინვე დაასხამთ კეტჩუპს და 30 წუთი გააჩერებთ, ნამწვის მოსაცილებლად დიდი ძალისხმევა აღარ დაგჭირდებათ.
მიმწვარის მოსაშორებლად ლუდიც გამოგადგებათ. ჩაასხით ქვაბში იმდენი, რომ მიმწვარი ადგილები მთლიანად დაიფაროს, ადუღეთ, თან ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ჭურჭლის სარეცხი რბილი ჯაგრისი დროდადრო ღონივრად მოუსვით ფსკერზე.
თუ შაქარი მიგეწვათ, ჩაასხით წყალი და მანამდე ადუღეთ, ვიდრე მიკრული ნარჩენები არ გაიხსნება, თან რბილი ჯაგრისით ურიეთ.
სხვადასხვა მასალით დაფარული ჭურჭელი
განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ სხვადასხვა მასალით: ტეფლონით, კერამიკით, მინანქრით – დაფარულ ჭურჭელთან.
უჟანგავი ფოლადის ქვაბი თამამად შეგიძლიათ სარეცხი ღრუბლის უხეში ზედაპირით გახეხოთ, რასაც, მაგალითად, ტეფლონით დაფარული ჭურჭლის რეცხვისას ვერ იზამთ.
ტეფლონის ქვაბები და ტაფები დღეს ძალიან პოპულარულია. თერმოპლასტიკური, მიწვის საწინააღმდეგო საფარის წყალობით ასეთი ჭურჭელი არ იკრავს კერძს, მსუბუქია, ძალიან ცოტა ცხიმი სჭირდება და ადვილად ირეცხება, თუმცა ძალიან ფაქიზია. რაც უფრო თხელია ტეფლონის ფენა, მით უფრო ადვილად ზიანდება. მეტი გამძლეობისთვის უმჯობესია ჭურჭელი ტეფლონის რამდენიმე ფენით იყოს დაფარული. ფენების რაოდენობა შეფუთვაზეა მითითებული. ასეთი ჭურჭელი, როგორც გითხარით, ადვილად არ იწვავს, მაგრამ კერძის მომზადებისას შესაძლოა რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს.
არ დაგავიწყდეთ: არ მოურიოთ ლითონის კოვზით. შესაძლოა, რომელიმე მწარმოებელს ეს დასაშვებად მიაჩნდეს, მაგრამ ამის გაკეთებას მაინც არ გირჩევთ, რადგან ფსკერი დაიკაწრება, ტეფლონის ფენა გაცვდება და ქვაბი`ტაფა ადვილად მიიწვავს. მოსარევად პლასტმასის ან ხის კოვზი გამოიყენეთ, კერძის მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას კი – მხოლოდ ხის, რადგან პლასტმასის კოვზი ზოგჯერ მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებს.
ტეფლონის ტაფა მეტისმეტად მაღალ ტემპერატურას ვერ იტანს. 250 გრადუსზე მეტად გაცხელებისას ის გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც მავნეა ჯანმრთელობისთვის. თუ ტეფლონის ტაფაზე მშრალად წვავთ პროდუქტს, არ გამოიყენოთ ქურის ყველაზე მაღალი საფეხური. მოხარშვა კი თამამად შეიძლება მაღალ ცეცხლზეც. ცარიელი ტაფა ცეცხლზე დიდხანს არ დატოვოთ: გაზქურაზე გასაცხელებლად – 1-2 წუთი, ხოლო ინდუქციურ ქურაზე რამდენიმე წამიც საკმარისია. თუ ზედმეტად გაცხელდა, ფსკერი ფერს შეიცვლის და ტეფლონის საფარიც დაზიანდება. კერამიკით დაფარული მაღალი ხარისხის ჭურჭელი კი უფრო მაღალ ტაემპერატურას უძლებს და არც ისე ადვილად ზიანდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მწარმოებელი ასეთი ჭურჭლის მანქანაში გარეცხვის ნებას გვრთავს, გირჩევთ, მაინც ხელით რეცხოთ – არც დაიკაწრება და უფრო მეტხანსაც გაძლებს.
ტეფლონით, კერამიკით თუ მინანქრით დაფარული ჭურჭელი აუცილებლად ღრუბლის რბილი ზედაპირით გარეცხეთ, მხოლოდ თბილი წყლით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. ცხელ ტაფას არამც და არამც არ დაასხათ ცივი წყალი – ეს მის ზედაპირს დააზიანებს. თუ კერძი მეტისმეტად ზედმეტად მიგეწვათ, სოდიან წყალში ჩაალბეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. ნამწვის მოსაცილებლად არ გამოიყენოთ ლითონის საგანი. ასევე არ გირჩევთ უჟანგავი ფოლადის სახეხის გამოყენებას – რაც უნდა რბილი იყოს, ნაკაწრებს მაინც ტოვებს.
ასე რომ, ბუნებრივი საშუალებებით ნამწვის მოცილება ბევრ დროსა და მოთმინებას მოითხოვს, სამაგიეროდ ქვაბი გადასაგდები აღარ გახდება და ჯანმრთელობაც დაგეზოგებათ.
ჯილდა გაჩეჩილაძე